Home Blog Page 771

ომანში, მეჩეთთან დაწყებული სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ადგილობრივი მედია აგრეთვე აქვეყნებს ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გარბიან სროლის ფონზე ადამიანები. „ომანის სამეფო პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება ინციდენტზე, რომლის დროსაც რაიონ ალ-ვადი ალ-ქაბირში მდებარე მეჩეთთან სროლა მოხდა“, – ციტირებს Deutsche Welle ადგილობრივ პოლიციას.

რა გახდა სროლის მოტივი, უცნობია. აშშ-ის საელჩომ ომანში უკვე გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, მოერიდონ შემთხვევის ადგილს.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინციდენტი ომანში იშვიათობაა. ეს არის ერთ-ერთი სტაბილური ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში. საერთაშორისო ასპარეზზე ომანი სხვადასხვა კონფლიქტების მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ კი, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  2. „ლელო საქართველოსთვის“
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
  8. „კანონი და სამართალი“
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. „პროგრესი და თავისუფლება“.

აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტო).

განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოვუდგენთ საზოგადოებას რეგისტრაციის პროცედურების დასრულებისთანავე.

2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია -მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე. ,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვ.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს, მისი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი მატებაა. საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ საფრანგეთი (30.3%), გერმანია (24.3%), გაერთიანებული სამეფო (16.3%.) მიმდინარე წლის ამავე პერიოდში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.8%-ით მეტია.

რაც შეეხება ავიაციის სექტორს, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 20%-ი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

თიბისის TechXplore ღონისძიება გაიმართა

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა.

TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეებით, მენტორებისა და ეჯაილ ქოუჩების ჩართულობით, იმუშავეს იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტის შექმნა იყო.

TechXplore-ის მეოთხე დღეს გუნდებმა ინოვაციური ტექიდეები და პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia) 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

I ადგილი – გუნდი Firewall პროექტით „Claimsmart“. Claimsmart სადაზღვევო ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმებისას სმარტკონტრაქტის გენერაციას ახდენს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სმარტკონტრაქტით დაზღვეულს ავტომატურად ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

II ადგილი – გუნდი CTRL C. წევრებმა წარადგინეს პლატფორმა და აპლიკაცია „E-სწავლე“. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მორგებულია, როგორც კომპანიების, ისე დამოუკიდებელი ლექტორებისა და ტექნიკური განათლების მსურველთა ინტერესებზე.

თიბისი ინვესტიციების რჩეული კი გახდა გუნდი FUTURISIERS. გუნდის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი „Investify Kids“, საინვესტიციო-სასწავლო პლატფორმა/აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის. პლატფორმა იყენებს სიმულაციურ საინვესტიციო თამაშებს, რათა სახალისო და ინტერაქტიური გზით, მოზარდებში გაზარდოს ფინანსური ცოდნის დონე და საინვესტიციო უნარები.

დაჯილდოების ფარგლებში თიბისი ტექმა თავისი რჩეული გუნდიც გამოავლინა და ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული პროდუქტის შექმნისთვის გუნდი „მე-6 ელემენტი“ დაასაჩუქრა. ასევე, ერთ-ერთმა ტექლიდმა თავისი რჩეული გუნდიც დაასახელა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული იდეისა და MVP-ს საბოლოო პროდუქტად ქცევასა და ბაზარზე გაშვებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ,,TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის” 150-მდე მონაწილემ. ასევე, სფეროს ტექლიდებმა, მენტორებმა და Agile ქოუჩებმა.

TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობდნენ ტექლიდები, როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან – Space International, Spectre და TEGETA Holding, რომლებმაც ასევე საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს.

(R)

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.

Bild-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო.

წერილში ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „უკრაინაში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ“ „პოლიტიკური თავდასხმის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.

დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი -ჯო ბაიდენი

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის მოხუცია, თუმცა, მხოლოდ სამი წლით არის ტრამპზე უფროსი.

„დიახ, მე მოხუცი ვარ. მაგრამ, ერთის მხრივ, მე ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი, ხოლო მეორეს მხრივ, ჩემი გონებრივი სისხარტე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. 3,5 წელიწადში მე იმაზე მეტი გავაკეთე, რასაც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი გააკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგ ადამიანს მისი ასაკის ეშინია და თქვა, რომ „ეს ლეგიტიმური კითხვაა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეკითხება თუ არა ის ვინმეს რჩევას, დარჩეს წინასაარჩევნო რბოლაში თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ – მხოლოდ საკუთარ თავს.

უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს -ვოლოდიმირ ზელენსკი

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, იმუშაოს ყველასთან, ვინც გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ შორის, დონალდ ტრამპთან.

„ბატონი დონალდ ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე ამის არ მეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიიდან უმეტესობა უკრაინას უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს შორის განსხვავებული პოზიციებია, ზოგიერთი მათგანი „უფრო მემარჯვენე და რადიკალურია“, თუმცა, ზელენსკი თვლის, რომ „რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია აშშ-ში მიმდინარე მოვლენებით, რადგან ვაშინგტონში „პოლიტიკურმა ტურბულენტობამ”, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე.

„ჩვენ ვიბრუნებთ თავდაჯერებულობას, რადგან იარაღის შემოსვლა დაიწყო, მაგრამ მოწოდება უნდა დაჩქარდეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ იარაღის გამოყენება. ისინი ვარჯიშობენ საზღვარგარეთ და ამას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“საქართველო რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. გადაიტანს თუ არა ამას ქართული დემოკრატია?” – რას წერს „გარდიანი“

„საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია მთელ ევროპაში და დასავლეთში იზრდება, მაგრამ არასად არ გამოიხატება ეს მოვლენა ისე ნათლად და აქტიურად, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 15 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. გადაიტანს თუ არა ამას ქართული დემოკრატია?“ (ავტორი – ნატალი ტოჩი).


პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონფრონტაცია რიგი „ანტიდემოკრატიული“ კანონების მიღების გამო, ყურადღება ეთმობა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებს, აგრეთვე ქართული პოლიტიკური სპექტრის მზადებას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.


გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:


მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი მოიხსნა. აპრილში თავისი ჰიპერბოლური გამოსვლის შემდეგ, საქართველოს არაოფიციალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტოტალური შეტევა დაიწყო ლიბერალურ დასავლეთზე, მმართველი პარტია აქტიურად ავრცელებს „შეთქმულების თეორიებს“ ე.წ. „ომის გლობალური პარტიის“ არსებობაზე, რომელსაც თურმე მასონები, ხალხის მტრები, მოღალატეები და უცხოეთის აგენტები ხელმძღვანელობენ.


საინტერესოა, რომ დასავლეთის კრიტიკის კვალობაზე, „ქართული ოცნება“ არ აცხადებს, რომ მას ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა სურს, პირიქით – ის ამაყობს იმით, რომ ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს საქართველო სწორ გზაზე დააბრუნოს: დაგმო როგორც მმართველი პარტიის მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები, ასევე ოპოზიციური აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.


თავდაპირველად, დასავლელი (ამერიკელ-ევროპელი) ლიდერების და ორგანიზაციების კრიტიკა რბილი იყო, მაგრამ ბოლო დროს ბრიუსელი და ვაშინგტონის ხმა გამკაცრდა: გაიყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფინანსური დახმარებები (დაახლ. 3 მილიარდი ევროს მოცულობით) და სხვა. ამასთან, აუცილებელია ითქვას, რომ ოფიციალური თბილისის მიმართ მეტი სიმკაცრეა საჭირო, აუცილებელია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების ამოქმედება. თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და მისი ავტორიტარული პოლიტიკა გაგრძელდება, მაშინ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმიც უნდა გააუქმოს.


ოპოზიციამ კარგად იცის, რომ საშემოდგომო არჩევნები მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ქვეყნის სახელის აღდგენისათვის იბრძოლონ. როგორც ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი და ოპოზიციური მოღვაწე ამბობს, „მმართველმა პარტიამ ქვეყანა უკვე წააგო. ეს [არჩევნები] ჩვენს ბოლო შანსს წარმოადგენს ქვეყნის აღდგენის მიზნით“. ოპოზიციის ლიდერები ტაქტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთიანი საარჩევნო ალიანსის შექმნის მიზნით. მათ არ სურთ პარლამენტში არჩევის შანსის ხელიდან გაშვება, რადგან აცნობიერებენ: ეს იქნება საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის აღდგენის ბოლო მცდელობა.


მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ მათ აშკარად სჯობნის – კარგად აწყობილი პროპაგანდისტული მანქანით, ფინანსური ფონდების, პოლიციის და სხვა ორგანოების მეშვეობით. „ქართული ოცნება“ აგიტაციას ეწევა, რომ მისი პოლიტიკა მშვიდობის დაცვას ემსახურება. ხელისუფლების მტკიცებით, საქართველო რუსეთის ხაფანგში 2008 წელს მოხვდა იმდროინდელი რეჟიმის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო მოქმედების წყალობით, დღევანდელი მთავრობა კი მშვიდობის დამცველია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღევანდელი ოპოზიცია „ომის გლობალური პარტიის“ ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევა სურს.


