Home Blog Page 719

 მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად -ირაკლი კობახიძე

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

მთვარობის მეთაურის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება.

“ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად -ირაკლი კობახიძე

მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
„სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს, ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა  აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის.
თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცენდენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად.  საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები.
მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის არმია ჩრდილოეთში ძალთა ბალანსის შესაცვლელად მოქმედებს -ბენიამინ ნეთანიაჰუ

JPG edited with https://ezgif.com/resize

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია ჩრდილოეთში ძალთა ბალანსის შესაცვლელად მოქმედებს.

„მათთვის, ვისაც ჯერ არ ესმის, მინდა განვმარტო ისრაელის პოლიტიკა. ჩვენ არ ველოდებით საფრთხის დადგომას, ჩვენ ვმოქმედებთ მის წიწასწარ გასანეიტრალებლად. ეს ხდება ყველგან, ომის ნებისმიერ თეატრში, ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ანადგურებს ტერორისტული დაჯგუფების მაღალჩინოსნებს, ტერორისტებსა და სარაკეტო დანადგარებს.

„მე პირობა დავდე, რომ ჩვენ შევცვლით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვანადგურებთ ათასობით რაკეტას, რომელიც მიმართულია ისრაელის ქალაქებსა და ისრაელის მოქალაქეებზე“, – დასძინა მან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს.

კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა.

სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული – მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 ინფორმაცია თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი არის სიცრუე -განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია, ცნობაზე, თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას!

მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.

წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომელიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს – ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.

დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც, მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი.

დამხმარე რესურსის პირველი ნაწილი დამუშავდა შესაბამისი კომპეტენციის ისტორიკოსების მიერ მხოლოდ პირველი სემესტრისთვის და მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისს – 1900-1921 წლებს. მასწავლებლებისთვის ჩატარდა შეხვედრები და მოხდა მათი დატრენინგება რესურსის გამოყენებაში. შესაბამისად, გამოთქმული ეჭვი, შიში, თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის შეგნებული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე დაიწყო ყველა საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა სწავლება სკოლებში, მე-12 კლასის ყველა საგნისთვის შეიქმნა მასწავლებლის დამხმარე გზამკვლევები. მათ შორის საქართველოს ისტორიაში.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლებაზე.

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ზოგიერთ მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან!“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს -ლევან მახაშვილი

„არანაირი რაციონალური და ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს“, – ამის შესახებ  მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი ვიზალიბერალიზაციის თემაზე სპეკულირების.

„არასერიოზულია ვიზალიბერალიზაციის თემაზე რაიმე კომენტარის გაკეთება. არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი ამ თემაზე სპეკულირების. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას თავისი მიზეზები აქვს. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ იზრდება, დანაშაულში მონაწილე პირთა რაოდენობა არ იზრდება, საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, ამიტომ, არანაირი რაციონალური და ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე კითხვა გაჩნდეს“, – აცხადებს ლევან მახაშვილი.

“ენჯეოები” და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას -ნიკოლოზ სამხარაძე

x

„ენჯეოები“ და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს.

მისი თქმით, ის რაც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს „ქართულ ოცნებასაც“ და „ენჯეოების“ მიზანიც სწორედ ესაა.

„ინტერესი აქვთ ის, რომ ამით მათ სურთ, რომ დაასუსტონ „ქართული ოცნება“, რადგან „ქართული ოცნებაა“ დღეს ხელისუფლებაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქვეყნის საზიანოდ, ეს თავისთავად ავტომატურად „ქართულ ოცნებასაც“ აზიარებს. არანაირი დეზინფორმაციას ეს არ არის. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ქალბატონი სულ რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა საქართველოში, მაკკეინის კონფერენციაზე მათ შორის. შემდეგ მათ ჰქონდათ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ის რაც მის ანგარიშში გამოქვეყნდა, არ მგონია, რომ დეზინფორმაცია იყოს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ზუსტად ჯდება ასე ვთქვათ იმ განცხადებების ხასიათში, რომელსაც ეს „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არასამთავრობოებთან აფილირებულები არიან თუ პირიქით, ერთმანეთში გადაზელილი, უკვე აღარ ვიცით, რომ მათ ყველანაირად ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული „ენჯეოების“ მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7277 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0290ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

 მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ-დავით უსუფაშვილი

x

მე ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, პოლიტიკოსები და ექსპერტები ხელისუფლებას რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებენ.

„მე ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ვიცნობ, რომლებიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვენ. მე ვიცნობ ძალიან ბევრ პოლიტიკოს, ექსპერტს და არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებიც ძალიან დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში, იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ევროკავშირს ასე განუდგება, მტრად მოიხსენიებს და ასეთი დამოკიდებულება აქვს, ევროკავშირი ზომებს იღებს ხოლმე. ამ ჩამონათვალში დიახ, არის იმის უკან წაღება, რაც მოგვცა. ეს არის რეალური ხიფათი, მე არ ვიცნობ ისეთ ქართველს, რომელიც ამას ითხოვს, ქართველებს იქ სიარული აუკრძალეთო, მე ვიცნობ ბევრს, ვინც ხელისუფლებას ეუბნება, აქეთ მიგყავთ საქმე და შესაძლოა, ასეც მოხდესო. მე მინდა, რომ ეს არ მოხდეს. 26 ოქტომბრის მერე, ეს რომ არ მოხდება, ნამდვილად ვიცი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უკრაინულმა მხარემ მამუკა მამულაშვილი ამხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზუსტად იგივე ტიპის სიმულაციით იყო დაკავებული, რა სიმულაციაც ჩვენ თავს მოგვახვია ბატონმა სააკაშვილმა – ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი უკრაინაში მებრძოლის, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის შესახებ უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საუბარია Ukraine Today-ის სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში მებრძოლმა მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო.

„უკრაინულმა მხარემ ეს პიროვნება [მამუკა მამულაშვილი] ამხილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო ზუსტად იგივე ტიპის სიმულაციით დაკავებული, რა სიმულაციაც ჩვენ თავს მოგვახვია ბატონმა სააკაშვილმა 2 წლის განმავლობაში; თითქოს ისიც მოწამლული იყო, კვდებოდა და სჭირდებოდა რაღაც თანხები სამკურნალოდ. სხვათა შორის ის ფონდი, რომელიც მან დააარსა, პარტნიორად ვინც ჰყავს შემოყვანილი, ეს პიროვნებაც [რიჩარდ შარპი] თაღლითობისთვის არის ნასამართლევი. შესაბამისად ეს ჩვეულებრივი თაღლითური გეგმა იყო და ეს პიროვნებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მათი დღის წესრიგი დგას მთლიანად ტყუილზე, სიმულაციაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება.

„დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

ამასთან, მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და ცესკო-ს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივ ტრენინგებს, ასევე, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გვაბრუნებენ ეპოქაში, როცა ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!-სააკაშვილი

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან.

„ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების სისტემა, ახლა ივანიშვილის პარლამენტმა გააუქმა. ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ.

მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან. თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!,“ – წერს სააკაშვილი.