Home Blog Page 710

თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

ინფლუენსერ მარკეტინგი – ეს სიტყვათშეთანხმება ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენს გარშემო მრავლადაა ისეთი მცირე თუ დიდი სტარტაპი, ან კომპანია, რომელიც მომხმარებლის გულამდე გზას სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იკვლევს.

როგორ გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ბრენდის, კომპანიის თუ სტარტაპის პოპულარიზებისთვის? ვინ გვჭირდება? რა გავითვალისწინოთ  საქმიანი ურთიერთობისას? – 19 სექტემბერს, თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების მორიგ სესიაზე, კონტენტ კრეატორებმა თათო ქარჩავამ და იოანე რომანაძემ და ქართული სტარტაპის „მერაკის“ დამფუძნებელმა ანუკა გვენცაძემ ბრენდებისა და კონტენტ კრეატორების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ადრე ვამბობდი, რომ ვარ მარკეტერი სრულ განაკვეთზე და კონტენტ კრეატორი ნახევარ განაკვეთზე. ახლა სამსახურიდან წამოვედი და სრულ განაკვეთზე კონტენტ კრეატორი ვარ“, – ასე წარადგინა თავი შეხვედრის ერთ-ერთმა სპიკერმა თათო ქარჩავამ. თათო თავს კონტენტ კრეატორად მიიჩნევს, მაგრამ იმის „აღიარებაც“ უწევს, რომ კარგი კონტენტის შექმნამ ინფლუენსერობამდე მიიყვანა.  კონტენტს Tik-Tok-ისთვის ქმნის.  ამ პლატფორმის გამოყენება ოთხი წლის წინ დაიწყო, პიონერი ვარ Tik-Tok-ისო ხუმრობს. მისი გამომწერების რაოდენობა კი 96 ათასს სცდება.

ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „მერაკი“ რომ დააარსა, ანუკა გვენცაძე 21 წლის იყო. ბებიასთან ერთად პირველ ჩანთას რომ კერავდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მთელს დროსა და ენერგიას ამ საქმეში ჩადებდა. ახლა „მერაკი“ცნობილი და ბევრის საყვარელი ქართული ბრენდია.

„ჩვენი მარკეტინგის ძალიან დიდი წილია ინფლუენსერებთან ურთიერთობა. გვყავს რამდენიმე აქტიური ინფლუენსერი, რომლებთანაც სულ ვთანამშრომლობთ. წესივით გვაქვს, ახალ კოლექციას პირველად მათ ვუგზავნით“, – ამბობს ანუკა.

ანუკა გვენცაძეს ინფლუენსერებთან ურთიერთობის შვიდწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ამიტომ,  ზუსტად იცის ვინ სჭირდება, ვისგან რას მიიღებს. სოციალურ ქსელებშიც სულ ამოწმებს ტრენდებს, აქტუალურ თემებს:

„ზოგი ძალიან კარგ კონტენტს ქმნის. შეიძლება თავად არ ჰყავდეს აუდიტორია, რომელიც გაყიდვებს გაგვიზრდის, მაგრამ, იმდენად კარგ ფოტოს იღებს, რომ ჩვენ ვყიდით ამ ფოტოებით. არიან ინფლუენსერები, რომლებსაც ჰყავთ დაინტერესებული აუდიტორია, ისინიც ძალიან კარგ ვიდეოებს იღებენ, განიხილავენ ჩვენს პროდუქციას და მათაც ბევრი გაყიდვა მოაქვთ“.   

აქვს ცუდი გამოცდილებებიც და შესაბამისად, რჩევებიც დამწყები სტარტაპებისთვის. ახსოვს შემთხვევა, როდესაც საჩუქარი გაუგზავნეს ინფლუენსერს, რომელსაც 285 ათასი მიმდევარი ჰყავდა. ის მათ თავად დაუკავშირდა და ბარტერი შესთავაზა. შეთანხმება შედგა, „მერაკმა“ ინფლუენსერს პროდუქცია გაუგზავნა. შემდეგ, მოლოდინით, რომ შეკვეთები გაიზრდებოდა, ახალი მოდელები შეკერეს და შედეგს დაელოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში იმ კონკრეტულ ინფლუენსერებს რეალური აუდიტორია არ ჰყავდა. ამის ნახვა კი მარტივად შეიძლებოდა, მაგალითად, იმის შემოწმებით, რამდენი ადამიანი უყურებდა მის Reels-ებს. ამიტომ, ჩართულობის (ე.წ. ინგეიჯმენთის) შემოწმება, „მერაკისგან“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სტარტაპებისთვის.

