Home Blog Page 766

გაეროს გენერალური ასამბლეა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები -პრემიერი

მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

„თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს”, – წერს პრემიერი.

 სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ -ილია დარჩიაშვილი

სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ სავიზო შეზღუდვების გარეშე ხსენებულ რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და მეორეს მხრივ, ჰონგ-კონგი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ცენტრი და ეს რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენს ბიზნეს წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს იმისთვის, რომ ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ჰონგ-კონგში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო მიმოსვლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ გადაადგილება და ასევე, ხელი შევუწყოთ, რომ თავისუფლად შეძლონ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გვაქვს დიდი ნუსხა, ქვეყნების, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე მოგზაურობენ და მომავალში გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გადაადგილდნენ საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?”-Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?“ (ავტორი – ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2013 წელს, როცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლიური შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით რუსეთის მოქალაქეთა წინაშე გამოდიოდა, მან ისარგებლა შემთხვევით და დაგმო საბჭოთა პერიოდში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს მომხდარი მილიონობით საბჭოთა ადამიანის მიმართ განხორციელებული რეპრესიები. „ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ 1937 წლის ბნელ პერიოდს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა პირდაპირი ტელეეთერის დროს, – „სტალინიზმი პიროვნების კულტთან და კანონდარღვევებთან ასოცირდება, რეპრესიებთან და „გულაგ“-ბანაკებთან. რუსეთში დღეს მსგავსი რამ არ ხდება და ვიმედოვნებ, არც მომავალში არ მოხდება“.

მაგრამ რატომ აუქმებს რუსეთის ხელისუფლება ზოგიერთ იმ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში, რომლებიც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, 1950-1960-იან წლებში იქნა მიღებული? არის იმის რისკი, რომ საზოგადოების ხსოვნაში ძველი ჭრილობები გაიხსნას, იოსებ სტალინისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთთან შედარების ნიადაგზე საზოგადოებაში განხეთქილება მოხდეს და თან ისეთ დროს, როცა რუსეთის ლიდერი ფსონს ეროვნულ ერთიანობაზე დებს უკრაინასთან ომში.
იმ ბრძანების პროექტის თანახმად, რომელიც რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს აქვს მომზადებული, 1950-1960-იან წლებში მომხდარი რეაბილიტაციების გაუქმებას შეზღუდული ხასიათი აქვს. სავარაუდოდ, ანულირება ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ნაცისტთა მხარდამჭერებისა“ და „სამშობლოს მოღალატეების“ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ანუ გამოდის, რომ ისინი, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეცდომით იქნენ რეაბილიტირებულნი.

ამ კატეგორიათა შორის არიან უკრაინელი და ბალტიისპირელი ნაციონალისტები, აგრეთვე რუსული „ბანდიტური დაჯგუფებების“ წევრები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდნენ. აშკარაა, რომ იგორ კრასნოვის ბრძანების პროექტის მნიშვნელოვან კონტექსტად უნდა ჩაითვალოს ვლადიმერ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის შიგნით სხვაგვარად აზროვნების ჩახშობა.

და მაინც, ასეთი ნაბიჯი ძალზე უცნაურად გამოიყურება: სამხედრო დამნაშავეთა რეაბილიტაცია რუსეთის კანონმდებლობით ისედაც ხომ უკვე აკრძალულია? შესაძლოა, ზოგიერთი ბოროტმოქმედი მართლაც დაუმსახურებლად გაამართლეს ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდეგ კი მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში – 1985-1991 წლებში, როცა არქივიდან ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი გამომზეურდა იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ… მაგრამ მათი რაოდენობა მაინცდამაინც დიდი არ არის.

გარკვეული გაგებით, გენერალური პროკურორის ბრძანება, ალბათ, პროპაგანდისტულ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რომელიც უკრაინის იდენტობის დისკრედიტაციისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსთა წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ფაქტია, რომ იოსებ სტალინის მმართველობის წლებში უამრავი საბჭოთა ადამიანი იქნა გადასახლებული, „გულაგებში“ გაგზავნილი და დახვრეტილი… და ამ დროს, როცა ხდება თუნდაც რამდენიმე რეაბილიტაციის გაუქმება, შესაძლოა ეს ნაბიჯი ერთგვარი „ნებადართული“ პროცესის დასაწყისი გახდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა კრემლის მოთხოვნილებებს ექვემდებარება.
2018 წელს რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპონდენტთა ერთ მესამედზე მეტს ჰყავს ნათესავები, რომლებიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როცა გაიგებენ, რომ მათი ახლობლები კანონდარღვევით იქნენ რეაბილიტირებულნი? რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლების ასეთი მოქმედება ბევრ რუს მოქალაქეში უკმაყოფილებასა და წყენას გამოიწვევს.

გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დესპოტიზმი გაძლიერდეს: ხრუშჩოვისეული „დათბობა“ და განსაკუთრებით გორბაჩოვისეული „გარდაქმნა“ იმდროინდელ საბჭოთა [რუსულ] საზოგადოებაში ერთგვარ ლიბერალიზმად მოჩანდა, საკმაოდ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც პროცესის გაფართოებას ითხოვდნენ, მაგრამ უფრო მეტი იყვნენ ისეთები, რომლებსაც „დემოკრატია“ არ მოსწონდათ. დღეისათვის რუსეთში აშკარად შეიმჩნევა, რომ ხელისუფლება ისტორიულ ფაქტების რეალურ ასახვას ეწინააღმდეგება, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაში გამოიხატება. მაგალითად, ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულების პატიოსანი სახელის აღდგენას ემსახურებოდა, ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს დახურა.

თუმცა შეიძლება პირიქითც მოხდეს – რეაბილიტაციაზე ნაწილობრივი უარიც კი შეიძლება რუსული საზოგადოებისათვის ერთგვარი სიგნალი გახდეს: ერთი მხრივ, ხაზი გაესმებოდა შიდაპოლიტიკური რეპრესიების ტენდენციას, მეორე მხრივ კი, ამით ოფიციალურად დაკანონდებოდა ვლადიმერ პუტინის სწრაფვა რუსეთის ისტორიის ოფიციალურ გაკონტროლებაზე, როცა რეალური ისტორია უკან გადაიწევა და როგორც ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს მაკგლინი ამბობს, წარსული შელამაზდება „მითებითა და ტყუილი ამბებით, დეზინფორმაციით“.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს იოსებ სტალინის რეაბილიტაცია ან მთელი საბჭოთა ისტორიის „შავი“ მომენტების „„გათეთრება“ სურს. მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში, დაწყებული 2000-იანი წლებიდან, რუსეთის პრეზიდენტი, მართალია, ქება-დიდებას ასხამდა სტალინური ეპოქის „ზოგიერთ კარგ ასპექტს“, მაგალითად, გერმანელ ნაცისტებთან ომში გამარჯვებას, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის დისტანცირებდა ხოლმე კომუნისტი დიქტატორის მიერ ჩადენილი მასობრივი რეპრესიებისაგან. ამავე დროს მაინც რჩება გარკვეული ეჭვი, რომ გენპროკურორის ბრძანების პროექტში გატარებული აზრი ამ მხრივ კარგს არაფერს არ უნდა მოასწავებდეს, ანუ რუსეთის ისტორიის აღქმა მალე შეიძლება ვლადიმერ პუტინის მიზნების შესაბამისად შეიცვალოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა

JPG edited with https://ezgif.com/resize

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლავ შეადარა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს.

ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„ისევე, როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა სამოცდაათი წლის წინ, ნეთანიაჰუ და მკვლელობის მისი ქსელი უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაეროს სისტემისა და დასავლური სამყაროს ღირებულებები „ღაზაში კვდება“ და „კაცობრიობის ალიანსს“ ისრაელის შეჩერებისკენ მოუწოდა.

„კიდევ რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს პალესტინელ ხალხთან ერთად და მთელ რეგიონს ითრევს ომში?“ – დასძინა მან.

ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – ნათია მეზვრიშვილი

“ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები გამოაცხადონ არჩევნებში ჩამრევებად,- ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს, “ქართული ოცნება” კი ცდილობს, ეს დასავლეთს გადააბრალოს.

“ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე მოსული ვარ დღეს კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” ბრალეულობით წინასაარჩევნო გარემო არ არის მშვიდი, წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და წინასაარჩევნო გარემო არის არასამართლიანი. მოტანილი მაქვს ამისი კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩავატარე ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობეთ “ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ, უკანონო თვალთვალის შესახებ, ზოგადად, საარჩევნო დარღვევების შესახებ და ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი დამკვირვებლებს გავუზიარო.

გასაგებია ის სტრატეგია, რაც “ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები გამოაცხადონ არჩევნებში ჩამრევებად, მათ დააბრალონ, რომ თითქოს ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან. გასაგებია ის სტრატეგია, რაც მათ აქვთ ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ, ანუ “ქართული ოცნება” რეალურად, როდესაც ამ არჩევნებზე დამკვირვებლები იტყვიან, რომ კონკრეტული პრობლემები იყო, ამაში დამნაშავეს ეძებს და ცდილობს, რომ საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ეს დამნაშავე იყო ოპოზიცია, ეს დამნაშავეები არიან დამკვირვებლები, ეს დამნაშავეები არიან საერთაშორისო პარტნიორები და თავად არაფერ შუაში არიან და ეს გარემო მათ არ შეუქმნიათ, რაც, რა თქმა უნდა, არის ტყუილი. ამის სათქმელად ვარ დღეს მოსული საერთაშორისო პარტნიორებთან იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ეს არის მიზეზი “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე” დარტყმის და ისინი ამას გააგრძელებენ, მიზანში აუცილებლად ამოიღებენ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და შემდგომ უკვე გადავლენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე იმიტომ, რომ ამ ხალხმა იცის, არჩევნები წაგებული აქვს, ამ ხალხმა იცის, რომ ძალიან გაუჭირდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამისთვის ამზადებს ნიადაგს და ასევე ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ არჩევნებში პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადააზღვიოს, მისი ჭკუით, იმით, რომ არჩევნებში ჩარევა გადააბრალოს დასავლეთს, რომელიც, რეალურად, ჩვენს არჩევანს იცავს.

“ქართული ოცნება” ოპოზიციას, დამკვირვებლებს, პარტნიორებს ყველაფერს აბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები – ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან “ქართული ოცნება” დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არ შეგვიძლია თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ, არ შეგვიძლია შევტრიალდეთ – ჯო ბაიდენი

უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე აქამდე”, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძალისხმევის შესუსტება.

“ახლა ჩვენს წინაშე კიდევ ერთი არჩევანი დგას: შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას ომში გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ? თუ უკან დავიხევთ და აგრესიის ახალ ტალღასა და მთელი ერის განადგურებას დავუშვებთ?

ჩემი პასუხი ვიცი. არ შეგვიძლია საკუთარ თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ. არ შეგვიძლია შევტრიალდეთ. და უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას არ შევასუსტებთ – სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს გაეროს ქარტიის შესაბამისად”, – განაცხადა ბაიდენმა.

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატები გაერო-ს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა – „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის“.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს. 

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვა/გამოყენების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით,  გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და  სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.

26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.

“საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს”-უცხოური პრესა

რუსეთის გაზეთი „ვეჩერნია მოსკვა“ (Вечерняя Москва – იბეჭდება მოსკოვში) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს“ (ავტორი – ალექსანდრე ზოსიმოვი), რომელშიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ბოლოდროინდელი ტენდენციებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოს ხელისუფლებამ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც რუსეთთან მეგობრობაზე მიანიშნებენ – პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში. „ვეჩერნია მოსკვა“ შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო.
როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლება შეეცდება ბოდიში მოიხადოს იმ ომის გამო, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის 2008 წელს მოხდა. ქართველმა ოპოზიციონერებმა ბიძინა ივანიშვილს მხარი არ დაუჭირეს.

ნიშანდობლივია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის კრიტიკოს ოპოზიციონერთა შორის ბევრი მათგანია, რომლებიც დასავლეთის მიერ საქართველოსათვის თავმოხვეულ ანტირუსულ პროპაგანდას იზიარებს. რასაკვირველია, ბიძინას ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის, ამიტომაც მისი განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ფარული წინააღმდეგობა ამერიკული ჰეგემონიის მიმართ.

სხვათა შორის, იგივე ოპოზიციონერებმა, აშშ-სა და საერთოდ, დასავლეთის გულის მოსაგებად, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, მონაწილეობა მიიღეს კანონის „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში.
საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენციის გაჩენის გამო, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადგილობრივ ქართულ ელიტაზე ზეწოლა გააძლიერეს. ვაშინგტონმა, მაგალითად, საქართველოს დახმარება „გაყინა“. უცხოური პრესის შეფასებით, საქართველო რუსეთისაკენ დრეიფობს. ამიტომაც დასავლეთი საგონებელშია, თუ როგორ შეიძლება თბილისისა და მოსკოვის დიალოგის ჩაშლა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობა აღდგება, მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვების შემდეგ, აგრეთვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის პირობებში, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და „ბრიკსი“ უზრუნველყოფს’, – განუცხადა Вечерняя Москва-ს კორესპონდენტს МГИМО-ს პროფესორმა, პოლიტოლოგმა ელენა პონომარევამ, – მაგრამ საეჭვოა ეს ახლო მომავალში მოხდეს“.

პოლიტოლოგ ალექსეი მუხინის თქმით, „აშკარაა, რომ დასავლეთი მთელი შესაძლებლობებით ცდილობს საქართველო თავის ორბიტაზე დაიტოვოს, თბილისს კი, თავის მხრივ, სუვერენიტეტის დაბრუნება სურს, ამიტომაც თავის ძალებს მიზნის რეალიზებისაკენ მიმართავს. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველო ამას მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობას საგარეო დახმარების გარეშე შეინარჩუნებს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ-კონგში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში და დაყონ რეგიონში ზედიზედ 30 დღე.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა აქვს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, ფარული კენჭისყრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო – კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში. 2023 წელს ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის მოღვაწეობდა ბრემენის უნივერსიტეტში, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.