Home Blog Page 781

რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს -შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“–ში ისაუბრა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის მიერ კიდევ ერთხელ მიცემული მანდატი, რომლითაც პასუხს გასცემენ თავიანთ ოპონენტებს.

„უპირველეს ყოვლისა ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთი ხმა იმისთვის, რომ მანდატი მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და პასუხი გასცეს ოპონენტებს.

გარკვეული პერიოდია ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უცხოელები, დიპლომატები თუ პოლიტიკოსები გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით, რაც არის პარადოქსი. წარმოგიდგენიათ საქართველოს ელჩმა რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში თქვას, რომ პოლონელი ხალხის ნება არის ეს და პოლონეთის ხელისუფლებავ ეს ყურად იღე. ეს ხომ სასაცილოდ არ ეყოფოდა პოლონეთის ხელისუფლებას, ან ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. ჩვენთან დღეგამოშვებით სხვადასხვა უცხოელი აქტორი გამოდის და ყველა რატომღაც ფიქრობს, რომ უნდა გვესაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რომელსაც არ აქვს გრამი ლეგიტიმაცია ქართველებისგან.

ერთადერთი ლეგიტიმაცია არის ის NGO– ები, რომელსაც აფინანსებენ და ელაპარაკებიან. გარკვეული მიკრო საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს თავის გარშემო და ეს არის მისთვის საქართველო. ასე ვთქვათ ფოკუს ჯგუფი, მისი ფოკუს ჯგუფი არის მისი საქართველო. ჩვენ დანარჩენი ოთხი მილიონი არ ვარსებობთ როგორც ჩანს მათ თვალში.

ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა უთხრას ამ უცხოელ აქტორებს, თქვენ ჩვენი სახელით არ უნდა ილაპარაკოთ, რომ სანქციები დააწესე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას რა არის მათი ნება. მათი მაღალი ხმა არის საჭირო, რომ მერე უკვე არჩევნებიდან მეორე და მესამე დღეს რომ გამოვა რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი და იტყვის, რომ ქართველი ხალხიო, ამას ვეღარ იტყვის იმ ომახიანი ტემბრით, რომელიც შეაჩვიეს მთელი საქართველოს. რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ ინერვიულებთ, თუ უთანხმოების გამო ახლობელ ადამიანს კარგავთ – თქვენ უბრალოდ გაათავისუფლებთ ადგილს ახალი, ნამდვილი მეგობრისთვის. მოერიდეთ ჩხუბს და საჯარო დაპირისპირებას, რაც თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება. უხერხულ თხოვნაზე უარის თქმა ნუ მოგერიდებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

კურო

ცხოვრების ყველა სფეროსთვის დაძაბული დღეა. დილიდან ისეთი მოვლენების მონაწილე გახდებით, რომლებსაც მხოლოდ ქაოსი და უთანხმოება მოაქვს. სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უსარგებლოა, ამიტომ გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღის ქაოსს ქალაქგარეთ გაექცევით და მშვიდ გარემოში განმარტოვდებით.

ტყუპები

ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. იქ, სადაც ეჭვი გაჩნდება, საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ქარიზმა, პოზიტიური განწყობა და დიპლომატიური თვისებები ნებისმიერი დაკეტილი კარის გაღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და დღესასწაულებისთვის. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ, რადგან შეცდომას ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები მოჰყვება.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას და ყველა თქვენი ნაკლის სააშკარაოზე გამოტანას ეცდება. გირჩევთ, ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და ამ ადამიანს თქვენი ნამდვილი ემოციები არ დაანახოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენი კარგი მეგობარი გახდება. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

ლომი

ახალი ნაცნობობა, სიამოვნების გარდა, სასარგებლო საქმიან კავშირებს მოგიტანთ. დროა, დაასრულოთ საქმე, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დასვენებისა და განმარტოებისთვის. ურთიერთობებში პრობლემების ასაცილებლად შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

ქალწული

ამ დღეს საერთო ენის პოვნა უახლოეს მეგობართანაც კი გიჭირთ. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დიდი შანსია, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ, რაც საბოლოოდ ძალიან დაგაზარალებთ. მხოლოდ სიმშვიდე და საღი აზრი დაგეხმარებათ, ეს დღე ჩხუბისა და დაპირისპირების გარეშე დაასრულოთ.

სასწორი

სასწორის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას მოერიდოთ. თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩით და დაისვენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ – ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე ძველები დაასრულოთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება ოჯახზე და ყოველდღიური საკითხების გადაჭრაზე გადაიტანოთ. ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარეთ.