თათო ბრენდებს ურჩევს, რომ საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე კარგად შეისწავლონ ინფლუენსერის კონტენტი. და ასევე, შეათანხმონ პირობები და მოლოდინები:

„მქონდა ასეთი, ცუდი გამოცდილება,  მომცეს ბრიფი, რომლის მიხედვით გადავიღე ვიდეო და მომწერეს, რომ რაღაც სხვა უნდოდათ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ბიზნესმა კარგად შეისწავლოს კონტენტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტულ ინფლუენსერთან თანამშრომლობა. ასევე, მკაფიო უნდა იყოს: ბრიფიც, მოლოდინებიც, სცენარიც კი უნდა შეთანხმდეს“.

„მეც მქონდა ერთი შემთხვევა, კონკრეტულმა კომპანიამ მომცა დავალება, დავიწყე მუშაობა და უცებ, პროცესში, მეუბნებიან – „ჩვენ ვფიქრობთ რომ შენ ბრიფი ვერ გაიგე“, – იხსენებს იოანე რომანაძე, რომლის რვა თვის წინ გახსნილ Tik-Tok-ის არხს, უკვე ჰყავს 100 ათასზე მეტი გამომწერი. იოანეს ასე იმიტომ მისწერეს, რომ დამკვეთის წარმოდგენილი ვიდეო არ ჰგავდა იმას, რაც იოანემ ჩაწერა: „მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს აუდიტორიას,  ვიცი,  რაზე აქვთ რეაქცია. ამიტომ, უნდა მენდო, ჩემზე უკეთ ვერ გეცოდინება, რა უყვარს ჩემს მაყურებელს“.

თათო სტარტაპებს ურჩევს იფიქრონ ინფლუენსერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, ეს კარგია ორივე მხარისთვის:

იცი რომ გყავს მუდმივი დამკვეთი, გაქვს  ყოველთვიური შესავალი, იცი რა არის შენი ამოცანა.  ასეთ დროს მეტი თავისუფლება გაქვს, რომ კონკრეტული კონტენტი ორგანულად ჩააინტეგრირო შენს ყოველდღიურობაში, უფრო ავთენტური ხარ და ეს ბრენდსაც აწყობს“.

იყო კითხვებიც – მაგალითად, რა ქნას სტარტაპმა, რომელსაც არ აქვს ინფლუენსერის ფული? უნდა მივწეროთ თუ არა პატარა სტარტაპებმა „დიდ“ ინფლუენსერებს?

„უნდა დაუკავშირდე, რადგან მე მქონია ეგეთი შემთხვევაც. თუ ვფიქრობ, რომ შენი შემოთავაზებიდან ჩემთვის საინტერესო კონტენტი გამოვა, დავთანხმდები“, – უპასუხა თათომ.

ანუკას ჰკითხეს, ბრენდები ინტერესდებიან თუ არა დამწყებებთან ურთიერთობით, რაზეც მან უპასუხა, რომ ხშირად ასეთი ინფლუენსერი საქმეს გაცილებით პროფესიონალურად ეკიდება, რადგან  უნდა რომ მასთან კიდევ ითანამშრომლონ და ამიტომ დიახ,  ინტერესდებიან.

შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიების და ტრენდების იგნორირება წამგებიანია, მოლაპარაკებები ყოველთვის ამართლებს და ცდად ყველაფერი ღირს.

თიბისი ბიზნესის ტრადიციული ხუთშაბათები ისევ გაგრძელდება, რადგან არაფერი ისე არ სჭირდება პატარა ბიზნესებს, ვიდრე გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.

