Home Blog Page 774

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები კი, 18-19 ივლისს გაიმართება.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტი ახალ გენერალურ პროკურორს აირჩევს. ასევე დაგეგმილია პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის და რამდენიმე სხვა პროექტის განხილვა და მიღება.

“რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილისგან დადებითი პასუხის მისაღებად 48-საათიანი ვადაა. იმ შემთხვევაში თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომას მე ჩავნიშნავ. ასე რომ, 18 ივლისს, 12:00 საათზე პლენარული სხდომა ყველა შემთხვევაში გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარადოქსია, როცა პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს -გურამ მაჭარაშვილი

პარადოქსია სალომე ზურაბიშვილის მოცემულობა, მაგრამ კიდევ უფრო პარადოქსია, როცა პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, საკონსტოტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილს როცა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, როცა სარჩელის შეტანა უნდა, მაშინ აღიარებს.

„დილა-საღამოს სახელმწიფო პირადი საკუთრება ჰგონია, როცა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნის, როცა უნდა – დახურავს. ამიტომაც არის ნულოვანი რეიტინგის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვას როცა სვამენ, სად არის “გლობალური ომის პარტია”, ტრამპის მკვლელობის მცდელობა იხილონ, სწორედ ომის მსურველები ებრძვიან მშვიდობას-გურამ მაჭარაშვილი

სლოვაკეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ტრამპის მკვლელობის მცდელობა არის საბოლოო დასტური, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებებს კი არ ებრძვის, კლავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „მშვიდობას ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია““.

„ტრამპი გამოდის მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში, ასევე საუბრობს კაცის კაცად შენარჩუნებასა და ქალის – ქალად. მშვიდობას ესროლა ომმა, ტრადიციას – ლგბტ პროპაგანდამ. როცა კითხულობენ, სად არის „გლობალური ომის პარტია“, ტრამპის მკვლელობის მცდელობა იხილონ. მშვიდობას სწორედ ომის მსურველები ებრძვიან და ამას ჰქვია „გლობალური ომის პარტია“ – ევროპიდან უკვე ამერიკაში გადასწვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს. უცხოური ძალები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მშვიდობას ებრძვიან და ომის მომხრეები არიან. ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერისა და ახლა უკვე ტრამპის მკვლელობის მცდელობები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ბიზნეს ასოციაციასთან და ავტომობილთა იმპორტიორებთან თანამშრომლობით, შემუშავდა და, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი.

„განახლებული რეგლამენტი აფართოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ავტომობილის ემისიების ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს ცვლილება ავტომობილის იმპორტიორებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებულ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ორი ახალი ქვეყანა – ისრაელი და ჩინეთი. აღნიშნულ ქვეყნებში სრულად დანერგილია ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.

გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, ასეთი 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა აშშ-ში ან აშშ-ს ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი, ისინი პატრიარქის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ – მეუფე შიო

მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი, ისინი პატრიარქის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ბავშვთა საყოველთაო ნათლობის დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ბავშვებს სიყვარულით, ლოცვით, გონივრული მზრუნველობით, “რომ გაიზარდონ ისინი და გახდნენ ღირსი, შვილებად ღვთისა იწოდებოდნენ”

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – მორიგ საყოველთაო ნათლობას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, ყველა ხარობს, ეს დიდი დღესასწაულია, რადგან ადამიანი შემოდის სამყაროში და მასთან ერთად შემოდის დიდი იმედი და სიყვარული.

დღეს ჩვენს ეკლესიაში მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი. ისინი ქრისტეს ეკლესიის წევრები გახდნენ და, ამავე დროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ.

მინდა, ეს დღე თქვენთან ერთად მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას და მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი ტრადიციის დაფუძნებისთვის.

ნათლობის დროს დიდი საიდუმლოება აღესრულება: ადამიანის სხეული ხილულად წყლით განიბანება, მაგრამ მისი სული უხილავად განიბანება და განიწმინდება სულიწმიდის მადლით, სხეულის წყალში დაფლვით ადამიანი საიდუმლოდ თანა დაეფლვის ქრისტეს და როდესაც წყალი ფარავს სხეულს, იგი თითქოს უჩინარდება და კვდება ამა სოფლისთვის, ხოლო როდესაც ამოდის წყლიდან, იგი მკვდრეთით აღდგება და განაგრძობს სიცოცხლეს. ემბაზში რჩება ძველი კაცი, ხოლო იქიდან გამოდის უკვე ეკლესიის წევრი, განწმენდილი და შობილი ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის.

