Home Blog Page 776

დაგეგმილი ღონისძიების გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაიტბორა სარდაფები, სახლები, ქუჩები. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, რამაც ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ბავარიის ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ფენები 30 სანტიმეტრს აღწევდა.

სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. გერმანიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, განსაკუთრებით, სანაპირო რაიონებში.

უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან -იაგო ხვიჩია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, მან დაასახელა ის პრობლემები, რაც ისედაც ვიცით.

„მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან. ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, დანარჩენთან დაკავშირებით რამდენად ზუსტად არის ყველაფერი. ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ვიცით ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მეგობრების დაკარგვა არაფრად მიაჩნია. მთავარი ხომ გამოსავალია და ვერ გეტყვით, ზოგადად, გამოსავლის ძიების ნაწილში ეს ვიზიტი რამდენად იქნება ეფექტური“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება -პრემიერი

რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ, „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პროცესში ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა.

„მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად გადალახონ ბარიერი. ამ პროცესში ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ჩანს, არასამთავრობოებს დასავლელმა პარტნიორებმა თავიდანვე მისცეს გარანტიები, რომ ომის შემთხვევაში ჯავშანი ექნებოდათ და არავინ შეეხებოდათ -ეკა სეფაშვილი

უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, უკრაინაში მობილიზაციის ახალ წესის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

როგორც სეფაშვილმა განაცხადა, ქართულმა არასამთავრობო სექტორმა, როგორც ჩანს, მსგავსი გარანტიები თავადაც მიიღო, როცა აქტიურად ითხოვდა ქვეყნის ხელისუფლებისგან უკრაინელებისათვის თანადგომა საომარ მოქმედებებში ჩართვით, რუსეთისათვის სანქციების დაწესებით და სხვა რადიკალური ფორმებით გამოეხატათ.

„უკრაინას არ აქვს ძალა ამ ეტაპზე რამე შეცვალოს, რადგან სამი ოპოზიციური ტელევიზია დახურეს და ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს და ამ ეტაპზე დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობაც ნაკლებად აქვთ. აქედან ჩანს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს. აქ მახსენდება ნინო ლომჯარიას ნათქვამი, მირჩევნია ბომბების წვიმა, ვიდრე სირცხვილით დავიწვაო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩვენმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი სანქციები არ დაუწესა რუსეთს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთელი ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და გამალებული ვაჭრობის ფონზე სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია კიდეც, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა, თურმე რაში ყოფილა საქმე, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას და მთელ არასამთავრობო სექტორს მაშინაც ჰქონდა გარანტიები, რომ ომი მათ არ შეეხებოდათ. წარმოიდგინეთ, რა დონის არაჰუმანურები და მორალისგან დაცლილები არიან, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იყვნენ კარგად და სხვებს რა მოუვათ არ აინტერესებთ, არ აწუხებთ როგორ იქნებიან ადამიანები და არც სამშობლო ადარდებთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ისიც განმარტა, რას გულისხმობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როცა საუბრობდნენ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და გეოსტრატეგიული სარტყლის შექმნაზე. სეფაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მიმართული იყო საქართველოს ომში ჩართვისკენ.

„რა თქმა უნდა, ომში ჩართვისკენ იყო ეს მოწოდებები და ამაში უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რასაც ხელს უწყობდა არასამთავრობო სექტორიც. როგორც ჩანს, არასამთავრობოებს [დასავლელმა პარტნიორებმა] თავიდანვე მისცეს ეს გარანტიები, რომ ჯავშანი ექნებოდათ და მათ არავინ შეეხებოდათ. ამ ფონზე წარმოიდგინეთ, რომ ასეთ არასამთავრობოებს გადაურიცხეს ფული ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და მოაკლეს საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც დგანან ოკუპაციის გამოწვევების წინაშე. ქართულ ჯარს ამით არაფერი დაჰკლებია, რადგან ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის მათ ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდება, მაგრამ არც წვრთნების ჩატარება და არც თანხა, ზედმეტი არ იქნებოდა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ დასავლეთი როგორ გვაშანტაჟებს – ჯარს, ქვეყანას, ხალხს სჯის. ამ ხალხში ის ოპოზიციაც ხომ შედის. ოღონდ, ვფიქრობ, რომ ამ ამბების შემდეგ მათი მხარდამჭერების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. 2020 წლიდან თვალს ვადევნებ რეიტინგებს და ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათან იკლებს, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ყოველ წუთას, ყოველ ჯერზე ატყუებს თავის ამომრჩეველს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას -ირაკლი კობახიძე

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან აშშ-თან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაზეც მე უზრა ზეიასთან შეხვედრაზეც მქონდა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილებები არ წაადგება ურთიერთობების გაჯანსაღებას. 3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, მაქსიმუმ, მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უზრა ზეიასთან გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა, ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი, რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდში-პრემიერი

მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში, ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გუშინ. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ, იყო ზოგადო შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას, როდესაც გვქონდა შეხვედრა და იმედია, რომ თანდათანობით, ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ძალიან საშიში ადამიანები არიან – რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან?-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ – ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან – რადიკალების დიდი დაჯგუფება. ლიბერალურ ფაშიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, ზუსტად ეს ადამიანები არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები, ვინც ყველანაირი სიბინძურის, ბოროტების მკადრებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს, რა ხდებოდა და როგორი მმართველობა იყო 2012 წლამდე საქართველოში.

„ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში და რა მდგომარეობა იყო? ამას რომ არ ვახსენებთ საზოგადოებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დაავიწყდა ის მმართველობა, რომელიც 2012 წლამდე იყოქვეყანაში. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? – ვინც დღეს ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან? თავიანთ შინაგან მდგომარეობას ხომ ვერ შეიცვლიან? მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი ადამიანი არ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდია, რას უშვრებოდნენ ხალხს და როგორ მართავდნენ ქვეყანას. პირიქით, ისევ იქ დარჩნენ და კიდევ უფრო გაბოროტდნენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი მიზანი იქნება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორმე სააარჩევნო ბარიერი გადალახონ.

„ყველაფერი დემოკრატიით იყო შენიღბული, რადგან მათ პატრონებს ასე აწყობდათ. თუ რაიმე ბოროტება და უბედურება შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაფერს აკეთებდნენ – მკვლელობები, გაუბედურება, ციხეებში წამება, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა და ოპოზიციაში, ისევ იქ დარჩნენ. ყველაფერს კადრულობენ, უბრალოდ, დღეს რესურსები არ აქვთ. თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მაშინვე შემოვარდებიან, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. შეტყობინებებს უგზავნიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს – სპორტსმენებს, ხელოვნების წარმომადგენლებს და ა.შ. მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა მიზეზები, რის გამოც, „ნაციონალურ მოძრაობაის“ მხარდამჭერი აღარ არის.
 
„ნაციონალურ მოძრაობას“ მეც ვუჭერდი მხარს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ზღვარს როდესაც გადადიხარ, არღვევ ადამიანის უფლებებს, ზღუდავ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ატერორებ ბიზნესს, ართმევ, პირდაპირ ქუჩაში კლავ, აუბედურებ ოჯახებს, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ. მე უბრალოდ, მათი მიკვირს, ვინც დღეს უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. იმის ფონზე, რაც გამოვიარეთ, აკეთებ განცხადებას, რომ უერთდები აღნიშნულ პარტიას, ეს სრული კატასტროფაა. წარმომიდგენია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. ძალიან საშიში ადამიანები არიან“, – განმარტა თბილისის მერმა.

განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, “ქართული ოცნება” არ იქნებოდა ხელისუფლებაში-კახა კალაძე

„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა”, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის.

„რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია -ირანის პრეზიდენტი

რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

„ამ რთულ პერიოდში ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ამ მეგობრობას ვაფასებთ. რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია და ჩემი ადმინისტრაცია ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების ერთგული დარჩება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ თეირანი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ინიციატივებს მხარს აქტიურად დაუჭერს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეალობა უნდა აღიაროს და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანი ზეწოლას არ პასუხობს და ის, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა ბირთვულ იარაღს არ შეიცავს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

პოლონეთი რუსული რაკეტების ჩამოგდებას უკრაინის ტერიტორიაზე გეგმავს -BBC

პოლონეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდოს.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე რადოსლავ სიკორსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ შეთავაზების ავტორი თავად უკრაინაა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს შესაძლებლობა უკრაინა-პოლონეთის ახალ სამხედრო ხელშეკრულებაშია გაწერილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას ვარშავაში მოაწერა ხელი.

„ამ ეტაპისთვის ეს არის მხოლოდ იდეა. ჩვენს შეთანხმებაში წერია, რომ ჩვენ ამ იდეას შევისწავლით“, – ციტირებს BBC სიკორსკის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ზოგი რუსული რაკეტა, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ოლქიდან იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით, ჯერ ბელარუსის ცა, ხოლო შემდეგ პოლონეთის საჰაერო სივრცე 40 წამით დაარღვია და მხოლოდ ამის შემდეგ უკრაინაში ლვოვთან ახლოს დაეცა.

„ჩვენ ფრონტისპირა სახელმწიფო ვართ, და რუსული რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეცდომით არის განპირობებული“, – დასძინა მან.

სიკორსკიმ ისიც აღნიშნა, რომ, თუ პოლონეთი რუსული რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე ჩამოგდებას გადაწყვეტს, მაშინ ნამსხვრევებმა შესაძლოა მშვიდობიან პოლონელ მოსახლეობას ავნოს.

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და ამ მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სააგენტოების და საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, მხარეებმა განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცესკო მიესალმება და მოელის ობიექტურ დაკვირვებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. გამოითქვა რწმენა, რომ არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კვლავაც ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.

12 ივლისს ცესკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგი, USAID-ის უფროსი მრჩეველი საარჩევნო საკითხებში ჯეფრი ვანესი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი დანა კასტანა და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.