მშვილდოსანი

ბოლო დროს მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, თუმცა მომხდარის მიზეზს ვერ ხვდებით. დახმარებისთვის ისეთ ადამიანს უნდა მიმართოთ, რომელიც სიმართლეს არ დაგიმალავთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერ კამათსა და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ასეთი პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

მერწყული

შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის. დაგეგმეთ შვებულება ან უახლოეს შაბათ-კვირას ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს და ეცადეთ ნანახიდან სწორი დასკვნა გამოიტანოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები

ფინანსური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ ისე არა, როგორც თქვენ გეგონათ. საქმიანი მოლაპარაკებები გაჭიანურდება და სასურველ შედეგს არ მოიტანს. უმჯობესია, ინიციატივა არ გამოიჩინოთ – ამ დღეს ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს. გამორიცხული არ არის, რომ ძველი, მცდარი გადაწყვეტილება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ.

ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია -ირაკლი კობახიძე

ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში.

„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა უმასპინძლა. მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში. ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია“, – აღნიშნავს პრემიერი.

 ნატო-ს ცრუ დაპირებები უკრაინელთა გაუმართლებელ იმედებს კვებავს-“პოლიტიკო”

უკრაინის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიევს ცრუ იმედით კვებავს, ნაკლებ სავარაუდოს ხდის მშვიდობას და ომს – უფრო სახიფათოს, – ამის შესახებ „პოლიტიკოს“ სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც ალიანსის 75-ე იუბილეს მიეძღვნა, ლიდერებმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ცრუ იმედების მორიგი რაუნდი შესთავაზეს, რაც იმაზე უარესია, ვიდრე არაფრის კეთება.

„იქნება ეს სამხედრო ვალდებულება თუ გაძლიერებული მხარდაჭერა, მტკიცება, რომ ნატო-ს შეუძლია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა ახლა ან მოგვიანებით, უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ნატო-ს წევრებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ მასალაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წელს, წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ უკრაინაში დაიწყეს გაცნობიერება, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნებას თავიანთი ძალებით ვერ შეძლებენ.

„დასავლეთის სერიოზული დახმარების მიუხედავად, კიევს გაუჭირდება, შეინარჩუნოს ის, რაც აქვს. ეს გარემოება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რათა დაასრულოს ან გაყინოს კონფლიქტი დროებითი ზავით, ვიდრე ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესებულა და მოლაპარაკებებისთვის სივრცე შემცირებულა.

თუმცა, სანაცვლოდ, ვაშინგტონი და ევროპული დედაქალაქები, სამწუხაროდ, კიევს აძლიერებენ, სულ მცირე, რიტორიკის დონეზე და განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ოდესმე შეუერთდება ნატო-ს.

ბოლო პერიოდში აშშ-მა კიევთან ხელი მოაწერა 10-წლიან უსაფრთხოების პაქტს და უკრაინულ ძალებს ნება მისცა, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც მხარს უჭერენ ბალტიის ლიდერები, უკრაინაში ნატო-ს სახმელეთო ჯარების გაგზავნის წინადადებით გამოვიდა.

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთის დაპირებები ფუჭი საუბარია და ამ დროისთვის უკრაინის ნატო-ში წევრობა არ განიხილება. მაკრონის წინადადება საკმაოდ არასერიოზული ჩანს, ხოლო აშშ-ის პაქტი სიმბოლური ხასიათისაა.

სისულელე იქნებოდა უკრაინის ნატო-ში მიღება ახლა ან ოდესმე.

გაწევრიანების ნებისმიერი სცენარი გადაუჭრელ დილემას წარმოადგენს: ქვეყანას ვერ მიიღებენ, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ნატო-სა და რუსეთის დაუყოვნებლივ ჩართვას ბირთვულ კრიზისში. მეტიც, მომავალში უკრაინის დაცვის ნებისმიერი ვალდებულება არ იქნება საიმედო შემაკავებელი ფაქტორი. აშშ-მა მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ არ იბრძოლებს და არ გარისკავს ბირთვული ომით უკრაინის სახელით, არც მაშინ, როდესაც სასწორზე უკრაინის გადარჩენის საკითხი დადგება, რადგან აშშ-ს სამისოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის დაინტერესება არ გააჩნია. ეს მოსაზრება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვა.

პირველი, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერი პერსპექტივა, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს, ომისთვის მნიშვნელოვან მიზეზს ინარჩუნებს, რაც რუსეთს აძლევს სტიმულს, გააჭიანუროს კონფლიქტი, რათა არ დაუშვას  უკრაინის გაწევრიანება. ნებისმიერი რეზოლუცია აუცილებლად იქნება დაფუძნებული პირობაზე, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატო-ს, ისე როგორც ეს იყო მოსკოვის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების პროექტების შემთხვევებში 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის მარტსა და აპრილში სტამბოლში მოლაპარაკებების დროს;

მეორე, ცრუ დაპირებები წარმოშობს ცრუ იმედს, რაც მხოლოდ მოტივაციას აძლევს უკრაინას, განაგრძოს თავისი წარუმატებელი სტრატეგია ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დაკარგა, და თავი აარიდოს მოსკოვთან მოლაპარაკებებს.