ოპოზიციასაც აქვს თავისი სათქმელი: მათი მტკიცებით, ხელისუფლება ასეთი განცხადებებით მოსკოვთან თავისი კავშირების შენიღბვას ცდილობს. ოპოზიცია კავშირებს ამყარებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მოსახლეობას განუმარტავს, რომ მხოლოდ დასავლეთის წყალობით შეინარჩუნებს საქართველო დამოუკიდებლობას და თავს დააღწევს პოსტსაბჭოური ავტორიტარიზმის ჭაობს. გამოდიან რა პარლამენტში სახელისუფლებო პარტიის წევრთა უმრავლესობით მიღებული „პრორუსული“ კანონების წინააღმდეგ, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მობილიზების შესაძლებლობები, რათა საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდეს.


მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ არის. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“, ოპოზიციას კი – თავისი პრობლემებით სავსე დაბნეული და დანაწევრებული დასავლეთი. ის, რაც დასავლეთში ხდება (უთანხმოება და განხეთქილება), საქართველოში ზუსტად მეორდება. ქართველებმა იციან, რომ მათი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მათი მომავალი დასავლეთშია, მაგრამ როგორი იქნება პერსპექტივაში თვითონ დასავლეთი? როგორი იქნება ის – ღია, დემოკრატიული, კანონდამცველი თუ დახურული, ნაციონალისტური და სოციალურად კონსერვატიული? თუ დასავლეთი ისეთი იქნება, როგორსაც უნგრელი ვიქტორ ორბანი, ფრანგი მარინ ლე პენი, იტალიელი ჯორჯა მელონი და ნიდერლანდელი ჰერტ ვილდერსი წარმოადგენენ – ატლანტიკის აქეთ, ხოლო იქით – ამერიკელი დონალდ ტრამპი, მაშინ ბიძინა ივანიშვილს სრულიად აწყობს ასეთი დასავლეთი და პროდასავლურობა. ალბათ, ვლადიმერ პუტინიც ასე მოიქცეოდა.


ის, რაც პატარა საქართველოში ხდება, დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლის მიკროკოსმიურ (მინიატურულ) ასახვას წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში ქართველი დემოკრატები თავიანთ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებდნენ გაეცნობიერებინათ ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან პერმანენტულად მოდიოდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა დასავლეთს თვალი მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აეხილა, საქართველო, უკვე რუსეთისაკენ მზერა დაიწყო. ეს ისტორიის ტრაგიკულ განმეორებას ნიშნავს. პარადოქსულია, მაგრამ ეს ხდება ისეთ მომენტში, როცა თბილისი ევროკავშირის ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა…


ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ლიბერალური დემოკრატიას შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ავტოკრატებს, ნაციონალისტებს და პოპულისტებს. ახალგაზრდა და მყიფე სტრუქტურების მქონე ქვეყნებში კი, რომლებიც რუსეთის წინაშე დგანან, დემოკრატიას დახმარება და გადარჩენა ჭირდება. თუ ასე არ მოხდება, საწინააღმდეგო შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება „აფეთქებით“ [არეულობით] დასრულდეს.


წყარო

2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო; კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო; დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო; გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო; საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო; იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო.

2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია: 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები; 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები; 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები; 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო; 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია; (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს.

თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ.

თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე –  თელავის, ქუთაისის, მცხეთის, დმანისი-თბილისის მარშრუტსა და ახლა უკვე ახალციხის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში, თიბისის სტუდენტის ბარათით გადახდისას, ნახევარ ფასად იმგზავრებენ.

თიბისის შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, იმ ქალაქში აიღონ ბარათი, სადაც ვრცელდება შეღავათი.

შეთავაზება ვრცელდება როგორც Visa, ისე Mastercard ტიპის ბარათებზე. შეღავათი ავტომატურად გააქტიურდება  ბარათის აღებიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის და სტუდენტის მხოლოდ ფიზიკურ ბარათებზე, Apple/Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში არ გავრცელდება შეღავათი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე აქ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, ამიტომ მუდმივად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და შეთავაზებებს.

(R)

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.

ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში პაციენტებისთვის ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან. საბჭოს სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სიახლე პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.