Home Blog Page 75

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა -უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმისას 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 – Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური „კინჟალის“ რაკეტა, 1 – ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, 1 – X-22 ფრთოსანი რაკეტა, 99 – Х-101, Х-59/69, „კალიბრის“ რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 99 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო ორმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა.

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო“, – აცხადებენ თსუ-ში.

“ტელეგრამის” დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის-ემანუელ მაკრონი

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებობას შეესაბამება.

“ღამის სერენადების” ბათუმური კონცერტები დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 25 აგვისტოს ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები.

„ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა რომის პაპის მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“, ეჟენ სარტორის ხემით. 25 აგვისტოს კონცერტზე მან შეასრულა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კადენციები, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის ბოლო კონცერტზე ელვინ ხოჯა განიევმა და ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ ერთად დაუკრეს და მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

„კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ამით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი. დიდად მოხარულები ვართ პუბლიკის ასეთი თბილი და აღტაცებული რეაქციის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულია დახვეწილი მუსიკალური გემოვნების მქონე ბათუმელ მსმენელთან შეხვედრა. წელს ბათუმური ნაწილი 2 კონცერტისგან შედგებოდა. 23 აგვისტოს შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტაფანო პიეტროდარკი წარსდგა მსმენელის წინაშე ჩვენს შესანიშნავ ფესტივალის საბაზო ორკესტრთან “საქართველოს ვირტუოზები“ ერთად (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). მარიომ შეასრულა ძალზე საინტერესო პროგრამა – ფილმური მუსიკით დაწყებული, არგენტინული ტანგოთი დამთავრებული: ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლასა და სხვათა ნაწარმოებები.
განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მსმენელისთვის სპეციალურად მოწვეული სტუმრის უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინეს ელვინ ხოჯა განიევის მონაწილეობა ამ კონცერტში. მათ ერთად 2 ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს პუბლიკა აჟიტირებული აღფრთოვანებით დიდი აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით უმადლოდა შესანიშნავ სოლისტებს. მოხარულები ვართ, რომ ასე წარმატებით დასრულდა ფესტივალის ბათუმური ნაწილი და ველით ბათუმელ პუბლიკასთან შეხვედრას მომავალ წელს,“ – განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ.
„საოცარი პუბლიკა იყო – ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მუსიკალური. უბედნიერესი ვარ, რომ ასე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს ლიზი რამიშვილსა და სანდრო ნებიერიძეს, რომ ჩემთან ერთად ბისზე დაუკრეს. ეს იყო სიურპრიზი მსმენელისთვის. 2 უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი დადგა ჩემთან ერთად სცენაზე. მადლობა ორკესტრს, საოცარი მუსიკოსები არიან, უნიჭიერესები. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან ძვირფასი ფესტივალია ჩემთვის, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენი ოჯახის მეგობარია, მსოფლიო მუსიკის ლეგენდაა, საქართველოს ლეგენდაა. უდიდესი პატივია ჩემთვის, რომ ვიცნობდი. მის მიერ დაარსებულ ფესტივალში რომ მივიღე მონაწილეობა და დავუკარი, ამისთვისაც მადლობელი ვარ. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალება. ამ კონცერტზე ყოველი წამი და ყოველი ნოტი ლიანა ისაკაძის ხსოვნას მიეძღვნა. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. იმედი მაქვს, რომ „ღამის სერენადებს“ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები და საქართველოში არაერთხელ დავუკრავ“, – განაცხადა ელვინ ხოჯა განიევმა.

წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

23 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ვიქტორ დოლიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 

საქართველოს მთავრობის მიერ, ვიქტორ დოლიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან თავისუფლდება.

ამის შესახებ მთავრობის 26 აგვისტოს განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2024 წლის 21 სექტემბრიდან ვიქტორ დოლიძის ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – წერია განკარგულებაში.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.

„რუსეთის წინა დარტყმების მსგავსად, ესეც ისეთივე ვერაგულია, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად ბევრი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.

„ვლადიმირ პუტინს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე, არასაკმარისი გადაწყვეტილებები და პასუხი ტერორს კვებავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ ნიკა გვარამიას საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში-ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიერ გაკეთებული განცხადებებით კახელები განსაკუთრებით შეურაცხყო.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ნიკა გვარამიას დღეს კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ნიკა გვარამიამ შეურაცხყო თითოეული ადამიანი, თითოეული კუთხე და განსაკუთრებით ეს კახელების მიმართ იყო გაცხადებული. კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ მას საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში. ყველამ კარგად დაინახა რა იდენტობის და რა შინაარსის მატარებელია გვარამია თავისი პარტნიორებითა და თანაგუნდელებით“, – აღნიშნა წილოსანმა.

ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში არ მონაწილეობს. პარტიის სხვა წევრებს არ სურთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ვერ ჩავიდა გვარამია კახეთში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მან ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0159 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0004 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.

ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის  სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ.

გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც უშუალოდ აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩატარდება კენჭისყრის იმიტაციაც, რაც მოიცავს მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

შეხვედრების განხორციელება სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება.

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი – „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი, „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი აზრით, “ოცნების” პროგრამა ემსახურება იმას, რომ დაპირებების არშესრულება იმას დააბრალონ, რომ “ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მისცა”.

„ქართული ოცნების” ამოცანაა საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი. დაუჯერებელი იმ გაგებით, რომ ხალხმა ვერ დაიჯეროს, რომ ეს ტყუილია. „ამას ხომ არ მოიტყუებიან“ – დაახლოებით ასეთი რამ უნდათ, მაგრამ ყველაფერი მცდარია – თუ “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება გინდოდა და ამისთვის ითხოვ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს გქონდა და “ნაციონალური მოძრაობა” არ გაგისამართლებია; ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვ იმისთვის, რომ აფხაზეთი დაიბრუნო. შეგიძლია აფხაზეთი დაიბრუნო და ვინც არ დაგიჭერს მხარს საკონსტიტუციო უმრავლესობით, იმათ დასასჯელად ჩაატარო რიგგარეშე არჩევნები და ყველა ბარიერს მიღმა დარჩება შენ გარდა. ასევე გეების საფრთხის მოსახსნელად – არ ვიცი, საქართველოში ეს საფრთხე სად შეამჩნიეს, მაგრამ თუ დღევანდელი კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებაში გეების მოჭარბების საფრთხეს ქმნის, ეს კონსტიტუციაც მათი მიღებულია, ამიტომ ვერავის დააბრალებენ, კონსენსუსზე წავედით ვინმესთანო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ შეფასებას, რომ მსგავსი განცხადება მხოლოდ ჩრდილოეთიდან არ კეთდება. ხვიჩიას შეფასებით, ხელისუფლების აღნიშნული არგუმენტი არაა ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს.

„როდესაც არგუმენტად მოგყავს, რომ არა მხოლოდ რუსეთია ჩემს გვერდით, არამედ ჩინეთიც ჩემთანაა, ეს სხვა სტილის არგუმენტია, ვიდრე ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს. ნორმალურ ადამიანს ეუბნები, რუსეთი და ჩინეთი ჩემი არგუმენტის გვერდით არიან და ამაში მხარი დამიჭირეო?! თავიდან ვთვლიდი, რამე ხომ არ დაუშავეს „ქოცებმა“ რუსებს, რომ ისეთი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი არ იყო, მაგრამ მერე თვითონ რომ დაეთანხმნენ ამას, უცნაურია, რადგან ეს მათ სასარგებლოდ არ უნდა მუშაობდეს ამ საზოგადოებაში“,- განაცხადა ხვიჩიამ.