Home Blog Page 71

პრემიერ-მინისტრი აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუქზე” წერს, საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება.

საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით.

გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში”, – აღნიშნავს პრემიერი.

დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა – ცესკო-ს პრესსპიკერი

დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს.

„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.

პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. სულ გაიხსნება 3030 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, რისთვისაც მზადება წელიწადზე მეტია დაწყებულია. დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღესვე გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განკარგულებით სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც პარლამენტის არჩევნებთან ერთად 26 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე ცესკომ მიიღო განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ.

ცესკომ ასევე მიიღო განკარგულებები როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოების შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების დადგენის თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნონ აღნიშნულ ინფორმაციას.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის.

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. მაგრამ აქვე გვინდა მოვუწოდოთ არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, -განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა – მცხეთიდან საარჩევნო კამპანიისას ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდნენ შურისძიებას – პრეზიდენტი

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა.

„მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძირვა – რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ სისასტიკეს და დაუნდობლობას ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა და უნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის.

მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება“] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება?

არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში!

ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი – სალომე ზურაბიშვილი

ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“.

“დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი.

უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოების.

სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი – ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი.

„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.

დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

„თავისუფლების მოედანს“ ძალიან ეშლება სიტყვა თავისუფლება, ეს სიტყვა არ ნიშნავს ზღვარგადასულ უკანონო ქცევას – ბექა ოდიშარია

„თავისუფლების მოედანს“ ძალიან ეშლება სიტყვა თავისუფლება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, სრული უფლება აქვს „თავისუფლების მოედანს“ უწოდოს „ფეიკ” პლატფორმა, ვინაიდან ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია, „ენჯეო“, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება, ფულს კი პოლიტიკურ პლატფორმას ახმარს.

„ამ ფულს ახმარს პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ახლად შეიქმნა „ლელოსგან“ და კიდევ რამდენიმე კერძო სუბიექტისგან. „თავისუფლების მოედანს“ ძალიან ეშლება სიტყვა თავისუფლება. ეს სიტყვა არ ნიშნავს უკანონობას და ზღვარგადასულ უკანონო ქცევას. სწორედ ასეთია ქცევა, როდესაც შენ ფინანსდები უცხოური დონორისაგან, როგორც „ენჯეო“, გაქვს რაღაც სხვადასხვა შინაარსის პროექტები და სინამდვილეში, ამ ფულს ახმარ ამ ქვეყნის ოპოზიციაში მდგომ პოლიტიკურ პარტიებს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს, ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაევალათ. ისინი ვალდებულნი არიან ფინანსური ანგარიშები, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ.

თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 2024 გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი სპეციალისტები.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს – https://adblacksea.com/

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა – ზელენსკი

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებამ „ჩვენი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაცვის საწარმოებში მუშაობენ“ დააფასოს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6990 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6990 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0134 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0159 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ამასთან, მისი თქმით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.

“წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600 – მდე აპლიკანტი გააგრძელებს”,- განაცხადა წერეთელმა.

გარდა ამისა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.

“გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება”,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი – შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.

რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.

ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:

  • ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
  • ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
  • ღვინის დეგუსტაცია;
  • შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
  • მასტერკლასები;
  • ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.

სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს – ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.


ასევე,  15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, ვიქენდის ჯავშნებზე.