Home Blog Page 709

სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა.
იგი 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა.
ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს.

ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები – მეუფე შიო

უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ დღეს ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა და უფლის მიმართ ჭეშმარიტი რწმენის მნიშვნელობაზე იუსაუბრა.

„ერთხელ ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, იესო ძეო დავითისაო!“ (მთ. 20,30). მათ იცოდნენ იესო ქრისტეს ძალა და სწამდათ მისი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. ამიტომაც განუწყვეტლად სთხოვდნენ მას განკურნებას. უფალმა მათ უთხრა: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ მათ მიუგეს: „დიახ, უფალო, გვწამს“. მაშინ იგი შეეხო მათ თვალებზე და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოს თქვენ“ და აეხილათ მათ თვალები. აი, ასეთი სახარება წავიკითხეთ ჩვენ დღეს.

გვეხება თუ არა ჩვენ ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო? რა თქმა უნდა, გვეხება. რით გვეხება? იმით, რომ ჩვენც ვგავართ ამ ბრმებს ჩვენი სულიერი სიბრმავით, მაგრამ არა მხოლოდ ამით, არამედ ვგავართ ჩვენი ფიზიკური და სულიერი უძლურებებით, რომლებიც მათსავით გვტანჯავს და მათსავით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიმსუბუქოს ტანჯვები, განგვკურნოს და დაგვიბრუნოს სიცოცხლის სიხარული, რომელიც რატომღაც ვგრძნობთ, რომ დაკარგული გვაქვს.

ჩვენ ამ ორ ბრმას ამით ვგავართ, მაგრამ რით არ ვგავართ? არ ვგავართ იმ რწმენითა და ერთგულებით ღვთისადმი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათი რწმენა და ერთგულება იყო უეჭველი. აი, ასეთი რწმენა არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება ვკითხოთ ჩვენს თავს, ამიტომ ხომ არ არის სწორედ, რომ ხშირად ვრჩებით ხოლმე განუკურნებელნი?

ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, ეს იქნება ცალკეული ადამიანის თუ ყველასი ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები. ცოდვა იგივე ბოროტებაა. ეს ყველაფერი შემდეგ გვართმევს ნამდვილ სიხარულს და ჩვენს გულებში აქრობს სინათლეს და სითბოს. თავდაპირველად ადამიანს ჰგონია, რომ ვნებების დაკმაყოფილება მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის, ამას მოსდევს სიცარიელე, განხიბვლა, სისასტიკე გულისა, გულქვაობა, უგრძნობლობა და ადამიანი მისთვისვე შეუმჩნევლად იქცევა ასეთ სულიერად გაციებულ, გაზარმაცებულ, ცარიელ და მხოლოდ თავის თავის მოყვარულ ადამიანად.

მაშასადამე, როდესაც ამ ვნებებს ვემონებით, ჩვენ ვასახიჩრებთ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ, ღვთის წყალობით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებების დამარცხება და მათგან გათავისუფლება შესაძლებელია. ყოველ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, განიწმინდოს და განათლდეს იმავე ძალით და მადლით, ძვირფასო ძმებო და დებო, რა ძალითა და მადლითაც განიკურნა დღევანდელი ორი ბრმა ადამიანი. ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა ყველას, მის მაძიებელს.

თქვენ იცით ეკლესიის სწავლება, რომ ღვთის ამ ძალით, მადლითა და ენერგიით, ამის მეშვეობით, ადამიანი ხდება საღვთო ბუნების, ღვთაების თანაზიარი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მთელი ჩვენი გულით, გონებით, მთელი არსებით ვესწრაფოთ ამას, მივისწრაფოდეთ ამ მადლის მოხვეჭისკენ და დაუღალავად ვეძიოთ ეს მადლი, რომ ვიყოთ ღმერთში, ვიყოთ ღმერთთან და არ წაგვერთვას ეს ჭეშმარიტი სიხარული.

აი, ამიტომ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანმა გული არასდროს არ უნდა გაიტეხოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს და არ უნდა გვეგონოს, რომ ცოდვისა და ბოროტებისგან გამოწვეული სიბნელე და ის ტანჯვები, რაც ამას მოსდევს, არის ჩვენი გარდაუვალი ხვედრი. ასე არ არის, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს: „ვის მივაპყრობ მზერას? მხოლოდ მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ეს. 66,2). ასევე, მოციქულები გვასწავლიან ჩვენ, რომ: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ, ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5-6; იაკ. 4. 6).

ამრიგად, თუ ჩვენ გვექნება ეს სიმდაბლე, აუცილებლად ვიგრძნობთ ამ ძალისა და მადლის მაკურნებელ, განმანათლებელ, განმწმენდელ მოქმედებას; ეს მადლი ყოველთვის ჩვენთან იქნება და აუცილებლად განგვკურნავს ჩვენ სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან.

