Home Blog Page 75

მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა „ოცნების“ – არ დაგავიწყდეთ ეს – გიორგი გახარია

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში – ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო.

„მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტია ქვეყნის განვითარებისთვის, მისი ბედისთვის, საქართველოს მოქალაქეები დგებიან და მოქმედებას იწყებენ. ამის დამადასტურებელია ამომრჩევლების ის ძალიან მაღალი რაოდენობა, რომლებიც დღეს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა იმისთვის, რომ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში. ისე, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ და საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ხმის მიცემა არა ცემა-ტყეპის, გინების, ყვირილის, წივილის და ამ ქაოსის პირობებში.

სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტიამ, კონკრეტულად, ადამიანებმა არ მისცეს შსს-ს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ პოლიციელებს ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. ეს სულ მალე გახდება ნათელი იმიტომ, რომ პოლიციის ის უმოქმედობა, რომელიც დღეს ჩვენ დავინახეთ, ვერ და არ შეიძლება რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელიდან გამომდინარე იყოს.

ამასთან, მინდა ამ არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გითხრათ. მოგეხსენებათ, რომ ცესკო-მ თავისივე საიტზე გამოდო თავისი ყოველდღიური განცხადებების გეგმა. მათ დაახლოებით, ყოველ ორ საათში საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე. ცესკო-მ ნება იბოძა და დღის განმავლობაში, ახლა, მეორედ გააცნო საზოგადოებას, როგორია არჩევნების მიმდინარეობა. მაშინ, როდესაც „ოცნების“ პარტიულ პორტალზე გამოდებულია ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ცესკო-ს ფუნქციონალი, პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა.

მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო – მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში „ოცნების“. არ დაგავიწყდეთ ეს. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის სხვაობა იქნება უკიდურესად დიდი და მასშტაბური”- ირაკლი კობახიძე

დაახლოებით ორ-სამ საათში ვნახავთ, ოპოზიციის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და, რა თქმა უნდა, მათ არ ეყოფათ ღირსება, რომ აღიარონ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის სხვაობა იქნება უკიდურესად დიდი და მასშტაბური.

„არცერთ პარტიას არ აქვს ღირსება, არცერთი პარტიის ლიდერს არ აქვს ღირსება. შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნებში მარცხს, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი, შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს, სხვაობა იქნება უკიდურესად  დიდი და მასშტაბური „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ გაუჭირდებათ, შეეგუონ ამ მარცხს. საკუთარი ღირსების დეფიციტი არ მისცემს მათ ამის საშუალებას, თუმცა მათი გადასაწყვეტი არ არის, რეალურად როგორ გაგრძელდება პროცესები. არც არჩევნების მოგების რესურსი არ აქვთ და შესაბამისად, არ აქვთ არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს ქართველი ხალხი სწორედ იმიტომ გამოვიდა ასე მობილიზებული საარჩევნო უბნებზე, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ამორალური სახეები და ძალები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, მათ არ აქვთ არც არჩევნების მოგების რესურსი, არც ქუჩის რესურსი“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიცია აღნიშნავს უცხოეთის უბნებზე გამარჯვებას, რამდენად დამაჯერებელია მათი ეს განცხადებები?“, – ირაკლი კობახიძის განმარტებით, საზღვარგარეთის უბნებზე საერთო სურათი ასეთია ხოლმე, თუმცა ოპოზიციას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან, ამომრჩევლების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ეს უბნები არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა.

