Home Blog Page 76

ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ -ხათუნა სამნიძე

მინდა განსაკუთრებულად მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს- ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დრო დადგა, როდესაც ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ“.

„მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაღლილობისა, შესაძლებლობის, მაინც ნახა ძალა, წავიდა არჩევნებზე და ელოდება გამარჯვებას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის განსაკუთრებული ძალა არიან, მათ შორის ჩვენც. მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ისინი ევროპაში უკვე არიან, ჩვენ ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები და დადგა დრო, როცა ეს მომავალი უნდა დავიცვათ. ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ შვილებს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება აღიაროს ეს შედეგი, საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა სამნიძემ.

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე – წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! – ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა „დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“.

„რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. თვეების განმავლობაში და კონკრეტულად დღეს, მართლაც გაკვირვებულები, გულანთებულები ვუყურებთ ემიგრანტებს, მათ რიგებს საარჩევნო უბნებთან, ადამიანების განწყობებს, რომ არ დათმონ ქვეყანა და მოიპოვონ ევროპული მომავალი. მინდა მივმართო ყველას, წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე. უბრალოდ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვნახეთ წვიმა და სხვადასხვა ბარიერი, მაგრამ არაფერმა გააჩერა ეს ხალხი. პირიქით, ჰიმნებით, დიდი შემართებით მიდიან საარჩევნო უბნებში. ასე გავაგრძელოთ ეს დარჩენილი საათები. ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, სრული პასუხისმგებლობით გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მიცემული ხმა დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისთვის მიმართული იქნება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – ლონდა თოლორაია

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, – ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარებს.

თოლორაიას თქმით, საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია ასევე გამოიკვეთა სამეგრელოსა და თბილისში.

„16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. „ჩემი ხმას“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ – განაცხადა თოლორაიამ.

თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა-კახა კალაძე

თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს დაჯგუფება განწირულია მარცხისთვის“.

„ინფორმაცია ჩვენც შემოგვდის და გვაქვს ხელმისაწვდომობა. არც ერთი ფაქტი არ არის დატოვებული რეაგირების გარეშე. ყველა დაპირისპირების ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“. უსწორდებიან ახალგაზრდებს, პირდაპირ აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ ამის კადრებიც ვიხილეთ მაგალითად, ისანში, როგორ მიუვარდნენ ახალგაზრდებს, დაუპირისპირდნენ და შემდეგ როგორ გაიქცნენ. რა თქმა უნდა, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას. ვაშაძის ბრიფინგი ჰქონდა და მანაც თქვა ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ და მშვიდად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ,“ – განაცხადა კალაძემ.

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მას გაფრთხილება მისცა.

საქართველოს მოქალაქემ საელჩოს კედელზე საღებავით წარწერები გააკეთა და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი გადახაზა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს შენობებზე მსგავს ვანდალურ ფაქტებს მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი.

 ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე ოპოზიციის რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან-კახა კალაძე

ჩვენ ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე, ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან, – განაცხადა პარტიის ცენტრალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ როდესაც მმართველი პარტია მზადაა მიიღოს ცესკო-ს შედეგები, იგივე მოლოდინი აქვს თუ არა ოპოზიციისგან.

„ქვეყანაში გვყავს რადიკალური დაჯგუფება, სადაც არიან ყველაზე ბოროტი ადამიანები. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფრის მკადრებლები არიან. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა მიიღებს იმ შედეგებს, რომელსაც გამოაქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ვენდობით ცესკო-ს მონაცემებს, ენდობიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა საელჩოს მხრიდანაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ტარდება საქართველოში ელექტრონული არჩევნები, ესეც მისასალმებელია. ჩვენ ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე, ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან“, – აღნიშნა კალაძემ.

ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში-კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროა ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მისვლა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

კახა კალაძის თქმით, 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და თითოეული ამომრჩევლის ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშე, ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა გჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ამისთვის თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა არ გავაგრძელებ და არ ვიტყვი იმას, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამაზე, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, საქართველოს მშვიდობიანი, ღირსეული და ნათელი ევროპული მომავალი – მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც მოწოდებულია, ყველაფრის ფასად დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები. მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობით ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ისანში, “ნაცმოძრაობის” ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს -გიორგი ჩაკვეტაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ისანში, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

„ისანში, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომენტალურად ამ უბნებთან ჩნდებიან „ტვ პირველის“ ჟურნალისტები.

მივმართავ ამ ჯგუფებს, თავი დაანებონ პროვოკაციებს, თორემ ყოველ ასეთ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!

ნახეს აქტივობა, დარწმუნდნენ რომ პირწმინდად მარცხდებიან და აღარ იციან რა მოიგონონ. მივმართავ ჩვენს გულმხურვალე მხარდამჭერებს, მეგობრებო, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კოორდინაციაში ვიყოთ შტაბებთან და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს ჩაკვეტაძე.

https://www.facebook.com/reel/521744220825986

15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს – ცესკო

კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს.

ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში. რამდენიმე ქვეყანაში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი დროის შესაბამისად 08:00 საათიდან შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური განცხადებებისა, თითქოს ისრაელში საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნებოდა, რამათ-განის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაც სწორედ ცესკოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. მათ შორის შეგახსენებთ რომ  ცესკომ 11 ოქტომბრის დადგენილებით შესაძლებელი გახადა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები იქნებოდა, გარდაქმნილიყო სპეციალურ ჯგუფად და ჩაეტარებინა კენჭისყრა. სწორედ სპეცჯგუფის სტატუსით ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას ისრაელში.

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია  133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.

გლდანში, მესამოცე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ.

მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას გაერკვიოს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას, რა თქმა უნდა, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას სასწრაფოდ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.

ასევე ვეხმაურები, მარნეულის საოლქო კომისიის დაქვემდებარებაში არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ხორციელდება ვერიფიკაციის აპარატებში ხმების ჩაწევა, მაშინ როდესაც ამ აპარატებში ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, ხმის ჩაწევის შესაძლებლობის რაიმე თეორიაც რომ არსებობდეს, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირმა, ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მივმართავ ყველა ამ ინფორმაციის ავტორს, გთხოვთ პატივი სცეთ საზოგადოებას, ამომრჩეველს და მივაწოდოთ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, სადაც გარკვეულ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი იმდაგვარად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა კომისიამ უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაგიზიარებთ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს -უნგრელი დეპუტატი

არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, – ამის შესახებ უნგრელი ევროპარლამენტარი და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრას აურელ ლასზლო სოციალურ ქსელში წერს.

„გამარჯობა! საქართველოში დღეს ხმის მიცემა მიმდინარეობს! არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. მოქმედებს პირადობის მოწმობების მკაცრი შემოწმება, ხმების ელექტრონულად დათვლა უფრო სანდოა და ასევე, ოფიციალური დათვლა ყველა ბიულეტენის ხელით დათვლას მოიცავს. ეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შედეგების სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს და გაურკვევლობას არ დატოვებს. პირობები ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. მოსალოდნელია აქტივობის მაღალი დონე, რაც შედეგებს ძლიერ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას მისცემს “, – წერს ანდრას ლასზლო.

სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე – მამუკა მდინარაძე

მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“.

„მაგალითად, ბოლო საათნახევრის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება, ცოტა მეტიც. ისინი მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა. მაქსიმუმ, რამდენი ჯგუფი ეყოლება „ტვ პირველს“? მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს – ამომრჩევლებს და ასე შემდეგ. რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ მან ბრიფინგზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი ჩართო: „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად“.

„აი, ეს არის ყველაფერი, ამით ყველაფერია ნათქვამი. „ტვ პირველი“ ანუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, – „ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად. და რატომ – მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ხანდახან პასუხსაც იღებენ, თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე, მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.