Home Blog Page 74

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება პირს, რომელმაც ძმას ჭრილობები მიაყენა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამ დროისათვის, შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს 27 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლესის სტატიას სათაურით „კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2002 წლის ოქტომბერში, გვიან ღამით, ხერსონის წმინდა ეკატერინეს ტაძარში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთან ერთად, მოსკოველი ოფიციალური პირები შევიდნენ და მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი მხედართმთავრის გრიგორი პოტიომკინის ნეშტის ექსგუმაცია მოახდინეს. იგი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე დიდის ფავორიტი იყო და გადამწყვეტი როლი შეასრულა ყირიმის ანექსიაში 1783 წელს.

არავინ არ იცის, სად წაიღეს პოტიომკინის ნეშტი. შესაძლოა მას ადგილი მოსკოვში ან ყირიმში მიუჩინეს, მაგრამ ცნობილია, რომ „ოპერაცია“ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. თუ თქვენ ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ, თუ რა ამოძრავებს რუსეთის იმპერატორს, მაშინ ეს ფაქტი თქვენთვის დამარწმუნებელი მტკიცებულება უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ და რით უნდა განისაზღვროს ისტორიაში რუსეთის ადგილი.

2022 წლის თებერვლამდე ბრიტანული უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჩემი ერთ-ერთი მცდელობა ის იყო, რომ ისინი დამერწმუნებინა – მათი „ღრმა ანალიტიკური მოხსენებების“ და „ბრძენი თავების“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს არა ლოგიკით და არა იმ სურვილით, რომ თავისი ქვეყნა თანამედროვე და დემოკრატიაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ გადააქციოს, არამედ მას ამოძრავებს შურისძიება, ისტორიული მემკვიდრეობა და ერთგვარი რომანტიკა, ერთად აღებული.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი ძალოვანები (ყოფილი „კაგებეს“ და ამჟამინდელი „ეფესბეს“ წარმომადგენლები) არ აღიარებენ იმას, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავენი საბჭოთა კავშირის დაშლაში – უბედურებაში, რომელიც მათ რუს ხალხს მოუმზადეს. მათი აზრით, ისინი დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ: შეხედეთ, როგორ ამცირებს დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლს, არადა იმ ომში ძირითადად მხოლოდ რუსეთმა გაიმარჯვა; ცივი ომი არასოდეს არ იქნებოდა, დასავლეთს რომ არ დაეწყო თავისი ხრიკების განხორციელება აღმოსავლეთ გერმანიისა და პოლონეთის მიმართ…

 2021 წელს ვლადიმერ პუტინმა (ამბობენ, რომ პირადად) უცნაური ესსე (ნარკვევი) დაწერა სათაურით „გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის“, რომელშიც იგი ყველანაირ ფაქტებს ამახინჯებს, მოვლენებს აყალბებს და რუსეთს მსოფლიოს მხსნელად წარმოაჩენს. მისი მტკიცებით, რუსეთ-გერმანიის ბოლშევიკურ-ნაცისტური პაქტით, რომელსაც პოლონეთის ოკუპირება მოჰყვა ორივე მხარისაგან, დიდმა ბრიტანეთმაც ხელი მოითბოო.

ცდილობს რა საბჭოთა ხელისუფლების მოქმედების „გათეთრებას“, ვლადიმერ პუტინი თავის ესსეში მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აბრალებს და სრულიად აყალბებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დებულებებს. იგი არაფერს არ წერს პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივ დახვრეტაზე კატინის ტყეში, წითელი არმიისა და საიდუმლო პოლიციის („ენკავედე“-ს) მიერ. ასევე არაფერია ნათქვამი პუტინის ესსეში, თუ როგორ იწრთვნებოდნენ რუსი წითელი სამხედროები გერმანიის ვერმახტში ომის წინ და როგორ აწვდიდა ტანკებს მოსკოვი ბერლინს. ეს ნარკვევი უნდა წაიკითხოთ, რომ ამ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ.