ნათლობაში ადამიანს მიეტევება ყველა ცოდვა, რაც კი აქამდე ჩაუდენია. მას მიეტევება პირველქმნილი ცოდვაც და თავისუფლდება ამ ცოდვების სასჯელებისგან. ადამიანი ურიგდება ღმერთს, ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება და ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი. ამდენად, იგი თავისუფლდება ეშმაკის ძალაუფლებისგანაც, განწმენდილი და განახლებული ხდება.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა დიდი მადლი მიიღეს დღეს ამ ბავშვებმა და ამ ზეიმში მონაწილეობდნენ ნათლიებთან ერთად მშობლებიც, ეკლესიის მსახურებიც, მგალობლებიც, მრევლიც, ყველა, ვინც დღეს ლოცულობდა და ყველა, როგორც ცოცხალი ეკლესია, შეხვდა ამ ბავშვებს ემბაზთან და გახდნენ მათთვის, როგორც მიმრქმელები, ნათლიებთან ერთად. ქრისტეს ეკლესია ვართ ჩვენ ყველა, მაცხოვართან ერთად, ღვთისმშობელთან ერთად, ყველა წმინდანთან ერთად. ჩვენ, წმინდანებიც და ცოდვილებიც, ყველა წარმოვადგენთ ერთ ეკლესიას. ამიტომაც, ეკლესიის სწავლებით, შეუძლებელია, საიდუმლოებას ჰქონდეს კერძო ხასიათი და ტარდებოდეს, განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს, ცალკე აღებულს. საიდუმლოებებში მონაწილეობს მთელი ეკლესია.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვხარობთ მთელი ეკლესია, რომ ეს ბავშვები, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „აღარ არიან შვილნი ხორცთანი“, ე.ი. მხოლოდ ხორციელი შვილები აღარ არიან, არამედ ისინი გახდნენ ღმერთის ზეციური სასუფევლის შვილები. ამიტომ ჩვენ უნდა ვხარობდეთ დღეს ამ ბავშვების გამო, მაგრამ არა მხოლოდ ამ ბავშვების გამო, არამედ ყველა ბავშვის გამო, ვინც ჩვენ გარშემოა; ჩვენ უნდა ვიცავდეთ მათ სიყვარულით, ლოცვით, გონივრული მზრუნველობით, რომ გაიზარდონ ისინი და გახდნენ ღირსი, შვილებად ღვთისა იწოდებოდნენ, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ ვიწოდებოდეთ შვილებად ღვთისა“ (I ინ. 3,1), რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს ვლაქერნობაა – ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  15 ივლისს,  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი,  ზუგდიდშია დაბრძანებული.

ზუგდიდში, დადიანების კარის ეკლესიაში ინახება დედა ღვთისას პატიოსანი სამოსელი – მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე. ამავე ტაძარშია დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ასევე სხვა სიწმიდეები, რომლებიც ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.

 ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.

როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში?

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი – მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის სპეციალური შეთავაზება ვესპას შეძენისას

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში, სასურველი ვესპას შეძენისას განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებთ: Giggles-ის 300 ლარიან ვაუჩერს იზიპიზის სათვალის შესარჩევად, იტალიური პრემიუმ ბრენდის,Tucano Urbano-ს ჩაფხუტს ან ხელთათმანს. აქცია ძალაშია 1-ელ სექტემბრამდე.

ვესპა პირველი სკუტერია მსოფლიოში, რომლის მოყვარულებიც უკვე 70 წელზე მეტია სპონტანურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს იზიარებენ. მისი გამორჩეული მახასიათებლებია:

ფერები – მუდმივად მბზინავი და მკვეთრი ფერები თავს მარტივად დაგამახსოვრებთ, რაც იტალიური, სამ დონიანი, შეღებვის ტექნოლოგიის დამსახურებაა.

მეტალის მთლიანი კორპუსი – თუ სხვა სკუტერების და მოპედების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება , ვესპა ერთ მთლიან მეტალის კორპუსზეა აწყობილი, რაც მის მუდმივ სიმყარეს უზრუნველყოფს.

სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა – ვესპას საუკეთესო სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა აქვს, რაც მას სირბილეს და კომფორტულობას სძენს.

