Home Blog Page 77

 ისანში, “ნაცმოძრაობის” ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს -გიორგი ჩაკვეტაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ისანში, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

„ისანში, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომენტალურად ამ უბნებთან ჩნდებიან „ტვ პირველის“ ჟურნალისტები.

მივმართავ ამ ჯგუფებს, თავი დაანებონ პროვოკაციებს, თორემ ყოველ ასეთ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!

ნახეს აქტივობა, დარწმუნდნენ რომ პირწმინდად მარცხდებიან და აღარ იციან რა მოიგონონ. მივმართავ ჩვენს გულმხურვალე მხარდამჭერებს, მეგობრებო, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კოორდინაციაში ვიყოთ შტაბებთან და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს ჩაკვეტაძე.

https://www.facebook.com/reel/521744220825986

15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს – ცესკო

კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს.

ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში. რამდენიმე ქვეყანაში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი დროის შესაბამისად 08:00 საათიდან შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური განცხადებებისა, თითქოს ისრაელში საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნებოდა, რამათ-განის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაც სწორედ ცესკოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. მათ შორის შეგახსენებთ რომ  ცესკომ 11 ოქტომბრის დადგენილებით შესაძლებელი გახადა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები იქნებოდა, გარდაქმნილიყო სპეციალურ ჯგუფად და ჩაეტარებინა კენჭისყრა. სწორედ სპეცჯგუფის სტატუსით ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას ისრაელში.

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია  133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.

გლდანში, მესამოცე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ.

მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას, რა თქმა უნდა, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას სასწრაფოდ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.

ასევე ვეხმაურები, მარნეულის საოლქო კომისიის დაქვემდებარებაში არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხორციელდება ვერიფიკაციის აპარატებში ხმების ჩაწევა, მაშინ როდესაც ამ აპარატებში ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, ხმის ჩაწევის შესაძლებლობის რაიმე თეორიაც რომ არსებობდეს, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირმა, ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მივმართავ ყველა ამ ინფორმაციის ავტორს, გთხოვთ პატივი სცეთ საზოგადოებას, ამომრჩეველს და მივაწოდოთ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, სადაც გარკვეულ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი იმდაგვარად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა კომისიამ უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაგიზიარებთ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს -უნგრელი დეპუტატი

არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, – ამის შესახებ უნგრელი ევროპარლამენტარი და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრას აურელ ლასზლო სოციალურ ქსელში წერს.

„გამარჯობა! საქართველოში დღეს ხმის მიცემა მიმდინარეობს! არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. მოქმედებს პირადობის მოწმობების მკაცრი შემოწმება, ხმების ელექტრონულად დათვლა უფრო სანდოა და ასევე, ოფიციალური დათვლა ყველა ბიულეტენის ხელით დათვლას მოიცავს. ეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შედეგების სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს და გაურკვევლობას არ დატოვებს. პირობები ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მოსალოდნელია აქტივობის მაღალი დონე, რაც შედეგებს ძლიერ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას მისცემს “, – წერს ანდრას ლასზლო.

სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე – მამუკა მდინარაძე

მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“.

„მაგალითად, ბოლო საათნახევრის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება, ცოტა მეტიც. ისინი მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა. მაქსიმუმ, რამდენი ჯგუფი ეყოლება „ტვ პირველს“? მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს – ამომრჩევლებს და ასე შემდეგ. რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ მან ბრიფინგზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი ჩართო: „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად“.

„აი, ეს არის ყველაფერი, ამით ყველაფერია ნათქვამი. „ტვ პირველი“ ანუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, – „ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად. და რატომ – მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ხანდახან პასუხსაც იღებენ, თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე, მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბევრი ხალხი მოდის საარჩევნო უბნებზე, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად და მარტივად, პროფესიონალები არიან და საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა -საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო

საერთაშორისო დამკვირვებელი, ანალიტიკოსი ფანი ლაჩკო, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი ხალხი მოდის საარჩევნო უბნებზე, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ხმის მიცემა. ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად და მარტივად“, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.

ამასთან, ფანი ლაჩკომ აღნიშნა, რომ საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა.

„ძალიან პროფესიონალები არიან და საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა, სამართლიანად და დემოკრატიულად“, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.

ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია -თემურ ჭყონია

ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირა.

„ჩვენ ვირჩევთ საქართველოში ახალ სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. ცვლილებები უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ დღეს ეს ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნეთ, ჩვენი მომავალი არის გაურკვეველი. პირველი ის, რომ ასე ვთქვათ, ტოტალურ იზოლაციაში ვართ, არავინ გველაპარაკება და დღეს თუ არ გვესაუბრებიან, რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან? არალოგიკურია, ამიტომ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩვენ მათი თანამოქალაქეები ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქე და არა მარტო საქართველოს.

თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი. მწამს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე არის მთავრობაც, პარლამენტიც, მმართველიც. ამიტომ, მწამს, საკუთარი თავისთვის სწორ არჩევანს გააკეთებს, ეს არის ევროპისკენ გზა. ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია. ჩვენ არავის წინააღმდეგი ვართ, საქართველოს მომავლის მომხრე ვართ “,-განაცხადა ჭყონიამ.

