Home Blog Page 718

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ჩვეული, რუტინული საქმით შემოიფარგლეთ, სამუშაო დრო მთლიანად გეგმების განხორციელებას დაუთმეთ.  პირადი საკითხები ხვალისთვის გადადეთ.

კურო

სახლში დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხებზე, სასურველია, სპეციალისტები მოიწვიოთ, ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, ამასთან,  შედეგსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.

ტყუპები

თუ ხვდებით, რომ თქვენს ირგვლივ არაკეთილგანწყობილი ადამიანები არიან, სასურველია, კორექტივები შეიტანოთ გეგმებსა და ქმედებებში, რათა არ გაამრავლოთ კონკურენტები და მტრები.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღოთ. ახალ იდეების განსახორციელებლად, ფინანსური საკითხების მოგვარება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს.

ლომი

უარს ნუ იტყვით მეგობრების შემოთავაზებაზე, ან ახალ საქმიან წინადადებაზე, შესაძლოა, ეს  იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.

ქალწული

ზომიერება გამოიჩინეთ, როგორც საქმიანობაში, ასევე თქვენს სურვილებთან დაკავშირებით. მრავალფეროვანი მოვლენებით დახუნძლული დღე მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ, იყავით გაბედული, პირდაპირი და დაიცავით საკუთარი ინტერესები.

სასწორი

ფიზიკურ თუ ნერვულ გადაღლას ვერ აიცილებთ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.

მორიელი

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, გააანალიზეთ საკუთარი პრობლემები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, ეს დაგეხმარებათ სამყაროსგან პასუხების მიღებაში და მომავლის უკეთ დაგეგმვაში.

მშვილდოსანი

თქვენი მიზნების მისაღწევად, საჭირო არაა სიახლეების ძებნა, მთავარია, დასახული გეგმა სწორად შეასრულოთ და მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.

თხის რქა

იზრუნეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.  თქვენი მყარი ემოციური მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, მოაგვაროთ მატერიალური საკითხები.

მერწყული

მოსალოდნელია დაპირისპირება ოჯახის ასაკოვან წევრებთან. გააკონტროლეთ ემოციები ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.

თევზები

არსებობს ალბათობა, მკვეთრად შეიცვალოს თქვენი გეგმები. შესაძლოა,  დაკავდეთ სხვათა პრობლემების მოგვარებით. კარგი იქნება, იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

როგორ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას.

“აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კამალა ჰარისი ლიდერობს არჩევნებში ცვლილებების ლოზუნგით – ავთანდილ წულაძე

NBC News-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 49% მზადაა ხმა მისცეს კამალა ჰარისს, ხოლო 44% მზად არის ხმა მისცეს დონალდ ტრამპს. შეერთებულ შტატებში ათობით კომპანია ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს. ამ კომპანიების უმრავლესობის ახალი გამოკითხვების მიხედვით, ჰარისი იმარჯვებს და მხოლოდ რამდენიმე გამოკითხვის ცენტრი აქვეყნებს კანდიდატების თანაბარ რეიტინგებს.

https://projects.fivethirtyeight.com/polls/president-general/2024/national/

კამალა ჰარისის აშკარა უპირატესობა მისი პოპულარობის ზრდის დინამიკაა, ხოლო დონალდ ტრამპის მხარდაჭერამ მაქსიმუმს მიაღწია.

ტელეარხი MSNBC-ს ექსპერტების აზრით, ჰარისის წარმატება აიხსნება იმით, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას აქვს ცვლილებების იმედი თუ ჰარისი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი. როგორც ცვლილებების ლიდერს, ჰარისს ტრამპზე 16%-იანი უპირატესობა აქვს

https://www.msnbc.com/weekends-with-alex-witt/watch/harris-has-given-the-politically-homeless-a – home-in-democrats-big-tent-strategist-219895365686

როდესაც ჯო ბაიდენმა უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და დაასახელა კამალა ჰარისი, ისე ჩანდა, რომ ჰარისი გააგრძელებდა ბაიდენის პოლიტიკას.  კამალა ჰარისმა არ ითამაშა ჯო ბაიდენის დუბლიორის როლი. შტატებში გამართულ მიტინგებზე ჰარისი მოუწოდებდა ამომრჩევლებს უკან არ დაბრუნებისკენ და წინსვლისკენ. ჰარისი თავაზობს ამერიკელებს ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის საშუალო ფენის მხარდაჭერას. ის ასევე უფრო ეფექტურად იცავს ქალთა უფლებებს. ჰარისი არის ახალი სახე, ლიდერი, რომელიც ჰპირდება ცვლილებას უკეთესობისკენ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან თავისი კამპანია შიშის გაღვივებაზე ააგო. ტრამპი გამუდმებით იმეორებს, რომ ამერიკა უფსკრულისაკენ მიექანება და გადარჩენა სჭირდება. ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის ეკონომიკურ პოლიტიკას ისტორიაში ყველაზე ცუდს უწოდებს. დონალდ ტრამპი თვლის, რომ უკრაინის ომმა შესაძლოა  მსოფლიო ბირთვული ომი გამოიწვიოს. ტრამპი ამერიკელებს ქვეყნის დესტაბილიზაციით აშინებს. ტრამპის ამოცანაა ამომრჩევლის დაშინება, მუქარის ესკალაცია და დაპირება, რომ მხოლოდ ის გადაარჩენს ამერიკას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ამრიგად, ჰარისი და ტრამპი ახორციელებენ საპირისპირო კამპანიის სტრატეგიებს. კამალა ჰარისი თავაზობს ცვლილებას და უკეთეს მომავალ. დონალდ ტრამპი ეყრდნობა შიშს და მოუწოდებს ამომრჩევლებს დაბრუნდნენ წარსულში, „ოქროს ხანაში“. ჰარისისა და ტრამპის ბრძოლა არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის. შიშსა და იმედს შორის.

სიტუაციის პარადოქსი ის არის, რომ დონალდ ტრამპმა თავად მოამზადა ნიადაგი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმატებით დასაწყებად. როდესაც ჯო ბაიდენმა იყარა კენჭი მეორე ვადით, ის ცდილობდა ამომრჩევლისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მისი კონკურენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ შეერთებულ შტატებში ყველაფერი ცუდადაა და ქვეყანას ცვლილებები სჭირდება მის გადასარჩენად.

ბაიდენის კრიტიკით სწორედ ტრამპმა შექმნა ამერიკულ საზოგადოებაში ცვლილების მოთხოვნა. თუმცა, კამალა ჰარისმა ამ სიტუაციით წარმატებით ისარგებლა. ტრამპის კამპანიის სუსტი წერტილი ის არის, რომ მას არ შეუძლია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს როგორ აპირებს შეერთებული შტატების „გადარჩენას“. ის ამერიკელებს აშინებს, მაგრამ სიტუაციიდან გამოსვლის რეალისტურ გზებს არ სთავაზობს. მაგალითად, სატელევიზიო არხმა MSNBC-მ გააანალიზა შვიდი დაპირება, რომელიც ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა https://www.msnbc.com/opinion/msnbc-opinion/trump-campaign-proposals-tax-cuts-rcna171853 ავტორის თქმით, ტრამპს არცერთი დაპირება არ დაუდასტურებია სამოქმედო პროგრამით და მისი დაპირებების შესრულების შანსები მინიმალურია.

საპრეზიდენტო კანდიდატების ფინანსური მხარდაჭერა ასევე დიდ როლს თამაშობს შეერთებულ შტატებში. კამალა ჰარისი საგრძნობლად უსწრებს დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიის თანხების მოზიდვით.

https://edition.cnn.com/2024/09/06/politics/kamala-harris-august-fundraising/index.html

თუმცა, დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული CNN-ის ანალიტიკოსები სიფრთხილეს გამოხატავენ თავიანთ პროგნოზებში. მაგალითად, CNN-ის ექსპერტი ჰარი ენტენი თავის სტატიაში ამტკიცებს, რომ ჰარისსა და ტრამპს შორის განსხვავება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ გამოვიტანოთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. https://edition.cnn.com/2024/09/22/politics/closest-presidential-race-harris-trump/index.html

აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს საერთაშორისო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე და 5 ნოემბრამდე მრავალმა სხვა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამერიკელი ამომრჩევლების არჩევანზე.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

 რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო, ხალხი მყარად უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” და უარს ეუბნება კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”-პრემიერი

არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკეული NGO-ები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

„ეს ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი NGO-ები აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გახსოვთ ანალოგიური პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აქაც ეს NGO-ები, ისევე, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ, იცოდი, რასაც ეუბნებოდი იმ ყაჩაღ ხაზარაძეს, გალანძღე და მალევე შერიგდით -კახეთის მცხოვრები ალეკო ელისაშვილს

კახეთში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ადგილობრივმა მცხოვრებელმა მამუკა ხაზარაძესთან ალიანსის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახლო წარსულში, ელისაშვილი ხაზარაძეს ყაჩაღს უწოდებდა, ახლა კი შერიგდნენ და ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.

„ახლა ყველაზე მეტად შენ აღარ მომწონხარ. ძალიან ცუდი ჩაიდინე, პატარა ბიჭი არ ხარ, იცოდი, რასაც ეუბნებოდი იმ ყაჩაღს, მართლა ყაჩაღია.“ – მიმართა მოქალაქემ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ მას პირიქით მიაჩნია, რომ “ძალიან კარგი ჩაიდინა,” ასევე, ხაზარაძე ყაჩაღი არ არის და მას „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დაუდგა გვერდზე.“

“თქვენ არავისთან გიჩხუბიათ და არ შერიგებულხართ?“ – ელისაშვილის ამ კითხვაზე, მოქალაქემ განაცხადა, რომ თუ ის იმავე სიტყვებით გალანძღავდა ვინმეს, მაშინ მას საკუთარ ეზოშიც კი არ შემოუშვებდა.

„იმ სიტყვებს რატომ ეუბნებოდი, ახლა რომ იძახი, ყაჩაღი არ არისო? მაგ სიტყვებს არ ვეტყვი, ეგრე არ გავლანძღავ, როგორც თქვენ გალანძღეთ და მალევე შერიგდით. ქვეყნის სიკეთიდან გამომდინარე, სხვა პარტიას შერიგებოდი, თუნდაც “ნაციონალებს”, ოღონდ, მაგათ არა, მაგ ყაჩაღს არა. ისეთი რამეები ჩაიდინა თელავში, რომ არ ვიცი, ვერ ვიტყვი. თქვენზე დამწყდა გული და არასოდეს ხმას აღარ მოგცემთ.
მაშინ ასე არ უნდა გალანძღო, ეგრე მუშტი-კრივით თუ მიჩხუბია, მაშინ იმას ჩემს ეზოში საერთოდ აღარ შემოვუშვებ. ჩემს შვილებს, ბიჭები მყავს, არ მოვუწონებ, რომ ასე ვინმე გალანძღონ და მეორე წუთში ჩაეხუტონ”, – განუცხადა კახეთის მკვიდრმა ალეკო ელისაშვილს.

ელისაშვილის მცდელობაზე, მიეღო დაპირება, რომ “ქართულ ოცნებას” ხმას არ მისცემდა, მოქალაქემ განაცხადა: “მე თქვენზე მაქვს საუბარი. ეგ მე ვიცი, ვის მივცემ ხმას, მაგრამ თქვენ ოპოზიციაში ყველაზე მეტად მომწონდით, ყველაზე მეტად აღარ მომწონხართ.“

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, პრიორიტეტებს-პრემიერი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

„რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა.

სურთ, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნება-პრემიერი

გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც  განწირულია წარუმატებლობისთვის, ვერ ისწავლეს, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში ორი მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის – მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მინდა, მაქსიმალურად ვესაუბროთ პარტნიორებს იმ თემებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო -ირაკლი კობახიძე

დღეს დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ნიუ იორკში, სადაც გვექნება გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

„დღეს გვქონდა უკვე „მომავლის სამიტის“ ფარგლებში გამოსვლა და ასევე, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი -სალომე ზურაბიშვილი

მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პირველი შეფასება ხაზარაძე-გახარიას ჩაშლილ ალიანსზე, რომელიც პრეზიდენტის მედიატორობით უნდა შემდგარიყო. პრეზიდენტმა ის ორი მთავარი მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ ვერ შედგა ყოფილი ბანკირისა და ყოფილი პრემიერის გუნდების ერთობა. ზურაბიშვილის განმარტებით, ოპოზიციური ალიანსი პოლიტიკური კულტურისა არ ქონისა და უნდობლობის გამო ვერ შედგა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ “პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი – ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა”.

“მცდელობა იყო და, მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა.

მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს.

მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი – ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი – ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა – მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.

მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საუბარი, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, იმისგან ეს მახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრებენ 26 ოქტომბრიდან-სალომე ზურაბიშვილი

საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ეს მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. იმის საუბარი, მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს, შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან, არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია არჩევნებზე აქტიურობა.

„საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს თქვენგან მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. იმის საუბარი, რომ მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს. შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 ოქტომბრის მერე, თუ ჩვენ არ ვიდექით იმ ადგილას, სადაც უნდა ვიდგეთ. არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, ეს ხდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. რატომ ქარტია, რომელზეც ცოტას ლაპარაკობენ და მინდა, გითხრათ, ამ ოთხი კვირის მანძილზე არვის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკონ დღე და ღამე ქარტიაზე. ის არის ერთობის ინსტრუმენტი, სამოქმედო გეგმა და არის ის, რაც გვაძლევს რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას. დღევანდელი არჩევნები არ არის, ვის ირჩევ, არამედ რას ირჩევ – ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, ევროპას, თუ ირჩევ უკუსვლას და ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ეს მომავალი თუ გინდათ, დაუტოვოთ თქვენს შვილებს, ეს არჩევანი არ არის ჩემი, ჩვენი, იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას. ეს ქარტია არის სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეიქმნას კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მერე იწყება – არა ჩემი პრემიერი, ჩემი მინისტრი, ჩემი წონა უფრო დიდია, შენი ნაკლები. ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის არის, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ეს თავისთავად არის დეპოლარიზაცია, რადგან ეს ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკაში და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. მე გთავაზობთ, ყველა ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა მეოთხე პარტიამაც.

„ამ დილით ხელი მოეწერა ქარტიას მეოთხე პარტიისგან და ეს არის ის, რაც რეალურად ყველაზე უფრო მეტად აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს. ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, რომელიც ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის დღეს, მათ გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა, რომ მოვიდნენ და ქარტიაზე ხელი მოაწერეს, თუმცა არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ რა მახე იყო ხელისუფლებისგან მომზადებული, თუ ერთ პროცენტზე მეტი მიიღე, მაგრამ ბარიერზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება „ოცნება“ იყოს. ეს იყო მათი გათვლა. ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის განცდა, ეს ნაწილი დათმეს და ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც ჩვენთან შემოდის. ეს ქარტია გვაერთიანებს ყველას ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ამ მთელი პროცესის პოზიტივია არის ის, რომ მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე. ჩვენ მართლა გარდამტეხ მომენტში ვართ და ეს არა შიგადაშიგ უნდა დავინახოთ. ძალიან გვეხმარება „ოცნების“ პოლიტიკა. დღითიდღე უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია. კამპანია არის ერთი – შიში, რევანშის დაპირება. არაფერს არავის ჰპირდებიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალ უფროსად ნოდარ ჯალაღონია დაინიშნა

ნოდარ ჯალაღონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი უფროსი აფხაზეთის მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

„ნოდარ ჯალაღონია წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

მან ამ თანამდებობაზე ოთარ გარმელია შეცვალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად -ირაკლი კობახიძე

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

მთვარობის მეთაურის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება.

“ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.