რაც შეეხება იზიპიზის, ის 2010 წელს სამმა მეგობარმა ცხოვრების განსაკუთრებული მომენტებისთვის შექმნა. ყველაზე ფერადი მოდელები ბიოდეგრადირებადი, მაღალი ხარისხის პოლიკარბონისგანაა წარმოებული და მთელი ოჯახისთვისაა გათვლილი. თითოეული მოდელი შთაგონებულია ბუნების ფერებით და ადამიანის განწყობის გაუმჯობესების იდეით.

 საქართველოში 2017 წლიდან ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია.

„სეზონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ, გვინდოდა კიდევ უფრო წაგვეხალისებინა მომხმარებელი და სკუტ სკუტთან თანამშრომლობით შეგვექმნა აქცია, რაც საჭირო ნივთების ჩუქებას მოიაზრებდა. ამ ეტაპზე თანამედროვე ბრენდის სათვალეების სასაჩუქრე ვაუჩერს,  Tucano Urbano-ს განსაკუთრებით გამძლე და უსაფრთხო ჩაფხუტებსა თუ ხელთათმანებს მოვიაზრებთ. იმედი გვაქვს, აღნიშნული შეთავაზებით ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის ხელმძღვანელი.

„სკუტ სკუტი ქართულ ბაზარზე 2016 წელს, სკუტერების გაქირავების სერვისით გამოჩნდა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთ წელში ვესპა და ჰონდა შემოვიყვანეთ, რაც 2019 წელს პირველი მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა. ღრმად გვწამს, რომ „მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“, იმიტომ რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მომავალია, გადაადგილების მარტივი გზა. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით თიბისი ლიზინგთან და გადავწყვიტეთ კიდევ უფრო წავახალისოთ მომხმარებელი, რომელსაც ვესპას შეძენაზე ეფიქრება“, – თამუ ცხადაძე,  სკუტ-სკუტის წარმომადგენელი.

R

ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე-გივი მიქანაძე

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქტს ხელი მოაწერა 474-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ. გვინდა, წარმოგიდგინოთ შედეგები 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა კანონის მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, ამ ორგანიზაციათა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში.

„პირველი კომპონენტია, რამდენი ორგანიზაცია ფლობს ოფიციალურ ვებგვერდს. 474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს. ვებგვერდი დღეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი დაკავშირებულია სწორედ ვებგვერდის გამოყენებასთან. ვხედავთ, რომ 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს და შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული, ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი ხდება.

შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ. 296 ორგანიზაციას, ანუ 62 პროცენტს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო. არ აქვს მითითებული, რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება.

მესამე კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება. აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ისე მიმდინარე პროექტები. 474 ორგანიზაციიდან 320-ს, ანუ ორგანიზაციების 68 პროცენტს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საქმე. 474 ორგანიზაციიდან 89 პროცენტს, 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებით საგრანტო მოცემულობები.

შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა. 378 ორგანიზაციას, 80 პროცენტს, ანუ ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა.

ვხედავთ, რამდენ ორგანიზაციას აქვს განთავსებული წლიური ანგარიში, 458 ორგანიზაციას არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. ორგანიზაციების 97 პროცენტს.

ბოლო კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაციას გუნდის შესახებ. ანუ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. ორგანიზაციების 70 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ. მაღალია პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას. ეს არის 474 ორგანიზაციიდან 334 ორგანიზაცია.

474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვა ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია, რა ორგანიზაციაა, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს. ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია. ვხედავთ, საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით.

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაზე, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი. კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. შემდგომში შევხედავთ, პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღდეგებოდნენ კანონის მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალე, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წინგადადგმული ნაბიჯი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რა გადაწყვეტილება მიიღო გახსოვთ? – ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში, არის პირდაპირ დაკავშირებული „ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოსთან“. „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში და არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“.- განაცხადა რუხაძემ.

საქართველო უპირველეს ყოვლისა! – გოგა ხაინდრავას ღია წერილი ჯონ კირბის

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ღია წერილით პასუხობს.

„ბოლო დროს ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროსკავშირის და მისი წევრი კონკრეტული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის, ე. წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ განხორციელებულ, კარგად კოორდინირებულ შეტევას, რომლის მიზანია შექმნას ჩვენს მოსახლეობაში განცდა, თითქოს საქართველო ასცდა ევროპულ გზას და ანტიდემოკრატიული ქმედებებით უფსკრულისკენ მიექანება. ჯერ იყო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით აუქმებს ქართულ ჯართან ერთად დაგეგმილ წვრთნებს. შემდეგ აშშ-ის ელჩმა გვამცნო, რომ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გადახედვა მიმდინარეობს. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება გავრცელდა, რომელმაც ამერიკელების დავალებით გვახარა, რომ ქართული ჯარისათვის გამოყოფილი 30 მილიონიანი დახმარება გაყინულია, ამიტომ ეტყობა უმჯობესია, ეს ფული რომ გალღვეს, თანხა არასამთავრობო სექტორისა და მედიის განვითარებას მოხმარდეს. გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, პირადად მიაწოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებს ინფორმაცია, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიამ საქართველოსათვის მილიარდ 500 მილიონი გამოყო და მიუხედავადა იმისა, რომ ამ თანხის 80% კრედიტია, მისი აზრით, ეს არის საქართველოსთვის გაცემული უდიდესი წყალობა. კოლეგებს არც საფრანგეთის ელჩი ჩამორჩა: შერაზ გასრიმ მედიას განუცხადა, რომ „გადაწყვიტეს დროებით შეაჩერონ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში“, ისე რომ არც არასოდეს დაუწყიათ.

თუმცა, ამ საჯარო ფარისევლობის კულმინაცია უდავოდ იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის ინტერვიუ, სადაც მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ და თავხედურად ერევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საქმეებში, უხეში მუქარის ტონით და ბატონყმური ქედმაღლობით მოძღვრავს ქართველ ხალხს! მსგავსი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, მე, საბჭოთა კავშირში დაბადებულ კაცს, კარგად მახსოვს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, მისტერ კირბის ვნებებზე, სამხედრო წვრთნების შეჩერების და ურთიერთობების გადახედვის მუქარის შესახებ, ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ.

წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იქნებოდნენ ეს საქართველოში მომუშავე დიპლომატები თუ მოქმედი ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობის პირები, აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი, იმ საბაბით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩვენს ხალხს მადლიერების გრძნობა არ ღალატობს, რაც არაერთგზის დადასტურდა. თუმცა, როგორც კი დაისვა საკითხი გარკვეულიყო, თუ რას მოხმარდა ეს თანხები, ხელისუფლება რომელმაც ეს განიზრახა, იმწუთიერად მტრად გამოცხადდა. მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, არანაირი 6 მილიარდი ამერიკას საქართველოში არ დაუხარჯავს, ეს თანხა დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს და რაც მთავარია, ამ თანხის 90% საკუთარი აგენტურის გამოზრდა დაფრთიანებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას და შენარჩუნებას დაახარჯეს. პარალელურად დოლარების სოლიდური ნაწილი ე.წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ ანუ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის რეზიდენტურების შექმნას მოახმარეს. ამიტომ ლოგიკურია, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი, დეტალურად აღწერილიყო თანხების წარმომავლობა და მათი ხარჯვის მიზნები, გულყრა დაეწყოთ. როგორ თუ გავბედეთ და ჩვენს ქვეყანაში დახარჯული უცხოური ფულის მიზნობრიობის საკითხის შესწავლა მოვინდომეთ. ეჭვგარეშეა, რომ კეთილი საქმისთვის დახარჯული ფულის ასავალ-დასავალს არავინ მალავს. არც ჩვენ გვავიწყდება საჯაროდ მადლიერების გამოხატვა სიკეთის ქმნაზე. ასეა მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ათეულობით წლებია ვისმენთ სიყალბეზე დაფუძნებულ ამერიკულ პროპაგანდას, ჩვენზე უანგაროდ გადაყოლილი უფროსი ძმის შესახებ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო – აშშ-ის ემისრები არ დააყოვნებდნენ, ააფრიალებდნენ საბუთებს, წვრილ-წვრილად განუმარტავდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ და რა თანხებით ააშენეს და გაამშვენეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ნეოლიბერალური სიცრუის ბურუსში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გაეხვა. შედეგად “დასავლური ფსევდო ღირებულებების“ ანაბარა დარჩენილებმა, არაერთგზის სცადეს საკუთარი სამშობლოს ცეცხლის ალში გახვევა.

ვფიქრობ, დღეს უკვე ყველა გონიერი ადამიანისთვის, და არა მარტო საქართველოს ერთგული მოქალაქისთვის, ევროსატლანტიკურ სივრცეში გავრცელებული პოლიტიკური შიზოფრენიის ფონზე, ადვილად გასაგები უნდა გამხდარიყო, რატომ გამოიწვია ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენი ჭარბადმოსიყვარულე პარტნიორების წრეში, ასეთი დაუოკებელი რისხვა. სერიოზული საფრთხე შეექმნა აგენტურული ქსელების დაფინანსებას და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ამერიკის – საქართველო საკვანძო ქვეყანაა უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალით. საკუთარი თვალი, ყური და გავლენა, ყველას სწადია ჰქონდეს აქ!

ჯარისთვის წვრთნების შეჩერება და ამ ნაბიჯის აპოკალიფსად წარმოჩენა, ისევე როგორც ევროპული ორიენტაციიდან ვითომდა გადახვევა, სპეცსამსახურების პროპაგანდის იმ სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლიდანაც ჯერ ტერმინი “ოლიგარქის მმართველობა“, შემდეგ “რუსული კანონი“ და ბოლოს “რუსული ხელისუფლება“ ამოაცურეს და ადგილობრივ თუ გარე აგენტურას გადასცეს გასაჟღერებლად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არც ამერიკა და არც ნატო ქართულ ჯარს იმისათვის არ წვრთნიდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე ანდა უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. ჯარს წვრთნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს საკუთარი უსაფრთხოებისა თუ ექსპანსიონისტური მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ამიტომ იყო, რომ ჩვენივე ბიუჯეტის ფულით თუ აღებული სესხებით აღჭურვილი ჩვენი ჯარის შენაერთები, ათწლეულების განმავლობაში, ჯერ სხვადასხვა მისიებში გამოიყენეს, ხოლო შემდეგ, 2008 წელს, მათივე ფუჭი დაპირებებით და ადგილობრივი აგენტურის მიერ პროვოცირებულ ომში, ჰუმანიტარული წყლის ანაბარა მიატოვეს. თითქოს წინასწარი რეპეტიცია ჩაატარეს. უკვე მაშინ იკითხებოდა, რომ ჩვენ, რაღაც დიდი, ძალიან სახიფათო თამაშისთვის გვამზადებდნენ.

ეს დროც დადგა. რუსეთ-უკრაინის ომი! დღეს ბავშვმაც კი იცის და ყველაზე უკეთ ელჩმა დეგნანმა, რომ წინასწარი გეგმით, მეორე ფრონტი სწორედ საქართველოში უნდა გახსნილიყო! როდესაც ამ თვითგამანადგურებელ ნაბიჯზე საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცე უარი განაცხადა და საზარბაზნე ხორცად გამზადებული ქართული ჯარი სათვალავში გამოაკლდათ, გადაირივნენ. როგორ თუ ვეურჩებით! აბა რაზე დახარჯეს ამდენი დრო, ენერგია და ფინანსები. გამწარებულები იმუქრებიან – ჯარის წვრთნები ხომ გავაჩერეთ, ურთიერთობებს გადავხედავთ, ნატოში არ მიგიღებთ, ევროსკავშირის გზას გაგიყინავთ! სულ ტყუილი და ფარისევლობა! არც ნატოში აპირებდნენ ჩვენს მიღებას და არც ევროსკავშირში, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში მაინც! ამიტომ, სანამ შემდეგ სიბეცეს ჩაიდენენ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი ყველანაირ წვრთნაზე, აღჭურვასა და ფინანსურ მანიპულაციაზე, რომლის მიზანი არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ სხვის ომებში ჩათრევა და გამოყენებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი, ვინც “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სულისკვეთების მქონე, ორპარტიული “MEGOBARI.act”-ი მოიგონეს, (მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია!) ჩვენ როგორც მეგობრებს და თანაბარ პარტნიორებს არ გვიყურებენ, ისევე როგორც არ უყურებენ ასე უკრაინას. ჩვენ მათ გლობალური მიზნების მისაღწევად ვჭირდებით და ეს უკრაინის მაგალითზე ნათლად ჩანს. ნაცარტუტად ქცეულ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, განადგურებულია გენოფონდი, დაკარგულია ტერიტორიების 25%, ეკონომიკა მთლიანად ჩამოქცეულია, მოსახლეობის 60% ან შიდა მიგრაციაში ანდა საზღვარგარეთ არის გაქცეული. ქვეყანას აღარც ძალა და აღარც საკმარისი ადამიანური რესურსი გააჩნია, რომ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. მიუხედავად ამ კატასტროფისა, ორპარტიული მეგობრები და ევროსკავშირელი ნატოელები, უკრაინას საომარი მოქმედებების შეჩერების უფლებას არ აძლევენ. “ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა გაგრძელდეს!“ – აღარც კი ერიდებიან ამის საჯაროდ განცხადებას.

ამ ომის დაწყების დროს, საქართველოს ხელისუფლებაში, ისე როგორც უკრაინის, მათი აგენტურა რომ ყოფილიყო, საქართველო ახლა უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ან საერთოდ, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა – ესეც საკითხავია. ამიტომ, რაც მალე მოვაცილებთ მათ საცეცებს ქართულ ჯარს, რაც უფრო მალე აღვასრულებთ დიდი ილიას ანდერძს რომ: “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს!“, მოვაშორებთ ამ ბატონყმობის მოსურნეთა ჭირს ჩვენ ქვეყანას, მით უფრო მალე გაჩნდება იმედი, რომ სამშვიდობოს გავალთ. საკუთარი ნიჭით, შრომით და თავდადებით დავიცავთ, ურთიერთ სიყვარულით გავაერთიანებთ და გავამშვენებთ ჩვენ სამშობლოს, შევინარჩუნებთ მამულს, ენას და სარწმუნოებას, წინაპრების ტრადიციებს, ღირსებას, მეზობლების და მეგობრების პატივისცემას. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი საუკუნოვანი განსაცდელების დროს მოვახერხეთ – დღესაც შევძლებთ, უფლის შეწევნით!

და ბოლოს, ევროსკავშირის ყბადაღებულ თემასაც შევეხები. ისევე როგორც ამერიკელების 6 მილიარდიანი დახმარება და ჯარის წვრთნების დაუდგენელი დროით გადადება, “შინ ევროპაში“ მგზავრობის შეჩერებაც, შანტაჟის იარაღად გამოიყენება. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ევროკავშირისგან მხოლოდ სახელიღა არის დარჩენილი. ერთ დროს, ქრისტიანულ ფასეულობებსა და ერების თანასწორობაზე დაფუძნებული კავშირისგან ევროსვნებებიღა დარჩა. ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის აუცილებლობის შესახებ ცხადყო, რომ ევროპული ბიუროკრატია მართულია ამერიკის მიერ. თავად კავშირში არის სრული ეკონომიკური სტაგნაცია. კრიზისი ისე გაღრმავდა, რომ ზამთარში მოსახლეობას პოლიცია უმოწმებს გამათბობლებს, ზედმეტი ელექტროენერგია რომ არ მოიხმარონ. ორად ორი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გლობალური ომის პარტიას, არის სლოვაკეთი და უნგრეთი. რასაც შედეგად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი მოჰყვა, რა დროს ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო ვიქტორ ორბანი გამუდმებული ზეწოლის და შანტაჟის ფონზე, მაინც ახერხებს გონივრული და ღირსეული პოლიტიკის გატარებას ამ ბნელეთის მოციქულებით სავსე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ასეთ ევროსკავშირში საქართველოს დღეს არც არაფერი ესაქმება. მეტსაც გეტყვით – მოვა დრო, თან ძალიან მალე, როდესაც ისევ თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე, აქეთ შეგვეხვეწებიან კავშირის წევრობას. ამიტომ, ახლა არის ის მომენტი, როდესაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი, საით არის მიმართული ამჟამად განვითარების ვექტორი. მსოფლიო დიდია და მრავალფეროვანი. რაც მთავარია, დედამიწა ტრიალებს, დრო არ ჩერდება, სამყარო იცვლება, ეპოქას ეპოქა მოსდევს. ჩვენი ასაკის და გამოცდილების სახელმწიფოს, ამჟამინდელი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პირობებში, თავისუფალი და სწორი არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგვიჭირდეს.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – ნათქვამია ღია წერილში.

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, დაღუპული ქართველი ზურაბ იაშვილია.

“დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა”. – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სროლა ალაბამას შტატის ღამის კლუბში – არიან დაღუპულები და დაჭრილები

4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა გახსნა. არ სახელდება სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე, გაურკვეველია სროლის მოტივიც.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 300-მდე მასობრივი სროლა მოხდა. მასობრივი სროლად მიიჩნევა ინციდენტი, რომლის დროსაც ოთხ ან მეტ ადამიანს ესროლეს.