Home Blog Page 718

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება.

„დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

ამასთან, მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და ცესკო-ს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივ ტრენინგებს, ასევე, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გვაბრუნებენ ეპოქაში, როცა ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!-სააკაშვილი

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან.

„ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების სისტემა, ახლა ივანიშვილის პარლამენტმა გააუქმა. ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ.

მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან. თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!,“ – წერს სააკაშვილი.

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” სახელით პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. ინფორმაცია მედიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს “ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

“ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკოსები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმები, სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ბიუროკრატიულად საკმაოდ რთული პროცესია -კახა კალაძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება.

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება ასეთი განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორიც ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც პოლიტიკოსები.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნუ გამოვყოფთ, რადგან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. დღეს ზღვარი წაშლილია და არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, აგენტები. ეს არის აგენტურის ქსელი, რომლის შექმნისთვის უცხოეთიდან ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, რათა ქვეყანა ემართათ გარედან. დასჭირდებოდათ და შეცვლიდნენ ხელისუფლებას, სხვას დააყენებდნენ და იტყოდნენ, რომ ეს არის ხალხის არჩეული. დღეს, ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ის, გარედან თავსმოხვეული პროცესები, რაც გვქონდა, მერწმუნეთ, ჩაბარდება წარსულს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, დარბიან ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია დააზიანონ და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. არ გახსოვთ, პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს და ა.შ.?! მავნებლები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებას? – კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა, ყურმოჭრილი მონები არიან – კახა კალაძე

ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს ან სალომე ზურაბიშვილს გაერთიანება – კონკრეტული საელჩოდან ხდება საარჩევნო კამპანიის მართვა. ყურმოჭრილი მონები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჩვეულებრივი სპექტაკლი“ მიმდინარეობს.

„ჩვეულებრივი სპექტაკლია! ვინ ეკითხება გახარიას, ხაზარაძეს, ან სალომე ზურაბიშვილს მათი გაერთიანება. კონკრეტული საელჩოდან ხდება ამ პროცესების მართვა საარჩევნო კამპანიის მართვა. რასაც ეტყვიან, ყურმოჭრილი მონები არიან. დაიბარებენ და ეტყვიან „ეს გააკეთეთ“. მათ იმის უფლება არ აქვთ, პასუხი გასცენ, რატომ და რისთვის. როგორც ეტყვიან, ისე გააკეთებენ. რა გახარია…. ჩვეულებრივი სპექტაკლია“, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანებას გულისხმობს, კალაძის განცხადებით, ოპოზიციაში რაც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს და როგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს შეიძლება გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანის ჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდ სახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალო გადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს, ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს. 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, “მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია”. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“.

საჭიროა „ქართულმა ოცნებამ მ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას- კახა კალაძე

მნიშვნელოვანია არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება.

„მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს – კახა კალაძე

საქართველოს ინტერესები არ ითმობა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის დასმულ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.

მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.

„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance, ზედიზედ მესამედ დაასახელა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები,  სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა SME სექტორისათვის. ასევე მხედველობაში მიიღეს ის არაფინანსური პროექტები, რომლებსაც ბანკები ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – Global Finance-მა  უკვე მესამედ დაგვასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ ბანკად საქართველოში. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბიზნესებს შესთავაზოს ყველა საჭირო პროდუქტი და სერვისი, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია.  თიბისისთან ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ჟურნალი Global Finance  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  37  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

R

აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები – რას წერს უცხოური პრესა

საუდის არაბეთის გაზეთი „აშ-შარკ ალ აუსატი“ (الشرق الأوسط – იბეჭდება როგორც ერ-რიადში, ასევე ლონდონში და მსოფლიოს რიგ ქალაქებში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები“ (ავტორი – შაუკი არ-რაიესი), რომელშიც სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობა არის განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, სომხეთში თითქმის 100 ათასამდე ყარაბაღელი სომეხის მიგრირება განხორციელდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ისტორიული მიწა-წყალი აქვს დაკავებული და რომ აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ზანგეზურის  დერეფნის (იგულისხმება ნახიჩევან-ბაქოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომლის მცირე მონაკვეთი მეგრის რაიონში სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის) აუცილებლად განახორციელებს.

ეს განცხადებები, აგრეთვე ის სწრაფი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები, რომელთა მოწმე სამხრეთი კავკასია ბოლო წლებში გახდა, აჩვენებს, თუ რატომ არის ახალი ომი თითქმის გარდაუვალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანალიტიკოსების საერთო აზრით, კავკასიაში ყოველი მცირე დაპირისპირებაც კი შეიძლება სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს – ამ რეგიონში უამრავი „გაყინული“ და „მთვლემარე“ კონფლიქტი არსებობს. მით უმეტეს, რომ კავკასიაში თავიანთი გავლენის განმტკიცებას ცდილობენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სახელმწიფოები და ისინიც, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ტერიტორიიდან შორს მდებარეობენ.

