Home Blog Page 710

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს თავისი საყვარელი ყოფილი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ ნახვით-კახა კალაძე

ქართველებს ძალიან გვიყვარს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთთან ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს თავისი საყვარელი ყოფილი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ ნახვით – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 21 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს.

„ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენი პატარებისთვისაც, მომავალი თაობებისთვისაც. კიდევ დამატებითი სტიმული იქნება ასეთი ვარსკვლავების ხილვა საქართველოში.

ემოციები უსაზღვროა, ყოველთვის როდესაც იხსენებ წარსულს, გამარჯვებას, სიხარულს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ როგორც ფეხბურთელმა შევძელი და საკლუბო დონეზე თუკი რაიმეს მოგება იყო შესაძლებელი, ყველაფერი მოვიგე.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან.

იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს

იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა.

განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლოს ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. ე.წ. მეგამიწისძვრები ყოველ 90-200 წელიწადში ერთხელ ხდება. უკანასკნელად ასეთი სტიქია 1946 წელს აღრიცხეს.

„ბიბისისთან“ საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს 70-80%-იანი ალბათობა, რომ უახლოეს 30 წელიწადში ნანკაის ღრმულის ტერიტორიაზე 8 ან 9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს.

გოგი წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. პოლიტიკოსის თქმით, შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოსვლა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს.

წულაიას თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება – გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის17 მარტს დააკავეს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.

ვლადიმერ პუტინი 10 ათასს რუბლს დაჰპირდა მათ, ვინც კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების გამო სახლი დატოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 10 ათასს რუბლს დაჰპირდა მათ, ვინც კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების გამო სახლი დატოვა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის ოლქის გუბერნატორთან, ალექსეი სმირონვთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

„ბევრი მოქალაქე იმყოფება დროებითი განთავსების პუნქტში, თან დოკუმენტებიც არ აქვთ. ჩვენ, ცხადია, ყველას ვეხმარებით, მაგრამ ასევე იგეგმება ზომების მიღებაც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე“,- განაცხადა სმირონვმა.

საპასუხოდ პუტინმა აღნიშნა, რომ ფედერალური დახმარების საკითხი პრემიერ-მინისტრთან უკვე განიხილა.

„მოდი, ჩავთვალოთ, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც ეს სჭირდებათ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განაცხადა პუტინმა.

კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. ვრცელდება ცნობებით, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების გამო ევროპაში რუსულ გაზზე ფასი გაიზარდა-Bloomberg

რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპულ ბირჟებზე საათში 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 39 ევრომდე გაიზარდა, ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქალაქ სუჯაში გაზის გამანაწილებელი მსხვილი სადგურის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7068 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9538 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე -კახა კალაძე

„დღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე, რასაც მე პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მესამე ადგილზე დაწინაურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი და რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს.

„მნიშვნელოვანია და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ არის ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ხედავენ პროგრესს. ჩვენ გვახსოვს წლები, მე არ მიყვარს წარსულში დაბრუნება და წარსულზე საუბარი, თუმცა შედარებითვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ და ვისაუბროთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და შემდეგ პარალელი გავავლოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს. რადიკალურად შეცვლილი და განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის უფლებები. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მას აქვს ამისი უფლება. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ სწორი შეფასებაა გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

„16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

„ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება-კალაძე

ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო.

თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ. მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. საზოგადოებამ უკვე დაინახა, სიმართლე ვის მხარეს არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ – კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის” ლეგენდებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო.

შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის ისტორიაა წარმოდგენილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიური კლუბის ისტორიაში თავისი ფურცელი ქართველმა კახა კალაძემაც ჩაწერა.

„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის” მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე – ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე – ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის” მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან” ერთად.

რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დაგეგმილ მატჩზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მუჯირმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან  ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით 

ამ ვიდეოს ვუძღვნით აგვისტოს ომში და შემდეგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწაწყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე მეტი ადამიანი, საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; ოკუპაციამ დააშორა ადამიანები, შუაზე გაყო სახლები, ეზოები, სალოცავები, მინდვრები და ვენახები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხორებ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა უწევთ ურთიერთობა. დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც თან სდევს ოკუპანტების მხრიდან ადამიანების მკვლელობები, გატაცებები და უკანონო დაპატიმრებები.  

თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ბრენდისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც ვაშენებთ ყველა დანარჩენს.  გვჯერა, რომ ოკუპაცია და ყველა მავთულხლართი დროებითია და რომ ორივე მხარეს საქართველოა. დიდება გმირებს! 

ბმული

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად გასამარტივებლად, თიბისი ორ საქველმოქმედო პროექტს დაუჭერს მხარს:  

ნატვრის სახლი სოფელ ერგნეთში 

ფონდი „ინდიგო“ რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, მავთულხლართიდან 250 მეტრში მუშაობს. აქ მცხოვრები ბავშვების დიდი სურვილია, აშენდეს „ნატვრის სახლი“, რომელშიც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ. ამ სახლისთვის „ინდიგოს“ უკვე აქვს არქიტექტურული პროექტი და ახლა აშენებისთვის საჭირო თანხის მობილიზებაზე მუშაობს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მის განსახორციელებლად 10 000 ლარი გამოყო.  

სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი 

 თიბისი არის მეკლდეურთა კლუბის მიერ სექტემბერში დაგეგმილი ცოცვის ფესტივალის მხარდამჭერი, რომელსაც 10 000 ლარით დაეხმარება. კლუბი დაარსდა 2015 წელს ნიქოზში და აერთიანებს 30-მდე ახალგაზრდას, რომელიც სპორტულ ცოცვაში ვარჯიშობს. ბავშვები არიან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებიდან. 2017 წლიდან კლუბი იღებს მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ სხვადახვა ტურნირებში; აქვს მოგებული პრიზები, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონობაც. ფესტივალი ჩატარდება 6 სექტემბერს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 10 წლამდე, 12 წლამდე და 14 წლამდე. ფესტივალში მონაწილეობას საშუალოდ 70 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან: ნიქოზი, ბედიანი, ქუთაისი, ყაზბეგი და სხვა.  

სპორტული ცოცვა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სპორტად არის დასახელებული. საქართველოშიც დღითი დღე იმატებს მოყვარული მეკლდეურების რაოდენობა. ფესტივალის ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული ცოცვის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას. ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს და სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, ასეთ რეგიონში მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა.