Home Blog Page 772

,,ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში” – პიტერ სიიარტო

ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში, ომის მომხრე პოლიტიკოსებს კი სურთ, ეს შეუძლებელი გახადონ, რადგან საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს.

„ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში.

მსგავს დროს, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? პასუხია, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ, ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას.

მინდა, გაგიზიაროთ უნგრეთის მაგალითი, რომ ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ დავდექით ეროვნული ინტერესებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამუშაოსთვის, რადგან თუ ჩვენ მივატოვებდით ამ ყველაფერს, მაშინ დავკარგავდით სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, თქვენ სწორ მიმართულებაზე ხართ. მომავალში უნგრეთის პრეზიდენტობა, უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა გაგიწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რათა საგარეო ზეწოლის მიუხედავად შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი და დააჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

“ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი”-Die Weltwoche

„პრემიერმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით დიპლომატიური ინიციატივა გამოიჩინა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა კი მისი მცდელობა დაგმეს. ევროპის ლიდერებს – ურსულა დონ დერ ლაიენს და მისთანებს სისხლისღვრისა და ნგრევის გაგრძელება სურთ. როგორც ჩანს, უნგრეთის 6-თვიანი თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს, – ნათქვამია შვეიცარიულ ჟურნალ „ველტვოშე“-ში (Die Weltwoche) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი“ (ავტორი – როჯერ კეპელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამუხრუჭებენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ვიქტორ ორბანის სამშვიდობო ვიზიტების მნიშვნელობა კიევში, მოსკოვში და პეკინში როგორმე დაამდაბლონ.

არადა, უნგრეთის ლიდერის მიერ მომზადებული მოხსენება, რომელიც მან ევროპელ ლიდერებს გაუგზავნა, ძალზე საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს. ვიქტორ ორბანმა, სხვა ევროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, როგორც იტყვიან ხოლმე, „საკუთარი თვალით დაინახა და საკუთარი ყურით მოისმინა“ დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის თვალსაზრისები და ამიტომ დოკუმენტში გამოტანილი დასკვნების მნიშვნელობა მაღალია.

შურისძიება თუ სერიოზული მსჯელობა?

ბრიუსელი უნგრეთის პრემიერზე შურისძიებას ცდილობს, რომელიც უსაფუძვლოა და უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. აჟიოტაჟი უადგილოა, საჭიროა სერიოზული ყურადღება და მსჯელობა.

განა რას წერს ვიქტორ ორბანი თავის მოხსენებაში, რომ დაუჯერებელი და მიუღებელი იყოს? უნგრელი ლიდერი აღნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში ომი რადიკალურად გამწვავდება. მოწინააღმდეგე მხარეები უფრო მეტი გააფთრებით შეებრძოლებიან ერთმანეთს, რასაც მეტი მსხვერპლი და მეტი ნგრევა მოჰყვება. არცერთ მეტოქეს კომპრომისებზე წასვლა არ სურს (უკანდახევა მარცხის ტოლფასია!), ამიტომ ომზე გავლენის მოხდენა მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია: შუამავლის ჩარევის გარეშე ბრძოლა არ შეწყდება. უნგრელი ლიდერის აზრით, დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ სამი აქტორი არსებობს, რომლებსაც მოვლენის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ: ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. აუცილებელია აგრეთვე ყურადღება მიექცეს თურქეთსაც – ერთადერთ წარმატებულ შუამავალს კიევსა და მოსკოვს შორის.

ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება…

როგორც ვიქტორ ორბანი წერს, იგი ამას წინათ პირადად შეხვდა და ესაუბრა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს (დიდი ალბათობით) დონალდ ტრამპს და მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენისაგან დღევანდელი ქორული პოლიტიკის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. იგი თუნდაც რომ ჩამოსცილდეს პოლიტიკას, მისი ადმინისტრაცია გარკვეულ პერიოდში ინერციით უკრაინის მიმართ იგივე პოლიტიკას გაატარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს საგარეო კი არა, საშინაო პოლიტიკის მდგომარეობა განსაზღრავს, არც ჯო ბაიდენი და არც დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე უკრაინაზე ოფიციალურად არანაირი სამშვიდობო ინიციატივებით არ გამოვლენ. თუმცა, აშკარაა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ომის ხარჯების საკუთარ თავზე აღება მთლიანად ევროკავშირს მოუწევს, რაც ევროპელ ხალხებს მძიმე ტვირთად დააწვება.

