Home Blog Page 765

 ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისინი, ვინც ადეიშვილის მსგავს კრიმინალებს უწოდებენ დემოკრატიის შუქურას -კახა კალაძე

როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაერო-ში.

„ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის გვარამიათი, მელიათი, უწოდებენ დემოკრატიის შუქურას. ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს საკუთარ ქონებას ართმევდნენ და სახელმწიფოზე აფორმებინებდნენ, შეზღუდული იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არ არსებობდა მედია პლურალიზმი, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მე ხომ არ ვცდები, ხომ ასე გვეუბნებოდნენ?“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„ხალხი ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ რეალურად, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კარგად ვიცით, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ამ ქვეყნის მოყვარე, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს,  ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ საკუთარ ინტერესს და ხალხს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავის აგენტურას ხელი დააფარონ. რაც არ უნდა კრიმინალები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის შუქურები არიან. როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე საქმეზე ბრალდებული, რამდენიმეზე კი მსჯავრდებული და ძებნილია, გაერო-ს შტაბბინაში იმყოფება.

 ზურაბ ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს -ანრი ოხანაშვილი

როდესაც ძებნილ კრიმინალს გაერო-ში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი,ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის მიწვევით დასტურდება მიმწვევი მხარის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიმართ. სამწუხაროა. არ შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო ქართველ ხალხს, რომელმაც განიცადა იმ რეპრესიული რეჟიმის დამოკიდებულება, რომელსაც წარმოადგენდა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი. ეს ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? – გურამ მაჭარაშვილი 

სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? – შესაძლებელია, აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ შეხვედრის გაუქმებით შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს მიაყენა.

„იმით, რომ ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და მერე თვითონ გააუქმა შეხვედრა, შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და საქართველოს. ეს რის საპასუხოდ არის იცით? როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და ამერიკელების ე.წ. დაცინვითი ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრა და მერე გაუქმება. ესეც იმის მომასწავებელია, როცა ჩვენ გვეუბნებიან, აბა, სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს? აბა, ვინ გეუბნებათ, რომ ან ომი დაიწყეო ან ტრადიციები გააუქმე? ა, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება და როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი „უცხოელი მეგობრები“, ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ა, ბატონი, პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს და ქართველი ხალხის ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება უთხრეს, რომ იცოდე დანიშნული იყო შეხვედრა და ახლა ასეა საჭირო და გავაუქმეთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელ ხალხს ნამდვილად უნდა პარტნიორული ურთიერთობა და თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის

მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“.

„1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ატარებს, არის იქ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებითაა დაკავებული. მას მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, ეს მდგომარეობა გვაქვს. ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მისთვის აღარანაირი წესი არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია, როგორც თანამდებობა.

ხედავთ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს. მათ შორის, ამ რაღაც წინასაარჩევნო პერიპეტიებით დაკავებულია, რომელიც მისი საქმე არ არის და ამ დროს კონსტიტუციასაც არღვევს. მაშინ, როდესაც ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და მას 1 000 ადამიანი ელოდება. ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი თავის ოჯახებში არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით, დიდი პოლიტიკითაა დაკავებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თიბისის მხარდაჭერით 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐4-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 22 გამარჯვებული გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

თიბისის ტექგუნდის და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ბანაკში გოგოებმა ისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოს, მეწარმეობის ვორქშოფზე შექმნეს სახალისო პროექტები, გაეცნენ Low Code ვებ-დეველოპმენტს OutSystems პლატფორმაზე. ასევე, შეისწავლეს თამაშების შექმნის საწყისები და შექმნეს მარტივი თამაშები. მოისმინეს საინტერესო ლექციები STEM კარიერაზე, სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მწვანე ენერგიაზე და დიდი ენის მოდელების სამეცნიერო საფუძვლებზე. დამოუკიდებლად გაარჩიეს და წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის უახლესი აპლიკაციების შესაძლებლობები.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

R

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – მოვუწოდებ ყველას, იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ – პაპუაშვილი

როდესაც დასავლური სამყარო რუსეთთან იმის გამოა დაპირისპირებული, რომ რუსეთი გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს არღვევს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი! – მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ! – ეს განცხადება მედიასთან დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მისივე აზრით, „მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის“.

„გარე ჩარევასთან დაკავშირებით გავასაჯაროვეთ 21 დღის განმავლობაში გაკეთებული 90 განცხადება – აიღონ ეს განცხადებები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სახელები და გვარები რუსული სახელითა და გვარით შეცვალონ და შემდეგ დაფიქრდნენ, ამას უწოდებენ თუ არა ჩარევას.

რა თქმა უნდა, ადგილი აქვს საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის. ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის – ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა, რაც გაერო-ს წესდებითაა გარანტირებული.

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის ამომრჩეველზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენა, რაც ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სტანდარტები კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და არა ფარისევლურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში – პაპუაშვილი

მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რას ელის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიული კანონპროექტის, “ქართველი ხალხის აქტის” განხილვის შედეგად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას.

„მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი. ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური შედეგების მანიპულაციის საკითხში და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა მაშინ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა ან რა არ იცოდა, ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიცია- ხელისუფლებას შორის და თუკი დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახებს 19 აპრილის შეთანხმების წინაპირობები რამდენად კეთილსინდისიერი იყო მხარეების მხრიდან.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს” განიხილავს.

“ქართველი ხალხის აქტი” სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს – კახა კალაძე

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაცბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს,  საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.

„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.  

ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს. 

ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირებს, ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.

„მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფმა ჩვენმა ხალხებმა შეძლეს ისეთი მეგობრობის დამყარება, რომელიც დროსა და საზღვრებს სცდება და ერთმანეთის გვერდში დგომას გულისხმობს.

სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისა და მეგობრობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ისტორიული მეგობრობისა და ძმობის პოლიტიკა, რომელმაც მრავალ სირთულეს გაუძლო და ჩვენი ხალხების სულიერი და მატერიალური გამდიდრების საწინდარს წარმოადგენს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა. ხშირად ხდება ვიზიტების გაცვლა სხვადასხვა დონეზე. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ განსახილველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მრავალი საკითხი.

სრული მზაობა გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი ხელშეწყობისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესშია.

„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! სომხეთს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, თბილისობა წელსაც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეებს. წელსაც 5 და 6 ოქტომბერი იქნება დედაქალაქის დღეები, „თბილისობა“, რომელიც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე გაგიზიარებთ. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი, ეს იქნება დედაქალაქის დღეები და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ.

„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ,-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა. აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.