Home Blog Page 78

ვენესუელაში ხალხმა ვერ შეძლო, თავისი გაეტანა, საქართველოში ყველაფერი განსხვავებულად იქნება, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს -ნიკა გვარამია

გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა, „ენჯეოებს“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავისი სისტემა. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„14:00 საათზე შეგვიძლია 13:00 საათის მდგომარეობა შევაჯამოთ. ძალიან კარგი დასწრებაა, ოდნავ ჩამორჩება დასავლეთ საქართველო, რადგან წვიმებია. მინდა იმერეთის, სამეგრელოს და აჭარის მოსახლეობას ვუთხრა, წვიმას არ მოვერიდოთ, სამშობლოსთვის ბრძოლა მოითხოვს მეტს, ვიდრე წვიმასთან გამკლავებაა. უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს, უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს და ბოროტის მსურველებს. ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის შედეგებს, ჯამურად უგებს „ქართულ ოცნებას“. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, დღის მეორე ნახევარი მოდის და არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ. მესმის, გვიან იღვიძებენ ახალგაზრდები, შაბათ-კვირას განსაკუთრებით, მაგრამ არჩევნებზე მაინც, ვფიქრობ, აუცილებლად მივლენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც „ქართული ოცნება“ „ხმებს აყალბებს, ყრის ბიულეტენებს ძირითადად იმ უბნებში, სადაც არ არის ტექნოლოგიური ხმის მიცემა“.

„პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, ზუსტად იცით, რომ დღის პირველი ნახევარი გაქვთ წაგებული. დილა წააგეთ, ის დრო, როდესაც მნიშვნელოვნად წინ იყავით ხოლმე ყველა არჩევნებზე, ამიტომ, შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, ეს უკანასკნელი შანსია რამე პოზიტიური გააკეთოთ თქვენი სამშობლოსთვის. კვლავ მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერი არ არის დარჩენილი „ოცნების“ დამარცხებისთვის. ყველანი არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა კოალიცია ცესკო-ს შედეგებს, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ კოალიცია აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგებს, თუმცა გააჩნია, როგორ დაითვლის ხმებს.

„გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა. „ენჯეოებს“ თავისი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავისი. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა. ვენესუელაში იგივე მოხდა, როცა ოპოზიციამ შეძლო ამის დამტკიცება, მაგრამ იქ სამხედრო ხუნტაა და სამწუხაროდ, ხალხმა ვერ მოახერხა თავისი გაეტანა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე დაამტკიცა. საქართველოში ყველაფერი იქნება განსხვავებულად, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იკვეთება მოცემულობა, რომ დადგმული პროვოკაციაა – გივი მიქანაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია – ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს – ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი „სხვა პროვოკაციებსაც არ გამორიცხავს“.

ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ნებისმიერი ადამიანის უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არჩევნების პროცესის ხელის შეშლას შეეცდება“.

„ის, რაც მარნეულში მოხდა, ყველა შემთხვევაში მიზანმიმართული პროვოკაციაა. ეს არის მოქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტის შესწავლით დაადგენენ. რეალურად, იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა, რომელიც კადრებში ვიხილეთ, ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთში მიზანმიმართულად ახორციელებდა; მან ძალიან კარგად იცოდა რას აკეთებდა. ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მას იღებდნენ. ასევე, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოება, რომ სწორედ „ნაცტელევიზიის“ წარმომადგენელი შეესწრო ამ ფაქტს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ გარემოში. ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს.

მათ იციან, არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამაზე მათი განცხადებებიც მეტყველებს. ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებები მათი ამომრჩევლის მიმართ – გაიღვიძეთ, მოდით უბნებზე და მოგვეცით ხმაო. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, როგორმე დააზიანონ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები; რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას. ამიტომ, არ გამოვრიცხავთ სხვა პროვოკაციებსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას ვაფრთხილებთ, რომ უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ კი არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და არჩევნებში კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.

საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შშმ პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის -სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბანზე თავად იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს დააკვირდა.

ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ადგილზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ საარჩევნო უბნის შენობა არ არის მისაწვდომი შშმ პირებისთვის.

