Home Blog Page 73

რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო მსოფლიო, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს.

„შეხედეთ, ახლა რა ხდება უკრაინის რუსეთში შეჭრასთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ, და ეს ცუდი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა დეტროიტში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.

არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ – გურამ მაჭარაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე – არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მაჭარაშვილის თქმით, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, „თორემ ერეკლე მეორე ისეთი ძლიერია, რომ ის ძეგლიც გასცემს პასუხს.”

„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქართულ საზოგადოებას შეუნარჩუნა იდენტობა. რაც შეეხება ოპოზიციის, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ ნარატივებს – ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია მათ შორის ევროპელი სახელმწიფოს ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ მგონი ის ძეგლიც გასცემს პასუხს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე II-ის ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება ერეკლე მეორეს მხრიდან შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს. ეს იმ საზოგადოების მხრიდან იქნება, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე ნამდვილად ქართველი მეფე იყო და რომელმაც საქართველოს იდენტობა შეუნარჩუნა. ამიტომ, ყველა ფრთხილად იყოს და ნუ ცდიან ქართველი საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდგომ გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა” გასამართლდება, მათ შორის მათთან დაკავშირებულებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვიდობიანად და მოთმინებით ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც. არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ვიმეორებ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება.

ავიაკომპანია Sky Express-ი ათენი -თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express -ი 6 ნოემბრიდან ათენი -თბილისის მიმართულებით რეგულარულ  ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.

Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდობაში ლენინური კომკავშირის და კრემლის იდეოლოგიით, ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას! – ხაინდრავა ხაზარაძეზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ წერს.

„აშშ ოპოზიციონერების მანდატების ჩამორთმევას არ დაუშვებს! – მ.ხაზარაძე. ახალგაზრდობაში, ლენინური კომკავშირის და კრემლის იდეოლოგიით, ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას! დღეს, აშშ-ს ომის, კორუფციისა და ცენზურის პარტიის დავალებით, ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვის!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები – სერგო ჩიხლაძე

დაფინანსების ნებისმიერი წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ, ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

ამასთან, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ნებისმიერი გადარიცხვა საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს შესაბამის სტრუქტურას.

„ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, რომ კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კახა კალაძე შოპინგზე დუბაიში, მილანსა და პარიზში. რა სახსრებით აფრინა საკუთარი ოჯახი ევროპაში და შემდეგ აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, როგორ ხდება, რომ ამ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების და ა.შ. საკუთრებაში მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები, მინდორ – ველები, ალაზნის ველები და სხვა. ამაზე გვიპასუხოს, რაც საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება გადარიცხვას და დაფინანსებას, ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს, შესაბამის სტრუქტურას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. აღნიშნული განცხადება რაჟდენ კუპრაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ – დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ასევე, რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია “თავისუფლების მოედანმა” ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

“უცხოური დონორი ორგანიზაციებისა ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი-საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი. ასევე, 2024 წლის 1-ელ ივლისს, ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი-საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები. მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო,“ – განაცხადა კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ასევე, ქვეყანაში ჩატარებულ „დემოკრატიულ ფესტივალსაც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფესტივალზე მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იყო მიწვეული.

„ასევე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ საქმესთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ასევე კუპრაშვილი IRI-სა და NDI-ის გრანტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში – უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია.

იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.

ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც 1 მილიონი ლარი დაიხარჯა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამასთან, როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები; 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია.

„აქტიური სამზადისი მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის. მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ.

როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის.

ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები. ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები. 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 11 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე, თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.

სიახლეები გვაქვს მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქვე შევახსენებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან გაზრდილია ბავშვების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მიდგომები და დამოკიდებულება არის ისე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ გარემოსა და ინფრასტრუქტურაში აღზრდის შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძემ.

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება პირს, რომელმაც ძმას ჭრილობები მიაყენა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამ დროისათვის, შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს 27 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლესის სტატიას სათაურით „კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2002 წლის ოქტომბერში, გვიან ღამით, ხერსონის წმინდა ეკატერინეს ტაძარში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთან ერთად, მოსკოველი ოფიციალური პირები შევიდნენ და მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი მხედართმთავრის გრიგორი პოტიომკინის ნეშტის ექსგუმაცია მოახდინეს. იგი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე დიდის ფავორიტი იყო და გადამწყვეტი როლი შეასრულა ყირიმის ანექსიაში 1783 წელს.

