Home Blog Page 766

რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 “შაჰიდიდან” 35 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 39 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 35 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას 3 ბალისტიკური რაკეტით “ისკანდერ-მ”-ით და 2 Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. აქტიური კონტრზომების წყალობით, მტრის მართვადმა საჰაერო რაკეტებმა Kh-59/69 სამიზნეებამდე ვერ მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა სუმის, პოლტავას, კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ჩერკასის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

,,მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა”- დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლების პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით.

„მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს. 2009 – 2010 წლებში, ნაც.მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობაზე (დაახლოებით 80 ოჯახზე), რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეც გახლდით, აუქციონის წესით, მიყიდულ იქნა სასახლკარე ნაკვეთები. ის უშუალოდ ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა.

აღნიშნული ფართები საცხოვრებლად დაუშვებლად მიიჩნია იუნესკომ, რაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. მოსახლეობა მოტყუებული აღმოჩნდა. დარგის სპეციალისტების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით მცხეთელებისთვის სანაცვლოდ ქალაქის განაპირა ზოლის ნაწილი შეირჩა, რომელიც ისტორიულ – არქეოლოგიურ ნაწილს არ წარმოადგენს და ეკუთვნის განაშენიანების რეგულირების ზონას. ეს არ არის თავდაცვის უწყების ტერიტორია. მიუხედავად ჩემი არაერთი შეთავაზებისა, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან (მიმდინარე წლის 8 თებერვალს) მესაკუთრეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ადგილმონაცვლეობაზე,რადგან ისინი ქალაქის ცენტრში ამჯობინებენ ყოფნას, ზოგმა კი ამ შეთავაზების გამოყენება უკვე დაიწყო.

დიახ, მე გახლდით ინიციატორი, რომ ადგილმონაცვლეობის საშუალება გაგვეჩინა მოსახლეობისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სასარგებლოდ, საკუთრების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესშიც ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემიც თავად ვყოფილიყავი. სახელმწიფოს, ფულადი ანაზღაურების გარეშე, დავუბრუნეთ ქალაქის ცენტრში კუთვნილი ქონება. მატყუარა ტელევიზია ამაზე ბუნდოვნად საუბრობს. 25 წლის წინ შეძენილი და ახლა დაბრუნებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახელმწიფომ ქალაქის განაპირა ზოლში, უსასყიდლოდ გადმოგვცა შედარებით ნაკლებად ღირებული, ქონების თანაწონადობის პრინციპის გათვალისწინებით, მიწის ფართები. რაც შეეხება მცხეთელებზე ჩემს დახმარებას, დიახ, მე დავეხმარე ჩემს ნაცნობსაც, უცნობსაც „სუსის ახლობელსაც” სასულიერო პირსაც, ექიმსაც და დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კანონიერი გზით ეკუთვნის ამ პროცესში მონაწილეობა. კანონიერი დახმარება ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა.

ასევე, პირადად ვმუშაობ სხვა ალტერნატივაზეც და გენგეგმის შემუშავებაზეც, რომ მორატორიუმი, რომელიც მოსახლეობას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, წლის ბოლომდე, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. გენგეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებულია და შემდეგი ეტაპებიც მალე დასრულდება. ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებს კი, ვისგანაც არ უნდა იყოს ის დასაცავი, ყოველთვის დავიცავ. მატყუარა ტელევიზიის მიერ გაშვებული სიუჟეტი კი წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მეტს არაფერს. მცხეთის მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ისარგებლონ ახლა ამ შესაძლებლობით. მალე შემოთავაზებული იქნება სხვა ალტერნატივებიც“, – წერს ხუნდაძე.

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და შემდგომი მუშაობისთვის ძალები დაზოგოთ. მარტოხელა ვერძი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც მისთვის შთაგონების წყარო გახდება. დროა, მასაჟისტთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კურო

თუ ერთფეროვანი და მოსაწყენი საქმით დაიღალეთ, გირჩევთ გონება კროსვორდების ამოხსნით გაავარჯიშოთ. ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაც მოგიწევთ. საკუთარი ემოციები აკონტროლეთ, აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, სამყარო და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული რაკურსიდან დაინახოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან თქვენს შეხედულებებს ყველა არ იზიარებს. ზოგს ისინი ზედმეტად ამბიციური ეჩვენება, მაგრამ თქვენ საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული უნდა იყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველა სხვა პრობლემა უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახზე უნდა გაამახვილოთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საყვარელი ადამიანები ძალიან გაანაწყენოთ. თქვენი სიბრძნე და გამოცდილება დაგეხმარებათ, ოჯახის ყველაზე რთული პრობლემებიც კი სწრაფად მოაგვაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თავის ჭკუაზე გატაროთ.