ერთი წლის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთი ნარკვევი დაწერა – რუსეთისა და უკრაინის ისტორიულ ერთობაზე, რომელიც იკითხება როგორც ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფისა“ და ვალტერ სკოტის რომანების ნარევი: ისტორიული ბედი, ეთნიკური ნაციონალიზმი და რომანტიკა – ყველაფერი ერთ ესსეშია გაერთიანებული. უკვე თითქმის ყველაფერი ჩანდა, რა უნდა მომხდარიყო სამომავლოდ.

სამწუხაროდ, ბევრმა „რუსეთის საკითხების ექსპერტმა“ არც ჩვენს „ფორინ ოფისში“, არც ორსეს ნაპირებზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში) და არც Foggy Bottom-ში (ვაშინგტონის კვარტალში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მდებარეობს) ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. ერაყის ომის შედეგების გამო სადაზვერვო სამსახურები ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ და ღია მსჯელობებს თავს არიდებდნენ.

როცა მე მოსკოვში ვიყავი უკრაინაში შეჭრამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე, თავდაცვის იმდროინდელ მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შესახვედრად, ჩემი მიზანი იყო მოწინააღმდეგეების გაცნობა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად ღრმა იყო მათი სიცრუე და თავდაჯერებულობა, რა ამოძრავებთ მათ და როგორ იქცევიან მათი თანამშრომლები.

მოსკოვიდან რომ ვბრუნდებოდი, მახსოვს, გენერალ გერასიმოვს ვუთხარი – „გაოცებული ვარ თქვენი სამხედრო დოქტრინით, რომელშიც მობილიზაცია მასობრიობით არის უზრუნველყოფილი-მეთქი“. იგი დაიხარა და მითხრა: „და დაშინებითაც“. მან ამით ნიღაბი ჩამოიხსნა. და ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა გერასიმოვის მიერ გენშტაბის დერეფანში ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ ამიერიდან ვერავინ ვერ დაგვამცირებს. თუ ადრე, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ მსოფლიოში სამხედრო ძლიერებით მეოთხე ადგილზე ვიყავით, ახლა პირველები ან მეორეები ვართ. მოკლედ, მხოლოდ ჩვენ და ამერიკელები“.

რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი ადამიანები თვლიან, რომ ისინი ჭეშმარიტ ისტორიას წერენ და ამით იმ „შეურაცხყოფას“ ასწორებენ, რომელიც მათ დასავლეთმა ცივი ომის დასრულებისას მიაყენა. ისინი ფიქრობენ, რომ შური უნდა იძიონ რუსეთის დამცირებისათვის ბოლო ორასი წლის – მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეული ვერსიის მიხედვით, სწორედ დიდ ბრიტანეთს (და არა ამერიკას) მიუძღვის ბრალი რუსეთის წარუმატებლობაში.

ვლადიმერ პუტინის დამახინჯებული მსოფლმხედველობის თანახმად, სწორედ ჩვენ, ბრიტანელები ვართ დამნაშავენი მეფის რუსეთის დამარცხებაში ყირიმის ომის დროს; სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა შევუწყეთ ხელი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენ ვიყავით რუსული კონტრრევოლუციის უკან სამოქალაქო ომში და ჩვენი დაზვერვა იდგა საბჭოთა კავშირის დაშლის უკან. მოკლედ, დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინს მიზანში აქვს ამოღებული. ერთ-ერთმა რუსული ძალოვანი სტრაუქტურის წარმომადგენელმა ამას წინათ ასე განაცხადა: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ კურსკის ოლქში შეჭრის უკან დიდი ბრიტანეთი იმალება“. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვენთვისაც მოიცლის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ გარდაუვალობისათვის.

წყარო

როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით – „ოცნება“ 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის გასაბითურებლად. როგორც ჩანს, „ოცნება“ გებელსის ცნობილ აქსიო ას იყენებს, რომ რაც უფრო დიდი და დაუჯერებელია ტყუილი, მას მითუფრო იოლად იჯერებს ხალხი. ალბათ, ამის იმედზეა ბატონი ივანიშვილიც.