არავინ არ იცის, სად წაიღეს პოტიომკინის ნეშტი. შესაძლოა მას ადგილი მოსკოვში ან ყირიმში მიუჩინეს, მაგრამ ცნობილია, რომ „ოპერაცია“ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. თუ თქვენ ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ, თუ რა ამოძრავებს რუსეთის იმპერატორს, მაშინ ეს ფაქტი თქვენთვის დამარწმუნებელი მტკიცებულება უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ და რით უნდა განისაზღვროს ისტორიაში რუსეთის ადგილი.

2022 წლის თებერვლამდე ბრიტანული უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჩემი ერთ-ერთი მცდელობა ის იყო, რომ ისინი დამერწმუნებინა – მათი „ღრმა ანალიტიკური მოხსენებების“ და „ბრძენი თავების“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს არა ლოგიკით და არა იმ სურვილით, რომ თავისი ქვეყნა თანამედროვე და დემოკრატიაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ გადააქციოს, არამედ მას ამოძრავებს შურისძიება, ისტორიული მემკვიდრეობა და ერთგვარი რომანტიკა, ერთად აღებული.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი ძალოვანები (ყოფილი „კაგებეს“ და ამჟამინდელი „ეფესბეს“ წარმომადგენლები) არ აღიარებენ იმას, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავენი საბჭოთა კავშირის დაშლაში – უბედურებაში, რომელიც მათ რუს ხალხს მოუმზადეს. მათი აზრით, ისინი დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ: შეხედეთ, როგორ ამცირებს დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლს, არადა იმ ომში ძირითადად მხოლოდ რუსეთმა გაიმარჯვა; ცივი ომი არასოდეს არ იქნებოდა, დასავლეთს რომ არ დაეწყო თავისი ხრიკების განხორციელება აღმოსავლეთ გერმანიისა და პოლონეთის მიმართ…

 2021 წელს ვლადიმერ პუტინმა (ამბობენ, რომ პირადად) უცნაური ესსე (ნარკვევი) დაწერა სათაურით „გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის“, რომელშიც იგი ყველანაირ ფაქტებს ამახინჯებს, მოვლენებს აყალბებს და რუსეთს მსოფლიოს მხსნელად წარმოაჩენს. მისი მტკიცებით, რუსეთ-გერმანიის ბოლშევიკურ-ნაცისტური პაქტით, რომელსაც პოლონეთის ოკუპირება მოჰყვა ორივე მხარისაგან, დიდმა ბრიტანეთმაც ხელი მოითბოო.

ცდილობს რა საბჭოთა ხელისუფლების მოქმედების „გათეთრებას“, ვლადიმერ პუტინი თავის ესსეში მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აბრალებს და სრულიად აყალბებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დებულებებს. იგი არაფერს არ წერს პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივ დახვრეტაზე კატინის ტყეში, წითელი არმიისა და საიდუმლო პოლიციის („ენკავედე“-ს) მიერ. ასევე არაფერია ნათქვამი პუტინის ესსეში, თუ როგორ იწრთვნებოდნენ რუსი წითელი სამხედროები გერმანიის ვერმახტში ომის წინ და როგორ აწვდიდა ტანკებს მოსკოვი ბერლინს. ეს ნარკვევი უნდა წაიკითხოთ, რომ ამ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ.

ერთი წლის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთი ნარკვევი დაწერა – რუსეთისა და უკრაინის ისტორიულ ერთობაზე, რომელიც იკითხება როგორც ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფისა“ და ვალტერ სკოტის რომანების ნარევი: ისტორიული ბედი, ეთნიკური ნაციონალიზმი და რომანტიკა – ყველაფერი ერთ ესსეშია გაერთიანებული. უკვე თითქმის ყველაფერი ჩანდა, რა უნდა მომხდარიყო სამომავლოდ.

სამწუხაროდ, ბევრმა „რუსეთის საკითხების ექსპერტმა“ არც ჩვენს „ფორინ ოფისში“, არც ორსეს ნაპირებზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში) და არც Foggy Bottom-ში (ვაშინგტონის კვარტალში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მდებარეობს) ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. ერაყის ომის შედეგების გამო სადაზვერვო სამსახურები ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ და ღია მსჯელობებს თავს არიდებდნენ.

როცა მე მოსკოვში ვიყავი უკრაინაში შეჭრამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე, თავდაცვის იმდროინდელ მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შესახვედრად, ჩემი მიზანი იყო მოწინააღმდეგეების გაცნობა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად ღრმა იყო მათი სიცრუე და თავდაჯერებულობა, რა ამოძრავებთ მათ და როგორ იქცევიან მათი თანამშრომლები.

