Home Blog Page 764

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თავისი მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება მოწმის სახით დაკითხავს.

„როიტერის“ ცნობით, პრემიერს გამომძიებელი მოსამართლე მისავე რეზიდენციაში 30 ივლისს დაკითხავს.

სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო. კერძოდ, სასამართლო ცდილობს, დაადგინოს, ისარგებლა თუ არა პრემიერის მეუღლის სტატუსითა და მდგომარეობით გომესმა, რათა მიეზიდა სპონსორები იმ უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამაზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. თავად ბეგონია გომესი წინასწარი მოკვლევის ფარგლებში სასამართლოში 19 ივლისს გამოცხადდა, თუმცა, ადვოკატის რჩევით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

ამ სკანდალის შედეგად ჯერ კიდევ აპრილში პედრო სანჩესი პრემიერის პოსტიდან გადადგომასაც განიხილავდა.

ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რაიმე ფორმით საარჩევნო ბარიერი გადალახონ რატი ბრეგაძე

ზოგადად, ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გახარიამ, გნებავთ, ხაზარაძემ და მათმა პარტიებმა რაიმე ფორმით 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ. არ ვფიქრობ, რომ მათი მოწოდებები რაიმე სხვა მიზანს ემსახურებოდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს -რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს – საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის აზრით, ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესში იმ პროგრამით მონაწილეობა, რაც ქარტიაშია გაწერილი, ოპოზიციურ ფლანგზე მეტი სიცოცხლის შემტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

„ჯერ არის დრო და თითოეულ ბლოკს შეუძლია, გარეთ დარჩენილი პარტიებით, პოლიტიკური ჯგუფებით და ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებით გაძლიერდნენ. არ უნდა მოხდეს, რომ გარეთ დარჩეს რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ერთმა ან ორმა პროცენტმა შეიძლება, ბევრი რამ გადაწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო კამპანია ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესში იმ პროგრამით მონაწილეობა, რაც ქარტიაშია გაწერილი, ოპოზიციურ ფლანგზე, შეიძლება, მეტი სიცოცხლის შემომტანი აღმოჩნდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანმა, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.

მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

ევროკავშირის საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში პირველი დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

„პირველად, ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ამ დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში. კონკრეტულად, მიღებული დახმარების ღონისძიება საშუალებას მისცემს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი განლაგებული კარვების ბანაკის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საბჭოს პრესრელიზში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება.

„ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ეს ზომა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის მდგრადობას. ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესი, გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ასევე განვიხილოთ სომხეთის სამომავლო მონაწილეობა ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებში და ოპერაციებში“, – აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის სომხეთთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მიზნად ისახავს სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.

ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის – ოლაფ შოლცი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო, აჩვენა, რომ მზადაა თავისი ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

„დიდ პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ბაიდენმა ასევე წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მანამდე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა აღიარებას იმსახურებს.

„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, შეერთებული შტატები კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა X-ზე.

თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ -ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.

„ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტიო როგორ ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდება იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო. ერთი მხრივ, მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენური ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია.

„ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი, მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა, გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 12:08 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკადან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

დღეს ნატო-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს -ირაკლი კობახიძე

დღეს ნატო-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ნატო-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში.

„თვითონ ნატო-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს. ვითარება როცა შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ გაფართოებასთან დაკავშირებით დღეს ნატო-ს მხრიდან აქტიური საუბარი არ ისმის, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი – პრემიერი

ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა შეიცვლება დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მისი თქმით, ოპოზიციას ტრამპის მიმართ რიტორიკა შეცვლილი აქვს.

„ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით, ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ.

გავიმეორებ, ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. მაგალითად, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და იმ დროს, როდესაც მიენიჭა მაგალითად, დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან უხეში უსამართლობა. ასეთი უსამართლობები, მგონია, რომ აღარ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, -განაცხადა კობახიძემ.

ცესკომ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ადამიანური რესურსის გაძლიერება,  ინფორმირების უპრეცედენტო კამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებულ აქტებზეც იმსჯელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მოსამართლეებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა. საკუთარ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.

გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა.

შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა დმიტრო ტრეტიაკოვმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. ხოლო  IFES-ის  მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე ტიფეინ რობლომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა.

ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქ. ბათუმში 20-21 ივლისს გაიმართა, მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძე და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

საარჩევნო დავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მთლიანობაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სასამართლო კორპუსისთვის საარჩევნო საკითხებთან და სიახლეებთან, ასევე მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებმა ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო და ყველა არჩევნების წინ იმართება.

სამუშაო შეხვედრა  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES)  და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.