Home Blog Page 75

“დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული” – გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დაგეგმარების და ორგანიზების პროცესი ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული.

მისი განმარტებით, ამაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს, მათ შორის, ელექტრონული ტექნიკის მუშაობის გამართულობის მაჩვენებელი.

“დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არც ერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დრო, აპარატების 1%-ი გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება

ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯნაში ეპატიჟება.

ალიევის მილოცვას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერო, გულითადად გილოცავთ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სსამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ამის შემდგომაც ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.

ჩემს საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მეგობარ საქართველოს ხალხს“, – ნათქვამია აზრბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში.

,,განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა”- ვანო ნადირაძე ოპოზიციას

იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები, – ასე ეხმიანება უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.

ის აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია თვლის, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა , მაშინ ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ, მაგრამ მათ ამის თქმისაც ეშინიათ.

“იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები. 12 წელი რომ ყველა საპროტესტო აქციებზე რომ ხელებ აწეული დგახართ , გცემენ ,გირტყავენ და მაინც რომ გაიძახი ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო. დღემდე რომ ვერ გაითავისეთ რომ ესეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით რომ ვერ დაამარცხებთ. წეღან ითქვა რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციაა საჭირო ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ. ეხლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით მინიმუმ 5 ჩემ სამშობლოს მტერს  ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი  არ გაქვთ. დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა. აუ თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი იმასაც ხო ვხდები. ამ პოსტს წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ქოცებზე მაგრად ვერ ამიტანთ. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ , ხოდა მეც მაგას ვაკეთებ ეხლა, ვნახოთ ხვალ ,ზეგ…. დანარჩენს უკვე მერე გეტყვით.” – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს, პროევროპული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები „მოპარულია“- „ბიბისი“

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს, პროევროპული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები „მოპარულია“, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„საქართველოს მზარდად ავტორიტარულმა მმართველმა პარტიამ გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა მისი მკაფიო უპირატესობა აჩვენა გადამწყვეტ არჩევნებში, რომლებიც ფოკუსირებულია ევროპისკენ ქვეყნის მომავალ გზაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ხმების 72%-ის დათვლის შედეგად 53%-ს იღებს. წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა დასავლური კვლევითი კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისგან და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მათ სჯერათ, რომ „ქართველ ხალხს ხმები მოპარეს”, – წერს „ბიბისი“.

ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციის ლიდერების კომენტარები მოჰყავს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ. ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო გადატრიალება“ მოაწყო. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ მანამდე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ოთხმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც ცდილობენ მისი 12-წლიანი მმართველობის დასრულებას, კონკურენტულ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით გამარჯვება გამოაცხადეს.

„შაბათს რუსეთთან მოსაზღვრე სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში, არჩევნებზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივიდა და ვრცელდებოდა მრავალი ცნობა ხმის მიცემის პროცედურის დარღვევების და საარჩევნო უბნების გარეთ ძალადობის შესახებ“, – წერს „ბიბისი“.

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს, ბრავო! – პიტერ სიიარტო

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ.

მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.

+17 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

🌦 ქ. თბილისში 27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +17 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 ოქტომბერს  ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ცესკომ მონაცემები განაახლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმათა 54,24% აქვს (1 087 801 ხმა).

რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები, ჯამში, 37.33%-ს შეადგენს:

“კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 10.81% (216 691 ხმა);

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.07% (201 937 ხმა);

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” – 8.72% (174 921 ხმა);

“გახარია საქართველოსთვის” – 7.73% (154 916 ხმა).  

საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა).

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ხმების 8.449% (1595 ხმა) მოიპოვა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

არჩევნები მოპარულია, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება, ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი და ვენესუელა, ეს საქართველოა -ნიკა გვარამია

არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა ამ ქვეყანაში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი.

„ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენ კოალიციას იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე „ქართული ოცნება“ აგებს პასუხს იმ წესით, რომელსაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა, მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, კოალიციის გადაწყვეტილება არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

„ჩვენი აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ – თინა ბოკუჩავა

ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ცესკო-მ შეასრულა „ქართული ოცნების“ ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვება არის ოპოზიციის მხარეს.

“დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც ქაჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციური ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. შევხვდით ჩვენს პროევროპელ მომავალ კოალიციურ პარტიებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ცესკო-ში არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი გაკეთდა “გირჩში” – პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მონაცემებში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა თავისი პარტიის შედეგით იმედგაცრუებულები არიან.

“ბუნებრივია, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ ჩვენთან ბრძოლაში, პოსტებს წერდნენ და აფინანსებდნენ, რომ “გირჩისთვის” არ მიეცათ ხმა, როცა ეს სიტუაცია გვქონდა და თუ იმაზე ნერვიულობ, რომ ვიღაცას 5%-ის ნაცვლად 4% ჰქონდეს, ეს არის მთავარი მიზეზი, მერე რა თქმა უნდა მთავარი შენი ოპონენტი 50%-ს გადაცდება. მემგონი ეს რაღაც განაჩენია, მათ შორის ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის.

ჯერჯერობით არაფერი ეტყობა იმას, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ფაქტობრივად მშვიდად ჩატარდა, აქტივობა მაღალი იყო, თუ რამე ისეთი არ ამოვარდა ამ საათებში, ეჭვი მეპარება რამე ამოვარდეს, არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვ ქვეშ დააყენოს”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საია – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 21 საჩივარი , – ამის შესახებ საიას სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, საიამ დააფიქსირა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა;

საია აღნიშნავს, რომ 21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა.

„საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ 21:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას.

საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების შესახებ მონაცემებს, ასევე იმ ტენდენციებს, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 21 საჩივარი.

უბნების შიგნით და უბნებიდან 100 მეტრის პერიმეტრში ისევ გაგრძელდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შეკრება.

საიას დამკვირვებლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე – კომისიის წევრი, ხოლო უბნის გარეთ – უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. გამოვლინდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომლებზეც საიამ ცალკე განცხადება გაავრცელა.

საიამ, ასევე, აღრიცხა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა; კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

საია არჩევნების დღის საბოლოო შეჯამებას ხვალ 11:00 საათზე შესთავაზებს საზოგადოებას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.

საარჩევნო უბანზე საია წარმოდგენილია როგორც სტატიკური, ისე მობილური დამკვირვებლებით. ისინი მონიტორინგს უწევენ საარჩევნო პროცესს უბნის გახსნის მომენტიდან და დარჩებიან უბნებში იმ დრომდე, სანამ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ შედგება. ასევე, საიას 30 ოლქის დამკვირვებელი შესაბამის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდება სხვადასხვა უბნიდან ოლქებში დოკუმენტაციის მიღების პროცედურებს. ამასთანავე, საიას მისია შეისწავლის 3111-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებს, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებს.

მისიაში ჩართულია 7 რეგიონული და 1 ცენტრალური შტაბი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საიას სადამკვირვებლო მისიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია მეილის მეშვეობით – archevnebi@gyla.ge“, – ნათქვამია ანგარიშში.