„ოთხი უბანია სულ აღმოსავლეთის მხარეს, ავსტრალია, იაპონია და ასე შემდეგ. სულ ასეთი ოთხი უბანია, სადაც თითოეულში 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. იცით, რომ საერთო სურათი საზღვარგარეთის უბნებზე არის ხოლმე ასეთი. საზეიმო არაფერი აქვს ოპოზიციას, წინა შემთხვევაშიც მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ აიღო 30 პროცენტი, თუმცა გახსოვთ, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. რეალობაა, მაგრამ საზეიმო არაფერი აქვთ, სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს. არის რამდენიმე უბანი, ჯამში 200-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ორ საათში ვილაპარაკებთ, რამდენ უბანზეც წააგებთ საქართველოში. არ არის რელევანტური, სადაც ჯამში 200 ამომრჩეველი მონაწილეობდა, 200-იც არ იყო, ჯამში ასი ამომრჩეველი მონაწილეობდა. შესაბამისად, არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა ეს უბნები. 3 000-ზე მეტ უბანს წააგებთ მთლიანობაში, ამას ნახავთ ორ საათში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკო: პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს

გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.

ცესკო ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება  ცესკოში. რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ უბნებზე ასევე  გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია  ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა  და Youtube-ზე განხორციელდება.

,,პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს”- პრემიერი

პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები მშვიდად წარიმართება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი აქტივობა. პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რასაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. ამ გამარჯვებამდე არის დარჩენილი სულ რაღაც 2 საათი.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, თქვენ ხედავთ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში არის მთლიანად და ასევე საზღვარგარეთ შექმნილი 3111 უბანი და ამ 3111 უბნიდან არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება, აღარ არის უბნებზე ასეთი მცდელობები და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი საათის განმავლობაშიც საარჩევნო პროცესები სწორედ ასე გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. სადაც კონკრეტული ჟურნალისტი და კონკრეტული დაჯგუფება არ იყო წარმოდგენილი, ყველგან არჩევნები წარიმართებოდა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში.

რაც შეეხება თვითონ ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია, ალბათ, 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს , რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს, მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, ასე რომ, არავის აქვს შესაძლებლობა, ვინმეს რამე აიძულოს -საერთაშორისო დამკვირვებელი ულრიხ ზინგერი

ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემის უფლება ყველას აქვს და შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, – ამის შესახებ გერმანიიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ულრიხ ზინგერმა განაცხადა, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება.

ულრიხ ზინგერის თქმით, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად, იძულების ფაქტიც არ გამოვლენილა, ვინაიდან, ზინგერის განმარტებით, ხმის ფარულად მიცემისას, შეუძლებელია, ვინმეს რამე აიძულო.

„ვფიქრობ, ვერავის აიძულებენ ხმის მიცემას და აქაც არავინ იყო ისეთი, ვისაც იძულებით ხმა მიაცემინეს, რადგან თქვენ გაქვთ ფარულად ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ დროს არ არის შესაძლებელი, ვინმემ გაიძულოთ ხმის მიცემა“, – აღნიშნა ულრიხ ზინგერმა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ზინგერის შეფასებით, კარგი იქნება, თუ მსგავსი მეთოდი გერმანიაშიც დაინერგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ხმები ითვლება ორჯერ – აპარატისა და შემდეგ ადამიანების მიერ, რაც გაყალბების რისკს ხსნის.

„ვფიქრობ, გერმანიაშიც კარგი იქნება. ჩვენ გვაქვს ხელით დათვლა, როგორც ადრე თქვენც გქონდათ. ახლა თქვენ გაქვთ ორჯერ დათვლის შესაძლებლობა. ერთხელ ითვლება აპარატის მიერ, შემდეგ ისევ ადამიანების მიერ და არ არსებობს გაყალბების რისკი“, – განაცხადა ულრიხ ზინგერმა.

,,ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება”- კობახიძე

ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჯერ კიდევ არის დარჩენილი ორი საათი, მოსასვლელია ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, დიდი უპირატესობთ მოვიგოთ, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 50.6%-ს შეადგენს, რაც ჯამში 1 768 816 ამომრჩეველია -ცესკო

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი – 51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%; ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა ქართლი – 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი – 52.38%; რაჭა ლეჩხუმი – 61.81%; იმერეთი -51.26%; გურია – 53.74%; აჭარა – 53.05%.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 42,04%-ს, 2020 წელს კი –45,77%-ს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

,,ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან”- საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო

საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრაშ ლასლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ცალკეული მოვლენების გამოკლებით, რომლებიც მარნეულისა და ბაღდათის საარჩევნო უბნებზე მოხდა.

ლასლოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა პოზიციას იცავს ის ხალხი, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან.

„ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რა პოლიტიკურ პოზიციას იცავენ, რა პოზიციაზე დგანან?! რასაკვირველია, არჩევნები უნდა იყოს მრთელი, უნდა იყოს სრული, დაცული და შესაბამისად, რაც იქ ხდება სამწუხაროა, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ხომ ცალკეული შემთხვევაა. ყველაფერი დანარჩენი უნდა მიმდინარეობდეს სრულად და ჩვენ აი ამ ერთ შემთხვევაზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ გადავიხრებით მხოლოდ ამ მომენტის მიმართულებით, მე და ჩემს კოლეგებს თავად არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, რაიმე უარყოფითი მომენტი, ჩვენ ველაპარაკეთ ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს, შესაბამისად მე მჯერა, რომ საარჩევნო კომისიის შესაბამის ჯგუფებს შეუძლიათ, რომ იზოლირება მოახდინონ ამ უარყოფითი ქმედებებისა“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ -ხათუნა სამნიძე

მინდა განსაკუთრებულად მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს- ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დრო დადგა, როდესაც ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ“.

„მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაღლილობისა, შესაძლებლობის, მაინც ნახა ძალა, წავიდა არჩევნებზე და ელოდება გამარჯვებას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის განსაკუთრებული ძალა არიან, მათ შორის ჩვენც. მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ისინი ევროპაში უკვე არიან, ჩვენ ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები და დადგა დრო, როცა ეს მომავალი უნდა დავიცვათ. ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ შვილებს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება აღიაროს ეს შედეგი, საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა სამნიძემ.

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე – წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! – ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა „დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“.

„რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. თვეების განმავლობაში და კონკრეტულად დღეს, მართლაც გაკვირვებულები, გულანთებულები ვუყურებთ ემიგრანტებს, მათ რიგებს საარჩევნო უბნებთან, ადამიანების განწყობებს, რომ არ დათმონ ქვეყანა და მოიპოვონ ევროპული მომავალი. მინდა მივმართო ყველას, წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე. უბრალოდ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვნახეთ წვიმა და სხვადასხვა ბარიერი, მაგრამ არაფერმა გააჩერა ეს ხალხი. პირიქით, ჰიმნებით, დიდი შემართებით მიდიან საარჩევნო უბნებში. ასე გავაგრძელოთ ეს დარჩენილი საათები. ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, სრული პასუხისმგებლობით გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მიცემული ხმა დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისთვის მიმართული იქნება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – ლონდა თოლორაია

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, – ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარებს.

თოლორაიას თქმით, საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია ასევე გამოიკვეთა სამეგრელოსა და თბილისში.

„16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. „ჩემი ხმას“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ – განაცხადა თოლორაიამ.

თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა-კახა კალაძე

თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს დაჯგუფება განწირულია მარცხისთვის“.

„ინფორმაცია ჩვენც შემოგვდის და გვაქვს ხელმისაწვდომობა. არც ერთი ფაქტი არ არის დატოვებული რეაგირების გარეშე. ყველა დაპირისპირების ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“. უსწორდებიან ახალგაზრდებს, პირდაპირ აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ ამის კადრებიც ვიხილეთ მაგალითად, ისანში, როგორ მიუვარდნენ ახალგაზრდებს, დაუპირისპირდნენ და შემდეგ როგორ გაიქცნენ. რა თქმა უნდა, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას. ვაშაძის ბრიფინგი ჰქონდა და მანაც თქვა ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ და მშვიდად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ,“ – განაცხადა კალაძემ.