უფალი იესო ქრისტე ძალიან დიდი ხნის წინ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, – დღეს იყო ნათქვამი წმინდა სახარებაში, – და კურნავდა ადამიანებში ყოველგვარ სნეულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ამ ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით და ვადიდებდეთ მის დიდადშვენიერ, პატიოსან და საღვთო სახელს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ოლაფ შოლცი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების გაფორმების დრო დადგა, – ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეზე, ვოლფგანგ ბიუხნერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მრავალი მიზანი მიღწეულია, მაგრამ “ადამიანთა ტანჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უზარმაზარია”, – განუცხადა შოლცმა ისრაელის პრემიერს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამავდროულად, მან ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბერლინი მკაცრად გმობს ირანისა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მუქარებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ომის დასრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შეჩერდეს საპასუხო ძალადობის დესტრუქციული სპირალი, შემცირდეს დაძაბულობა და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ დეესკალაციაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა

ბელარუსმა უკრაინის საზღვრის მიმართულებით ტანკები გაგზავნა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ტანკი გაგზავნა. უწყებამ მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირების კადრებთან ერთად, ცნობაც გაავრცელა, რის მიხედვითაც, საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზად უკრაინის მხრიდან ბელარუსის საჰაეროს საზღვრის დარღვევა დაასახელა.

მინსკი ამტკიცებს, რომ კურსკზე იერიშისას კიევის მიერ გაშვებული დრონების ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე მოხვდა.

საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე, გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში – ნათია მეზვრიშვილი

შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, პაპუაშვილს აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება.

„შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:

26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;

ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე fb გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით ერთ საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;

5 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მივმართე საქართველოს პროკურატურას. თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა).

მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ მიმიღია, არც კი ვუშვებ, რომ გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე; გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში. ინტერესი აშკარად იკვეთება“, – წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, ის, „დემოკრატიის ფესტივალზეც“ საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან.

„აქვე ვიტყვი „დემოკრატიის ფესტივალზე“: იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება, „ოცნებას“ აი ამ ტიპის ქმედებებისგან, რაც ზემოთაა აღწერილი, თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექმნებოდეს“,- წერს მეზვრიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “დემოკრატიის ფესტივალის” აქტივობები, თავისი არსით, შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც დანიაში“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ზოგიერთმა მათგანმა კი წესების დარღვევაც, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. მისი განცხადებით, ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. ხალხი იმსახურებს პასუხს. ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის წესებსა და პროცედურებს.

უკრაინის დარტყმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს – მარია ზახაროვა 

რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

წინასწარი ინფორმაციით, კიევში რუსებმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს, ეს იყო მორიგი ტერაქტი – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ.

„წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.

„უკრაინელები მადლიერები არიან ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით, მაგრამ რუსული ტერორის ჭეშმარიტად შესაჩერებლად, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სრულფასოვანი საჰაერო ფარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ყველა ქალაქს და თემს, არამედ პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც მოხსნის შეზღუდვებს ჩვენს თავდაცვით ქმედებებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – პრემიერი

„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ აზრზე არიან და დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, რაზეც დღემდე არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაული გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ასეთი ტიპის დანაშაულები გამოძიებული, შეიძლება ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები.

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას„ სურს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი რამ, ისინი მაქსიმუმ ერთ კვირაში ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. გახსოვთ პოლიტიკოსების და მათი NGO-ების განცხადებები ამ საკითხთან, ომთან, სანქციებთან და უკრაინაში მთავრობის ოფიციალური მოთხოვნით მებრძოლით სავსე თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მეორე ფრონტის მომწიფებას ნიშნავდა. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო.

რაც შეეხება უშუალოდ 2008 წლის მოვლენებს, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო. ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს, მთელი საარჩევნო პერიოდი აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. ანუ, „ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე, დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვფიქრობთ, ოლიმპიადის პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება.

„გუშინდელ დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. 2 ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ასეთივე წარმატებას ვუსურვებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს. ის უკვე არის შემდგარი ლეგენდა, მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. გენოს გამარჯვება განსაკუთრებულად გაგვიხარდა, რომელსაც წინა ოლიმპიადაზე იღბალი დააკლდა. ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო.

რაც შეეხება ორდენებს, არ მინდოდა წინ გამესწრო მოვლენებისთვის, მაგრამ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვფიქრობთ, რომ პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც უკვე ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

თუ რატომ არ შეხვდა, მკაფიოდ განმარტა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს – პრემიერი

თუ რატომ არ შეხვდა, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვლისა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში – პრემიერი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია მიხეილ სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.

„ჩვენ ვხედავთ რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც სამწუხაროა. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე. ყველამ კარგად იცის ვინ ვინ არის და რას ემსახურება ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია რომ სინამდვილეში, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოში ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.