Home Blog Page 777

 ,,დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს”-

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ 2008 ან 2014 წელს დაუშვეს ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოსთან (და ასევე უკრაინასთან) მიმართებაში, არამედ დღესაც იმავეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ შეცდომები კი არა, შეგნებული დანაშაულია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის მიმართ,“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატმა ამის დასადასტურებლად მოიყვანა ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თანახმად, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. სუბარი აღნიშნავს, რომ დასავლეთი დღესაც უშვებს შეცდომებს საქართველოსთან მიმართებით, როცა გვეუბნებიან, რომ არ დააფინანსებენ ქართულ ჯარს, სამაგიეროდ ეხმარებიან იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან.

„ომის დაწყებამდე უკრაინას ჰპირდებოდნენ, თითქოს NATO-ში მისი მიღება გადაწყვეტილი იყო და ეს ძალიან მალე მოხდებოდა. ახლა კი, ორიოდე დღის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორნახევარი წლის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო NATO-ში უკრაინის მიღების და დღესაც წინააღმდეგია. ანუ, აღიარა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას არც აპირებდნენ და არც ახლა აპირებენ. არადა, ამდენი წელია უკრაინელებს კვებავდენ ცრუ დაპირებით, რომ ეს ქვეყანა მალე გახდებოდა ნატოს წევრი.სხვათა შორის, ბაიდენის ეს განცხადება გუშინ დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ასევე გათქვა ნატოს შიდა საიდუმლოებები და „ჩაუშვა“ აშშ-ს პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, რომ ისინი იყვნენ და დღესაც არიან უკრაინის ნატოში მიღების მთავარი მოწინააღმდეგეები.ბაიდენის ეს განცხადება იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, რომ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იძულებული გახდა რაიმე, თუნდაც შორეული თარიღი მაინც დაესახელებინა და განაცხადა, თითქოს უკრაინას სავარაუდოდ 2034 წელს მიიღებენ ნატოში. მანამდე კი, როგორც ჩანს, უკრაინა ომისთვის ჰყავთ განწირული.ამას გვიმზადებდნენ ჩვენც და ამას გვიმზადებენ დღესაც. მთელი ეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციის საარჩევნო დაჯგუფება-გადაჯგუფებები, რასაც მათი უცხოელი პატრონები აკეთებინებენ, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო მსოფლიოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში რამენაირად სათამაშო იარაღად იქცეს გლობალური ომის პარტიის ხელში. ამიტომ გაძლიერდა არჩევნების წინ ენჯეო და პოლიტიკური აგენტურის მხარდაჭერა მათი უცხოელი პატრონების მხრიდან.ეს არის სცენარი, აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანის გზით, როგორ გაუხსნან რუსეთს ახალი ფრონტი, რასაც, განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით, შეეწირება ქართული სახელმწიფო, მაგრამ გლობალურ მოთამაშეებს ეს არ ადარდებთ. მათი მიზანია, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების დროს უფრო ძლიერი პოზიციიდან ილაპარაკონ და ამისთვის მზად არიან, ნებისმიერი ქვეყანა გაწირონ. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ქართულ ოპოზიციად წოდებული მათი აგენტურა მზადაა, მათ ამ მიზნებს შესწიროს ჩვენი სამშობლო, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

“საკმარისია ხედავდე იდეას” – ეს არის თიბისის მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინოვაციური იდეა აქვს და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს.

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, თიბისის ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან თიბისი ინოვაციურ სტარტაპ იდეებს აფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას.

მთავარი კრიტერიუმი სესხის მისაღებად არის იდეა. თიბისიმ ინვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსება ერთი წლის წინ დაიწო და პროგრამის ფარგლებში არა ერთი სტარტაპერი დაფინანსდა.

“წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება ბიზნეს სფეროში,  წარმატება იწყება ინოვაციური იდეით და ჩვენც ამ პროდუქტით ვცდილობთ ინოვაციურ სტარტაპერებს გავუმარტივოთ და გავაბედინოთ თავიანთი იდეების რეალიზება.  სიტყვა ინოვაციურმა არ შეგაშინოთ, აუცილებელი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ჩვენ შევარჩევთ ისეთ იდეებს, რომლებიც მომხმარებლის პრობლემას ჭრის ინოვაციური კუთხით – იქნება ეს ახალი მიდგომა, კონცეფცია თუ ტექნოლოგია. ამ პრობლემის გადაჭრის არსებული გზები უნდა შეიცვალოს, ან უნდა შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად, ან ამარტივებდეს პროცესს, ან ქმნიდეს ახალ და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას. ერთი სიტყვით, იდეა, რომელიც ჩვენგან მხარდაჭერას მიიღებს, უნდა პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს,“   – ამბობს თიბისი სტარტაპერის წარმომადგენელი.

 

გარდა ამ კრიტერიუმებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობდეს ბიზნეს იდეს განვითარების პოტენციალი, მოდიოდეს მოთხოვნა მომხმარებლიდან და სამიზნე სეგმენტი იყოს საკმარისი ზომის და ზრდადი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა – ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგია, ექსკლუზიური პარტნიორობა და აშ. რაღაც ელემენტი, რომელსაც მარტივად ვერ გადაიღებენ კონკურენტებისთვის.

კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა მასშტაბია, ამიტომ სტარტაპ იდეის დამუშავებისას, იფიქრე, შეძლებს თუ არა ეს იდეა განვითარებას  და ექსპორტზე გასვლას.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდია ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გურჯაანში უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +37 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ  ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული  ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება.

პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს.

ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. 

წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიჰხედა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ (მათე 4.19) (კონდაკი 2) – ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყვნენ მიმართულნი, გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).
ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, – ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან – გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: „უფალო… მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32) (იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო ტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)… „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქოირედზე მაცხოვარმა „…მოიღო არდაგი და მოირტყა იგი… და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“ – განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“ (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის მაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“ (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ აზრსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).

უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში (საქმე 2.41; 4.4). საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღსდგებოდნენ (საქმე 9.40), მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ (საქმე 3.1-8; 9.32-34), დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ (საქმე 5.5-10).
ცნობილია წმ. პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს „უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფელისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა – იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე“ (2 პეტრე 1.14), ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. სთვლიდა რა უღირსად თავს მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც მის მასწავლებელს ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.

წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომოდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული „განსწავლულ ზედმიწევნით მამგითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის“, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, – „ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა“ (საქმე 22.3-4). იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა (საქმე 7.58). 34წ. მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.
როდესაც იგი დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ქვე ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: „საულ, საულ, რა სა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ“. სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რა თა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ (საქმე 26.13-16).
სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიიე ტაძართა მათ იუდა სთა სავლე სახელით, ტარსელი (საქმე 9.11). ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე (იკოსი 2).

მოიღო რა პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი, იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა (კონდაკი 3, იკოსი 4, კონდაკი 5). კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსება რა წმ. პავლე სულითა წმიდითა დაუშლის მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს „გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა“. პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოგვი დაბრმავდა და „მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა“ (საქმე 13.8-11) (იკოსი 6). დაახლოებით 51წ. პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: „რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“ (საქმე 15.12). კრებამ გადაწყვეტილება მიიღო წარმართებისათვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო „კეთილსა იქმოდეთ“-ო (საქმე 15.29).

თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“ (2 კორინთელთა 11.24-25) (იკოსი 10). ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა (საქმე 16.22-26) (იკოსი 8).

ათენში ქრისტეს ახარებდა „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე 17.28). ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვტისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, „შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს“ (საქმე 21.11) (კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით – პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსატატინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ დახმარება გთხოვოთ. უარს ნუ ეტყვით, თუ დახმარება შეგიძლიათ – ეს ავტორიტეტს აგიმაღლებთ და გამბედაობას შეგმატებთ. სამსახურში ყველაფერი კარგადაა. შეიძლება საინტერესო, პერსპექტიული პროექტები შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგი გეგმის შეცვლა ან გაუქმება მოგიწევთ.

კურო

ამ დღეს შინაგან თავისუფლებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. საკუთარი პასუხისმგებლობა არ დაივიწყოთ და დაპირება შეასრულეთ. ვარსკვლავები გირჩევენ სესხის აღებას ან ინვესტიციების განხორციელებას მოერიდოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს გაგრძელდება. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ.

ტყუპები

იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ, წესები დაიცავით და დადგენილი საზღვრები არ დაარღვიოთ. შესაძლოა, რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, მაგრამ თქვენს თავდაპირველ გეგმებზე უარს ნუ იტყვით. პრინციპულობა და მონდომება სირთულეების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება წარსულის წარუმატებელი სცენარის გამეორებით განწყობა გაიფუჭოთ.

კირჩხიბი

თავი რომ თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოთ, ეცადეთ ამ დღეს საკუთარ თავს და გარეგნობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმპულსურად მოქმედებას მოერიდოთ და საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს მიღებული ყველა ინფორმაცია უნდა შეამოწმოთ – შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და თქვენი დაზიანება სცადოს.

ლომი

გირჩევთ სამსახურში ყველა წესი და შეთანხმება დაიცვათ და ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდოთ. კამათის დროს აგრესიას ერიდეთ და თავაზიანობა გამოიჩინეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ქალწული

ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, თუმცა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის ზუსტად გეტყვით როგორ მოიქცეთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის.

სასწორი

დღემ რომ კარგად ჩაიაროს, კარგად ნაცნობი ხერხები უნდა გამოიყენოთ და შეთანხმებები არ დაარღვიოთ. ეცადეთ თქვენი უნარები და პიროვნული ხიბლი სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების საპოვნელად გამოიყენოთ – გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ.

მორიელი

ექსპერიმენტებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ მუშაობა ჩვეული მეთოდებით, აუჩქარებლად განაგრძოთ. შედეგისადმი თქვენი ინტერესი და აქტიურობა საჭირო ადამიანების ყურადღებას მიიქცევს. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოთ. ნუ გადაიღლებით, უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ. სასურველია საღამოს მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ და უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ. თქვენს შიდა რესურსებსაც უნდა გაუფრთხილდეთ – რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტის გაკეთებას არ ეცადოთ. წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ – ამ დღეს ისინი ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

მერწყული

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ, რადგან ამ დღეს წვრილმანები ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. წესებს და შეთანხმებებს ნუ დაარღვევთ, თორემ თავად დაზარალდებით. თუ გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

თევზები

ამ დღეს სხვისი პრობლემების გადაჭრას და სხვისი შეცდომების გამოსწორებას დიდ დროს დაუთმობთ, თუმცა თავდაჯერებას შეგმატებთ და თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ, დროა ვარჯიში და დიეტა დაიწყოთ.

ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა – ილია დარჩიაშვილი

ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები.

„მე დღეს მქონდა ასევე შესაძლებლობა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი, გულწრფელი და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც არის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აუცილებლად მოიტანს თავის კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ მოტივირებული ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, იმისთვის, რომ ერთის მხრივ გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მხრივ, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე -შალვა პაპუაშვილი

„ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიციალურ ქსელში წერს და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას ეხმაურება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.

„ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე (ჩუქებას ვინ დაეძებდა)“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ და ეროვნული დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა.

„მეგობარი აქტის“ შესახებ განხილვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გუშინ გაიმართა.

„მეგობარი აქტის“ ძირითადი დებულებებია:

„დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის.

დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ.

ანგარიშის წარდგენა და სანქციები – აქტი მოითხოვს რამდენიმე მოხსენებას ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ანგარიშებს საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარს უჭერს რუსულ ინტერესებს და სანქციების გვერდის ავლას, საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევის და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება, გამოვლენა და სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – აქტი ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით, არჩევნების დროს, სამუშაო ჯგუფის შექმნას სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ითვალისწინებს აშშ-ის შემდგომ დახმარებას: საქართველოსთან უფრო შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“.

ორპარტიული „მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, ასევე კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეიზიმ წარუდგინეს.

„მეგობარი აქტის“ თანასპონსორები არიან აგრეთვე კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი, ემანუელ ქლივერი, ჯი კოსტა და შეილა ჯექსონ ლი.

ნათია ლეთოდიანი, რომელიც მომივარდა, არის „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი-ნინო წილოსანი

ნათია ლეთოდიანი „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა, აჯობებს, საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, ნათია ლეთოდიანმა მისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

„უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“. არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად? ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც ვიმყოფებოდი. ის გახლავთ „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, თავისი ბელადი ლაკასგან იცოდა, რომ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს. აჯობებს, საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება“,  – წერს ნინო წილოსანი.

გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას-საფრანგეთის ელჩი

ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“, – აღნიშნა გასრიმ.

ამასთან, ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სადღესასწაულო მიღებასთან დაკავშირებით, შერაზ გასრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და რომ ფრანგი ხალხი ამ ღირებულებებით არის გაერთიანებული.

„სწორედ ამას ვზეიმობთ დღეს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც იგივეს ვუსურვებთ. წელს ჩვენი ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულ კონტექსტში იმართება, რადგან საფრანგეთი პარიზში უმასპინძლებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც ორ კვირაში დაიწყება. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ყველა ერს, მათ შორის ქართველ მეგობრებს ვუსურვოთ ბევრი გამარჯვება. ახლახან საქართველომ წარმატებები მოიპოვა ფეხბურთში. ვუსურვებთ გამარჯვებებს სპორტის სხვა სახეობებში, და რასაკვირველია, ვუსურვებთ წარმატებას ევროპულ გზაზე. ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.