Home Blog Page 72

,,მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის”- ირაკლი კობახიძე

მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა ქართველ ხალხს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ.

„ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა ქართველ ხალხს – გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ნდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – საქართველოს ხალხმა იცის რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის -ვიქტორ ორბანი

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – წერს ორბანი.

დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ – შალვა პაპუაშვილი

4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა განვლილ წლებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო. ამისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე 2,5 წელიწადი გავიარეთ თქვენთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ 2,5 წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება და გადასცა ხელისუფლების მანდატი “ქართულ ოცნებას”. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ დიდი ნდობისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ,,მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია”- ბიძინა ივანიშვილი

“იმედის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა.

„მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ეზოში გამართულ ღონისძიებაზე.

იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

„ქართული ოცნება“ 56.1 %

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 12.6 %

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 11.6 %

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 7.0 %

„გახარია საქართველოსთვის“ 4.8 %

„გირჩი“ 3.0 %

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,2 %

სხვა 2.7 %

,,ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები”- ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომერი 4-ით არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, ოთხივე გაერთიანებამ შეძლო ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

„გამარჯვება საქართველოს. უპრეცედენტო აქტივობაა, თქვენ ეს შეძელით, ეს მაჩვენებელი უტოლდება 2012 წლის აქტივობას. ცვლილებები უკვე დადგა, „ქართული ოცნება“ უკვე არის საპარლამენტო უმცირესობაში. ის 40%-ზე ქვემოთაა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის საპარლამენტო ოპოზიციაში.

ოთხივე პოლიტიკური მსხვილი გაერთიანება ბარიერს ლახავს ბარიერს, ვულოცავ თითოეული მათგანის მხარდაჭერსა და გულშემატკივარს, მათ ეს შეძლეს. ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომერით 4, არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, ოთხივე გაერთიანებამ შეძლო ბარიერის გადალახვა.

ათასობის ჩვენი კოალიციის დამკვირვებელი ახლა იბრძვის ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა, ამიტომ მადლობა აბსოლუტურად უმრავლესობას, რომ არ აჰყვნენ „ქართული ოცნების“ პროვოკაციებს. „ქართული ოცნების“ მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ჩვენი დამკვირვებლები გამოეყვანათ მდგომარეობიდან.

გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებში არ შედის ემიგრანტების ხმები, ისინი ახლაც დგანან რიგებში, რომ მისცენ ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს 2012 წლის პირველ ოქტომბერს დადასტურდა დღევანდელი დღით რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს არ აურჩევია მეფედ, არ უკურთხებია მეფედ და არც ცეკას მდივნად აურჩევია. ქართველმა ხალხმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი. შესაძლებელია, „კოალიცია ცვლილებებზე“ ბევრს დიდი წარმოდგენა არ ჰქონოდა, მაგრამ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა მელიამ.

როგორია კენჭისყრის დასრულების შემდეგ პროცედურები

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე – ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში.

იოსელიანის განმარტებით, ამის შემდეგ ცესკოს ექნება საშუალება, აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნოს წინასწარი, პირველად შედეგები.

„ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.

ცესკო ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ უბნებზე ასევე გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანმა ისაუბრა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

„რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში – არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა -პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არადემოკრატიულად და არაევროპულად იქცევა, როცა შედეგების გამოცხადებამდე, არჩევნებში გამარჯვებაში მოქალაქეებს არწმუნებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება და საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში კენჭისყრაში მონაწილეობა.

„მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ „მოვიგეთო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი. დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვისაც სურვილი აქვს მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება – პრეზიდენტი მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მმართველი პარტია მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, როცა ამბობს, რომ არჩევნებს იგებს.

მისივე თქმით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არის თვითდაჯერება და შედეგებისთვის ევროპულად დალოდება.

„საათზე ნაკლები დარჩა. ვინც არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ მიხვიდეთ. შემდეგ არ ინანოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში არ მიიღეთ მონაწილეობა. დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება. თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.

მინდა უცხოეთში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს გავახსენო ის, რომ 20:00 საათზე ვინც რიგში იქნება, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ კომისიიდან ადამიანის გამოსვლა. მან უნდა ჩაიწეროს ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც იმ დროისთვის უბანზე იქნება და ყველა ამ ადამიანმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის თქვენი უფლება.

მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ მოვიგეთო. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორგანიზაცია „სირცხვიალია“ რამდენიმე წევრმა დატოვა

ორგანიზაცია „სირცხვიალია“ რამდენიმე წევრმა დატოვა.

ორგანიზაციის წევრებმა „ქრონიკასთან“ განცხადება გააკეთეს და „სირცხვიალიადან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს მითითებები, საარჩევნო პროცესისთვის ხელი შეეშალათ.

„მათ სრულიად კარგად ჰქონდათ ის გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა. თუმცა, ხალხი, რომელიც მათ მხარს არ დაუჭერდა, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურად უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე, ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა.

თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, უნდა გვერჩია, რომ მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირათ. მათი სურვილი იყო, არჩევნებს მშვიდად არ ჩაევლო და ეს დღე სრულიად არეულიყო“, – განაცხადა მარიამ მჭედლიძემ.

თავის მხრივ ორგანიზაციის მხრიდან იმავე მოთხოვნებზე საუბრობს გიორგი პაქსაშვილიც.

„მინდოდა ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როდესაც მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა. მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა არჩევნების პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, მათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო და დავტოვე საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა გიორგი პაქსაშვილმა.

ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს – „ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში – ზურაბ ჯაფარიძე


„ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს ამომრჩევლებს, ყველანი გამოცხადდნენ უბანზე და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, რადგან „რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“.

„ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად ჩვენ შევქმნით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდგომ დავაკომპლექტებთ მთავრობას.

ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. დარჩენილია ერთი საათი, სანამ უბნები დაიხურება და ორი რამეა ახლა გასაკეთებელი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენი პარტიული წარმომადგენელი იყო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვინც უბნებზე იდგა, იცავდა ხმებს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, პროცესი მიდის. 8 საათზე დაიხურება უბნები, მერე იქნება ჯერ ოქმების ამობეჭდვა, იქ, სადაც ელექტრონულად ითვლიან ხმებს, შემდეგ იქნება ამის ხელით გადათვლა. თქვენ უნდა დარჩეთ ბოლომდე ამ უბანზე, სანამ არ დასრულდება ხელით გადათვლის პროცესი.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საათებში ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების გამოცხადება, ვინც ჯერ კიდევ არ მისულხართ, ყველანი გამოცხადდით უბნებზე. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.









სახალხო დამცველი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და დამკვირვებლებისა თუ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაულებრივი ქმედებაა.

“საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და სურს გამოეხმაუროს ამ დროისათვის (17:30სთ) ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც.
კერძოდ,
ძალადობრივი ინციდენტები:
ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი  პარტიის წარმომადგენელს;
სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
ქ. გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
ქ. ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ  დაპირისპირებას;

ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი;
ახმეტის მატნის #11 საარჩენო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი;
საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები:
ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS – ის ჟურნალისტს;
თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.

გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს  ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათავის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულბრივ ქმედებას.

ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა  კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების/ამომრჩეველთა აღრიცხვის თაობაზე; გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას დაიცვას როგორც აღნიშნული კანონისმიერი დანაწესი, ასევე, არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს თუნდაც შესაბამისი მანძილის დაცვით ძალადობისა და დაპირისპირებების ინიცირება.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელივანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება. გატარებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დროულად წარმოუდგინოს საზოგადოებას.

სახალხო დამცველი მიმართავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მათ მხარდაჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობის წახალისებისაგან და ინიცირებისგან და ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში წარმართვას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.