Home Blog Page 780

ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელს მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ-დონალდ ტრამპი

J

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია.

„თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, – აღნიშნა მან.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის აშშ-ის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არ დაუწყია ომი. „ჩემს დროს ომი არ ყოფილა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა. მე ის დავამარცხე“, – თქვა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ მას ომის შეწყვეტა ტელეფონის ზარით შეეძლო.

კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია?- ზარქუა

კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია? – რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს”.

მან, ასევე, ევროპარლამენტარ კუბილიუსს ლიეტუვის რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით მიმართა.

„კუბილიუს! ევროპარლამენტში არის დღეს? სად არის შენი პოზიცია? ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა. ამათთვის ხომ გამჭვირვალობა რუსულია. ფოტიგა? არა, ფოტიგა გააგდეს, აღარ არის ევროპარლამენტში. კიდევ ვინ არის? რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეგ როგორ? კუბილიუს! შენი ქვეყანა, ლიეტუვა პირველ ადგილას გავიდა რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენ გვეუბნებოდი სანქცია რატომ არ დაუწესეთო. მაინტერესებს, აბა, რას შვრები მანდ? დაგმე შენი მთავრობა? ლიეტუვას ბიზნეს წრეებს მოუწოდე, რომ ეს ასე არ გააკეთონ? ა, ჩუმად ხარ?” – განაცხადა ზარქუამ.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა “დემოკრატიული რეგენერაციის” გეგმა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, გააუმჯობესებს მედიის გამჭვირვალობას და მეტ ნათელს მოჰფენს მედიის დაფინანსებას.

მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა – BBC 

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც.

ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ.

პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში.

„ჩვენ ვმუშაობთ მის მოგვარებაზე რაც შეიძლება მალე. ამასობაში ოპერაციები მექანიკური სისტემებით გრძელდება”, – აცხადებენ ესპანეთის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.

გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ „ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც.

ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

ასხის მთაზე მკვლელობა მოხდა – დაკავებულია ერთი პირი

ხონში, ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რომელიც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპზე თავდამსხმელს ტელეფონში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა ოფიციალური პირების ფოტოები ჰქონდა-“ასოშიეთიდ პრესი”

მეთიუ კრუქსს, რომელმაც ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპს ესროლა, მობილურ ტელეფონში 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდისა და FBI-ს დირექტორის, კრის რეის ფოტოები ჰქონდა, – ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ 20 წლის კრუქსი ინტერნეტში ეძებდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის თარიღებს, ისევე როგორც ტრამპის გამოჩენის თარიღს.

ამასთან, მათივე თქმით, გამოძიებას ჯერჯერობით მოტივის დადგენის კუთხით წინსვლა არ აქვს.

„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ მსროლელი ასევე ეძებდა ინფორმაციას დეპრესიული აშლილობის შესახებ, მაგრამ გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ, ჰქონდა თუ არა მეთიუ კრუქსს აშლილობა.

ამასთან, როგორც მედია წერს, კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მოძალადე და ექსპერტები ამბობენ, რომ მოძალადე ადამიანების უმეტესობას არ აქვს ფსიქიკური დაავადებები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კრუქსი ტრამპის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნეს, რომელიც მიიწევდა მიტინგზე დიდი ზურგჩანთით და ათვალიერებდა სცენის უკან მდებარე სახურავებს, თუმცა პოლიციამ საეჭვო პირი ხალხში დაკარგა.

,,ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იქამდე დავწიოთ, რომ ნაკლები ადამიანი დაბრუნდეს ციხეში” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში – პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას საზოგადოების ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს.