რა არის საჭირო რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისათვის:

პირველი ეტაპი – მოლაპარაკება ჩინეთთან შემდეგი სამშვიდობო სამიტის ფორმატზე; მეორე – საკონტაქტო არხების არსებობა ორივე მოწინააღმდეგე მხარესთან – უკრაინასთან და რუსეთთან. უკრაინასთან არსებობს, რუსეთთან კი არა, ამიტომ აუცილებელია კრემლთან დიალოგის რეაბილიტაცია;

მესამე – გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვა და მათი კოორდინირება. იმ მიზეზით, რომ ევროკავშირი ყველაფერში ვაშინგტონს უყურებს და მისი კარნახით მოქმედებს, ევროპა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში თავის გავლენას და ავტორიტეტს კარგავს.

ვიქტორ ორბანის აზრით, ამ სამ ფუძემდებლურ პრინციპს უნდა დაემყაროს ინიციატივა, რომელიც, სავარაუდოდ, მისმა კოლეგამ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნდა მოამზადოს და ხელსაყრელ სიტუაციაში სამიტს წარუდგინოს. ბრალდებებეი იმის სესახებ, რომ ვიქტორ ორბანმა თავისი უფლებამოსილებების უზურპაცია მოხდინა და მოლაპარაკებებს ევროკავშირის სახელით აწარმოებდაო, ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“- NYP

პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

81 წლსი პრეზიდენტი Black Entertainment Television (BET)-თან ინტერვიუში თავის ადმინისტრაციაში ფერადკანიანი ხალხის დასაქმებაზე საუბრობდა.

ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ხალხის მოსაზრებით, ბაიდენს ოსტინის სახელი დაავიწყდა და მას როგორც „შავი კაცი“, ისე მოიხსენიებდა, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია.

„მთავარია ხალხს პატივისცემით მოექცე. აი, მაგალითად, ნახეთ რამხელა თავდასხმას ვიღებ იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად (დაიბნა) შავი კაცი დავასახელე“, – განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც ევროკავშირისთვისაც სასარგებლო იქნება -პიტერ სიიარტო

საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც შესაძლოა ევროკავშირსაც გამოადგეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ უზარმაზარი ზრდა განიცადა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ასეთი სწრაფი განვითარება ევროკავშირისთვის სერიოზულ წარმატებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი უკანასკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ფუნდამენტური ეკონომიკური ინტერესი არსებობს“, – განაცხადა მან.

სიიარტომ ასევე საქართველოს ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა. „უნგრეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას. მე ასევე დავარწმუნე ბატონი მინისტრი რომ ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა სიიარტომ.

ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია?-ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას მიმართავს

ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა დაგჭირდა, მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და აჭიკჭიკდი? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

ზარქუა გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.

„ჰოი, საოცრებავ, გუშინწინ ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რა პრობლემა არის რუსეთის ფულიო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები პრობლემა არ არის და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო. ამ ყველაფერს გვარამია „კვესოს“ ეუბნება. არც ვიცი, რა უნდა უპასუხო ამ ორი ამაზრზენის დებატს თუ დისკუსიას. გვარამიას შუბლის ძარღვი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ძვალიც გაწყვეტილი აქვს. ამათ უნდათ არჩევნებზე გავიდნენ. ვის ატყუებენ? ახლა დაგჭირდა, მოგიჭირეს ხომ ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე, იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ, ზონდერო, ზონდერო პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი, ხომ? სამარცხვინო ხარ და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური, ისიც. შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც, რადგან შენნაირი უსამშობლო არსად სჭირდებათ. ამიტომ დადის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახული, უსამშობლოები, ზონდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 20 ივლისს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესდ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე აიწევს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუქციის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიას საჭიროებს.

თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, ასევე, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

“თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება-გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს საგრძნობლად ამაღლებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება, მწეველთა ჯანმრთელობისთვის უდიდეს რისკს ქმნის.

სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ბრიტანელი ექსპერტები პროფესიული გადამზადების კუთხით უფასო ტრენინგ-კურსს წაიკითხავენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაძლიეროთ ენობრივი კომპონენტი და ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს,  იყვნენ კონკურენტუნარიანნი ევროპულ ბაზარზე. ვიმედოვნებ, შემდგომი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება პედაგოგების გადამზადებაც სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით“,- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„ჩვენთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ ენების ცენტრთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება წარმატებული და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ინგლისური ენა არ არის ჩვენი ერთადერთი პრიორიტეტი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტრანსნაციონალური განათლების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ქართული და ბრიტანული უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.

თსუ-ისა და ბრიტანეთის საბჭოს  შორის თანამშრომლობა თსუ ენების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. ტრენინგი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინგლისური ენის მასწავლებლობას. ონლაინ ტრენინგს ჩაატარებენ ბრიტანელი ექსპერტები, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლების ხელშეწყობით. ონლაინ ტრენინგ-კურსი შეიცავს როგორც დამოუკიდებლად გასაკეთებელ მოდულებს, ისე ინტერაქციას კურსის ბრიტანელ მენტორთან, ადგილობრივ ფასილიტატორებთან და კურსის სხვა მონაწილეებთან.

საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.

წლის განმავლობაში თიბისიმ მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა,  ლოიალობის პროგრამა – ერთგული და სხვა.

„ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება”,  – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. თიბისის მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.

ერთი საფიქრალი აქვთ მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი-გიორგი კახიანი “ლელოს” და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე

ერთი საფიქრალი აქვთ მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი. დაივიწყებენ ყველაფერს, როგორ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ადრე ერთმანეთს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „ქრონიკასთან“ „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე.

„ორივე [„ლელო“ და „საქართველოსთვის“] პოლიტიკური გაერთიანება არის ერთი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. არ ვიცი ერთმანეთის გადარჩენას აპირებენ, თუ რა. მათ აქვთ ერთი საფიქრალი მხოლოდ, რამენაირად გადალახონ 5%-იანი ბარიერი. დაივიწყებენ ყველაფერს, როგორ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ადრე ერთმანეთს. იმავდროულად, დაელოდებიან გარედან რა მითითებებს მისცემენ – თუ ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდეთო – გაერთიანდებიან“, – აღნიშნა კახიანმა.

ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის,  ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.

გამჭვირვალობის დანერგვის გამო კრიტიკა მივიღეთ, რუსეთისკენ შეტრიალდა ქვეყანაო, ესპანეთზეც იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? დადასტურდა ჩვენი სიმართლე -არჩილ თალაკვაძე

ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ესპანეთის მაგალითზე საუბრისას განაცხადა.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. დემოკრატიას ინფორმირებული მოქალაქეები ქმნიან და დემოკრატიას ინფორმირებული საზოგადოება სჭირდება. ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ გამჭვირვალობის რეესტრი, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს. ესპანეთია მომდევნო, ვინც გამჭვირვალობის რეესტრს ქმნის. პრაქტიკულად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა იგივე არგუმენტები დაასახელა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავის საზოგადოებას წარუდგინა. გამჭვირვალობა ისეთი ფუნდამენტური პრინციპია, რომლის გვერდის ავლაც მხოლოდ კითხვებს აჩენს, ვიღაცას ხომ არ სურს რაიმეს დაფარვა და დამალვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ კანონის მიღების გამო გააკრიტიკა და ისიც თქვა, რომ რუსეთისკენ შეტრიალდა.

„გამჭვირვალობა დავნერგეთ და ამის გამო კრიტიკა მივიღეთ – რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, დადასტურდა ჩვენი სიმართლე. რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. პედრო სანჩესი გამოვიდა ინიციატივით, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.