სამხრეთ კავკასიის წარსულიდან: ომები და ზავები

საკმარისია უბრალოდ თვალი გადავავლოთ რეგიონის ისტორიას, რომ სიტუაციის სირთულე გავაცნობიერთ. კავკასიური ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე იმ ფაქტორებს წარმოადგენენ, რომლებსაც, გარკვეული დროის დადგომისას,  შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დენთის კასრთან მიტანილი პატრუქის როლი შეასრულონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ ომებში თითქმის 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონამდე მცხოვრები იძულებითი მიგრანტი გახდა. კავკასიაში ერთმანეთში არიან შერეულნი ისეთი კულტურები და ხალხები, რომლებიც 50 ენაზე ლაპარაკობენ და სამ აბრაამისეულ რელიგიას (იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს) მისდევენ. ეს ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ გვერდი-გვერდ, მათ ურთიერთობაში ერთმანეთს ცვლიდნენ ომები და ზავები, შფოთიანობა და მშვიდობა, მაგრამ განსაკუთრებით სისხლისმღვრელი გახდა მეოცე საუკუნის მიწურული, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ერევანი სომხეთის დედაქალაქია, სადაც ამჟამად მხოლოდ სომეხი ქრისტიანები ცხოვრობენ. მე-19 საუკუნეში კი ერევნის მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები („თათრები“) შეადგენდნენ. ბაქოში, აზერბაიჯანის დრევანდელ დედაქალაქში, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის ნახევარი ეროვნებით რუსი იყო, სომხები კი – მესამედი. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, იმ დროისთვის ბევრი სომეხი ცხოვრობდა, მოსახლეობის თითქმის 40%. დღეს აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის 18%-ს შეადგენენ – ისინი სისტემატიურ რეპრესიებს განიცდიან თეირანისაგან, რაც აზერბაიჯანისა და ირანს შორის დაძაბულობას ქმნის – 2023 წელს ორ მეზობელს შორის მცირე ხნით ურთიერთობაც კი გაწყდა.

მთიანი „შავი ბაღის“ კრიზისი

თვით დასახელება „მთიანი ყარაბაღი“ (ანუ მთიანი შავი ბაღი) კარგად მიანიშნებს იმას, რომ ამ რეგიონს რთული ისტორია აქვს. აქ, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხრეთში, ერთმანეთს ცვლიან ნაყოფიერი და თბილი დაბლობ-ვაკეები და ცივი მაღალი მწვერვალები. გვიანი შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ყარაბაღი ერთგვარი ავტონომიით სარგებლობდა: მას მართავდნენ სომხური და აზერბაიჯანული დინასტიები, რომლებიც, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ ჯერ სპარსეთის შაჰებს, შემდეგ კი რუსეთის იმპერატორებს. მიუხედვად იმისა, რომ 1921 წლისათვის ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ, საბჭოთა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეს რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-ს მიაკუთვნა.

დღეს სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს აზერბაიჯანი წარმოადგენს, რომელსაც აქვს ნავთობი და სხვა მნიშვნელოვანი მინერალური რესურსები. ილჰამ ალიევის რეჟიმს, რომელიც აზერბაიჯანს „რკინის ხელით“ მართავს, უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირები აქვს როგორც თურქეთთან, ასევე ისრაელთან და აშშ-სთან. ბაქომ მოახერხა და ფართო სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთანაც.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი

ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიანი თავის ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სომხეთის გეოგრაფიულ ამბიციებს და აზერბაიჯანელების მდგომარეობას ირანში.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელიც სომხეთის ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული, უკვე რამდენიმე თვეა რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს მაგიდაზე უდევთ და „მწვანე შუქს“ ელოდება საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის აღსადგენად.

„აშკარაა, რომ ჩვენი რეგიონი – სამხრეთი კავკასია – მშვიდობის დამყარებას საჭიროებს. და რას ნიშნავს მშვიდობა? ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ქვეყნები ღია საზღვრებით ცხოვრობენ, როცა ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობებით, როცა არსებობს სურვილი და გამოცდილება იმისა, რომ პრობლემები დიპლომატიური გზით და დიალოგით მოგვარდეს. აი, ასეთია ნამდვილი მშვიდობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი – ღია საზღვრები, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები –  გზების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმ ნიკოლ ფაშინიანმა  თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის წარდგენისას.

პროექტი მიმართულია გადასასვლელების გახსნისათვის როგორც სომხეთ-თურქეთის, ასევე სომხეთ-აზერბიჯანის საზღვრებზე, მასში გათვალისწინებულია სამი ახალი დამატებითი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტის შექმნაც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. ასევე იგეგმება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თურქეთთან, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან არსებობდა და შემდეგ საბჭოთა ეპოქაშიც მოქმედებდა (გიუმრი-ყარსის რკინიგზა), ახალი გზების მშენებლობა (ირანის თავრიზიდან თბილისამდე და ბაქოდან ერევნამდე და ყარსამდე). ამით გაიოლდება ინდოეთის ოკეანის (სპარსეთის ყურის), კასპიის, შავ და ხმელთაშუა ზღვების ნავსადგურების ერთმანეთთან კავშირი.