 

საარჩევნო კამპანიები კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება-კახა კალაძე

x

მართალია, პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

კითხვაზე, იმართება თუ არა საქართველოში პროცესები გარედან, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიები და რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება.

„არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა დაიშალონ და ა.შ. ყველაფერი ცხადია. რაც არ უნდა მოხდეს, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ დავამთავრებთ ამ ქვეყანაში აგენტურას და იმ მოღალატეების ბოგინს, რომლებიც ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებენ. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლება დაამთავრებს ევროკავშირში გაწევრიანებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, კახა კალაძის თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველო ომში არ ჩაერთო.

„ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო – საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. სხვა დანარჩენი კი არის აბსურდი. ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და დღეს, რომ სისხლში გათხვრილები არ ვართ, ომსა და უბედურებაში არ ვართ და ქვეყანა თავზე არ გვენგრევა, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. სხვა ქვეყნის ლიდერებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ. მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს და ისეთ ხელის ჩამორთმევას. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინელი ხალხის თავს ხდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ქვეყანას აარიდა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. დღეს, ჩვენი ახალგაზრდები ევროპაში სასწავლებლად მიდიან და ამის ნაცვლად მოუწევდათ ომში წასვლა, რადგან პირდაპირ მოწოდებები იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არა ვიღაცის, არამედ საკუთარი ინტერესებით ვიმოქმედოთ და ქვეყანა ცეცხლის ალში არ გავხვიოთ -კახა კალაძე

x

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის თაობაზე.

კალაძის განმარტებით, არჩევნების შემდეგ გაეცემა პასუხი კითხვებს, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა 2008 წელს წინა ხელისუფლება და ვისი დავალებით დაითმო ტერიტორიები.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება. ქვეყანაში ვიღაცის ინტერესების გატარებით კი არ ვიმოქმედოთ, არამედ საკუთარი ინტერესები დავიცვათ და არ გავხვიოთ ცეცხლის ალში ქვეყანა. არ გახსოვთ პირდაპირ მოწოდებები, მეორე ფრონტი რომ უნდა გახსნილიყო ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება მეორე ფრონტი. ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, დავკარგეთ ტერიტორიები იმ მოღალატეობრივი ქმედებებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, გარედან დავალების შესრულებით გააკეთა. ყველაფერს გაეცემა პასუხი არჩევნების შემდეგ, ვისი დავალებით მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისი დავალებით მოხდა ტერიტორიების დათმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოწოდებებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.

„მოწოდებები, მოთხოვნები, შანტაჟები გაგრძელდა, ჩვენ კი ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ისეთი პატარა არ უნდა იყოს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია, კულტურა, ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისინი, ვინც ადეიშვილის მსგავს კრიმინალებს უწოდებენ დემოკრატიის შუქურას -კახა კალაძე

როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაერო-ში.

„ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის გვარამიათი, მელიათი, უწოდებენ დემოკრატიის შუქურას. ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს საკუთარ ქონებას ართმევდნენ და სახელმწიფოზე აფორმებინებდნენ, შეზღუდული იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არ არსებობდა მედია პლურალიზმი, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მე ხომ არ ვცდები, ხომ ასე გვეუბნებოდნენ?“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„ხალხი ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ რეალურად, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კარგად ვიცით, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ამ ქვეყნის მოყვარე, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს,  ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ საკუთარ ინტერესს და ხალხს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავის აგენტურას ხელი დააფარონ. რაც არ უნდა კრიმინალები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის შუქურები არიან. როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე საქმეზე ბრალდებული, რამდენიმეზე კი მსჯავრდებული და ძებნილია, გაერო-ს შტაბბინაში იმყოფება.

 ზურაბ ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს -ანრი ოხანაშვილი

როდესაც ძებნილ კრიმინალს გაერო-ში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი,ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის მიწვევით დასტურდება მიმწვევი მხარის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიმართ. სამწუხაროა. არ შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო ქართველ ხალხს, რომელმაც განიცადა იმ რეპრესიული რეჟიმის დამოკიდებულება, რომელსაც წარმოადგენდა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი. ეს ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? – გურამ მაჭარაშვილი 

სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? – შესაძლებელია, აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ შეხვედრის გაუქმებით შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს მიაყენა.

„იმით, რომ ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და მერე თვითონ გააუქმა შეხვედრა, შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და საქართველოს. ეს რის საპასუხოდ არის იცით? როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და ამერიკელების ე.წ. დაცინვითი ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრა და მერე გაუქმება. ესეც იმის მომასწავებელია, როცა ჩვენ გვეუბნებიან, აბა, სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს? აბა, ვინ გეუბნებათ, რომ ან ომი დაიწყეო ან ტრადიციები გააუქმე? ა, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება და როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი „უცხოელი მეგობრები“, ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ა, ბატონი, პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს და ქართველი ხალხის ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება უთხრეს, რომ იცოდე დანიშნული იყო შეხვედრა და ახლა ასეა საჭირო და გავაუქმეთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელ ხალხს ნამდვილად უნდა პარტნიორული ურთიერთობა და თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის

მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“.

„1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ატარებს, არის იქ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებითაა დაკავებული. მას მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, ეს მდგომარეობა გვაქვს. ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მისთვის აღარანაირი წესი არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია, როგორც თანამდებობა.

ხედავთ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს. მათ შორის, ამ რაღაც წინასაარჩევნო პერიპეტიებით დაკავებულია, რომელიც მისი საქმე არ არის და ამ დროს კონსტიტუციასაც არღვევს. მაშინ, როდესაც ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და მას 1 000 ადამიანი ელოდება. ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი თავის ოჯახებში არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით, დიდი პოლიტიკითაა დაკავებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თიბისის მხარდაჭერით 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐4-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 22 გამარჯვებული გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

თიბისის ტექგუნდის და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ბანაკში გოგოებმა ისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოს, მეწარმეობის ვორქშოფზე შექმნეს სახალისო პროექტები, გაეცნენ Low Code ვებ-დეველოპმენტს OutSystems პლატფორმაზე. ასევე, შეისწავლეს თამაშების შექმნის საწყისები და შექმნეს მარტივი თამაშები. მოისმინეს საინტერესო ლექციები STEM კარიერაზე, სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მწვანე ენერგიაზე და დიდი ენის მოდელების სამეცნიერო საფუძვლებზე. დამოუკიდებლად გაარჩიეს და წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის უახლესი აპლიკაციების შესაძლებლობები.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

R

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – მოვუწოდებ ყველას, იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ – პაპუაშვილი

როდესაც დასავლური სამყარო რუსეთთან იმის გამოა დაპირისპირებული, რომ რუსეთი გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს არღვევს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი! – მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ! – ეს განცხადება მედიასთან დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მისივე აზრით, „მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის“.

„გარე ჩარევასთან დაკავშირებით გავასაჯაროვეთ 21 დღის განმავლობაში გაკეთებული 90 განცხადება – აიღონ ეს განცხადებები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სახელები და გვარები რუსული სახელითა და გვარით შეცვალონ და შემდეგ დაფიქრდნენ, ამას უწოდებენ თუ არა ჩარევას.

რა თქმა უნდა, ადგილი აქვს საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის. ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის – ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა, რაც გაერო-ს წესდებითაა გარანტირებული.

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის ამომრჩეველზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენა, რაც ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სტანდარტები კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და არა ფარისევლურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში – პაპუაშვილი

მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რას ელის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიული კანონპროექტის, “ქართველი ხალხის აქტის” განხილვის შედეგად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას.

„მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი. ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური შედეგების მანიპულაციის საკითხში და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა მაშინ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა ან რა არ იცოდა, ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიცია- ხელისუფლებას შორის და თუკი დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახებს 19 აპრილის შეთანხმების წინაპირობები რამდენად კეთილსინდისიერი იყო მხარეების მხრიდან.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს” განიხილავს.

“ქართველი ხალხის აქტი” სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს – კახა კალაძე

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაცბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს,  საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.

„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.  

ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს.