Home Blog Page 770

ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც თავის ადგილს ხედავს, სურვილის შემთხვევაში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში – არჩილ თალაკვაძე

x

ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც თავის ადგილს ხედავს, ვისაც წვლილი აქვს, თავისი დამსახურება და პოლიტიკური გამოცდილება აქვს ჩვენს გუნდში, სურვილის შემთხვევაში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა მმართველი გუნდის მიღწევები და ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე.

„ჩვენ გვყავს გამოცდილი, ძლიერი, ერთიანი გუნდი, როგორც არასოდეს და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ რთული ბრძოლის შემდეგ, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ჩვენთან ერთად. ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, განათლების სფეროში რეფორმები, დედაქალაქის მოდერნიზაცია – ყველა ამ მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ, რომ ვაჩვენოთ მოქალაქეებს რა გაკეთდა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის იქნება მომავალი, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ რა მოხდება მომავალში. რა გაკეთდება ქვეყნის მასშტაბით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა მოხდება მათ ქალაქებსა და სოფლებში, როგორ შეიცვლება საცხოვრებელი პირობები, სოციალური დაცვის სისტემა თუ სხვა. ჩვენ კამპანიის განმავლობაში საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ მოქალაქეებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრისას დეპუტატი შეეხო ასევე ქართველი სპორტსმენების წარმატებებს. „გვქონდა დიდი წარმატებებიც, დიდი სიხარულიც სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით სპორტში. მინდა ასევე წარმატებები ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს. დღეს პრემიერ მინისტრმა და ხელისუფლებამ ოფიციალური ცერემონია გამართა და მათ წარმატებები უსურვა. მეც მინდა შევუერთდე ამ დიდ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საქართველოს ახალ გამარჯვებებს მოუტანენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“მე ნამდვილად არ მაინტერესებს რა ბედი ეწევა უკრაინას” – რას ამბობდა ჯეიმს დევიდ ვენსი უკრაინაზე?-The New York Times

დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ გააძლიერა ეჭვები უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჯეიმს დევიდ ვენსი კონგრესში უკრაინისათვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული ოპონენტი იყო.

ვენსი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში უაზროდ ძვირი ჯდება, ხოლო უკრაინის რუსეთის შეჭრამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას „ფანტასტიკური“ უწოდა.

ვენსი ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს შეტევითი მანევრები რუსეთთან ომში და დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რადგან დასავლეთი ვერასდროს შეძლებს იმდენი იარაღის წარმოებას, რომ უკრაინის გამარჯვება შესაძლებელი გახდეს.

2022 წლის ინტერვიუში მან სტივ ბენონს [ტრამპის მრჩეველი] განუცხადა „მე ნამდვილად არ მაინტერესებს რა ბედი ეწევა უკრაინას“.

მიმდინარე წლის 12 აპრილს ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა:

ყველაზე ფუნდამენტური კითხვა: რა სჭირდება უკრაინას და რამდენად შეგვიძლია რეალურად ამის მიწოდება? […] არსებითად, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სიმძლავრე იმ რაოდენობის იარაღის წარმოებისთვის, რაც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული მიზანი – რუსეთის მიერ 2014 წლიდან მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება – შეუძლებელია.

ვენსმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ნაცვლად აშშ-ის ძალისხმევა აზიაზე უნდა ფოკუსირდეს:

ბევრი ცუდი ბიჭია მსოფლიოს მასშტაბით. და ახლა ბევრად უფრო მაინტერესებს აღმოსავლეთ აზიაში არსებული ზოგიერთი პრობლემა, ვიდრე ევროპაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სასახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია – იუსტიციის მინისტრი

გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! , – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა“.

„ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!“, – წერს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საუბარია ქსნის, ქუთაისისა და გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებზე.

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. 

„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს. 

მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის – პრემიერი

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს. 

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა პარიზის  ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგანს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს. 

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. 

თავისთავად უკვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი პატივი და ეს პატივი მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება –  ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6952 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6952 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6952 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0165 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9378 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა.

ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ემზადება გაფართოებისთვის და რომ ამ პროცესს აკვირდებიან ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში.

„ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში წინსვლაზე უარს ვეუბნებოდით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან თითოეული მათგანი მიჰყვება დამსახურებაზე დაფუძნებულ საკუთარ გზას, რომელიც იცავს აუცილებელ კრიტერიუმებს“, – განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ.

მეცოლამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი სამყაროსა და რეალობისთვის.

ევროპარლამენტმა სამშაბათის სესიაზე ხმათა უმრავლესობით რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველოდებით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს.

რომელიც მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს ეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსარჩელეები მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს სადავოს ხდიან.

„2024 წლის 17 და 18 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1693 და №1700 კონსტიტუციური სარჩელები).

კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები არ განსაზღვრავს მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირობებს, არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლის სათანადო ჩართულობას. ამავდროულად, არაგანჭვრეტადია მივლინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებიც. მოსარჩელეთა პოზიციით, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმი, სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში,აჩენს აღნიშნული უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს, რითაც ირღვევა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორების არგუმენტაციით, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების მექანიზმი წარმოადგენს ინტენსიურ ჩარევას სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაში, ვინაიდან საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებასთან ერთად, მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება, წყდება მისთვის ხელფასის და მატერიალური შეღავათების გაცემა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული მექანიზმის გამოყენება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, დისციპლინური კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და მისი დადასტურების შემდგომ. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილებისას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის და გადაწყვეტილების სათანადოდ გასაჩივრების შესაძლებლობას, რითაც არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

განსახილველ საქმეზე, სადავოა ასევე ნორმა, რომელიც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად მიიჩნევს მის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმას. მოსარჩელეების პოზიციით, დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, ბუნდოვანია, როგორც შინაარსის, აგრეთვე, რეგულირების ფარგლების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ვერ უპასუხებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარის მითითებით, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილმა აკრძალვამ და ამ აკრძალვის დარღვევის საპასუხოდ გათვალისწინებულმა პასუხისმგებლობის ფორმამ, შესაძლოა, აიძულოს მოსამართლე უარი თქვას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

„დავის საგანია №1693 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტისა (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

№1700 კონსტიტუციურ სარჩელზე:ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 პუნქტის(2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 45-ე მუხლის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში დამალული 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ტვირთი გერმანიაში გასაგზავნად იყო გამიზნული და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, აღმოჩენის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს.

კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.

ეკვადორი მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა, რადგან ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები ეკვადორის პორტებს ნარკოტიკების ევროპასა და აშშ-ში გადასაზიდად იყენებენ.

შარშან, ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 200 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, უმეტესი ნაწილი კოკაინი იყო.

2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია -ვლადიმერ ბოჟაძე

საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძის თქმით, სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია.

„სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი. დღეს როცა დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა ისევ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ყველა მესაკუთრეს, ბიზნესმენს უნდა შევახსენოთ, რომ პირველი სწორედ საკუთრების უფლებას დაარღვევენ და უამრავ ადამიანს ჩამოართმევენ, იძულებით აჩუქებინებენ და გადააფორმებინებენ საკუთარ ქონებას.
2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ – განსხვავების დანახვა ადვილია!
საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა.
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა.
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს
#გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.