ნატო-ს რიტორიკა ეხმარება გადავადდეს არა საბოლოო მშვიდობა, არამედ მისკენ პირველი ნაბიჯები,  ეს კი მოითხოვს, სულ მცირე, პოლიტიკურ ნაბიჯს იმის აღიარებისკენ, რომ ომი არ დასრულდება უკრაინისთვის სამართლიანად.

ცრუ დასავლური დაპირებები მხარს უჭერს ნაკლებად პრაქტიკულ ალტერნატივას. გარდა ამისა, მცდარი იმედები ძირითადად უკრაინაზე მოდის, რომელიც ასევე ზრდის რისკს ამერიკელებისა და ნატო-ს სხვა წევრებისთვის. რაც უფრო ჭიანურდება ომი, მით უფრო იზრდება ესკალაციის საფრთხე.

მიმდინარე კვირაში ნატო-მ განაგრძო უკრაინის მიმართ უპასუხისმგებლო პოლიტიკა: ცრუ იმედებით კვებავდა, მშვიდობას ნაკლებ სავარაუდოს ხდიდა, ხოლო ომს – უფრო საშიშს. სხვა ტიპის სამიტში, რომელიც გაჯერებული იქნებოდა რეალიზმით, მოხდებოდა აღიარება, რომ უკრაინას არ შეუძლია გამარჯვება იმ ფართო ცნებით, რომლითაც ის გამარჯვებას განსაზღვრას და რომ ნატო მას არ დაიცავს.

ეს იქნებოდა ხიდი უკრაინაში უკეთესი, გონივრული მშვიდობის პერსპექტივისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატო-სთვის გაუმჯობესებულ უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

 ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოს შესახებ, გამოიკვეთა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის კუთხით -კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით. კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

„დისკუსიებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ზოგადად იყო ძალიან საინტერესო ფორმატი. მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება ენერგეტიკული დაკავშირებადობის თემაზე, რაც იყო ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.

ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან. შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით.

„ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში სამიტის დოკუმენტში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე-ირაკლი კობახიძე

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს. იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი, ბატონი მიშელი და სხვები, მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

განმუხურში მაშველები 15 წლის მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ჯუმისა და მდინარე ენგურის შესართავთან, მაშველები 15 წლის მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა.

მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფები.

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ.

ცესკოს ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისული არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, და საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფება გაძლიერდება“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში.

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს სესიაზე ხმათა უმრავლესობით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ნებისმიერი ინვესტიციისთვის -ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატს, რომელზეც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა.

„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ – რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ხალხისა და მოსახლეობის კეთილდღეობასთან“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ნენსი პელოსმა ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვებით მას ტრამპის დამარცხება არ შეუძლია – CNN

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ, გამოკითხვების თანახმად, ბაიდენს არ შეუძლია, დაამარცხოს დონალდ ტრამპი.

პელოსის თქმით, ბაიდენმა, შესაძლოა, გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები, თუ კენჭს იყრის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით.

როგორც „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბაიდენმა პელოსს უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას შეუძლია, გაიმარჯვოს.

ნენსი პელოსის სპიკერმა „სიენენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი პარასკევის შემდეგ კალიფორნიაში იმყოფება და მას მერე არ უსაუბრია ბაიდენთან, ხოლო თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც გამარჯვებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ობიექტური ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი – ლევან დავითაშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რეგიონისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ეს ტენდენცია შენარჩუნებული უნდა იყოს უახლოეს წლებში, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშის კომენტირებისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საფუძველია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, ამ კუთხით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა, რაც ასევე მკაფიოდ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნული. მისი თქმით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადია, მარეგულირებელი კანონმდებლობა კი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადახდისუნარიანობის და ინვესტიციების დაცვის აღიარების შესახებ კანონებზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, ქმნის დამატებით მოტივაციას ინვესტორებისთვის, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში შეინარჩუნა და გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკურენტუნარიანობას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორის დახმარებას, ასევე კორუფციასთან ბრძოლას.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველა ობიექტური ინფორმაცია ანგარიშში ასახულია და არის მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ვინარჩუნებთ მომავალ წლებშიც. ჩვენ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს გახდის და საბოლოოდ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.