Home Blog Page 761

,,არჩევნების მუშაობის დროს კომისიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არასდროს დასტურდება” – ნათია იოსელიანი

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები ხშირად ისმის, თუმცა არჩევნების მუშაობის დროს კომისიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არასდროს დასტურდება.

„ყოველი არჩევნების წინ გვესმის ბრალდება, მაგრამ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის დროს არასდროს დასტურდება მსგავსი ბრალდებები. ჩვენ მოვუწოდებთ და კიდევ გვინდა შევახსენოთ ჩართულ მხარეებს, რომ დააკვირდნენ არჩეული საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობას. ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ჩემი სამშვიდობო მისია ჯერ არ დასრულებულა – გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ესკალაცია.

ორბანის თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ მან „სამშვიდობო გეგმა“ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელიც მოგვიანებით მედიაში გაჟონვის გამო გამოაქვეყნა.

„დავწერე, ივლისის დასაწყისში რომ გარკვეული რამ გაგვეკეთებინა, შეგვეძლო ამ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება უახლოეს ორ-სამ თვეში, ახლა, თუ შევადარებთ ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას, სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ვიდრე მაშინ იყო“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.

”მე მასზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდი, ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ორბანმა.

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას – დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება – ბიძინა ივანიშვილი

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქვეყნებს.

„4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!“, – წერს ივანიშვილი განცხადებაში.

პუტინი მოძალადეა, ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს – არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს, გვახსოვდეს ეს – უილიამ ბერნსი

დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

შეკითხვაზე, ღელავენ თუ არა ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში იმის გამო, რომ უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოოყენების ნებართვის მიცემამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს, უილიამ ბერნსმა უპასუხა: „არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა მიიღოს ესკალაციის რისკი მსუბუქად“ და დასძინა, რომ ომის პირველი წლის განმავლობაში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში რეალურად არსებობდა აზრი, რომ რუსეთს, უკრაინის ბრძოლის ველზე, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

„იყო მომენტი 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ვფიქრობ, რომ არსებობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების რეალური რისკი“, – განაცხადა ბერნსმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ასეთი შეშფოთება ძალიან სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული.

„არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენ ამით ზედმეტად უნდა დავშინდეთ“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და ანდრეი ერმაკის მოადგილეები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციიით, პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში დიმიტრი ლიტვინი გახდა, ხოლო მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ალექსანდრე კამიშინი.

პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილება ეხება ვიქტორ მიკიტას ტრანსკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას.

გარდა ამისა, იგივე თანამდებობა მიიღო ყოფილმა მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმაც.

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა – სერგეი ლავროვი

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, უმეტესწილად, რუსეთის ძმები არიან.

„ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf


საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის  ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი – ჯეიმს ო’ბრაიენი

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.

აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ, ეს კანონი ამას არ აკეთებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ამასთან, მან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არჩევნებზე შესაძლო გავლენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს კანონი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს.

„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ამასთან, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს და ამერიკული ორგანიზაციების – NDI-ისა და IRI-ის მისამართითაც ისმის ბრალდებები თბილისში თითქოს ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს.

როგორც ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები კი ძალიან გამჭვირვალეა.

„ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

კითხვაზე აშფოთებთ თუ არა რუსული შესაძლო ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში, ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, რომ რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.

„მინდა იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი – ევროპასა და შეერთებულ შტატებში – საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თავშესაფარი მოითხოვა, – ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ედმუნდო გონსალესი, მისივე თხოვნით, ესპანეთში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა. ესპანეთის მთავრობა ერთგულია ყველა ვენესუელელის პოლიტიკური უფლებებისა და ფიზიკური მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ედმუნდო გონსალესს ვენესუელას ოპოზიცია და რამდენიმე უცხოური ქვეყნის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას მთავრობამ მისი დაკავების ბრძანება გასცა.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ედმუნდო გონსალესს უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცა, რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობისთვის.

რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, – აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

“ცოტა მეშინოდა, რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე, მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე”-გურამ კაშია

დღეს დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით დღეს, მეშინოდა რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდაგვექნებოდა, ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით – რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე. მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე”. – განაცხადა გურამ კაშიამ

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.

ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია -ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო 4:1, კვარაცხელიამ კი ანგარიში პენალტით გახსნა.

„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ჩემი აზრით, ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ. იყო შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამას გავაანალიზებთ. 4:1-ით მოგება ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც ჩეხეთია, ძალიან მნიშვნელოვანია.

თითქმის ყველა შექმნილი ეპიზოდი გამოვიყენეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება, რაც ალბანეთთან სტუმრად კარგი თამაშით უნდა გავამყაროთ.

საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან დღეს ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ – ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება, თანაც ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან კარგია.

ყველა გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი თამაშით ბედნიერი ვარ. შევეცდები, გოლები სხვა მატჩებშიც გავიტანო და საქართველოს ნაკრებს ყველანაირად დავეხმარო, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.