ამ პროექტით დაინტერესებულია რეგიონის ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი თურქეთი და ირანი, რომლებიც მეზობლებთან თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ესწრაფვიან. პროექტის რეალიზება დამოკიდებულია მტკიცე მშვიდობის დამყარებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობის გასაღები კი ბაქოს ხელშია: აზერბაიჯანს არა მარტო სამხედრო უპირატება აქვს, არამედ დარწმუნებულიც არის, რომ რეგიონული და უცხო სახელმწიფოები თითსაც ვერ გაანძრევენ და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვიან ბაქოს წინააღმდეგ, თუ აზერბაიჯანი ახალ სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს თავისი გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად.

გარდა ამისა, თურქეთი, რომელსაც აზერბაიჯანთან კულტურული და ენობრივი ახლო კავშირები აქვს, ბაქოს თანხმობის გარეშე, სომხეთთან ურთიერთობის არანაირ ნორმალიზებას არ დათანხმდება.

კრემლი: უპირატესობა აზერბაიჯანს

რუსეთის ინტერესები კი, თავის მხრივ, იცვლება: კრემლი მეტად აღარ არის მზად იმისათვის მზად, რომ აზერბაიჯანთან არსებული თავისი ურთიერთობები სომხეთთან ურთიერთობებს შეწიროს, რაზედაც ყარაბაღის ბოლო ომის შედეგები მოწმობს. აზერბაიჯანმა არამარტო უბრალოდ გაიმარჯვა, არამედ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად დაიბრუნა და აკონტროლებს. განაწყენებული სომხეთი რუსეთისაგან დისტანცირდება, მაგრამ შორს ვერ მიდის.

წყარო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი – ღვინის ეროვნული სააგენტო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს.

„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.

ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს, მათ შორის, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 303 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.

ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით – დავით ბაქრაძე

x

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით, – განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

ელჩის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს ექნება „მომავლის სამიტზე“, ასევე დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

„მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემები იქნება რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, საქართველოს პროგრესი და რეფორმები, რომლებიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer

შრი-ლანკის ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის „სანდი ობსერვერის“ (Sunday Observer – იბეჭდება კოლომბოში 1928 წლიდან) 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“ (ავტორი – პრასანა პრემედასი, პროფესორი, თავდაცვის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი).

პუბლიკაციის შესავალში გადმოცემულია საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური და დემოკრაფიული მონაცემები, მმართველობის ფორმა, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. „მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, შავი ზღვისა და აბრეშუმის დიდ გზის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩაბმული ვაჭრობაში იმდროინდელ მრავალ ქვეყანასთან – დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებთან“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უშუალოდ განიხილავს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას, დაწყებული 1990-იანი წლებიდან:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაიწყო მსხვილი ეკონომიკური გარდაქმნები, თუმცა პარალელურად – ისევე როგორც სხვა პოსტასაბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოც ეკონომიკური კოლაფსში მოექცა (1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 1989 წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა). სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა პოლიტიკური არასტაბილურობით, რეგიონული სეპარატიზმით, სამოქალაქო ომით და სხვა ნეგატიური პროცესებით. 1997-98 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონია. შემცირდა უცხოური ინსვესტიციები. აყვავდა კორუფცია, ნათლიმამობა… გაიზარდა უმუშევრობა… გაფართოვდა შროის უნარიანი მოსახლეობის მიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა საქართველომ დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რომლებმაც ქვეყანას ხელი შეუწყეს სხვადასხვა რეფორმების გატარებაში და ეკონომიკის აღდგენაში. საქართველოს მთავრობამ მეწარმეობას განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, შეამცირა კორუფციის დონე, მიიზიდა უცხოური ინვესტიციები… განსაკუთრებით განვითარდა ტურიზმი… მსოფლიო ბანკმა საქართველოს „მსოფლიოში უპირველესი ეკონომიკური რეფორმატორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ბიზნესის წარმოების გაიოლების რეიტინგში 112-ედან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლისათვის ამ მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა – ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 2021 წელს მე-12 ადგილი. 2001 წელს საქართველოს მოსახლეობის 54% სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2023 წლისათვის ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე შემცირდა (…)

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო წლებში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოიყო. მისი დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია – ქვეყანის ეკონომიკამ შეინარჩუნა სტაბილურობა, დაჩქარდა საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა. განმტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. (…)

21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისათვის ქვეყანაში უკვე მკვეთრადაა შემცირებული უმუშევრობა, გაზრდილია მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. დიდი ინვესტიციებია ჩადებული ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო (ციფრული) ტექნg6ოლოგიების განვითარებაში.  2023 წლისათვის საქართველომ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 65-ე ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრული მართვის წყალობით საქართველომ ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა მოკლე ხანში შეძლო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წყარო