Home Blog Page 779

საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება მოუწევს ყველას – ბექა დავითულიანი

დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დააკომპლექტებს უპრობლემოდ, იქნება მმართველი ძალა. რაც შეეხება ოპოზიციას, რაც დღეის მდგომარეობით ჩანს, კიდევ 2 ჯგუფი ლახავს ბარიერს, დანარჩენები ვნახოთ, როგორ გადაეწყობიან, – ამის შესახებ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე იმ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდი განვითარდება.

„პირადად მე ვვარაუდობ, რომ პროცესი განვითარდება შემდეგნაირად – მაგალითად, როდესაც სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ რეგისტრაცია, ერთ-ერთი დონორის მხრიდან მოხდება კოორდინირება პროცესის, რომ არ დარეგისტრირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, ისინი ეუბნებიან, რომ პროგრამებს შეუწყვეტენ. შესაბამისად, ეს იქნება საპროტესტო ტალღის პირველი ეტაპი. შემდეგ ამას ალბათ მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი რეაგირება და დაჯარიმება, რაზეც იქნება მეორე შემოტევა, თითქოსდა იდევნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთ ფონზე წინასაარჩევნო გარემო თითქოსდა მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან მოჰყვება ორკესტრირებული განცხადებები, თითქოსდა ჩვენ ვამძიმებთ წინასაარჩევნო გარემოს, არადა ამ სპექტაკლს დგამენ თვითონ ის ძალები, რომლებიც აორგანიზებენ იმას, რომ ამ არასამთავრობოებმა არ გაიარაონ რეგისტრაცია.

ეს განცხადებები გაკეთდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ ოფიციალურ უცხოელ დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის ოფიციალური შემფასებელი და ყველა პარტიას უზის თავისი წარმომადგენელი, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში, ისე ცესკოში. ვერცერთი მათგანი მასობრივად ვერ დააფიქსირებს ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეიძლება არჩევნების შედეგზე ჰქონდეს გავლენა. ამიტომ განცხადებები იმის შესახებ, თითქოს წინასაარჩევნო გარემო იყო ცუდი, თითქოს მოხდა დარღვევები, დარჩება განცხადებებად და ამას ფაქტებით ვერავინ დაასაბუთებს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება მოუწევს ყველას, რადგან არ ექნებათ არანაირი ობიექტური დასაბუთება, რომ პირიქით მოხდა და მერე მოუწევთ საუბარი ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – მიიჩნევს დავითულიანი.

საქართველო მხოლოდ ექვს თვეში 519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს რომ იღებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება – ვლადიმერ ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დაუმტკიცეს ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას.

„უსამართლობაა ის, რაც ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. უსამართლობაა, რაც ახლაც გრძელდება სამწუხაროდ, როცა ჩვენს ქართულ ჯარს, ჩვენს სიამაყეს, არ უფინანსებენ წვრთნებს, ენჯეოების და მედიების წვრთნებს იწყებენ თურმე 26 ოქტომბრისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ეს დაფინანსება მათ მაინც არ უშველის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მიმართა ოპოზიციის ელექტორატს და ოპოზიციურ პარტიებს და კითხვები დაუსვა ქვეყნის განვითარებასა და ქართული ჯარის დაფინანსებასთან, ასევე დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

„მე მინდა მივმართო ოპოზიციურ ელექტორატს, რომელმაც 2020 წელს ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, ასევე იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 8 თვის განმავლობაში საერთოდ არ შევიდნენ პარლამენტში და მერე კი შევიდნენ, რომ ხელფასები არ დაეკარგათ და 8 სიტყვა არ აქვთ ნათქვამი და 8 კანონი არ აქვთ მიღებული. მათ შორის არც 12 რეკომენდაციის შესრულების, რომელმაც დაგვაახლოვა ევროკავშირთან, და არც 9 ნაბიჯის პროცესში იღებენ მონაწილეობას.

მინდა ვკითხო თბილისელებს, რომლებმაც ცარიელი ადგილები აირჩიეს თბილისის საკრებულოში, ცარიელი ადგილები, რომლებსაც ერთი სიკეთე თბილისელებისთვის არ გაუკეთებიათ და მინდა ვკითხო ოპოზიციას, რომელიც საქართველოშიც და თბილისშიც ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანა ინგრევა, რომ თურმე ეკონომიკური კოლაფსია და და ასე შემდეგ: თუ ეკონომიკა არ იზრდება, თუ შემოსავლები არ იზრდება და ქვეყანა არ ვითარდება, მაშინ საქართველო მარტო ექვს თვეში 519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს როგორ იღებს?

თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი თანხა ქართული ჯარის განვითარებას მოხმარდება. აღარავის ახსოვს, როგორ იბრძოდა ქართული ჯარი ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, რამდენი სისხლი გაიღო ამ ჯარმა! და ახლა თურმე ის უნდა დაისაჯოს.

მინდა ვკითხო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს: რომ დაიშალეთ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებად და ვინ ვისთან არის და რომელ ლიდერთან, ვერ გაგირკვევიათ, უბრალოდ, გული არ გწყდებათ, რომ იმ სიკეთეში, რომელსაც დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა ჰქვია, მონაწილეობას არ იღებთ?

ეს ადამიანები 2025 წელს ადგილობრივ არჩევნებში კი არა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვერ შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9696 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

 ,,მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა”- ლევან ბეჟაშვილი 

მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანობის აქტში“ მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ქვეყანა უახლოესი ისტორიის განმავლობაში ესწრაფოდა.

„მეგობრობის აქტში“ საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე. რეალურად, ეს არის ის აქტი, რომელიც საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მთავარი წინააღმდეგობა კი „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და რუსული ოცნებაა, რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“პენიტენციურ კოდექსს“ ახალი ნორმა ემატება

ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით “პენიტენციურ კოდექსს“ ახალი ნორმა ემატება. კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას, სავარაუდოდ, მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, განიხილავენ.

ინიციატორები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები მოწესრიგებულია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლებების შეზღუდვა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი, მაგრამ “არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს“.

კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, “სისხლის სამართლის კოდექსის“ XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. მსჯავრდებულს ასევე შეიძლება შეეზღუდოს ვიდეოპაემნის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. ქალ მსჯავრდებულს აღნიშნული უფლებების გარდა, ასევე შეიძლება შეეზღუდოს საოჯახო პაემნის უფლება.

აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა თავის გადაწყვეტილებაში ინფორმაცია იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს.

შესაბამისი მუხლებით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს უფლებები შეიძლება სამი თვემდე ვადით შეეზღუდოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, შეზღუდვა უქმდება.

ამასთან, ინიცირებული კანონპროექტი უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – პროექტის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება სამ-თვემდე ვადით შეიზღუდოს.

კანონპროექტით ასევე დადგენილია უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულს უფლებები შეეზღუდა. პროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ქეთევან ჩარკვიანი.

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება”- გურამ მაჭარაშვილი

ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დღეს დაგვაყვედრეს ის, რაც დაგვეხმარნენ და ამავდროულად იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, ამბობენ, რომ იარაღის ნაცვლად შეუძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ არასამთავრობო სექტორს, – ასე შეაფასა გურამ მაჭარაშვილმა პარტნიორებისგან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების გაყინვა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ამ გადაწყვეტილებებს უსამართლოსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს.

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის მთავრობის მიერ 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ, რომ თავდაცვას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ევროკავშირის ფონდიდან თავდაცვის სფეროსთვის თანხის გაყინვა, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან ურთიერთობის ცვლილება, ღირსეული პარტნიორი 2024 ის გადადება – ასე შეიძლება შეჯამდეს მოკლედ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ბოლო პერიოდში დასავლეთის პოლიტიკა.

 ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოვხვდი – გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ევრო 2024-ის თანაბომბარდირობასა და ოქროს ბუცის მიღებას ეხმაურება.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოვხვდი. დიდი მადლობა ამ დიდებულ გუნდს, ეს ყველაფერი თქვენ გარეშე ვერ მოხდებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

,,ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება” – ოხანაშვილი

მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება? – ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

“მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და ამბობენ, რომ NGO-ები უნდა დავაფინანსოთო. NGO-ების წვრთნაში იხდიან თანხას თუ რა ხდება? NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს, თუ რაზეა საუბარი? NGO-ების წვრთნას აპირებს ვინმე ამ ქვეყანაში? ნუ, თუ გაწვრთნიან, რომ უფრო დემოკრატიულები იყვნენ და გამჭვირვალობას უჭერდნენ მხარს, ცუდი არ არის, წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, მათ. თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება. ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია. ეს არ წაადგება მეგობრულ ურთიერთობას და ამიტომ თხოვნა გვაქვს, რომ გადახედონ ამ ნაბიჯებს, ამ რიტორიკას, ამ მიდგომას,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში“ , – განაცხადა შერაზ გასრიმ.

,, 16 წელია ნატო-ს ღია კარში ვდგავართ”- პაპუაშვილი

როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნატო-სთან დაკავშირებით განაცხადა

შალვა პაპუაშვილის თქმით საქართველო მრავალი წელია ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა უკვე 16 წელია ამ ღია კარში დგას.

„პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა – 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა. ამიტომ, ალბათ, ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს. შეგიძლიათ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება იხილოთ, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ რუსეთის აგრესიასთან, სულ რამდენიმე კვირაში. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. როდის გახდება, როგორ გახდება და ა.შ. უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად და ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე 2 წელზე მეტია ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს, ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,მქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას”- შალვა პაპუაშვილი

მქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ გამჭვირვალე იქნება მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა და ქართველ ხალხს ეტყვიან, თანხას ვის აძლევენ, რამდენს და რისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას აქვს ერთადერთი მოწოდება, რომ ყველა დაუბრუნდეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე.

“არ ვიცი, ემოციებში, რატომ გადასდის ზოგიერთ დიპლომატს, მაგრამ გვესმის ასეთი კომენტარები, რაც აბსოლუტურად, არ მგონია, იყოს სერიოზული აღქმა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება. ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ქართველი ხალხის სურვილია იცოდეს მეტი, რა ფული შემოდის, სად მიდის, რაში იხარჯება. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ რაღაც გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი რეაქცია.

ამიტომ მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, ყველა დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს, ამ ღირებულებებით იმოქმედონ, იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი სურვილი და ინტერესი იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებელი გამოგზაურებთ. ტრადიციულად, მგზავრობის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, საქართველოს რკინიგზა და Visa.

მგზავრობისას მუსიკალურ გაფორმებასა და განწყობის შექმნაზე იზრუნებს ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად. მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩ ბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. გთხოვ გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

მგზავრობა უფასოა, დარეგისტრირდით ბმულზე: https://link.tbc.ge/jazztrain

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზ ფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 26-28 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალი. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, ორგანიზატორია ისთერნ ფრომოუშენსი.

თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

XXIII ბიზნეს რეიტინგი – ექსპერტების რჩეული კომპანიები

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული 2022-2023 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. 2023-2024 წლის 21 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანიები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

1. ნომინაციაში – სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი გუნდის პროფესიონალიზმი- “ავერსი” და პაატა კურტანიძე დასახელდა.

2. ნომინაციაში – წარმოშობის მდიდარი ისტორია, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები, გუნდის პროფესიონალიზმი – “ასკანელი ძმები”- ირაკლი უგლავა დასახელდა.

3. ნომინაციაში – საინვესტიციო მიმზიდველობა, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, დინამიური ზრდა და განვითარება -“ბათუმის საზღვაო ნავსადგური” და ულან ტლეუგალი დაჯილდოვდა.

4.ნომინაციაში- ბოლნისური ღვინის წარმოების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი იმიჯი – “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”და გურამ ავქოფაშვილი დაჯილდოვდა.

5.ნომინაციაში – ეროვნული სტანდარტი მსოფლიო ბაზარზე, კორპორატიული მართვის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი – “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და დავით დუგლაძე დაჯილდოვდა.

6. ნომინაციაში ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიდერი რთული და სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში -“საზღვაო ხაზი ე- 60” და შალვა წაქაძე დაჯილდოვდა.

7.ნომინაციაში – რადიოგრაფიული სფეროს რევოლუციური ლიდერი, ნდობის მაღალი ხარისხი და მდგრადი საგარანტიო მომსახურება -ენდითი გლობალი და ალბენს ბუშატი დაჯილდოვდა.

8. ნომინაციაში-ეკოლოგიურად სუფთა ინოვაციური პროდუქტი მაღალი კორპორატიული სტანდარტი წლის აღმოჩენა და წარმატებული დებიუტი -ესპო + და მალხაზ იასაშვილი დაჯილდოვდა.

9. ნომინაციაში– საქმიანობის სტაბილურობა, დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი, მანქანათმშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი”და ბადრი წილოსანი დაჯილდოვდა.

10. ნომინაცია- ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ლიდერი ქართულ ავიამშენებლობაში -“თამ მენეჯმენტი” და პანტიკო თორდია დაჯილდოვდა.

11. ნომინაცია– საინჟინრო კომუნიკაციების სფეროს ლიდერი, ნდობის უმაღლესი ხარისხი, პასუხისმგებლობიანი სტაბილური პარტნიორი- “იმპოსტი მეპი” და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

12. ნომინაციაში- საუკეთესო დამსაქმებელი, ბაზრის ლიდერი, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი -“კავკასიის ავტოიმპორტი”და გიორგი სურგულაძე დასახელდა.

13.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე” ნანა ხარაული და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

14.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე”  და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

15.ნომინაციაში -დარგის ლიდერი, საქმიანობის სტაბილურობა, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის “ნიკორა სუპერმარკეტი” და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდა.

16. ნომინაციაში -დარგის ლიდერი საქმიანობის სტაბილურობა დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის – “ნიკორა სუპერმარკეტი”და მარინა ნიკოლაიშვილი დაჯილდოვდა.

17.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ეფექტიანი მართვის სტილი, საერთაშორისო აღიარების ქართული ბრენდი -“ომნო” და კახა გელაშვილი დასახელდა.

18. ნომინაციაში -შთამბეჭდავი პროგრესი, პროდუქტის მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი, -“პანე” და ტატო ივანიაშვილი დასახელდა.

19. ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის- PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

20.ნომინაციაში– ბიზნეს ტურიზმი შეტანილი წვლილისთვის, გლობალური, სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო ბაზარზე საქმიანი რეპუტაცია – “პრემიუმ ღონისძიებები” და ნიკოლოზ კობახიძე დასახელდა.

21.ნომინაციაში -უახლესი ტექნოლოგიები, მომხმარებელზე ზრუნვა, ღრუბლოვანი სერვისების ლიდერი – “პროსერვისი” და რევაზ ნატროშვილი დასახელდა.

22.ნომინაციაში – რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლისთვის -სოკარი და მაირ მამედოვი დაჯილდოვდა.

23.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა,უმაღლესი ქართული სტანდარტი ევროპისათვის, საერთაშორისო აღიარება -“ჯორჯიან პროდაქტსი” და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

 ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – “სოკარი”

ოქროს სპონსორია – “ასკანელი ძმები”.

სპონსორები არიან:

1. “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”

2. “კავკასიის ავტოიმპორტი”

3. “პრემიუმ ღონისძიებები”

4. “თამმენეჯმენტი”

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.