Home Blog Page 769

 ორბანს არ მიუღია ევროპული საბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს ევროკავშირის სახელით -შარლ მიშელი

J

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა უკრაინის სამშვიდობო მისია წამოიწყო, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპთან და რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„როტაციული პრინციპით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა არ ასრულებს როლს საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში და არ მიუღია ევროპული საბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს ევროკავშირის სახელით“, – განუცხადა მიშელმა ორბანს წერილში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო.

მიშელმა ასევე უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ომის მომხრე პოლიტიკას აწარმოებს.

„რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა.

Bild-ის ცნობით, შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში უნგრელმა პოლიტიკოსმა შეაფასა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან და ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“, – ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.

“ქართული ოცნება” წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით -მაია ბითაძე

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით. ძალიან ნათელია უკვე არჩევანი იმ ბოროტ, რადიკალურ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ბითაძემ.

გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

JPG edited with https://ezgif.com/resize

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, 18 საქმეზე დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

სენატორ მენენდესს ბრალი ედებოდა 18 საქმეზე, მათ შორის თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.

პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა და მისცა ჩვენება, როგორც პროკურატურის მოწმემ მენენდესის წინააღმდეგ.

თავად მენდენსი რვაკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა.

აღნიშნულ საქმეებზე ბრალი ედება მენენდესის მეუღლესაც, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ცნობისთვის, სენატორი მენენდესი ამჟამად არჩევნებში იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა თანამდებობიდან ბრალის წაყენების შემდეგ გადადგა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. მას ქრთამის აღებაში 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა მაშინ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია -მეთიუ მიულერი

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ურთიერთობა აშშ-თან.

„ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ძირეულად თავისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა მილერმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით, 6:09 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს დასავლეთით, სოფელ ლენინოვკასთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.

დღეს “ქართულ ოცნებას” 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 % უცხადებს ნდობას -ბიძინა ივანიშვილი

დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას,  –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია, ვინაიდან, ამომრჩეველი საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ გათვითცნობიერებულია.

ივანიშვილის თქმით, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომის შედეგად შეძლო ხელისუფლებამ, გასული 4 წლის მანძილზე, ურთულესი გამოწვევების და მძიმე ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება და კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

„წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას.

ურთულესი გამოწვევებისა  და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა.“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებს უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე მოაპოვებინებს გამარჯვებას.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა.“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იფიქროთ. ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც თქვენი შესაძლებლობებით სარგებლობა სურს, მაგრამ მათგან მადლიერებას არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, პირველ რიგში, საკუთარ საქმეებს მიხედოთ, სხვები დაიცდიან.

კურო

ნუ ელით, რომ ამ დღის მშვიდად გატარებას შეძლებთ. კოლეგასთან მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა და შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი, რასაც იმსახურებთ. გირჩევთ დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, საღამოს ახალი ადამიანები გაიცნოთ. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

ტყუპები

ამ დღეს ვარსკვლავები არჩევანს შემოგთავაზებენ, თუმცა სწორად რეაგირებას ყველა ვერ შეძლებს. უმჯობესია, გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ და სანდო ადამიანს ჰკითხოთ. ბიზნესში წარმატება ელის მას, ვინც მზად არის, სასურველი მიზნის მისაღწევად შრომა არ დაიზაროს.

კირჩხიბი

ეს დღე ბევრ ახალ იდეას, ახალ ემოციას და გატაცებას უკავშირდება. ცვლილებები და სიახლეები თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. თქვენ შეძლებთ გააცოცხლოთ ის, რაც დიდი ხანია, დაკარგული გეგონათ. ნუ ეცდებით, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი საყვარელ ადამიანებში ეძებოთ – შეიძლება შეცდეთ. გამორიცხული არაა, რომ დაგეგმილი დასვენება გააუქმოთ და ამის ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ.

ლომი

მშვიდი დღეა, ამიტომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე და გარეგნობაზე, ეწვიეთ სალონს ან მთელი დღე საყვარელი სერიალის ყურებაში გაატარეთ. დღის მეორე ნახევარში ზოგმა ლომმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს, ზოგს ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდება. ამიტომ მოერიდეთ ნერვიულობას და ეცადეთ დღის უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ქალწული

უარი თქვით საქმეზე, რომელზეც იმედს ამყარებდით – ის დღეს სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ რემონტისა და საყოფაცხოვრებო საკითხების დროულად დასრულებას. წარსულის შეცდომების გამოსწორება რაღაც მნიშვნელოვანზე აგიხელთ თვალს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სტუმრები და მხიარულ წვეულება გელით. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.

სასწორი

შორიდან სასიამოვნო სიახლე გელით, რაც მატერიალური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ეს დღე ავარიებთან და საფრთხესთან ასოცირდება. ოჯახურ ურთიერთობებში მშვიდობა და ჰარმონიაა. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.

მორიელი

მორიელისთვის ეს დღე განვლილი ცხოვრების და რეალობის შეფასებას ეძღვნება. მცირე წარუმატებლობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დაიცავით საკუთარი პოზიციები და მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ. გახსოვდეთ, ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულსა და გაგებას ელიან. გამძლეობა და მოთმინება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა სხეულისა და სულის ვარჯიშისთვის, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით.

თხის რქა

დაბრკოლებების მიუხედავად წინსვლა არ უნდა შეანელოთ. გახსოვდეთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა. მიზნის მისაღწევად მეტი გონიერება და გამძლეობა უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმისტური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და დაცინვას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება.

მერწყული

მონდომებით და ენთუზიაზმით სავსე ხართ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან კავშირს დაამყარებთ, რაც მალე ძალიან დაგეხმარებათ. ამ დღეს მთელი ყურადღება პირადი ცხოვრების პრობლემებზე უნდა გადაიტანოთ. ქალაქიდან ცოტა ხნით გასვლა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე და წინდახედულობა შეცდომებისგან დაგიცავთ.

თევზები

უსაფუძვლო შიშები დაღლილობას, ძილიანობას და ტონუსის დაქვეითებას გამოიწვევს. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებას და საბუთებზე ხელის მოწერას მოერიდოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანები მალე მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ.

 ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება არ არის აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, ეს არის შემავსებელი ფაქტორი საერთო თანამშრომლობისთვის -ბიძინა ივანიშვილი

ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება არ არის აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, ეს არის შემავსებელი ფაქტორი საერთო თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას უკვე მომავალ წელს, დასავლეთიც დააფასებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან – დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.

საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”  -წერია ინფორმაციაში.

გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები – ბიძინა ივანიშვილი

ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, “გლობალური ომის პარტია” ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ ლობირებს, რომ ისინი ნებისმიერი დავალების შესრულებაზე, მათ შორის, ქვეყნის ომში ჩართვაზე მოაწერენ ხელს.

„გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ – სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, ქვეყანას მაქსიმუმ ერთი წელიწადი რჩება გადასატანი, რის შედეგადაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართ ინტერესი.

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

უკრაინაში ომი ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება, დასრულდეს -ბიძინა ივანიშვილი

უკრაინაში ომი ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება, დასრულდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება“.

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება, დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.

“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ მოუწევს პასუხისგება ყველა დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს ქვეყნის ომში ჩართვის გამო-ბიძინა ივანიშვილი

ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს და სწორედ ამისთვის სჭირდება მმართველ გუნდს მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. ამ კონტექსტში,ივანიშვილმა, აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე გააკეთა, რომლის შედეგად, საქართველომ დროებით დაკარგა ორი ისტორიული რეგიონი.

„არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს და აუცილებელია, ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს.

„დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია, გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.