Home Blog Page 720

ისრაელის იერიშს ღაზის სკოლაზე 13 პალესტინელი ემსხვერპლა -Reuters

ისრაელმა ღაზის სექტორში ქალაქ ღაზაში მდებარე სკოლაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 13 პალესტინელი დაიღუპა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სკოლაში დროებით თავშესაფარი იყო მოწყობილი, სადაც იძულებით გადაადგილებული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ.

საჰაერო იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ავიადარტყმის მერე ისრაელმა ისევ მიიტანა იერიში იმავე რაიონზე, სადაც სკოლა მდებარეობს.

ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს -“მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

ანგარიშში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ; მათ შორისაა: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების“ მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა, აშშ-ის მთავრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა, მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირმა შეიძლება, განიხილოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველებისთვის. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად უთხრა მისიას, რომ ეს ქმედება რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა უნდა დაუჭირონ მხარი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეასრულონ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, ხოლო „აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიუკერძოებელი დაკვირვების შეზღუდვისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის ფონზე“.

ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.

დოკუმენტის მიხედვით, „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა, „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, რომ ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

წყარო

 არავის ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! -მეუფე იაკობი

არავის ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგვრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

მან აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია იქ ქნება, სადაც ქართველი ხალხი იდგება და არცერთ ლიდერს არ გაჰყვება.

„ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხრისთვის დადებითად გადაწყდება, მაგრამ ოპოზიციას მინდა მივმართო, როცა უცხოელია და შენ ქვეყანას, თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია და თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი, რატომ მიტევ?

ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა… გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ, ხომ არ უნდა იწყევლებოდე?! შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ? – შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება. შენ უნდა დაიცვა ქვეყანა, მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან, როდესაც გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვა, თანაც ტყუილად გვიტევენ.

რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა! ამიტომ ღმერთმა დიდი ძალა რომ მოგცა, ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით. არაფრის შეგეშინდეთ! ეს დროც გასავლელი გვაქვს, როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არც ერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო, კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს, თურმე, შესაძლოა, ჩვენს ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ. ჯარი მთავრობის ხომ არ არის?! ის ჩვენია.

არავის ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგვრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ვენახებს გვიწვავდნენ და გვიჩეხავდნენ, მაინც ვაშენებდით. ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ, იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია! ჩვენ, მთავარია, თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს.

მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამის თქმის, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი. თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს“, – განაცხადა მეუფემ.

ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის -ირაკლი კირცხალია

x

ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა – „ენჯეოები“.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი იდგა, როგორ დარბოდნენ კაბინეტ-კაბინეტ მათი წარმომადგენლები, და არამხოლოდ,  ევროპარლამენტში თუ ცალკეულ ქვეყნებში და არწმუნებდნენ, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, რადგან ამას „ქართული ოცნება“ მიიწერსო. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა  -„ენჯეოები“ ან სამოქალაქო საზოგადოება, ამაში დავრწმუნდით.

სიტყვა „უსამშობლოს“ როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი მიზეზები და სწორედ ეს ქმედებებია იმ უსამშობლობის ნათელი დასტური და მაგალითი. საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია ანტისახელმწიფოებრივ და უსამშობლო ნაბიჯებს დგამენ და აუცილებლად გადადგამენ, სადაც ამის იურიდიული შანსი მიეცემათ. იურიდიულადაც კი არის უკვე დადასტურებული, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადეს რეგისტრაციასა და გამჭვირვალობაზე. ისინი აქ რეალურად „ენჯეოები“ კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ იმ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უბრალოდ გამტარი შპს-ები. დონორისგან მიღებულ ფულს, როგორც შპს შავ ფულს, ისე ატარებდნენ ამ უსამშობლოების დასაფინანსებლად, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და, დღეს როგორც ვხედავთ, მათი დანაყოფები ჰქვია“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.

 ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!! -ზაალ ანჯაფარიძე

მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისვე თქმით, თუ მოხდება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება , ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის დიდ მხარდაჭერას საზოგადოებაში. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-სა და ევროპის, უხეშ, აშკარა ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!! ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს.

ბოლო დღეებში გახშირდა საუბრები და ინფო-შემოგდებები კოლექტიური დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.

მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ.

უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს
უფრო მეტიც, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ისედაც დიდ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებაში. ამით ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი (ავადმყოფ ნაწილს არაფერი ეშველება) კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო და უხეშ ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე შედეგებით,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

უკრაინის გამარჯვების გეგმა ნატოში გაწევრიანებას და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს-Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმა ქვეყნის ნატოში მიწვევასა და ამერიკის მიერ თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, ზელენსკის გამარჯვების გეგმა მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და შეთანხმებების გაფორმებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროებში.

სააგენტოს ცნობით, ზელენსკი გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 26 სექტემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს წარუდგენს. ის აგრეთვე აპირებს გააცნოს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.

ზელენსკის ცნობით, გამარჯვების გეგმა მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ამა წლის ოქტომბერ – დეკემბერში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, ჩატარდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რის საფუძველზეც ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელი დაჯილდოვდა

„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

„თბილსერვის ჯგუფის“დირექტორმა, დავით ფაჩულიამ თანამშრომლები მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

დავით ფაჩულიამ ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა.

„დღეს ჩვენი კომპანიის დაარსების დღეა. 17 წელია, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან დედაქალაქს. თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენს მუნიციპალურ კომპანიაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნების, პოლიგონებისა და სხვა მიმართულებით ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ღამის განმავლობაშიც უწევთ სამუშაოს შესრულება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქალაქისთვის“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეულის სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

წყნარ ოკეანეში რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წყნარ ოკეანეში ერთობლივი სწავლება „ურთიერთმოქმედება 2024“ დაიწყეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„წყნარი ოკეანის ფლოტისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო გემების ერთობლივი ჯგუფი ვლადივოსტოკიდან ზღვაში გავიდა რუსულ-ჩინური ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება „ურთიერთმოქმედება 2024“-ში მონაწილეობის მისაღებად. ბაზიდან გამოსვლამდე საბრძოლო გემების ჯგუფის ეკიპაჟის საზეიმო მოწყობა მოხდა, რომლის დროსაც თითოეული მხარის მეთაურმა ორმხრივი სწავლების დაწყება აცნობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ერთი კვირის განმავლობაში იაპონიის ზღვის აკვატორიაში რუსული და ჩინური გემები ჰაერიდან, წყლიდან და წყლის ქვემოდან მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიებაში, ერთობლივ მანევრირებაში და დაუცველ რეიდზე დგომის დროს თავდაცვაში ივარჯიშებენ.

გემების ეკიპაჟები საარტილერიო სროლებსაც გამართავენ, აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების გამოყენებით რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებენ.

პრემიერ-მინისტრმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.

ფონდ „ქართუს“ ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პრემიერ-მინისტრმა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა.

“მილანის” საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი -კახა კალაძე

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს.

რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს, ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ „მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ, ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ „მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების წარმატებას და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.

„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები „მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, თუ როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა კაკამ.

მანვე გაიხსენა „მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშის პერიოდი.

„მილანში“ სან პაულოდან გადავედი, სადაც ყველა ჩემი თანაგუნდელი ბრაზილიელი ან არგენტინელი იყო და უცებ აღმოვჩნდი ისეთ გუნდში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მართალია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, თუმცა თამაშისა და ტაქტიკური განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ძლიერ მცველებთან ერთად თამაშობ გუნდში, „მილანის“ დაცვა კი საუკეთესო იყო ევროპაში. როცა გაქვს საშუალება, ჩამოხვიდე, მეგობრები ნახო და მათთან ერთად ითამაშო მოედანზე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა კაკამ.

კახა კალაძის წარმატებაზე და მის კარიერაზე მილანში, ისაუბრა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა კლარენს ზეედორფმაც.

„არ არის იოლი, კარიერის დასრულების შემდეგაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება კალას, როგორც მოთამაშეს, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა მოედანზე, ყოველთვის შრომობდა, თავდადებით თამაშობდა, შესაბამისად, ჩვენ არ გვიწევდა იმაზე ნერვიულობა, რა ხდებოდა უკან, დაცვაში და სწორედ ასე მიაღწია „მილანმა“ ამდენ წარმატებას. ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც „მილანის“ ფეხბურთელებს გაგვაჩნდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ „მილანს“. კახიც, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე“, – განაცხადა კლარენს ზეედორფმა.

ლეგენდების მატჩი დღეს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ -ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ მართლაც გადაიდგა ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა რეალური იყო.

მისივე თქმით, დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.

„ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ. ისე, ჩვენში დარჩეს და ცოტა მაინც უნდა ესწავლათ ჭკუა, რომ ამ კაცის დაშანტაჟებას შედეგი არ მოაქვს, ხომ ცადეს და აქტივები გაუყინეს შვეიცარიულ ბანკში, პასუხად რა მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან, რომ სამშობლო და მშვიდობა არ იყიდება! ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც ძალიან დაეცნენ და დამდაბლდნენ, როდესაც რასაც აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება ეტყვის უპირობოდ ასრულებენ და სამარცხვინოდ გვემუქრებიან. ამიტომაც მტკიცე წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენს დაშანტაჟებას ევროკავშირსა და ნატოში ვითომდა გაწევრიანების სიყალბეს, სამაგალითოდ მოვუგოთ არჩევნები საქართველოს ავისმზრახველებს. დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე და ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთიან საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.