Home Blog Page 715

ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან – ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები: სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია ცნობილ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ- ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას.

როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ასევე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულნი არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა

Flitt-ი თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ის გადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt-ი გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ – ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისის ონლაინგადახდების სერვისი დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს ბაზარზე, ელკომერციის განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გუნდმა მისი დამოუკიდებლად განვითარების საჭიროება დაინახა და ონლაინგადახდების პლატფორმა შეიძინა. უპირატესობაა ისიც, რომ ადგილობრივ გუნდს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტები შემოუერთდა.

პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. Flitt-ი ფლობს ისეთი მნიშვნელოვან პროდუქტებსა და ფუნქციონალს, რაც აქამდე, ბიზნესებისთვის რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.

  • მერჩანტებს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინგადახდების მენეჯმენტი პლატფორმის ერთი ინტეგრაციით შეუძლიათ, რაც მათ სტრატეგიული ბაზრების ათვისებას უმარტივებს. 
  • ასევე ერთი მარტივი ინტეგრაციით ხდება გადახდების თანამედროვე მეთოდების გააქტიურება: Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა.
  • მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე თავისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
  • ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.
  • ბიზნესებს თავად შეუძლიათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
  • Flitt-ი უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ  მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია;
  • ონლაინგადახდები შემოწმებას Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს. სისტემის გამართული მუშაობა კი უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის  Сonversion Rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს;
  • Flitt-ი ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ.

აღნიშნული ფუნქციონალები Flitt-ს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინგადახდების ლიდერი პლატფორმა რეგიონში. პირველ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიღებული გადახდების მართვა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, მომავალში კი მისი არეალის გაფართოება იგეგმება.

R

თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა  

ავტორიტეტული გამოცემების EUROMONEY -ის და Global Business and Finance Magazine -ის მიხედვით თიბისი საქართველოში საუკეთესო მობაილბანკს სთავაზობს თავის მომხმარებელს.  

კატეგორიაში “საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში“,  2024 წელს EUROMONEY - მა და Global business and finance magazine - მა გამარჯვებულად თიბისის მობაილბანკი დაასახელეს.  

თიბისიმ გაიმარჯვა Global Business and Finance Magazine -ის კიდევ ორ კატეგორიაში, ესენია:  

  1. ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში  
  2. საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში   

თიბისის გუნდი მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და სიახლეებს თავის მომხმარებელს. წელს მობაილბანკში დანერგილი სიახლეებიდან რამდენიმეს გამოვყოფთ:  

  • ერთგული ქულების გადაცვლა ლარებში  

ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან გადაცვალოთ ერთგული ქულები ლარებში და სურვილისამებრ  დახარჯოთ.  

  • განაწილების  განახლებული ვადა 

აქამდე თუ მხოლოდ 6 თვეზე შეგეძლოთ თანხის განაწილება – ახლა უკვე 6-დან 36 თვემდეც კი შეიძლება თანხის განაწილება.   

  • სიახლე საინვესტიციო პლატფორმაზე  

უკვე შესაძლებელია ფავორიტი აქციების სია გააკეთოთ და მარტივად ადევნოთ თვალი რჩეულ კომპანიებს;   

ასევე, მობაილბანკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიტიკოსების შეფასება პოპულარულ აქციებზე.    

  • თიბისის ნაკრების გამოწერა 

თუ გსურთ, ნაკრების ფარგლებში კიდევ ერთი ბარათის დამატება – ახლა პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლიათ დაამატოთ ბარათი და ფილიალში მისვლაც არ მოგიწევთ. 

  • ავტო კომფორტი 

ავტო კომფორტის ფუნქციონალის ფარგლებში, შეგიძლიათ მანქანის დამატება და ჯარიმის გადახდა  ქვითრის ნომრის გარეშე. მობაილბანკი გადახდის თარიღის მოახლოებასაც შეგატყობინებთ, თავიდან აგაცილებთ საურავის გადახდას დაგვიანებულ ჯარიმებზე.  

 მომენტალური გადარიცხვები 

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე მომენტალურად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და ეს  პროცესი მომხმარებელთან უკუკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო გავამარტივეთ.  

თიბისის გუნდი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას, მათთან უკუკავშირის საფუძველზე კი ციფრულ ბანკში მუდმივად ინერგება სიახლეები.ანაახლეთ აპლიკაცია AppStore/PlayStore-დან და გამოიყენეთ ყველა ეს ახალი ფუნქციონალი. 

  

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც – მაია ბუწაშვილი 

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია.

“საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.

ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.

სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება. თავიდან იწყება „გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.

ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.

დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.

დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას“,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 „ენჯეოების“ მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას – ილია დარჩიაშვილი

ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოაშკარავდა. ილია დარჩიაშვილი მათ მოუწოდებს, თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა, სადაც გაკრიტიკებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოელი აგენტების კანონის“ არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში“.

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ, რასაც იანვრიდან დაგეგმილ ახალ რეგულაციებს უკავშირებენ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.

„40 ტრენინგის სია მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ნაწილი უკვე ჩატარებულია, ნაწილზე ადგილი არ არის, ზოგიც კი რეგიონებში არ ტარდება. ზოგი ისეთი ტრენინგია, რომელიც 6000 ლარი ღირს…საოცარი ფასები აქვს.

ყველა ტრენინგი საინტერესოა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. მომხრე ვარ, ყველამ იცოდეს დეზინფექცია-სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, მეც ვატარებ ტრენინგებს, მაგრამ არ არის აკრედიტებული. 700-ზე მეტი სტომატოლოგის სახელით ვსაუბრობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როდესაც 5000-დან 10 ათასამდე ლარს გადავიხდი სავალდებულო ტრენინგში წლის განმავლობაში, გარდა ამისა, თუ დამატებით ვივლი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ხარჯი გამეზრდება. საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული, თუ პაციენტებისგან არ ამოვიღე? ეს ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. სტომატოლოგებს არ გვინდა ფასის მომატება!

ჩვენ ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ გვინდა გადავიყვანოთ, პასუხებს ვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ სტომატოლოგების და კლინიკების დაჯარიმება დაიწყება, კლინიკებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს გააღვივებს, მის გამო რომ ვერ მოგროვდება ექიმის მიერ ქულები.

გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. აღნიშნულის წინააღმდეგ წლები ვიბრძოლეთ. ამ მიმართულებით ინფექციების კონტროლიც რთული იქნება“,- აღნიშნა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მათთვის უცნობია, სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის რა სახე და მოცულობა იქნება განსაზღვრული.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).

სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი – ლევან მაჭავარიანი 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა გვარამიას კოალიციის არშემდგარ გაერთიანებას ეხმაურება. მისი თქმით, რადიკალები სხვადასხვა საარჩევნო ნომრის ქვეშ გადანაწილებით ქართველი ხალხის მოტყუებას ვერ შეძლებენ.

„ორივე ერთი და იგივე ძალას წარმოადგენს, უბრალოდ იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, რომ სხვა გზა აქ ჰქონდათ დარჩენილი და მათმა უცხოელმა უფროსებმა ბევრი იფიქრეს და ასე გაფანტეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რაღაც შანსი მისცემოდათ. მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, თუ შეიყვანეს ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

 ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია – ტრამპი

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში.

„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში – ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

ომის დასასრული უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ომის დასარული უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს რეალურად ჩანს.

„მე მგონია, რომ ჩვენ მშვიდობასთან მეტად ახლოს ვართ, ვიდრე გვგონია. ჩვენ ომის დასრულებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა მან.

ამავე დროს ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის ჯარის გაძლიერებისკენ მოუწოდა. „გამარჯვების გეგმა უკრაინის გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია. „ეს მართალია. მას [პუტინს] ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ რომ, მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას მათი დაცვა არ შეუძლია. მას საკუთარი ტერიტორიის დაცვა არ შეუძლია“, – თქვა მან.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას „ძლიერის პოზიციიდან“ შეუძლია აიძულოს პუტინს ომი შეწყვიტოს.

“ღამის სერენადები 2024” დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყვეტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ფესტივალმა წელს 3 დიდ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გამართა 7 შესანიშნავი კონცერტი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით. წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მსმენელს მომავალ წლამდე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, თითოეულ მუსიკოსს, შესანიშნავ პუბლიკას.”

ანდრეს გაბეტა, მუსიკოსი:

“ამ ფესტივალის დამსახურებით საქართველოში მეორედ ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართველი მსმენელის გამორჩეული და განსაკუთრებული გემოვნებით. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა. მადლობა “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს მოწვევისთვის და უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ შესანიშნავი საღამოსთვის. საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა თქვენი ქვეყანა, სულმოუთმენლად ველოდებოდი აქ ჩამოსვლას და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ მომეცა.”

მორის შტიგერი, მუსიკოსი:

“პირველად ვარ საქართველოში და ამ საოცარ ფესტივალშიც პირველად ვიღებ მონაწილეობას. დაუვიწყარი კონცერტი იყო დაუვიწყარი ემოციებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომიწვიეს. მადლობა ორკესტრს, დიდებულად ჩატარდა კონცერტი. ბევრი მსმენია თქვენი ქვეყენის შესახებ, მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი.”

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი 20 სექტემბერი, 20:00 ვივალდი და მეგობრები

ანდრეს გაბეტა – ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი
მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია

ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე)

პროგრამა:
ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 №6 – ჩაკონა
ანტონიო ვივალდი – ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375
სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190
ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428

პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 №11
ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443
სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“
კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516

მევიოლინე ანდრეს გაბეტა ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაროკოს შემსრულებლად. მისი რეპერტუარი მოიცავს ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე რეპერტუარით დამთავრებული. 2011 წელს ვირტუოზმა შემსრულებელმა მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა: თავის დასთან, ჩელისტ სოლ გაბეტასთან ერთად ჩამოაყალიბა საკუთარი ბაროკოს ორკესტრი „Capella Gabetta“. ამ ორკესტრთან ერთად იგი მართავს კონცერტებს როგორც სოლისტი და დირიჟორი წამყვან მუსიკოსებთან ერთად. ანდრეს გაბეტა მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში, სისტემატურად მართავს კონცერტებს, როგორც სოლისტი და კამერული ანსამბლის წევრი, ჩაწერილი აქვს მრავალი აუდიო ალბომი. მისი ალბომებმა არაერთი პრიზი და ჯილლო დაიმსახურეს, რომელთა შორისაა 2008 წლის გრემის ნომინაცია ბახის ბრანდენბურგის კონცერტების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ანდრეს გაბეტა უკრავს 1727 წელს გამოშვებულ გვარნერის ვიოლინოზე.

მორის შტიგერს უწოდებენ „პაგანინის“, „ჯადოქარს“, „მსოფლიო წამყვან ბლოკ ფლეიტისტს“, „ამაღელვებელ და შთამაგონებელ დირიჟორს“. ასეთი მაღალი მოლოდინების გასამართლებლად საჭიროა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნიკა, არამედ ქარიზმა, ინტელექტი და მუსიკის საოცარი შეგრძნება. ეს ყველაფერი მან არაერთხელ დაუმტკიცა საკუთარ მსმენელს განსხვავებული ფორმატის კონცერტებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც სოლისტი ან დირიჟორი, ან ორივე ერთდროულად, იგი რეგულარულად მართავს კონცერტებს ბაროკოს მუსიკის წამყვან ორკესტრებთან. მორის შტიგერს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა: კარაიანის პრემია და ECHO Klassik.

წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

„ღამის სერენადების“ შემდეგი ორი კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.

17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართა, 18 სექტემბერს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკა აჟღერდა.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

 გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან -პრემიერი

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლკ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

“მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში”,- აღნიშნავს პრემიერი.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავდა 1645 ადამიანი.

2006 წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან, რასაც ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე საუბრობენ აშშ-ში. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ რამდენიმე დღის წინ წერდა, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ესკალაციას პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.