მეორე ტრიუკი არის განცხადება, თითქოს „ქოცებს“ არჩევნებში 60 % უკვე ჯიბეში უდევთ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება უნდათ. ესეც იგივე მეთოდია, რომ დაუჯერებელი ტყუილი უფრო იოლად დააჯერონ ხალხს. სინამდვილეში, „ოცნება“ 30 %-ს აიღებს, ისიც ზოგიერთი რეგიონის ხარჯზე, დიდ ქალაქებში კი მათი რეიტიგი 25 %-ს არ ასცდება. როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ოცნება 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება.

მორიგი ტრიუკია, რომ ბატონი ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ლგბტ პროგანდის, ლგბტ ქორწინების არდაშვების და ასეთ ქორწინებაში შვილის აყვანის აკრძალვისთვის სჭირდებათ. ტრიუკი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისედაც აკრძალულია. ამის წინააღმდეგი კი მეც ვარ, ყველა ქართველიც და გაგვაგებინონ, ამ ყველაფრის მომხრე რომელი პარტია და ადამიანია საქართველოში?! გვაჯერებენ, ვითომ 60 % აქვთ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად 90 % უნდა აიღონ, არადა, ეს თემა საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება, „ქოცებს“ კი ოპოზიციაში გადაბარგება ელით!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

რუსებმა კრივი-რიჰში სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულსა და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცუდი ამბავია, მეტი დეტალი განგაშის შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა უკვე ადგილზეა. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ“, – წერს ვილკული „ტელეგრამ“ არხზე.

მოგვიანებით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთის როგორც დაბლობ, ისე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინაზე 26 აგვისტოს მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 47 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინისზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები.

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული დარტყმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან განიხილა. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველი ნახევარში საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც ბევრი სასარგებლო რამის გაკეთებას შეძლებთ. თუ ვინმემ დახმარება გთხოვათ, უარს ნუ ეტყვით.
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც ოდესღაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიათ. საღამოს მოსალოდნელია საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საკითხს ფრთხილად და სერიოზულად უნდა მიუდგეთ. აჩქარება კარგს არაფერს მოგიტანთ. ვიღაცისთვის თქვენი საქციელი გაუგებარი და მიუღებელია, ამიტომ შეიძლება დაპირისპირება წარმოიქმნას. ეცადეთ, სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ და ნებისმიერი დისკუსია კონსტრუქციულად წარმართოთ.
გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა, ამიტომ ყველაზე მარტივ საქმეებსაც კი დაბრკოლებები ახლავს. მოკავშირეებმა შეიძლება იმედები გაგიცრუონ, რაც დაწყებული საქმის დასრულებას ხელს შეუშლის.
მოთმინება გამოიჩინეთ – საეჭვოა, რომ სასურველ შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გელით. ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანის შეძენისთვის დაგჭირდეთ.
დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან მცირე კამათი გელით, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.

კირჩხიბი

საეჭვოა, რომ ამ დღემ დიდი გამარჯვებები მოგიტანოთ, მაგრამ სიხარულის მიზეზს ნამდვილად მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ახლა როგორც თქვენს ძლიერ მხარეებს, ასევე მთლიან სიტუაციას სწორად აფასებთ, ასე რომ, გეგმების განხორციელებას ნამდვილად შეძლებთ.
ზოგი კირჩხიბი ამ დღეს საიმედო მოკავშირეებს იპოვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამ დღეს დიდი და მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაგეგმოთ, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისა და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი ინტუიცია ისე ზუსტად მუშაობს, როგორც არასდროს, ამიტომ მისი მინიშნებები უნდა გაითვალისწინოთ.
პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ახლობლებს რაღაც აეჭვებთ, მაგრამ ყველაფერი მალე გაირკვევა. შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რათა გაცხარებულ გულზე უდანაშაულო ადამიანს არ აწყენინოთ.