ლომი

სიმშვიდეს და განმარტოებას დილიდან უშედეგოდ ეძებთ. გირჩევთ, ოჯახის წევრებს აუხსნათ, რომ სამუშაო კვირის ბოლოს ძალების აღდგენისთვის მყუდრო გარემოში განმარტოება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

შესაძლოა, დილიდან შინაგანმა დაძაბულობამ და შფოთვამ შეგიპყროთ. ეს პლანეტების გავლენით ხდება. გარდა ამისა, უამრავი წვრილმანი პრობლემა გელით, რაც გაიძულებთ ყურადღება ძირითადი ამოცანებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოთ. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

სასწორი

დიპლომატიური უნარები და თავდაჭერილობა არა მარტო საქმიან პარტნიორებთან, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც გჭირდებათ. მოთმინება გამოიჩინეთ და ოჯახის წევრებს შექმნილი ვითარების შესახებ გაღიზიანების გარეშე ესაუბრეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ურთიერთგაგებას სწრაფად მიაღწიოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ.

მორიელი

ეს დღე გაიძულებთ, რომ ლიდერის როლი მოირგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი არ მოგწონთ, ის საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, თქვენი მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო შენიშვნები და უსამართლო კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ოთხ კედელში ნუ დარჩებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით – მათგანი ერთ-ერთი მომავალში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ეცადეთ ამ დღეს ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

შეეგუეეთ, რომ ამ დღეს ბევრი რუტინული სამუშაო გელოდებათ. რა გაეწყობა, ზოგჯერ ისეთი რამის გაკეთება გვიწევს, რასაც კმაყოფილება არ მოაქვს. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის გამოცდაა. საღამოს შორიდან მოსული სიახლეები სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა ძირითადის შეფერხების შემთხვევაში, დრო არ დაკარგოთ.

მერწყული

შეიძლება შენიშნეთ, რომ ბოლო დროს მუდმივად სხვადასხვა სირთულეს და დაბრკოლებას აწყდებით. პლანეტების განლაგება გამოწვევებით სავსე პერიოდს გპირდებათ, მაგრამ მალე უსიამოვნებების წყებას უფრო ხელსაყრელი პერიოდი ჩაანაცვლებს. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

თევზები

ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს – თვისებას, რომელსაც საკუთარ თავში ვერ გრძნობთ. ამ დღეს გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ისე გააღიზიანებთ, როგორც არასდროს. სჯობს, ამ დღისთვის სერიოზული გეგმები არ დაისახოთ და, თუ შესაძლებელია, საქმის დასრულება სამომავლოდ გადადოთ.

როდემდე შენარჩუნდება გრილი ამინდები – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. 20-22 ივლისის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

,,ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” მოემატება”- ირაკლი ქადაგიშვილი

“გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ფართო მცნებაა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველში შედის “ლელოს” ამომრჩეველიც, გახარიას ამომრჩეველიც და იმ 12-14 პარტიის ამომრჩეველიც, ვინც ამ პატარ-პატარა პარტიებს ასაზრდოებს”, –  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა “შაბათის ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, არის რაღაც ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ მოდიოდა არჩევნებზე.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ყოველ შემთხვევაში, მოემატება „ქართულ ოცნებას“ და რატომ? ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხედავს, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობას შეიძლება შეეხოს ძალიან დიდი საფრთხე. ანუ, ის სატყუარა, რომ „ქართული ოცნება“ არის რაღაც ტოტალიტარიზმი, ხალხი ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ხალხი ხედავს იმას, რომ თუ ეს რადიკალები ხელისუფლებაში მოვლენ, ეს გამოიწვევს საქართველოს სწრაფ, ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება ხოლმე, უკრაინიზაცია-მოლდავიზაციის გზაზე წასვლას, როდესაც ქვეყნებში უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ სამაგიეროდ, პოლიტიკურ ტაშს უკრავენ. რეალური ცხოვრება ამ ქვეყნებში ასეთია, საშინელება ტრიალებს აგრესიის შედეგად და აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, გაყინულია განვითარებაში.

ეს გვაძლევს ჩვენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვის საშუალებას, იმიტომ, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ყოველთვის უფრო მძაფრი რამ სჭირდება, რის გამოც შენ მხარი უნდა დაგიჭიროს. ის ტრადიციული ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც 50 პროცენტის ფარგლებში ტრიალებს, ყველა არჩევნებში ჩვენ მყარად გვყავს შენარჩუნებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

,,ისინი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და ოპოზიციის დაფინანსებას ცდილობდნენ”- ილჰამ ალიევი

აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ისინი აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო 

სენატორი ბობ მენენდესი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს მის ფედერალურ კორუფციულ საქმეში, სხვა საკითხებთან ერთად, ქრთამის აღების, მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ეგვიპტის საგარეო აგენტის როლში მოქმედებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი სენატორი მსჯავრდებულია უცხოეთის აგენტის როლში.

საადვოკატო ფირმა Wiley სენატორის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში, სენატორ მენენდესს ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს კორუფციის ბრალდებით, სავარაუდო ქრთამის აღებისთვის, რათა დახმარებოდა ნიუ ჯერსიში ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც ეგვიპტის მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებული. სენატორმა, მეუღლესთან, ნადინ მენენდესთან ერთად, მიიღო ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები ნიუ ჯერსის ბიზნესმენებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა.

2023 წლის ოქტომბერში, ფედერალურმა პროკურორებმა წარადგინეს საბრალდებო დასკვნა ახალი ბრალდებების მიხედვით, რომ მენენდესმა შეთქმულება მოაწყო ცოლთან და ნიუ ჯერსის ორ ბიზნესმენთან ერთად, რათა ემოქმედათ უცხო ქვეყნის აგენტებად ეგვიპტისთვის და აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებით ეგვიპტის ინტერესების წარმატებისთვის დახმარება გაეწიათ. ბრალდებები აღწერს მანჰეტენში, სადილზე გამართულ შეხვედრებს სენატორ მენენდესს, ნადინ მენენდესს, ბიზნესმენ ვაელ ჰანასა და ეგვიპტელ ჯერჯერობით უცნობ ოფიციალურ პირებს შორის, რომლის დროსაც გავრცელდა საიდუმლო ინფორმაცია.

Wiley-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ფედერალური კანონი უკრძალავს საჯარო მოხელეებს, იმსახურონ უცხოელ აგენტად, თუნდაც ის რეგისტრირებული იყოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მიხედვით.

სენატორი მენენდესი 12 პირისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ წარდგენილ 16-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მათ შორის, ქრთამის აღების, გამოძალვის და საჯარო მოხელის უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედებისთვის შეთქმულებაში.

,,იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს” -ლევან იოსელიანი

იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს. ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ პატიმარს შეხვდა, მათ შორის უვადო პატიმრებს და მათი მოთხოვნაა, რომ გარკვეული საკითხები იყოს მათ მიმართ გატარებული სამართლიანად.

„პირველ რიგში, მათგან, მათი ოჯახებიდან მოდის ინიციატივები. ისინი დამიკავშირდნენ და და მათ გაამახვილეს ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქრონიკულ დაავადებებზე. ასევე ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

როდესაც ოჯახურ ძალადობაზე ადამიანი დატოვებს საპატიმროს, ალბათობა იმის, რომ მან გაიმეოროს იგივე დანაშაული, არსებობს. ამას სჭირდება დაზღვევა. ამისთვის სასამართლომ უნდა გაარკვიოს დამცავი ორდერის გაცემის პირობების დროს, თანხმობა მსხვერპლის ხომ არ იყო მოპოვებული რაიმე ტიპის ზეწოლის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ქალი მსხვერპლების მიმართ შესაძლოა, რთული სიტუაცია მივიღოთ, თუ სასამართლოს მხრიდან ეს ნაწილი სკრუპულოზურად არ იქნება გარკვეული“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები არის მნიშვნელოვანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო თანხმობა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამნისტიის კანონპროექტის მუხლობრივ განხილვისას გაითვალისწინებენ.

„იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს. ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია იმ პირობებში, როდესაც საქართველო ევროპაში, სამწუხაროდ, პატიმართა რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზეა. ეს ამნისტია ამ მიმართულებითაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს – ჩვენ ასეთ მოწინავე პოზიციებზე აღარ ვიქნებით“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ბაიდენი პრეზიდენტობის ახალ კანდიდატზე ფიქრობს, რომელიც ტრამპის დამარცხებას შეძლებს – Politico

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატზე ფიქრობს, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico „დემოკრატ“ სენატორზე კრის კუნსზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, კუნსმა, რომელიც ბაიდენის უახლოესი მოკავშირეა სენატში და მისი საპრეზიდენტო კამპანიის თანათავმჯდომარეა, Aspen Security Forum-ზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყველა ვარიანტს განიხილავს, ითვალისწინებს რჩევებს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ფიქრობს იმაზე, რაზეც საჭიროა, კერძოდ, ვინ იქნება საუკეთესო კანდიდატი, რომელიც ნოემბერში გაიმარჯვებს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს „დემოკრატიული“ პარტიის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს უკეთ წარმოაჩენს“, – ციტირებს გამოცემა კუნსს.

,,ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით თანამოქალაქეებისთვის მზადდება და ათასობით ადამიანის ბედ-იღბალს ბევრად შეამსუბუქებს”- დავით მათიკაშვილი

ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მზადდება და რომელიც ათასობით ადამიანის ბედ-იღბალს ბევრად შეამსუბუქებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტია წარმოადგენს ჰუმანურ აქტს და ის ცხადდება არა კონკრეტული პირების მიმართ, არამედ მუხლთან დაკავშირებით.

„დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ითვალისწინებს იმას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ათასობით ადამიანს შეეხოს. როდესაც ასეთ დოკუმენტთან გვაქვს საქმე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიზნებით მზადდება, სპეკულაციებიც მალევე ვლინდება, რადგან ცალკეულ ძალებს სურთ საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესიდან გამომდინარე ეს რესურსი გამოიყენონ.

საშემოდგომო სესიაზე, დოკუმენტის მეორედ განხილვამდე, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი შეხედულება, მოსაზრება გააცნოს და შესთავაზოს პარლამენტს. ამაზე მსჯელობა კიდევ იქნება. მოვისმინე, რომ ომბუდსმენს აქვს გარკვეული წინადადებები. მეორე მოსმენა არის მუხლობრივი განხილვა და ამ პრინციპების შიგნით, ყველა ის მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც დასაბუთებული, არგუმენტირებული და საკითხთან ახლოს იქნება, ცხადია, ვერ დარჩება მხედველობის მიღმა და ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

,,კარგი იქნებოდა, თუ ტრამპი უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა”- აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაური

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა ჩარლზ ბრაუნმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 24 საათში დაასრულებდა უკრაინაში მიმდინარე ომს.

„თუ ის [დონალდ ტრამპი] ამას [უკრაინაში ომის დასრულებას] 24 საათში შეძლებს, ეს იქნება კარგი“, – თქვა ბრაუნმა.

ტრამპი, რომელიც „რესპუბლიკურმა“ პარტიამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა, არაერთხელ ამბობდა, რომ კონფლიქტი უკრაინაში არასდროს უნდა დაწყებულიყო. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია

სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილებოდა ტრამპის ვიზიტი უკრაინაში, თუმცა კონკრეტულზე დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ნიკიფროვმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე.

„ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს, არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ პუტინის ქმედებების განმარტებას, გამართლებას. აქ, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ არსებობს. ის ჩვეულებრივი მკვლელია, პრეზიდენტმა სწორედ ასე თქვა სატელეფონო საუბრის დროსაც. მან უამბო ნიკოლაევზე დარტყმის შესახებ, რომლის დროსაც კვლავ დაიღუპნენ უკრაინელები. განიხილეს და დაგმეს კიევსა და „ოხმატდეტზე“ 8 ივლისს განხორციელებული დარტყმაც. ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, არ დავუჯეროთ „ფეიკნიუსს“, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება, შესაძლოა, რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. და ნამდვილად, ასე ვიტყვით: დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე. განხილულ იქნა დროის გარკვეული მონაკვეთი, თუ როდის უნდა შედგეს ეს შეხვედრა, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე იმუშავებენ გუნდები და შეათანხმებენ გრაფიკებს, დეტალებს, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მანამდე სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე დაწერეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა.