Home Blog Page 720

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი – ღვინის ეროვნული სააგენტო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს.

„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.

ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს, მათ შორის, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 303 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.

ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით – დავით ბაქრაძე

x

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით, – განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

ელჩის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს ექნება „მომავლის სამიტზე“, ასევე დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

„მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემები იქნება რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, საქართველოს პროგრესი და რეფორმები, რომლებიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer

შრი-ლანკის ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის „სანდი ობსერვერის“ (Sunday Observer – იბეჭდება კოლომბოში 1928 წლიდან) 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“ (ავტორი – პრასანა პრემედასი, პროფესორი, თავდაცვის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი).

პუბლიკაციის შესავალში გადმოცემულია საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური და დემოკრაფიული მონაცემები, მმართველობის ფორმა, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. „მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, შავი ზღვისა და აბრეშუმის დიდ გზის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩაბმული ვაჭრობაში იმდროინდელ მრავალ ქვეყანასთან – დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებთან“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უშუალოდ განიხილავს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას, დაწყებული 1990-იანი წლებიდან:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაიწყო მსხვილი ეკონომიკური გარდაქმნები, თუმცა პარალელურად – ისევე როგორც სხვა პოსტასაბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოც ეკონომიკური კოლაფსში მოექცა (1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 1989 წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა). სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა პოლიტიკური არასტაბილურობით, რეგიონული სეპარატიზმით, სამოქალაქო ომით და სხვა ნეგატიური პროცესებით. 1997-98 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონია. შემცირდა უცხოური ინსვესტიციები. აყვავდა კორუფცია, ნათლიმამობა… გაიზარდა უმუშევრობა… გაფართოვდა შროის უნარიანი მოსახლეობის მიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა საქართველომ დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რომლებმაც ქვეყანას ხელი შეუწყეს სხვადასხვა რეფორმების გატარებაში და ეკონომიკის აღდგენაში. საქართველოს მთავრობამ მეწარმეობას განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, შეამცირა კორუფციის დონე, მიიზიდა უცხოური ინვესტიციები… განსაკუთრებით განვითარდა ტურიზმი… მსოფლიო ბანკმა საქართველოს „მსოფლიოში უპირველესი ეკონომიკური რეფორმატორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ბიზნესის წარმოების გაიოლების რეიტინგში 112-ედან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლისათვის ამ მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა – ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 2021 წელს მე-12 ადგილი. 2001 წელს საქართველოს მოსახლეობის 54% სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2023 წლისათვის ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე შემცირდა (…)

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო წლებში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოიყო. მისი დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია – ქვეყანის ეკონომიკამ შეინარჩუნა სტაბილურობა, დაჩქარდა საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა. განმტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. (…)

21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისათვის ქვეყანაში უკვე მკვეთრადაა შემცირებული უმუშევრობა, გაზრდილია მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. დიდი ინვესტიციებია ჩადებული ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო (ციფრული) ტექნg6ოლოგიების განვითარებაში.  2023 წლისათვის საქართველომ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 65-ე ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრული მართვის წყალობით საქართველომ ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა მოკლე ხანში შეძლო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წყარო

ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარია – სოზარ სუბარი

ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც ქართველ ხალხს აქვს დღეს, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარი, მაგრამ ეს არის მონაპოვარი, რომლითაც ქართველი ხალხი, საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშს გამოეხმაურა.

„როდესაც ამის გაუქმებას ითხოვს „ენჯეო“ აგენტურა, ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ მოღალატეები არიან, ქართველი ხალხის მტრები. ისინი ერთადერთ რამეზე ფიქრობენ – როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება, ბომბების წვიმა საქართველოს თავზე და საქართველოს ჩართვა ომში. ეს არის ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტურის ნატვრაც, ოცნებაც და ქმედებებიც სამწუხაროდ, მაგრამ ქართველი ხალხი ამ უსამშობლოებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, – აცხადებს სუბარი.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ 11-წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 21 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპასა და აზიაში კონტინენტზე საუკეთესო შედეგია.

კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოში 2013 წლიდან, ახალი ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირებით, დასრულდა სტაგნაციის და რეგრესის ის წინა 17 წლიანი პერიოდი, როდესაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დონე 1995 წელთან შედარებითაც კი გაუარესებული იყო და საქართველო 2012 წელს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სიმცირით ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სამეულში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად იმყოფებოდა.

2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას და უთანაბრდება უნგრეთს და ხორვატიას.

მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი.

„მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, – ციტირებს მედია მაკრონს.

მისი მტკიცებით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.

„ეს, უდავოდ, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა და გახდა დომინანტი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ამ საკითხს გაერო-ს შეხვედრაზე დაუბრუნდება.

„ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +17, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს უმცირესი შენიშვნაც კი ისე გაღიზიანებთ, რომ ემოციების მოთოკვა გიჭირთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკონტროლებთ თავს. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ გირჩევთ, ჯერჯერობით დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ.

კურო

ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ და წარმატებით დაასრულოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრის და თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. კომერციული ოპერაცია შემოსავალს მოგიტანთ. ასევე, მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

ტყუპები

ეს დღე სასიყვარულო გამოცდილებას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. მიმდინარე საქმე მარტივი, მაგრამ მოგებიანია. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.

კირჩხიბი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კოლეგებთან და ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მშვიდი და გეგმაზომიერი მოქმედება მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა საღამომდე ძალების აღდგენას შეძლებთ. სიყვარულში იმედგაცრუება მტკივნეული იქნება, თუმცა ახალი ურთიერთობა ძველ გრძნობებს დაგავიწყებთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩეთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. შეგიძლიათ, საკუთარი იდეები და ინიციატივები თამამად გაახმოვანოთ – კოლეგების მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი დაგეგმილი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

სასწორი

განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ეცადეთ, ნებისმიერი მცირე კრიტიკა ან შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედი სასწორებისთვის.

მორიელი

გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ და ეს დრო ძველი საქმეების დასრულებისთვის გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და ნებისმიერი სახის პარტნიორობისთვის. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ამასთან, მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ, სამუშაო დაივიწყოთ და დაისვენოთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, რომელიც შეიძლება, დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუ სამსახურში დაგვიანება წესად გექცათ, საიმედო მაღვიძარა უნდა შეიძინოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის, თუმცა კოლექტიური სწავლებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ. ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას, რათა მომდევნო წლები დარდსა და სინანულში არ გაატაროთ. განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა მოახერხოთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით, რომელიც მთლიანად ოჯახის საჭიროებებზე დაიხარჯება. ნუ იზარმაცებთ და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

,,ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება”- შალვა პაპუაშვილი

ეს არის პროცესი, რომელიც ახალი არ არის. ჩვენ გვაქვს შერიგების სამინისტრო, მინისტრის პორტფელი, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და რომლის ამოცანაც ზუსტად ეს არის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ის რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, სინამდვილეში ეხება არა შერიგების და შენდობის საკითხს, არამედ მათ გაამჟღავნეს, რომ მათი გზა არ არის მშვიდობის გზა.

ჩვენ ვნახეთ ის ნაციონალისტური ხასიათის განცხადებები ბოლო დღეებში, რომელმაც გვაჩვენა, რომ ისინი მტრებს ხედავენ აფხაზებსა და ოსებში.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის. რუსეთთან ურთიერთობა არის აბსოლუტურად სხვა მიმართულება, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და არა შერიგება. ჩვენ რუსეთთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ დეოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიებიდან გასვლას.

როცა ვსაუბრობთ შერიგებაზე, ეს არის ომის დანაშაულები, რომლებთან შერიგებაც რა თქმა უნდა ვერ მოხდება. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ოს ორ მაღალჩინოსანზე დაკავების ორდერი გამოსცა.

ეს არის გააზრება იმ ტკივილებისა, რომელიც ერთმანეთს მივაყენეთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში დასასჯელი დაისაჯოს, შესანდობს კი შევუნდოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს საკუთარი აღიარებითვე, ომამდე ასეთ შეთავაზებას უკეთებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ აფხაზეთის ტერიტორია გაეყო. ნაწილი ყოფილიყო საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, დანარჩენ ნაწილზე კი ის უარს ამბობდა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Instagram-ით სარგებლობის წესები იცვლება

Instagram-ი მოზარდებისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის წესებს ცვლის. ქსელის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ბავშვების დაცვის მიზნით, კომპანიას პოსტების ნახვაზე ახალი შეზღუდვები შემოაქვს, რომელთა გაუქმებაც მხოლოდ მშობლებს შეეძლებათ. ახალი მოზარდების ექაუნთები სამშაბათიდან დაინერგა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ეს წესები წელსვე დაინერგება ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა ცოტა მოგვიანებით.  მომავალი წლის იანვრიდან ახალი ექაუნთები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

ახალი წესების თანახმად, მოზარდების ექაუნთები ავტომატურად გადაეცემა ყველა უკვე დარეგისტრირებულ 16 წლამდე მომხმარებელს და ყველა ახალ მომხმარებელს 18 წლამდე. ამასთან მოზარდები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 16 წელი მშობლების ნებართვის გარეშე დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გააუქმებენ. 13 წლამდე ბავშვებს ექაუნთების რეგისტრაციას კი Instagram ზოგადად კრძალავს.

18 წლამდე ყველა მომხმარებელს ავტომატურად შეეზღუდება მხოლოდ ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის ნახვა: ასეთი მასალები თინეიჯერების ლენტაში ვერ გამოჩნდება, როგორც რეკომენდებული.

გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პარამეტრებში, თინეიჯერული ანგარიშები განსაზღვრული იქნება, როგორც პირადი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა უნდა დაამტკიცონ გამოწერის ყველა შემდეგი მოთხოვნა და მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების წაკითხვა მხოლოდ აბონენტებს შეეძლებათ.

ახალი პოსტების Push შეტყობინებები ღამით გაითიშება. თინეიჯერები სოციალურ ქსელში ერთი საათის გატარების შემდეგ ავტომატურად მიიღებენ რეკომენდაციას ინსტაგრამზე გარკვეული ხნით შესვენების შესახებ.

Instagram ასევე გვპირდება ანტივერბალური ბულინგის ფილტრებს: სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც ალგორითმი შეურაცხყოფად მიიჩნევს, ავტომატურად გამოირიცხება კომენტარებიდან და ტექსტური შეტყობინებებიდან.

16-დან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ თავად გამორთონ ყველა ეს შეზღუდვა, უმცროსებისთვის კი ამის გაკეთება მშობლებს მოუწევთ.

მშობლები, რომლებიც აკონტროლებენ შვილების ანგარიშებს, შეძლებენ დაინახონ, ვისთან უგზავნიან ისინი შეტყობინებებს, მაგრამ თავად შეტყობინებებს ვერ წაიკითხავენ.

ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ჩართული იყო იმ პეიჯერების შეძენაში, რომლებიც „ჰეზბოლას“ წევრებს ჰქონდათ და გასულ კვირას ლიბანის მასშტაბით აფეთქდა. მან ასევე მიანიშნა, რომ მსგავსი მოწყობილობა შესაძლოა, ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც, რასაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ემსხვერპლა.

როგორც სოციალურ ქსელ იქსში გავრცელებულ ჩანაწერში ევროპაში მოღვაწე ირანელი ჟურნალისტი მოჰამად აჰვაზე წერს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი აჰმად ბახშაიეშ არდესტანი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა.