Home Blog Page 711

კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების გამო ევროპაში რუსულ გაზზე ფასი გაიზარდა-Bloomberg

რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპულ ბირჟებზე საათში 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 39 ევრომდე გაიზარდა, ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქალაქ სუჯაში გაზის გამანაწილებელი მსხვილი სადგურის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9538 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე -კახა კალაძე

„დღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე, რასაც მე პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მესამე ადგილზე დაწინაურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი და რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს.

„მნიშვნელოვანია და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ არის ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ხედავენ პროგრესს. ჩვენ გვახსოვს წლები, მე არ მიყვარს წარსულში დაბრუნება და წარსულზე საუბარი, თუმცა შედარებითვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ და ვისაუბროთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და შემდეგ პარალელი გავავლოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს. რადიკალურად შეცვლილი და განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის უფლებები. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მას აქვს ამისი უფლება. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ სწორი შეფასებაა გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

„16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

„ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება-კალაძე

ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო.

თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ. მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. საზოგადოებამ უკვე დაინახა, სიმართლე ვის მხარეს არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ – კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის” ლეგენდებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო.

შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის ისტორიაა წარმოდგენილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიური კლუბის ისტორიაში თავისი ფურცელი ქართველმა კახა კალაძემაც ჩაწერა.

„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის” მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე – ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე – ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის” მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან” ერთად.

რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დაგეგმილ მატჩზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მუჯირმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან  ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით 

ამ ვიდეოს ვუძღვნით აგვისტოს ომში და შემდეგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწაწყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე მეტი ადამიანი, საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; ოკუპაციამ დააშორა ადამიანები, შუაზე გაყო სახლები, ეზოები, სალოცავები, მინდვრები და ვენახები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხორებ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა უწევთ ურთიერთობა. დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც თან სდევს ოკუპანტების მხრიდან ადამიანების მკვლელობები, გატაცებები და უკანონო დაპატიმრებები.  

თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ბრენდისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც ვაშენებთ ყველა დანარჩენს.  გვჯერა, რომ ოკუპაცია და ყველა მავთულხლართი დროებითია და რომ ორივე მხარეს საქართველოა. დიდება გმირებს! 

ბმული

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად გასამარტივებლად, თიბისი ორ საქველმოქმედო პროექტს დაუჭერს მხარს:  

ნატვრის სახლი სოფელ ერგნეთში 

ფონდი „ინდიგო“ რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, მავთულხლართიდან 250 მეტრში მუშაობს. აქ მცხოვრები ბავშვების დიდი სურვილია, აშენდეს „ნატვრის სახლი“, რომელშიც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ. ამ სახლისთვის „ინდიგოს“ უკვე აქვს არქიტექტურული პროექტი და ახლა აშენებისთვის საჭირო თანხის მობილიზებაზე მუშაობს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მის განსახორციელებლად 10 000 ლარი გამოყო.  

სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი 

 თიბისი არის მეკლდეურთა კლუბის მიერ სექტემბერში დაგეგმილი ცოცვის ფესტივალის მხარდამჭერი, რომელსაც 10 000 ლარით დაეხმარება. კლუბი დაარსდა 2015 წელს ნიქოზში და აერთიანებს 30-მდე ახალგაზრდას, რომელიც სპორტულ ცოცვაში ვარჯიშობს. ბავშვები არიან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებიდან. 2017 წლიდან კლუბი იღებს მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ სხვადახვა ტურნირებში; აქვს მოგებული პრიზები, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონობაც. ფესტივალი ჩატარდება 6 სექტემბერს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 10 წლამდე, 12 წლამდე და 14 წლამდე. ფესტივალში მონაწილეობას საშუალოდ 70 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან: ნიქოზი, ბედიანი, ქუთაისი, ყაზბეგი და სხვა.  

სპორტული ცოცვა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სპორტად არის დასახელებული. საქართველოშიც დღითი დღე იმატებს მოყვარული მეკლდეურების რაოდენობა. ფესტივალის ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული ცოცვის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას. ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს და სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, ასეთ რეგიონში მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა.

პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ – ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია! – სანდრო რაქვიაშვილი

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაფერი უშლიდა ხელს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რაიმე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებინა.

რაქვიაშვილის შეფასებით, ადგილი აქვს აზრს მოკლებულ და არგუმენტებისაგან დაცლილ წინასაარჩევნო სპეკულაციას.

„პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს სათქმელი და 16 წლის წინანდელ ისტორიებს თუ 9-წლიან მმართველობას უბრუნდება. ის არჩევნებზე გასვლას ისევ „ნაცებზე” ლაპარაკით აპირებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

„ქართულ ოცნებას” არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს ან ადრე გამოეძიებინა – მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი.

სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს.

ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დრომდე დაუსჯელია 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ, მუდმივი საცხოვრებელი დატოვონ და შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანონ.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, რაც ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, აღნიშნული უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის პროცესად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისთვის“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ტრამპის პრეზიდენტობა, როგორც საუკეთესო შანსი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად – რას წერს „ნიუსვიქი“

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უგუნურად ცდილობს უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებასა და ესკალაციას. თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება ყველაფერი შეიცვლება – იგი უზრუნველყოფს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებას და გამოასწორებს იმ ისტორიულ შეცდომას, რომელიც მისმა წინამობედმა დაუშვა“, – წერს ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) სტატიაში სათაურით „ტრამპის პრეზიდენტობა როგორც საუკეთესო შანსი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“ (ავტორი – ტრუპ ჰემენუეი, საპრეზიდენტო დანიშვნების და საკადრო პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკური ასოციაციის ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ მოსთხოვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს, რომ მას ყველას გასაგონად გაეჟღერებინა თავისი გეგმა ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. „თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს კონფლიქტი, მაშინ დღესვე ყველას გასაგონად თქვას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. საპასუხოდ დონალდ ტრამპმა დაურეკა უკრაინის ლიდერს და დათანხმდა პირად შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ, მშვიდობისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების განსახილველად.

დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს მშვიდობის პრსპექტივა უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული. საერთაშორისო საზოგადოება უკვე აღიარებს იმას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გატარებულმა ომის ესკალაციის უგუნურმა პოლიტიკამ სისხლისღვრა უფრო გააფართოვა.

მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, რაც იყო, ის უკვე მოხდა და წარსულს ჩაბარდა. ცუდად თუ კარგად, მაგრამ ჯო ბაიდენის წასვლით აშშ-ის პოლიტიკიდან და რუსეთ-უკრაინის ომის არენიდან საბოლოოდ გაჩნდება კონფლიქტის შეწყვეტის, სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობა და ამერიკის გარეშე მოწინააღმდეგეები გაერთიანებას ვერ შეძლებენ.

ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ ომის შეწყვეტას მოლაპარაკების მეშვეობით შეეცდება, რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დღემდე აქტიურად ეწინააღმდეგება. დემოკრატებს საქმე ბირთვული ომის დაწყებამდე მიჰყავთ. უკრაინის  გამარჯვება რუსეთზე თავიდანვე მიუღწეველი იყო, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩაენერგა რწმენა როგორც ამერიკელი ამომრჩევლების, ასევე უკრაინელებისათვის, თითქოსდა კრემლის კრახი სულ მალე მოხდებოდა. თეთრი სახლის ასეთმა რიტორიკამ ურთიერთიბა აშშ-სა და რუსეთს იმდენად გაამწვავა, რომ ივნისში რუსული ატომური წყალქვეშა ნავები უკვე კუბაზე, ანუ აშშ-ის ტერიტორიასთან (ფლორიდასთან) ახლოს გამოჩნდნენ.

აცნობიერებდა რა „მუდმივი ომებისაგან“ დაგროვილ აშშ-ის დაღლილობას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას სამომავლოდ დახმარება სესხის სახით უნდა მიეცეს, ანუ კიევმა ვალი ვაშინგტონს აუცილებლად უკან უნდა დაუბრუნოს. აშშ-ის ხაზინის მილიარდობით თანხა, ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად, მარცხნივ და მარჯვნივ არ უნდა იფანტებოდეს და ყოველი დახარჯული დოლარი გაკონტროლებული უნდა იყოს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რით ან რაში გამოიხატება აშშ-ის ინტერესები უკრაინის ომში? იმაში, რომ რუსეთს „სისხლის გამოშვებას“ ვუწყობთ? მაგრამ განა უკრაინაც უარესად არ იცლება სისხლისგან? რა არის ჩვენი მიზანი – ევროპა მთლიანად ჩამოვაშოროთ რუსეთს და მოსკოვი ჩინელი კომუნისტების მკლავებში ჩავაგდოთ – ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით? პეკინისა და მოსკოვის გაერთიანება გვინდა ჩვენ – ამერიკის შეერთებულ შტატებს?

გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბევრი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიცვალა პრორუსული რეჟიმები პროდასავლური ხელისუფლებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული რუსეთის მოკავშირეები ან უკვე დამხობილები არიან, ან გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო სამოქალაქო ომების წინაშე დადგნენ. ამასობაში რუსებს ჩამოუყალიბდათ რწმენა (მართალი თუ მცდარი – ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს), რომ მეზობელი ქვეყნების ხელისუფლების ცვლილებებში დამნაშავე დასავლეთია და რომ, ადრე თუ გვიან, მათაც იგივე ბედი ეწევათ.ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, რომ მოსკოვი თავს კუთხეში მიმწყვდეულივით გრძნობს, განსაკუთრებით ნატოს პერმანენტული გაფართოების შედეგად. რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ უსამართლოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსების რაღაც „გრანდიოზული გეგმის“ დადასტურებას, რომ მათ ევროპის დაპყრობა ან სსრ კავშირის აღდგენა სურთ.  ჩვენ ზოგჯერ ჩვენს წარმოდგენებში ვაჭარბებთ.

ამიტომაც დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კონფლიქტი ტყუილუბრალოდ მიმდინარე დაპირისპირებას წარმოადგენს, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა გარკვეული შეთანხმებებისა და ძალის დემონსტრირების ერთმანეთთან შეთავსებით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კი უპირატესობა საპირისპირო მიდგომას მიანიჭა – ჩაერია უკრაინის საშიანო საქმეებში, წააქეზა ქვეყნის ხელისუფლება კრემლის წინააღმდეგ და ამით რუსეთის ლიდერი ამერიკის წინააღმდეგ განაწყო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ულმობელი კონფლიქტი, რომლის შედეგად იღუპებიან არამარტო „ჩვენი მტრის“ – რუსეთის ჯარისკაცები, არამედ ჩვენი მეგობარი უკრაინელებიც, თიტქმის მთლიანად ინგრევა უკრაინის ეკონომიკა, კატასტროფული ხდება დემოგრაფიული სიტუაცია, მილიონობით უკრაინელი უცხოეთშია გაქცეული და ქვეყნის არსებობას საფრთხის წინაშე დგება.

განა ჯო ბაიდენის პოლიტიკა გამართლებული და შეზომილია იმ უდიდეს ხარჯებთან, რაც კონფლიქტის გაჭიანურებას მოაქვს?

ისტორია გვახსენებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგი მარშალის ფერდინანდ ფოშის მოქმედებას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდებოდა – ომი წაგებული იყო, მაინც უაზროდ აკლავდა ათასობით ფრანგ ჯარისკაცს გერმანელებს („ბერლინზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“)  და ამით უამრავ ადამიანს ამწარებდა – ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს… ფიტავდა საფრანგეთის ეკონომიკას და ანგრევდა. კიდევ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცის სისხლი უნდა დაიღვაროს, რამდენი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაიღუპოს და რამდენი ქალაქი უნდა იქცეს ნანგრევებად, რომ ვაშინგტონელმა ლიდერებმა თავიანთი „მამლაყინწობა და პუტინზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა“ შეწყვიტონ?

ყველა ეს კაბინეტის გენერლები, თავიანთი „დივანის ჯარებით“, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „ზრუნავენ“, რაც აშშ-ის (და საერთოდ, დასავლეთის) ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. დასავლეთის მიერ გატარებული ასეთი პოლიტიკა რუსეთს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი კომუნისტური ცნობიერების გადმონაშთია შენარჩუნებული, ჩინელ კომუნისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ და გაერთიანებისაკენ უბიძგებთ. რიჩარდ ნიქსონის რეალური საგარეო პოლიტიკის უდიდესი მიღწევა ის იყო, რომ მან 1970-იანი წლების დასაწყისში სოლი ჩაასო რუსეთს (სსრკს-ს) და ჩინეთს შორის და ცივ ომში აშშ-ის გამარჯვებისათვის ნიადაგი მოამზადა. ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა კი ამიერიდან ის იქნება, რომ მან, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, 37-ე პრეზიდენტის ღვაწლს ხაზი გადაუსვა. ახლა ჩინელი ლიდერი სი ძინპინი თავის რუს კოლეგას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს და კრემლს დასავლური სანქციების გადალახვაში ეხმარება. მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ორივე აშშ-ის წინააღმდეგ გამოდიან.

დონალდ ტრამპი კიევს მშვიდობის გზას სთავაზობს. უკრაინელები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ ეროვნულ მომავალზე და არ უნდა გამორიცხონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა რუსეთთან. მართლაცდა, სულ უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, დროებით კომპრომისზე, ეკონომიკის აღდგენაზე და უკრაინული სოფლებ-ქალაქთა ნანგრევებზე ახალი და უკეთესი ცხოვრების დაწყებას. მათ პირველ რიგში უნდა იფიქრონ საკუთარ შვილებზე და შვილიშვილებზე და არა ვაშინგტონელი დემოკრატი პოლიტიკოსების მიზნების შესრულებაზე.

დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია, რომელიც მიზნად სისხლისღვრის შეწყვეტას ისახავს, უკრაინელ მრავალტანჯულ ხალხს მშვიდობას და იმედს მოუტანს – და ამით ამერიკელი ხალხიც შვებით ამოისუნთქებს, რომელმაც სოლიდარულად აიღო საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი ხარჯები ამ გაჭიანურებული და უაზრო კონფლიქტის გამო.

წყარო

———–

წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ისინი „ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე“.

„აგვისტოს ომის საშინელი ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას. ჩვენ კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. ამ ომმა ჩვენს ქვეყანას საშინელი შედეგები მოუტანა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა. დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად მოღალატეობრივად, უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა. ომის შედეგად დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო. ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. აქვე მინდა ერთი რამ ვთქვა, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს და ქვეყანას მოუტანოს, ეს არის სწორედ ომი, საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როცა ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, ღალატით თუ გამყიდველობით აბარებ უცხო, ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის არჩევნებზე. კითხვები მაქვს, რაც საჯაროდაც დამისვამს, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე, ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, წინა ხელისუფლებამ ომიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და აქტივები ოკუპანტ ქვეყანა რუსეთს გადასცა.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ისინი მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა განათავსა კიდეც ბაზები, დასავლეთმა გააგრძელა ვაჭრობა თუ ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ისე, როგორც მიმდინარეობდა. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილიც. ამიტომ ვამბობთ ყოველთვის, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი, მაგრამ ასევე ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომ არის ძალიან ღირებული ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოიტანა. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვახერხებთ, რომ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორე მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.