მოსკოვიდან რომ ვბრუნდებოდი, მახსოვს, გენერალ გერასიმოვს ვუთხარი – „გაოცებული ვარ თქვენი სამხედრო დოქტრინით, რომელშიც მობილიზაცია მასობრიობით არის უზრუნველყოფილი-მეთქი“. იგი დაიხარა და მითხრა: „და დაშინებითაც“. მან ამით ნიღაბი ჩამოიხსნა. და ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა გერასიმოვის მიერ გენშტაბის დერეფანში ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ ამიერიდან ვერავინ ვერ დაგვამცირებს. თუ ადრე, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ მსოფლიოში სამხედრო ძლიერებით მეოთხე ადგილზე ვიყავით, ახლა პირველები ან მეორეები ვართ. მოკლედ, მხოლოდ ჩვენ და ამერიკელები“.

რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი ადამიანები თვლიან, რომ ისინი ჭეშმარიტ ისტორიას წერენ და ამით იმ „შეურაცხყოფას“ ასწორებენ, რომელიც მათ დასავლეთმა ცივი ომის დასრულებისას მიაყენა. ისინი ფიქრობენ, რომ შური უნდა იძიონ რუსეთის დამცირებისათვის ბოლო ორასი წლის – მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეული ვერსიის მიხედვით, სწორედ დიდ ბრიტანეთს (და არა ამერიკას) მიუძღვის ბრალი რუსეთის წარუმატებლობაში.

ვლადიმერ პუტინის დამახინჯებული მსოფლმხედველობის თანახმად, სწორედ ჩვენ, ბრიტანელები ვართ დამნაშავენი მეფის რუსეთის დამარცხებაში ყირიმის ომის დროს; სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა შევუწყეთ ხელი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენ ვიყავით რუსული კონტრრევოლუციის უკან სამოქალაქო ომში და ჩვენი დაზვერვა იდგა საბჭოთა კავშირის დაშლის უკან. მოკლედ, დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინს მიზანში აქვს ამოღებული. ერთ-ერთმა რუსული ძალოვანი სტრაუქტურის წარმომადგენელმა ამას წინათ ასე განაცხადა: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ კურსკის ოლქში შეჭრის უკან დიდი ბრიტანეთი იმალება“. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვენთვისაც მოიცლის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ გარდაუვალობისათვის.

წყარო

როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით – „ოცნება“ 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის გასაბითურებლად. როგორც ჩანს, „ოცნება“ გებელსის ცნობილ აქსიო ას იყენებს, რომ რაც უფრო დიდი და დაუჯერებელია ტყუილი, მას მითუფრო იოლად იჯერებს ხალხი. ალბათ, ამის იმედზეა ბატონი ივანიშვილიც.

მეორე ტრიუკი არის განცხადება, თითქოს „ქოცებს“ არჩევნებში 60 % უკვე ჯიბეში უდევთ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება უნდათ. ესეც იგივე მეთოდია, რომ დაუჯერებელი ტყუილი უფრო იოლად დააჯერონ ხალხს. სინამდვილეში, „ოცნება“ 30 %-ს აიღებს, ისიც ზოგიერთი რეგიონის ხარჯზე, დიდ ქალაქებში კი მათი რეიტიგი 25 %-ს არ ასცდება. როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ოცნება 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება.

მორიგი ტრიუკია, რომ ბატონი ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ლგბტ პროგანდის, ლგბტ ქორწინების არდაშვების და ასეთ ქორწინებაში შვილის აყვანის აკრძალვისთვის სჭირდებათ. ტრიუკი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისედაც აკრძალულია. ამის წინააღმდეგი კი მეც ვარ, ყველა ქართველიც და გაგვაგებინონ, ამ ყველაფრის მომხრე რომელი პარტია და ადამიანია საქართველოში?! გვაჯერებენ, ვითომ 60 % აქვთ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად 90 % უნდა აიღონ, არადა, ეს თემა საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება, „ქოცებს“ კი ოპოზიციაში გადაბარგება ელით!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

რუსებმა კრივი-რიჰში სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულსა და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცუდი ამბავია, მეტი დეტალი განგაშის შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა უკვე ადგილზეა. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ“, – წერს ვილკული „ტელეგრამ“ არხზე.

მოგვიანებით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.