Home Blog Page 74

,,პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს”- პრემიერი

პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები მშვიდად წარიმართება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ტარდება გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მოსახლეობას და სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი აქტივობა. პრაქტიკულად მეორდება ის სურათი, რაც ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2018 წელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რასაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. ამ გამარჯვებამდე არის დარჩენილი სულ რაღაც 2 საათი.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, თქვენ ხედავთ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში არის მთლიანად და ასევე საზღვარგარეთ შექმნილი 3111 უბანი და ამ 3111 უბნიდან არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები, კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება. თუმცა ბოლო ერთი საათია ამ კუთხითაც დასტაბილურდა ვითარება, აღარ არის უბნებზე ასეთი მცდელობები და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ორი საათის განმავლობაშიც საარჩევნო პროცესები სწორედ ასე გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. სადაც კონკრეტული ჟურნალისტი და კონკრეტული დაჯგუფება არ იყო წარმოდგენილი, ყველგან არჩევნები წარიმართებოდა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში.

რაც შეეხება თვითონ ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია, ალბათ, 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს , რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს, მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, ასე რომ, არავის აქვს შესაძლებლობა, ვინმეს რამე აიძულოს -საერთაშორისო დამკვირვებელი ულრიხ ზინგერი

ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემის უფლება ყველას აქვს და შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, – ამის შესახებ გერმანიიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ულრიხ ზინგერმა განაცხადა, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება.

ულრიხ ზინგერის თქმით, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად, იძულების ფაქტიც არ გამოვლენილა, ვინაიდან, ზინგერის განმარტებით, ხმის ფარულად მიცემისას, შეუძლებელია, ვინმეს რამე აიძულო.

„ვფიქრობ, ვერავის აიძულებენ ხმის მიცემას და აქაც არავინ იყო ისეთი, ვისაც იძულებით ხმა მიაცემინეს, რადგან თქვენ გაქვთ ფარულად ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ დროს არ არის შესაძლებელი, ვინმემ გაიძულოთ ხმის მიცემა“, – აღნიშნა ულრიხ ზინგერმა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ზინგერის შეფასებით, კარგი იქნება, თუ მსგავსი მეთოდი გერმანიაშიც დაინერგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ხმები ითვლება ორჯერ – აპარატისა და შემდეგ ადამიანების მიერ, რაც გაყალბების რისკს ხსნის.

„ვფიქრობ, გერმანიაშიც კარგი იქნება. ჩვენ გვაქვს ხელით დათვლა, როგორც ადრე თქვენც გქონდათ. ახლა თქვენ გაქვთ ორჯერ დათვლის შესაძლებლობა. ერთხელ ითვლება აპარატის მიერ, შემდეგ ისევ ადამიანების მიერ და არ არსებობს გაყალბების რისკი“, – განაცხადა ულრიხ ზინგერმა.

,,ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება”- კობახიძე

ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჯერ კიდევ არის დარჩენილი ორი საათი, მოსასვლელია ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, დიდი უპირატესობთ მოვიგოთ, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 50.6%-ს შეადგენს, რაც ჯამში 1 768 816 ამომრჩეველია -ცესკო

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი – 51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%; ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა ქართლი – 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი – 52.38%; რაჭა ლეჩხუმი – 61.81%; იმერეთი -51.26%; გურია – 53.74%; აჭარა – 53.05%.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 42,04%-ს, 2020 წელს კი –45,77%-ს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

,,ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან”- საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო

საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრაშ ლასლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ცალკეული მოვლენების გამოკლებით, რომლებიც მარნეულისა და ბაღდათის საარჩევნო უბნებზე მოხდა.

ლასლოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა პოზიციას იცავს ის ხალხი, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან.

„ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რა პოლიტიკურ პოზიციას იცავენ, რა პოზიციაზე დგანან?! რასაკვირველია, არჩევნები უნდა იყოს მრთელი, უნდა იყოს სრული, დაცული და შესაბამისად, რაც იქ ხდება სამწუხაროა, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ხომ ცალკეული შემთხვევაა. ყველაფერი დანარჩენი უნდა მიმდინარეობდეს სრულად და ჩვენ აი ამ ერთ შემთხვევაზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ გადავიხრებით მხოლოდ ამ მომენტის მიმართულებით, მე და ჩემს კოლეგებს თავად არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, რაიმე უარყოფითი მომენტი, ჩვენ ველაპარაკეთ ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს, შესაბამისად მე მჯერა, რომ საარჩევნო კომისიის შესაბამის ჯგუფებს შეუძლიათ, რომ იზოლირება მოახდინონ ამ უარყოფითი ქმედებებისა“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ -ხათუნა სამნიძე

მინდა განსაკუთრებულად მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს- ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დრო დადგა, როდესაც ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ“.

„მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაღლილობისა, შესაძლებლობის, მაინც ნახა ძალა, წავიდა არჩევნებზე და ელოდება გამარჯვებას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის განსაკუთრებული ძალა არიან, მათ შორის ჩვენც. მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ისინი ევროპაში უკვე არიან, ჩვენ ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები და დადგა დრო, როცა ეს მომავალი უნდა დავიცვათ. ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ შვილებს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვხედავთ არნახულ აქტივობას. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება აღიაროს ეს შედეგი, საქართველოს მოქალაქის მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა სამნიძემ.

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე – წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! – ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა „დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“.

„რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. თვეების განმავლობაში და კონკრეტულად დღეს, მართლაც გაკვირვებულები, გულანთებულები ვუყურებთ ემიგრანტებს, მათ რიგებს საარჩევნო უბნებთან, ადამიანების განწყობებს, რომ არ დათმონ ქვეყანა და მოიპოვონ ევროპული მომავალი. მინდა მივმართო ყველას, წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე. უბრალოდ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვნახეთ წვიმა და სხვადასხვა ბარიერი, მაგრამ არაფერმა გააჩერა ეს ხალხი. პირიქით, ჰიმნებით, დიდი შემართებით მიდიან საარჩევნო უბნებში. ასე გავაგრძელოთ ეს დარჩენილი საათები. ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, სრული პასუხისმგებლობით გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მიცემული ხმა დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისთვის მიმართული იქნება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – ლონდა თოლორაია

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, – ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარებს.

თოლორაიას თქმით, საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია ასევე გამოიკვეთა სამეგრელოსა და თბილისში.

„16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. „ჩემი ხმას“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ – განაცხადა თოლორაიამ.

თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა-კახა კალაძე

თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს დაჯგუფება განწირულია მარცხისთვის“.

„ინფორმაცია ჩვენც შემოგვდის და გვაქვს ხელმისაწვდომობა. არც ერთი ფაქტი არ არის დატოვებული რეაგირების გარეშე. ყველა დაპირისპირების ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“. უსწორდებიან ახალგაზრდებს, პირდაპირ აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ ამის კადრებიც ვიხილეთ მაგალითად, ისანში, როგორ მიუვარდნენ ახალგაზრდებს, დაუპირისპირდნენ და შემდეგ როგორ გაიქცნენ. რა თქმა უნდა, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას. ვაშაძის ბრიფინგი ჰქონდა და მანაც თქვა ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ და მშვიდად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ,“ – განაცხადა კალაძემ.

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მას გაფრთხილება მისცა.

საქართველოს მოქალაქემ საელჩოს კედელზე საღებავით წარწერები გააკეთა და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი გადახაზა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს შენობებზე მსგავს ვანდალურ ფაქტებს მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი.

 ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე ოპოზიციის რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან-კახა კალაძე

ჩვენ ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე, ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან, – განაცხადა პარტიის ცენტრალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ როდესაც მმართველი პარტია მზადაა მიიღოს ცესკო-ს შედეგები, იგივე მოლოდინი აქვს თუ არა ოპოზიციისგან.

„ქვეყანაში გვყავს რადიკალური დაჯგუფება, სადაც არიან ყველაზე ბოროტი ადამიანები. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფრის მკადრებლები არიან. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა მიიღებს იმ შედეგებს, რომელსაც გამოაქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ვენდობით ცესკო-ს მონაცემებს, ენდობიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა საელჩოს მხრიდანაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ტარდება საქართველოში ელექტრონული არჩევნები, ესეც მისასალმებელია. ჩვენ ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ და მინდა მოვუწოდო იგივე, ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომ იგივე ნაბიჯები გადადგან“, – აღნიშნა კალაძემ.

ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში-კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროა ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მისვლა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

კახა კალაძის თქმით, 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და თითოეული ამომრჩევლის ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშე, ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა გჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ამისთვის თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა არ გავაგრძელებ და არ ვიტყვი იმას, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამაზე, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, საქართველოს მშვიდობიანი, ღირსეული და ნათელი ევროპული მომავალი – მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც მოწოდებულია, ყველაფრის ფასად დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები. მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობით ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.