„უშუალოდ უსინათლო პირთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობენ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესებს, ვერ განუმარტეს მას ხმის მიცემის პროცედურა და ვერ უპასუხეს ამომრჩევლის მიერ დასმულ კითხვებს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო პირებისთვის მომზადებული ჩარჩო/ფორმა არ იძლევა მისი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას. რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსებაც, რადგან უსინათლოსთვის გაურკვეველია ფურცლის რომელ მხარეს ათავსებს. და საბოლოოდ, შესაძლოა, რიგი პრობლემების გამო, უსინათლო პირის არჩევანი არ დაემთხვეს მისთვის სასურველ კანდიდატს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის, უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება – პრეზიდენტი

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

„სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც, არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია.

„კენჭისყრა შეწყვეტილია, განკარგულება მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიამ, ინციდენტის გამო. რეაგირება არის ის, რომ კენჭისყრა შეწყვეტილია“,- განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა, იაკობ ასანიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა – ამ უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წევრებს დავუჭიროთ მხარი, როგორც ევროპის წარმომადგენლებს? თუ მათ დანაყოფ გვარამიას, შარვალჩახდილებს? -მამუკა მდინარაძე

გვარამია და სააკაშვილი შერჩა ქართველი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ევროპელებად, უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილან ევროპა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ჩართვისას.

მისი თქმით, რეალური ევროპელობა არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების მოფრთხილება, ამ ღირებულებების გატანა, ორ ფეხზე მყარად, პატრიოტულად დგომა.

„მეორე ფრონტის რისკი რომ მოხსნილი იყოს, ამხელა ინტერესი საქართველოს არჩევნების მიმართ არ იქნებოდა. წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე. მიეცით ხმა ევროპასო ამბობენ, წარმოიდგინეთ, მე ვარ რიგითი ამომრჩეველი, ისეთი, რომელსაც არ გადამიწყვეტია ვის მივცე ხმა. დავიჯერე ესენი რომ მიმეორებენ 100 000-ჯერ, რომ ოკუპანტისკენ იხრებიან ისინიო. ჯერ როგორ შეიძლება ასეთი რამის ქართველი კაცისთვის დაბრალება? ვის აბრალებ? რას აბრალებ? ჩვენ რომ რაღაცებს ვაკეთებდით, ესენი წითელ ხიდზე მირბოდნენ და წაგებულ ომს აზეიმებდნენ ხალხს. ვთქვათ ვარ ნეიტრალური ამომრჩეველი და ევროპას დაუჭირე მხარიო. „ნაცმოძრაობას“ დავუჭირო მხარი და ეს არის ევროპა? ბნელი წარსული, მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება, ბიზნესმენების ღამე დაბარება და ბიზნესის წართმევა, მამაკაცების თუ ქალების ციხეში და არამხოლოდ ციხეში გაუპატიურება. მოკლედ, ამ უბედურებაზე აგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჭიროთ მხარი, როგორც ევროპის წარმომადგენლებს? თუ მათ დანაყოფ გვარამიას, თუ უკაცრავად და შარვალჩახდილებს, თუ რუსული რუბლებით დაფინანსებულ ხოშტარიას, თუ მათთან მოღალატე გახარიებს, თუ ხაზარაძეს, მათ რეკეტიორს. ევროპა რომელია? თვითონ „უტყდებათ“ ამის თქმა. ოთხი პარტია აქვთ ამოჩემებული იმიტომ, რომ ბოლომდე მიბმული აგენტურის სახით ეს 4 პარტიაა მხოლოდ. ორი ვერ ლახავს ბარიერს და დარჩა ევროპაში, შეგვრჩა ხელში სააკაშვილი და გვარამია. თურმე საქართველოში ევროპის მთავარი წარმომადგენლები ისინი ყოფილან. დღეს გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სასარგებლო იდიოტები ნუ გახდებითო და ხმა მივცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერს ლახავენ. ანუ პატარა პარტიებს საერთოდ დაუკარგეს პერსპექტივა და რადგან მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და გვარამია ლახავენ ბარიერს გარანტირებულად, ორივე „ნაცმოძრაობა“ სასარგებლო იდიოტები ნუ გავხდებით და „ქართული ოცნებისთვის“ მიცემულ ხმას ნიშნავს დანარჩენი პარტიებისთვის მიცემული ხმაო. ესე იგი გვარამია და სააკაშვილი შერჩა ქართველი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ევროპელებად. ამ დროს, რეალური ევროპელობა არის ტრადიციული, ქრისტიანული, ღირებულებების მოფრთხილება, ამ ღირებულებების გატანა, ორ ფეხზე მყარად, პატრიოტულად დგომა. მთავარი ხომ მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ხომ ეგონა ბევრს, რომ ვერ მოვიპოვებდით სტატუსს და ხომ მივიღეთ!“, -განაცხადა მდინარაძემ.

დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა -გიგი წერეთელი

დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები განსაზღვრავს როგორ გააგრძელებას ცხოვრებას საქართველო.

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული არჩევნები ამ ქვეყნისთვის და ეს არჩევნები განსაზღვრავს, ისტორიულად როგორ გააგრძელებს ცხოვრებას საქართველო და მე ვიცი, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას უნდა უკეთეს საქართველოში, სიმშვიდეში, განვითარებით, დაპირისპირების დასრულებით და ეს ქვეყანა უნდა იყოს სწოპრედ ევროპული ქვეყანა ყველა იმ სტანდარტით, რომელიც ევრპაშია და, პირველ რიგში, ბუნებრივია, კეთილდღეობით. დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა ხმის მიცემის შემდეგ.

საქართველოში არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დაადასტურონ პროცესის გამჭვირვალობა -კლოდ ჟან რობერტ ალფრედი

დღეს ჩამოვედი პარიზიდან. ვეწვიე ორ საარჩევნო უბანს და შევხვდი როგორც თანამშრომლებს, ასევე ამომრჩევლებს. აქ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და დაადასტურონ, რომ პროცესი არის გამჭვირვალე, ნათელი და სწორად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, კლოდ ჟან რობერტ ალფრედმა განაცხადა.

ლოდ ჟან რობერტ ალფრედი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„როგორც აღვნიშნე, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ, როგორც დამკვირვებელი, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მრავალი ეტაპი გაყალბებისა და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას აქვს ცალკე ტექნიკური შემოწმების ზომები წესებში. ვიტყოდი, რომ ეს დღეები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმ ტექნოლოგიისა და სისტემების გამო, რომლებიც შეირჩა თქვენი ქვეყნის მოქალაქეების აზრის გასათვალისწინებლად“, – აღნიშნა კლოდ ჟან რობერტ ალფრედმა.

“ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას”-ლევან დავითაშვილი

„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება.

„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს – ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები -მამუკა მდინარაძე

ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები.- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ დღეს არსებული დინამიკით თუ გააგრძელა განვითარება, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქის ცხოვრება საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება.

„შევუერთდები ძალიან სასიამოვნო ჩელენჯს, რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ. სანამ აქ წამოვიდოდი „ტიკ-ტოკში“ და „ფეისბუქში“ შემხვდა: მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები. ჩვენი სლოგანიდან: მშვიდობა ღირსება კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ, აღმოჩნდა მთავარი სლოგანი. უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვეხება. მხოლოდ ჩვენ, „ქართული ოცნება“ თუ ქართველი ხალხი კი არა, ამას ლაპარაკობს სავალუტო ფონდი, ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი. მომდევნო წლებში ამ დინამიკით თუ გავაგრძელებთ განვითარებას, საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველო დღეს ირჩევს განვითარებას და მშვიდობას, თუმცა ამის თქმა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც იყო.

„თუმცა პარადოქსული სიტუაციაა მეორე ფლანგზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი საქართველოში ხმას აძლევს იმ ხალხს, იმ აგენტურულ ოპოზიციას, რომლებმაც ისინი გაწირეს ფიზიკური და სულიერი განადგურებისათვის. ასეთი ხალხი რჩება სამწუხაროდ, მაგრამ მესმის მათიც ძალიან კარგად. ფსიქოლოგიური ტერორის, ზეწოლის, ინფორმაციული შტურმის ფონზე ძალიან რთულია იყო სუპერობიექტური. ჩვენ შეიძლება 60-70% ადამიანები გვყავს ამ ქვეყანაში, რომლებმაც კარგად აღიქვეს რეალობა და შესაბამისი შედეგებიც დაიდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას შეიძლება არ უნდა მოვთხოვოთ, რომ ბოლომდე იყვნენ გათვითცნობიერებული ყველაფერში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი, მისი უმრავლესობა ყველაფერს კარგად ხვდება, სად არის სინათლე, სად არის ხვალინდელი პოზიტიური მომავალი და სად არის ჭეშმარიტი, რეალურ ქრისტიანულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი ევროპული მომავალი. ძალიან კარგად ხვდებიან და აფერადებენ 41-ს და ამიტომ არის დიდი აქტივობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, 8 საათიდან მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მთელი დღის განმავლობაში განახლდება მონაცემები, ხოლო საღამოს 8 საათიდან, განთავსდება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

„მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით. 8 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე 8 საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.“ – აღნიშნა კობახიძემ