Home Blog Page 71

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ კოალიციის საარჩევნო პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა.

მალაშხიას თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას.

„ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე“, – აღნიშნა მალაშხიამ.

შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ პოლარიზაცია -გერმანიის საგარეო უწყება

გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მომდევნო მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეუთო/ოდირმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა. პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა. როგორც ალიზარდმა აღნიშნა, „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.

 მე არ ვარ დამწუხრებული, მე ვარ შეშფოთებული -ალექსეი გონჩარენკო

როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, მე ვუყურებდი, რა ხდებოდა ქალაქგარეთ, არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამას ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩემი პერსონალური პოზიცია ასეთია, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, „არჩევნები იყო ნაყიდი“.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 94% აიღო, მე მხოლოდ ერთი კითხვა მებადება – 194% რატომ არა? ეს არის რაღაც ძალიან უცნაური, გამოიყურება როგორც ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება და არა როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ თქვა, რომ მან დაინახა ამომრჩევლების დაშინება, ძალიან დაძაბული გარემო განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამომრჩევლებისთვის იყო ძალიან რთული ნების თავისუფლად გამოხატვა. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან შემაშფოთებელი. პრესკონფერენციაზე დაისვა კარგი შეკითხვა – იყო თუ არა ეს არჩევნები მოპარული. ჩემი პირადი პასუხია, ეს არჩევნები იყო ნაყიდი. ეს არის ჩემი პირადი პასუხი იმის მიხედვით, რაც ვიხილე საკუთარი თვალით, განსაკუთრებით რეგიონებში.

ამასთან, გონჩარენკოს კითხვა დაუსვეს თავის განცხადებაზე, სადაც „ქართველებს ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებას ურჩევდა“.

„მინდა, გითხრათ, აქ ვარ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, არ ვაკეთებ რაიმე პოლიტიკურ განცხადებას. ჩვენ აქ ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე გითხარით თქვენ ჩემი პირადი პოზიცია. სამწუხაროდ, მე არ ვარ შეშფოთებული, მე ვარ დამწუხრებული, რადგან არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩემი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრება. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე მიყვარს საქართველო, მინდა, ვიხილო საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად და არ მინდა, რომ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ ვიხილო. როდესაც საქართველოში შემოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მე საერთაშორისო დამკვირვებელი ვარ, საპასპორტო კონტროლის დროს გარკვეული დრო დამაყოვნეს, ყოველგვარი მკაფიო მიზეზების გარეშე. ამის შემდეგ კი, ერთ-ერთ პროსახელისუფლებო მედიაში ვნახე, რომ ჩემს ციტირებას ახდენდნენ. მე აქ არ ვარ რამეზე გავლენის მოსახდენად პოლიტიკური მხრიდან, მაგრამ მინდა, რომ ქართველი ხალხმა წარმატებას მიაღწიოს ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყნის შენებაში“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს -ნიკა მელია

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მელია აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა და შიგნით ამხელა კონსოლიდაცია არასდროს ყოფილა. ნიკა მელიას თქმით, ახლა ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო…

გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა, 48% ავიღეო ან 60%-იო. რეალურად, ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი, რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.

ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.

მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო, მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა. 5% და 6%, 8%, 10% არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით; ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს, ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;

ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ, პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.

მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“, – წერს ნიკა მელია.

არჩევნები იყო კონკურენტული, რადგან ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის და ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია – პია კაუმა

არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის, – განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ პრესკონფერენციაზე.

„იმედის“ ჟურნალისტმა პია კაუმას ჰკითხა, იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული.

„არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.

იმედი გვინდა გამოვხატოთ, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას – ეუთო/ოდირი

კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა, – ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

„კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელი დღის განმავლობაში. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი მომავალი გაწევრიანების პროცესი, ნამდვილად ხდება განხილვების საგანი პრეტენდენტების მხრიდან. ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, საკანონმდებლო ბოლოდროინდელი ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში.

კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების მონაწილეობა დიდი იყო, ასევე პარტიის დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, მრავალფეროვნება იყო გამოხატული. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება. დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით მინდა, რომ შევაქო მამაკაცები, მაგრამ უმეტესწილად ქალები ამ ქვეყანაში, რომლებიც არჩევნების ადმინისტრაციაში მონაწილეობდნენ.

მედიაგარემო ზუსტად ასახავდა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა. პოლიტიკური აქტორები და პარტიები უარს ამბობდნენ დებატებში, ეს ზრდიდა დაძაბულობას და ეს ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ. კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული პროცედურულად, მოწესრიგებულად, მაგრამ ასევე მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა. გუშინ პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში. გულთბილი მადლობა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს – ჟიგიმანტას პავილიონისი

ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს, ცდილობს რა გააძლიეროს რუსული ან ბელარუსული გზა რუსული წარსულისკენ, – ასე ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„ქართული კოშმარი ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელარუსული გზა რუსული წარსულისკენ, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს თავისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირსა და ნატო-ში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

პრეზიდენტთან აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე – დღეს კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ – გიორგი ვაშაძე

[პრეზიდენტთან ] აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე – დღეს, კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდიენციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არის დაწერილი და ის რეალობას არ ასახავს.

„ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ამ არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მყარი. აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე, დღეს აუცილებლად, უკვე კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას – სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას, – ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენება. კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა განხორციელებამ შეზღუდა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და შეამცირა ადგილი ხელისუფლების კრიტიკისთვის“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ზოგადად პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული საკითხების კუმულატიურმა ზემოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული პატიოსნება“, – აღნიშნა ზლატკო ვუიოვიჩმა.

,,პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა”- ფრანსუა ჟიკელი საპარლამენტო არჩევნებზე

საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს აფასებენ. ფრანსუა ჟიკელის შეფასებით, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის.

მან საარჩევნო პროცესის ორგანიზებულობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა.

„საარჩევნო უბნების მონახულებამდე ჩვენ დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გაგვაცნო ყველა დეტალი. ძალიან შთამბეჭდავია იმის გაგება, რომ ელექტრონული მთვლელები პირველად იყო გამოყენებული და ის ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობისთვის. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს იყო ევროკომისიის მოთხოვნა და დამოუკიდებელ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება. ამ კომპანიას აკონტროლებს დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია. ეს ელექტრონული მთვლელები განთავსდა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მცირე გამონაკლისების გარდა. ჩვენ მოვინახულეთ საარჩევნო უბნების ნაწილი, მაგრამ, ცხადია, არა ყველგან. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც უბნებზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. მათ გავლილი ჰქონდათ ტრენინგები, რათა მოემზადებინათ ეს არჩევნები. ისინი პროცესს გაუმკლავდნენ მშვიდად და პროფესიონალურად. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ დასავლური სისტემები. ასე რომ, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი – მშვიდად, და რაც ვნახეთ, პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა 

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია “pro v&v” ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აშშ-ში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის. 

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.

როგორც Pro V & V – ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აღნიშნა „პროექტს ჰქონდა 3 ფაზა, 1 ითვალისწინებდა წყაროს კოდის გადახედვას და ჩვენ ფაქტობრივად გვთხოვეს გავყოლოდით მოდულიდან მოდულამდე, თუ როგორ იყო მოთავსებული ამომრჩეველთა სიები თითოეულ ვერიფიკაციის აპარატში. ჩვენ გავყევით ერთი მოდულიდან შემდეგ მოდულამდე USB ბარათის ჩასმიდან ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვის ჩათვლით. 

უბნის გააქტიურების შემდეგ, თითოეული ვერიფიკაციის აპარატი შეიცავს მხოლოდ ამომრჩევლის სიას, რომელიც მან უნდა ამუშავოს არჩევნების დღეს.

ის არ შეიცავს სრულად ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა სიას, ის არის გამიზნული კონკრეტული უბნისთვის და მას აქვს წვდომა მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩევლის სიასთან.”

შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:

 საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან. 

 ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

 ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.

 ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.

 აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია. 

ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „სმარტმატიკის” წარმომადგენლებიც. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. 

„მთელი დღის განმავლობაში პირადად ვაკვირდებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე, რომელიც გახსნის ასევე დახურვის პროცესს მოიცავდა და მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებულები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ როგორ ემოქმედათ შეფერხებების ან მოულოდნელად განვითარებული მოვლენების დროს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი როგორც მოსალოდნელი იყო.

რა თქმა უნდა დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელიც სავსებით გასაგებია და ეჭვს არ უნდა იწვევდეს ტექნოლოგიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომპანია „სმარტმატიკის” (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნინკმა.

ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით – გიორგი გახარია

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან, მოქალაქეების ნების დასაცავად. ასევე, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება დადასტურებული ობიექტურად იყოს. ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გადავეცით, მათ შორის სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს და ასევე, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში განგრძობითი იყო და მხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებული არ იყო, ასევე, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ.

მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას. ასევე, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას და მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენს გუნდზე და პარტიაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა, პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს გასამართლებით ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც არჩევნებზეც აისახა, მაგრამ ამის მიუხედავად, თითოეული ჩვენი გუნდის წარმომადგენელს, ჩვენს დამკვირვებელს, მხარდამჭერებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მიუხედავად, უპრეცედენტო ზეწოლისა და მიუხედავად სხვებთან შედარებით ყველაზე მწირი ფინანსური რესურსისა, ჩვენ მაინც შევძელით ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი. ამიტომ, სწორედ დღეს საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად იმის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა – აი, ამ ძალადობებით, რომლის ფონზეც, ეს არჩევნები ჩატარდა, არასოდეს ისე სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორც დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას“, – განაცხადა გახარიამ.