ქალწული

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ რთულ საქმეებს გაუმკლავდეთ და მოაგვაროთ საკითხი, რომელსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. თქვენ საკუთარი გეგმით მოქმედებთ და სხვების აზრი არ გაინტერესებთ. ცდილობთ მიაღწიოთ მიზანს, თუნდაც ის ვინმეს არ მოსწონდეს.
დაუგეგმავი შემოსავალი და მოულოდნელი საჩუქრები გელით. საღამო ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად.

სასწორი

წარმატებული დღეა. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და საქმე დიდი ძალისხმევის გარეშე, თავისთავად გამოდის. საშუალება გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბროთ. შესაძლებელია, სწორედ ამ საუბრების წყალობით გაიგოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, ხანგრძლივი კონფლიქტები დაასრულოთ და დაძაბული ურთიერთობა გააუმჯობესოთ.

მორიელი

მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათი გადაჭრის გზას და შესაძლებლობას აუცილებლად იპოვით. ბევრი საკითხის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მშვილდოსანი

მისთვის, ვინც შეძლებს საკუთარ სისუსტეებს გაუმკლავდეს და ცდუნებებს გაუძლოს, წარმატებული დღე იქნება. თუმცა, ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, მით უმეტეს, რომ ემოციური ფონი არასტაბილურია. ამ დღის საზრუნავს მხოლოდ მუშაობა დაგავიწყებთ.
შესაძლოა, სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეა გეწვიოთ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი თქვენგან ურთიერთობებში სიფრთხილეს მოითხოვს. უამრავ ადამიანს იზიდავთ, მაგრამ ყველას არ უნდა ენდოთ. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან ცდილობს თქვენზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მოქმედებისთვის. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. თქვენთვის სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეების კეთება მოგიწევთ და ბევრ რამეში წარმატებას მიაღწევთ.
შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ახლობელი ადამიანები მარტო არ დაგტოვებენ, მხარდაჭერას და დახმარებას შემოგთავაზებენ.
ბევრ საკითხზე სხვებისგან განსხვავებული პოზიცია გაქვთ. სხვა დროს ამან შეიძლება კამათი გამოიწვიოს, მაგრამ დღეს გარშემომყოფები სწრაფად მიხვდებიან, რომ მართალი ხართ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებისთვის. ეცადეთ, ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. თქვენი პიროვნული თვისებების წყალობით, ყოფილ მტრებს მეგობრებად აქცევთ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაწყებული საქმეების სწრაფად და უპრობლემოდ შესრულება შეძლოთ – შეიძლება მოულოდნელად სირთულეები წარმოიშვას. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას იუმორით განმუხტავთ.

“ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო” – ოდიშარია

“ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.

„ეს ამ ავტორიტეტული დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ყოველთვის ფასდება შესაბამისად და ფასდება ძალიან მაღალი ქულებით, მაღალი შეფასებით. განსხვავებით იმ პოლიტიკანებისგან, ვითომ საქართველოს მეგობრებისგან, რომელთაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ დააზიანონ ქართული ხელისუფლება იმისათვის, რომ რამენაირად მოახდინონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეინკარნირება”,– აღნიშნავს დეპუტატი.

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი -შალვა პაპუაშვილი

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონის, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას „საქართველოს უკანასკნელი ლომის“, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონის, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი. მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა; მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება-ჯოზეფ ბორელი

JPG edited with https://ezgif.com/resize

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი უკრაინაზე რუსეთის მასიურ დარტყმას ეხმაურება.

„რუსეთმა გააძლიერა აგრესია უკრაინის მასშტაბით განახლებული მასიური თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა -უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმისას 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 – Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური „კინჟალის“ რაკეტა, 1 – ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, 1 – X-22 ფრთოსანი რაკეტა, 99 – Х-101, Х-59/69, „კალიბრის“ რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 99 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო ორმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა.

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო“, – აცხადებენ თსუ-ში.