„ჩვენი ამოცანაა [ამნისტიის პროექტის] ისეთი მოდელის შექმნა და კანონისთვის ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც იქნება დაბალანსებული. ეს ხელისუფლება არ უყურებს პატიმარს როგორც ობიექტს, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს, მეტი მართლშეგნებით, მეტი მონდომებით, დანაშაულისკენ რომ აღარ გაიხედოს. ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში. თუმცა მთავარი საზრუნავი აქ არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული შემდგომ და ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში, ვინაიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება ისეთი უფლებების შეზღუდვას უკავშირდება, რომლის აღდგენასაც შემდგომ დრო სჭირდება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასურველია და უკეთესია, რომ ნაკლები პატიმარი გვყავდეს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ასევე, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დავტოვოთ, შესაძლოა, ახლა მივიღოთ ამნისტიის პროექტი და ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებისთანავე მეორე ეტაპი განხორციელდეს. თუ ერთი პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში, ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხომ არ გავაკეთოთ ნაწილი, ნაწილი ახლა. შეიძლება ამ ყველაფერზე ფიქრი და მუშაობა, თუ უფრო ფართო მუხლების დაფარვა გვსურს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, არაფერია გამორიცხული, ამ რისკსაც ვითვალისწინებთ და ვიმოქმედებთ კანონმდებლობის სრული დაცვით. როგორც აქამდე ვერ შეაფერხა ვეტოებით საპარლამენტო ცხოვრება, ამ შემთხვევაშიც, პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება.

სააკაშვილსაც აქვს გამოყენებული ვეტო „ამნისტიის კანონზე“. შესაბამისად, ზურაბიშვილისგან, რომელიც სააკაშვილის გზას ადგას მთელი რიგი მიმართულებებით, გამორიცხული არაფერია. არავითარი ფასი ვეტოს არ აქვს, არც მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რომ შემდგომ ვინმემ იმით მოიწონოს თავი, რომ რაღაცას ვეტო დაადოს. არავითარი ფასი და ძალა ამას არ ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

,,ეს ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე იქნება”- იაგო ხვიჩია 

ზოგი მათგანი [მუხლი] იმიტომ კი არ წერია [„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში], რომ ყველა შემთხვევაში ეწერებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივებით წერია. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გასაგებია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ხვიჩიას განმარტებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით სხედან ციხეში, იმის თქმა, რომ ამნისტია მათ არ შეეხებათ, მესამე პრეზიდენტის, „მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, არამედ ჩვენ მიერ გაკეთებული ცუდი საქმე იქნება“.

„მგონი, ძალიან ცხადია, რომ ზოგი მათგანი [მუხლი] იმიტომ კი არ წერია [ამნისტიის შესახებ კანონპროექტში], რომ ყველა შემთხვევაში ეწერებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივებით წერია. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გასაგებია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა. ისევე, როგორც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხება ამნისტია და ამას შეიძლება, რაღაც მოჰყვეს. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები და მომავალშიც რაღაც მიესჯება. მაგრამ იმის გამო, რომ მას ამნისტია არ შეეხოს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი, მგონი, არაა სამართლიანი ვთქვათ, რომ იცით რა, არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით. მოდით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე დავუტოვოთ სასამართლოს. ადამიანებს იმედები გადავუწუროთ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის მუხლით სხედან ციხეში, მგონი ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, არამედ ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე იქნება იმის გამო, რომ პოლიტიკურ კინკლაობას, ერთ დამნაშავეს, თქვენს ენაზე რომ ვთქვათ, გადავაყოლეთ დანარჩენი ადამიანების ინტერესები.

გვესმის, რომ ციხეში დამნაშავეები სხედან. მაგრამ ამის მიუხედავად ვაკეთებთ ამნისტიას და მეტ ნაკლებად, კარგი იქნებოდა, ყველას შეხებოდა, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულებს. მითუმეტეს, გასაღებას და რაღაცებს არ ეხება, რომლებზედაც თქვენ ცალკე დათქმები გაქვთ. ვფიქრობ, რომ განახევრებაზეც შეიძლება წავიდეს საუბარი იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ყველა გვესმის, რომ მოძალადეებზე არ გვაქვს საუბარი აქ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე – პოლონელი ევროპარლამენტარი ფონ დერ ლაიენს

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი არის ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე.

“თქვენ ხართ ევროპული “მწვანე შეთანხმების” სახე, რაც ანგრევს ევროპულ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რაც ევროპის ეკონომიკას უკან ხევს. თქვენ ხართ ევროპის კლიმატის “სიგიჟის” სახე, რის გამოც ევროპელები სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან. დაბოლოს, თქვენ ხართ ევროპის მიგრაციული პაქტის სახე და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ ასეთი მიგრაციული პაქტის მხარდაჭერის გამო, რის წყალობითაც ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი საკუთარი ქალაქების ქუჩებში საფრთხეშია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თითოეულ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ტრაგედიაზე, რომლის მიზეზი არალეგალი მიგრანტების შემოდინებაა. ზუსტად თქვენ ეპატიჟებით მათ ევროპაში. და იმის გამო, რასაც აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის პრეზიდენტი“, – თქვა მან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქნის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის, ლევან ცხადაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტი ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურ ფაზაშია ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში 11 სადგომს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ეფექტიანად გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ საჰაერო ხომალდებს. ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბაქნის გაფართოების სამუშაოები. რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ბაქნის გაზრდისთვის და ერთდროულად უფრო მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

დავით აღმაშენებლის აეროპორტი აქამდე დაპროექტებული იყო 9 საჰაერო ხომალდის თვითმავალი ტიპის სადგომებით, რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ გადავა ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე. თვითმფრინავების სადგომის რაოდენობა კი 9-დან 11-მდე გაიზრდება. საიდანაც 4 სადგომი დარჩება თვითმავალის ტიპის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. რაც საშუალებას იძლევა მცირე დროის მონაკვეთში აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს.

ქუთაისის აეროპორტის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება სრულად საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში

სომხეთის კავშირები ნატო-სთან საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციას-მარია ზახაროვა

სომხეთის კავშირები ნატო-სთან საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ სომხეთის ნატო-სკენ მისწრაფება სინანულისა და შეშფოთების მიზეზია.

„სომხეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობამ ალიანსთან გამოიწვია არა მხოლოდ სინანული, არამედ შეშფოთება სომხეთის მომავლის თაობაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, აშშ-სომხეთის სამხედრო წვრთნები, რომლებიც 24 ივლისს უნდა დასრულდეს, ასევე შეშფოთების მიზეზია.

შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან იეგოიანმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს.

უეფა-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს მიმართავს 

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს, რომლითაც მთავრობის მეთაურს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებულ დებიუტს ულოცავს.

როგორც უეფა-ს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა, უდავოდ, დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყაროს მნიშვნელობა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისა და კომპლიმენტებისთვის „უეფა ევრო 2024“-ის ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით.

„UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო „ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული“ და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება. ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. საოცარი იყო იმის ნახვა, რა პატივით ატარებდნენ ფეხბურთელები ეროვნულ მაისურებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს უფლება, ეასპარეზათ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო არენაზე. ეს ტურნირი უდავოდ იყო ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს იყოს ის მძლავრი ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს მსოფლიოში, მიმართულია იმედისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ.

ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი განსაკუთრებული მონაწილეების გარეშე, რომლებმაც წარმოაჩინეს შესანიშნავი ნიჭი, ერთგული გულშემატკივრების გარეშე, რომელთა ენთუზიაზმმა გაანათა სტადიონი, თავდადებული პოლიციისა და მოხალისეების გარეშე, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ სცენის მიღმა, რათა გერმანიაში ყველას კეთილგანწყობა ეგრძნო. ბოლოს, მინდა, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი! თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ“, – ნათქვამია წერილში.

თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა

თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა, ავიაკომპანიები ფრენებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ ცნობით, იზმირის აეროპორტის დახურვის გამო ავიაკომპანია ფრენებს ბოდრუმის აეროპორტიდან ასრულებს.

მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.