Home Blog Page 770

სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით და მსჯავრდებულების შიმშილობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას.

„2024 წლის 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკომიტეტო განხილვაში სახალხო დამცველის აპარატიც მონაწილეობდა. სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს ვიტოვებთ, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა დანაშაულებისთვის ან რა ფარგლებში უნდა შეეხოს ამნისტია მსჯავრდებულ პირებს. მეორე მხრივ კი, პრინციპების დონეზე, სახალხო დამცველის აპარატმა თავისი ხედვა საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით შესთავაზა. კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა:

ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;

სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ;

განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.

სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამნისტიის აქტთან დაკავშირებით არსებული ვითარების მიმართ. შესაბამისად, აპარატში პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

„ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელებენ პატიმრებთან შეხვედრებს“ , – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად, მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ. მორიგი შეხვედრა, სამიტის შეკრება გაერთიანებულ სამეფოში იყო ძალიან წარმატებული. მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.
შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.
საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა – დეტალები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად.

„მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც კარგ საფუძველს იძლევა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ ინტენსივობას.

უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვოლ სთრით ჯორნალის“ კორესპონდენტს რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აშშ-ის ყოველდღიური გაზეთის „ვოლ სთრით ჯორნალის“ კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩს რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობაში ედება ბრალი, თუმცა ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.

ევან გერშოკოვიჩი 2023 წლის ცხრა მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა აშშ-ის დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.

“თურქული ნაკადი” თხევადი ბუნებრივი გაზის ნაცვლად: “გაზპრომი” სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას იაფ მილსადენურ გაზს აწვდის”-Berliner Zeitung

„საბერძნეთმა 2024 წელს 4-ჯერ გაზარდა რუსული მილსადენური გაზის შესყიდვა, 2022 წელთან შედარებით. მთავრობამ უკვე გადაიფიქრა ძვირადღირებული თხევადი ბუნებრივი გაზის (თბგ-FGG-Flüssigerdgas) ტერმინალების მშენებლობა, რომლებიც ასევე ძვირი საწვავის მისაღებად იყო დაპროექტებული“, – წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით: „თურქული ნაკადი“ თხევადი ბუნებრივი გაზის ნაცვლად: „გაზპრომი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას იაფ მილსადენურ გაზს აწვდის“ (ავტორი – ანიკა შლიუნცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საბერძნეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ძირს უთხრის ბრიუსელის ძალისხმევას – არ შეისყიდოს რუსული მილსადენური გაზი, რათა რუსეთმა უკრაინის ომისათვის თანხები არ მიიღოს. რუსეთმა კვლავ გაუსწრო შეერთებულ შტატებს ევროკავშირის გაზით მომარაგების საქმეში, თანაც მთავარ როლს ამ საქმეში შავი ზღვის ფსკერზე აგებული გაზსადენი „თურქული ნაკადი“ ასრულებს (რომელიც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების საფუძველზე ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა).

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი თითქმის ოთხჯერ შეამცირა – 2021 წელს არსებული 40%-დან 8%-მდე 2023 წელს. ეს შემცირება განაპირობა ევროკავშირის გადაწყვეტილებამ „რუსულ გაზზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის შესახებ“, მაგრამ ახლა ამ საკითხში საწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნება – მილსადენური გაზის შესყიდვა მატულობს. საბერძნეთი უკვე ფიქრობს, რომ უარი თქვას ძვირადღირებული თხევადი გაზის მიღების ტერმინალების მშენებლობაზე.

ამჟამად ბერძენი მომხმარებელი 60%-ით არის დაკმაყოფილებული რუსული ბუნებრივი გაზით. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა რუსულ გაზზე ბერძნული იმპორტის მხოლოდ 14% მოდიოდა. საბერძნეთის ენერგეტიკისა და ეკოლოგიის მინისტრი თვლის, რომ ქვეყანას აღარ ჭირდება თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა, როცა მილსადენით იაფ რუსულ გაზს საკმარისი რაოდენობით იღებს.

ავსტრიის გაზმომარაგებაში რუსული გაზის წილი 91%-ია, ხოლო უნგრეთმა ახალი კონტრაქტები დადო „გაზპრომთან“ სამომავლოდ გაზის შესყიდვის მიზნით. მთლიანობაში ევროკავშირი, 2024 წლის ივლისის თვის მონაცემებით, რუსეთისაგან 100 მილიონი კუბმეტრით მეტს გაზს ყიდულობს, ვიდრე 2023 წელს. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ 2023 წელს ევროკავშირმა მხოლოდ 562 მილიონი კუბმეტრი გაზი შეისყიდა, ამჟამად ეს მოცულობა 648 მილიონ კუბმეტრამდე გაიზარდა.

რუსეთ-თურქეთის გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ გაზის ამ მოცულობის ძირითადი წილი მოდის – 344 მილიონი კუბმეტრი. ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 298 მილიონი კუბმეტრი იყო. ეს თითქმის 15%-იანი ზრდას ნიშნავს. რუსული მილსადენური გაზის შესყიდვის ზრდის კვალობაზე ევროკავშირში ამერიკულ თხევად ძვირადღირებულ გაზზე მოთხოვნა შემცირდა.

საბოლოო ჯამში, რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის გაზით მომარაგების სფეროში.

„ასე რომ, ევროკავშირისათვის იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს 2027 წლისათვის რუსული გაზის შესყიდვის შეწყვეტას, ძალიან რთულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მიღებულ სანქციათა 14 პაკეტში რუსულ მილსადენურ გაზზე ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივლისისთვის 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9382 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9476 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.

,,ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში” – პიტერ სიიარტო

ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში, ომის მომხრე პოლიტიკოსებს კი სურთ, ეს შეუძლებელი გახადონ, რადგან საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს.

„ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში.

მსგავს დროს, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? პასუხია, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ, ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას.

მინდა, გაგიზიაროთ უნგრეთის მაგალითი, რომ ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ დავდექით ეროვნული ინტერესებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამუშაოსთვის, რადგან თუ ჩვენ მივატოვებდით ამ ყველაფერს, მაშინ დავკარგავდით სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, თქვენ სწორ მიმართულებაზე ხართ. მომავალში უნგრეთის პრეზიდენტობა, უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა გაგიწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რათა საგარეო ზეწოლის მიუხედავად შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი და დააჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

“ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი”-Die Weltwoche

„პრემიერმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით დიპლომატიური ინიციატივა გამოიჩინა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა კი მისი მცდელობა დაგმეს. ევროპის ლიდერებს – ურსულა დონ დერ ლაიენს და მისთანებს სისხლისღვრისა და ნგრევის გაგრძელება სურთ. როგორც ჩანს, უნგრეთის 6-თვიანი თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს, – ნათქვამია შვეიცარიულ ჟურნალ „ველტვოშე“-ში (Die Weltwoche) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი“ (ავტორი – როჯერ კეპელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამუხრუჭებენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ვიქტორ ორბანის სამშვიდობო ვიზიტების მნიშვნელობა კიევში, მოსკოვში და პეკინში როგორმე დაამდაბლონ.

არადა, უნგრეთის ლიდერის მიერ მომზადებული მოხსენება, რომელიც მან ევროპელ ლიდერებს გაუგზავნა, ძალზე საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს. ვიქტორ ორბანმა, სხვა ევროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, როგორც იტყვიან ხოლმე, „საკუთარი თვალით დაინახა და საკუთარი ყურით მოისმინა“ დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის თვალსაზრისები და ამიტომ დოკუმენტში გამოტანილი დასკვნების მნიშვნელობა მაღალია.

შურისძიება თუ სერიოზული მსჯელობა?

ბრიუსელი უნგრეთის პრემიერზე შურისძიებას ცდილობს, რომელიც უსაფუძვლოა და უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. აჟიოტაჟი უადგილოა, საჭიროა სერიოზული ყურადღება და მსჯელობა.

განა რას წერს ვიქტორ ორბანი თავის მოხსენებაში, რომ დაუჯერებელი და მიუღებელი იყოს? უნგრელი ლიდერი აღნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში ომი რადიკალურად გამწვავდება. მოწინააღმდეგე მხარეები უფრო მეტი გააფთრებით შეებრძოლებიან ერთმანეთს, რასაც მეტი მსხვერპლი და მეტი ნგრევა მოჰყვება. არცერთ მეტოქეს კომპრომისებზე წასვლა არ სურს (უკანდახევა მარცხის ტოლფასია!), ამიტომ ომზე გავლენის მოხდენა მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია: შუამავლის ჩარევის გარეშე ბრძოლა არ შეწყდება. უნგრელი ლიდერის აზრით, დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ სამი აქტორი არსებობს, რომლებსაც მოვლენის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ: ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. აუცილებელია აგრეთვე ყურადღება მიექცეს თურქეთსაც – ერთადერთ წარმატებულ შუამავალს კიევსა და მოსკოვს შორის.

ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება…

როგორც ვიქტორ ორბანი წერს, იგი ამას წინათ პირადად შეხვდა და ესაუბრა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს (დიდი ალბათობით) დონალდ ტრამპს და მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენისაგან დღევანდელი ქორული პოლიტიკის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. იგი თუნდაც რომ ჩამოსცილდეს პოლიტიკას, მისი ადმინისტრაცია გარკვეულ პერიოდში ინერციით უკრაინის მიმართ იგივე პოლიტიკას გაატარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს საგარეო კი არა, საშინაო პოლიტიკის მდგომარეობა განსაზღრავს, არც ჯო ბაიდენი და არც დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე უკრაინაზე ოფიციალურად არანაირი სამშვიდობო ინიციატივებით არ გამოვლენ. თუმცა, აშკარაა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ომის ხარჯების საკუთარ თავზე აღება მთლიანად ევროკავშირს მოუწევს, რაც ევროპელ ხალხებს მძიმე ტვირთად დააწვება.

რა არის საჭირო რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისათვის:

პირველი ეტაპი – მოლაპარაკება ჩინეთთან შემდეგი სამშვიდობო სამიტის ფორმატზე; მეორე – საკონტაქტო არხების არსებობა ორივე მოწინააღმდეგე მხარესთან – უკრაინასთან და რუსეთთან. უკრაინასთან არსებობს, რუსეთთან კი არა, ამიტომ აუცილებელია კრემლთან დიალოგის რეაბილიტაცია;

მესამე – გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვა და მათი კოორდინირება. იმ მიზეზით, რომ ევროკავშირი ყველაფერში ვაშინგტონს უყურებს და მისი კარნახით მოქმედებს, ევროპა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში თავის გავლენას და ავტორიტეტს კარგავს.

ვიქტორ ორბანის აზრით, ამ სამ ფუძემდებლურ პრინციპს უნდა დაემყაროს ინიციატივა, რომელიც, სავარაუდოდ, მისმა კოლეგამ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნდა მოამზადოს და ხელსაყრელ სიტუაციაში სამიტს წარუდგინოს. ბრალდებებეი იმის სესახებ, რომ ვიქტორ ორბანმა თავისი უფლებამოსილებების უზურპაცია მოხდინა და მოლაპარაკებებს ევროკავშირის სახელით აწარმოებდაო, ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“- NYP

პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

81 წლსი პრეზიდენტი Black Entertainment Television (BET)-თან ინტერვიუში თავის ადმინისტრაციაში ფერადკანიანი ხალხის დასაქმებაზე საუბრობდა.

ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ხალხის მოსაზრებით, ბაიდენს ოსტინის სახელი დაავიწყდა და მას როგორც „შავი კაცი“, ისე მოიხსენიებდა, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია.

„მთავარია ხალხს პატივისცემით მოექცე. აი, მაგალითად, ნახეთ რამხელა თავდასხმას ვიღებ იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად (დაიბნა) შავი კაცი დავასახელე“, – განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში.

საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც ევროკავშირისთვისაც სასარგებლო იქნება -პიტერ სიიარტო

საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც შესაძლოა ევროკავშირსაც გამოადგეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ უზარმაზარი ზრდა განიცადა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ასეთი სწრაფი განვითარება ევროკავშირისთვის სერიოზულ წარმატებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი უკანასკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ფუნდამენტური ეკონომიკური ინტერესი არსებობს“, – განაცხადა მან.

სიიარტომ ასევე საქართველოს ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა. „უნგრეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას. მე ასევე დავარწმუნე ბატონი მინისტრი რომ ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა სიიარტომ.

ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია?-ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას მიმართავს

ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა დაგჭირდა, მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და აჭიკჭიკდი? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

ზარქუა გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.

„ჰოი, საოცრებავ, გუშინწინ ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რა პრობლემა არის რუსეთის ფულიო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები პრობლემა არ არის და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო. ამ ყველაფერს გვარამია „კვესოს“ ეუბნება. არც ვიცი, რა უნდა უპასუხო ამ ორი ამაზრზენის დებატს თუ დისკუსიას. გვარამიას შუბლის ძარღვი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ძვალიც გაწყვეტილი აქვს. ამათ უნდათ არჩევნებზე გავიდნენ. ვის ატყუებენ? ახლა დაგჭირდა, მოგიჭირეს ხომ ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე, იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ, ზონდერო, ზონდერო პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი, ხომ? სამარცხვინო ხარ და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური, ისიც. შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც, რადგან შენნაირი უსამშობლო არსად სჭირდებათ. ამიტომ დადის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახული, უსამშობლოები, ზონდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.