13:00 საათის მდგომარეობით, კომისიებში შესულია 50 განცხადება და საჩივარი, მწყობრიდან სულ გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი -ცესკო

13:00 საათის მდგომარეობით, შესულია 50 განცხადება და საჩივარი, მწყობრიდან სულ გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს.

„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში.

გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. გვინდა, მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის საარჩევნო კომისიებში შესულ განცხადებებს.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფანარი . ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი. რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება. გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის მე-15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ვენესუელაში ხალხმა ვერ შეძლო, თავისი გაეტანა, საქართველოში ყველაფერი განსხვავებულად იქნება, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს -ნიკა გვარამია

გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა, „ენჯეოებს“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავისი სისტემა. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„14:00 საათზე შეგვიძლია 13:00 საათის მდგომარეობა შევაჯამოთ. ძალიან კარგი დასწრებაა, ოდნავ ჩამორჩება დასავლეთ საქართველო, რადგან წვიმებია. მინდა იმერეთის, სამეგრელოს და აჭარის მოსახლეობას ვუთხრა, წვიმას არ მოვერიდოთ, სამშობლოსთვის ბრძოლა მოითხოვს მეტს, ვიდრე წვიმასთან გამკლავებაა. უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს, უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს და ბოროტის მსურველებს. ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის შედეგებს, ჯამურად უგებს „ქართულ ოცნებას“. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, დღის მეორე ნახევარი მოდის და არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ. მესმის, გვიან იღვიძებენ ახალგაზრდები, შაბათ-კვირას განსაკუთრებით, მაგრამ არჩევნებზე მაინც, ვფიქრობ, აუცილებლად მივლენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც „ქართული ოცნება“ „ხმებს აყალბებს, ყრის ბიულეტენებს ძირითადად იმ უბნებში, სადაც არ არის ტექნოლოგიური ხმის მიცემა“.

„პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, ზუსტად იცით, რომ დღის პირველი ნახევარი გაქვთ წაგებული. დილა წააგეთ, ის დრო, როდესაც მნიშვნელოვნად წინ იყავით ხოლმე ყველა არჩევნებზე, ამიტომ, შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, ეს უკანასკნელი შანსია რამე პოზიტიური გააკეთოთ თქვენი სამშობლოსთვის. კვლავ მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერი არ არის დარჩენილი „ოცნების“ დამარცხებისთვის. ყველანი არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა კოალიცია ცესკო-ს შედეგებს, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ კოალიცია აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგებს, თუმცა გააჩნია, როგორ დაითვლის ხმებს.

„გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა. „ენჯეოებს“ თავისი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავისი. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა. ვენესუელაში იგივე მოხდა, როცა ოპოზიციამ შეძლო ამის დამტკიცება, მაგრამ იქ სამხედრო ხუნტაა და სამწუხაროდ, ხალხმა ვერ მოახერხა თავისი გაეტანა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე დაამტკიცა. საქართველოში ყველაფერი იქნება განსხვავებულად, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იკვეთება მოცემულობა, რომ დადგმული პროვოკაციაა – გივი მიქანაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია – ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს – ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი „სხვა პროვოკაციებსაც არ გამორიცხავს“.

ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ნებისმიერი ადამიანის უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არჩევნების პროცესის ხელის შეშლას შეეცდება“.

„ის, რაც მარნეულში მოხდა, ყველა შემთხვევაში მიზანმიმართული პროვოკაციაა. ეს არის მოქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტის შესწავლით დაადგენენ. რეალურად, იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა, რომელიც კადრებში ვიხილეთ, ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთში მიზანმიმართულად ახორციელებდა; მან ძალიან კარგად იცოდა რას აკეთებდა. ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მას იღებდნენ. ასევე, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოება, რომ სწორედ „ნაცტელევიზიის“ წარმომადგენელი შეესწრო ამ ფაქტს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ გარემოში. ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს.

მათ იციან, არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამაზე მათი განცხადებებიც მეტყველებს. ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებები მათი ამომრჩევლის მიმართ – გაიღვიძეთ, მოდით უბნებზე და მოგვეცით ხმაო. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, როგორმე დააზიანონ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები; რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას. ამიტომ, არ გამოვრიცხავთ სხვა პროვოკაციებსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას ვაფრთხილებთ, რომ უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ კი არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და არჩევნებში კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.

საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შშმ პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის -სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბანზე თავად იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს დააკვირდა.

ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ადგილზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ საარჩევნო უბნის შენობა არ არის მისაწვდომი შშმ პირებისთვის.

„უშუალოდ უსინათლო პირთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობენ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესებს, ვერ განუმარტეს მას ხმის მიცემის პროცედურა და ვერ უპასუხეს ამომრჩევლის მიერ დასმულ კითხვებს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო პირებისთვის მომზადებული ჩარჩო/ფორმა არ იძლევა მისი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას. რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსებაც, რადგან უსინათლოსთვის გაურკვეველია ფურცლის რომელ მხარეს ათავსებს. და საბოლოოდ, შესაძლოა, რიგი პრობლემების გამო, უსინათლო პირის არჩევანი არ დაემთხვეს მისთვის სასურველ კანდიდატს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის, უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.