Home Blog Page 708

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, მდინარეში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან მყვინთავები.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა. საუბრის ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.

ამასთან, მისი თქმით, რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” – განაცხადა სირსკიმ.

არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება – აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა – აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“.

საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანი თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მას აჭიანურებს – Reuters 

მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია ისრაელის მიმართ ირანის შურისძიების გადადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, მხოლოდ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეუძლია ირანის პირდაპირი შურისძიების გადადება ისრაელის წინააღმდეგ, მათ ტერიტორიაზე “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი მის მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა „ჰეზბოლა“, პირდაპირ თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ შეძლო.

სანაპიროზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის – კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი ხალხის დაცვა გვსურს – უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

უკრაინას კურსკის აღების არანაირი ზრახვა არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის თავდასხმებისგან დაცვას ვცდილობთ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.

ტიხის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შესვლის მიზანი არა უცხო ტერიტორიების დაკავება, არამედ უკრაინელების სიცოცხლის შენარჩუნება და საკუთარი ტერიტორიის რუსული თავდასხმებისგან დაცვაა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ქმედებები სრულიად ლეგიტიმურია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არ არღვევს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება რამე, რაც სხვას ეკუთვნის. უკრაინას კურსკის რეგიონის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა გვსურს”, – განაცხადა ტიხიმ.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან რუსეთმა 2,000-ზე მეტი დარტყმა განახორციელა სწორედ კურსკის რეგიონიდან და სამიზნედ, როგორც წესი, უკრაინის სუმის რეგიონს იღებდა.

“ეს არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არტილერია, დრონები, 250 ფრთოსანი ბომბა, ასზე მეტი რაკეტა…

სამწუხაროდ, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს ხელმისაწვდომი იარაღით ამ ტერორისგან თავის დასაცავად შორი მანძილის დარტყმებისთვის – ჯერ არ არის შესაბამისი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მოვითხოვთ. ასე რომ, არსებობს ამ სასაზღვრო ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საჭიროება, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინას ან თავშესაფარს აძლევენ უკრაინის წინააღმდეგ ტერორს. გავაგრძელებთ ამის კეთებას როგორც საჭიროდ ჩავთვლით, რათა უზრუნველ იყოს უსაფრთხოება და უკრაინის დაცვა,” – განაცხადა ტიხიმ.

ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც სიცრუეში პირდაპირ ადანაშაულებს ჩვენს ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას – გიორგი ვოლსკი SIGA-ს პუბლიკაციაზე

ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სიცრუეში აშკარად ადანაშაულებს პირდაპირ ჩვენს ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციის შესახებ.

„ოპოზიციის ერთადერთი მთავარი მიზანია, რომ როგორმე პარტნიორ ქვეყნებში, საზოგადოებაში გაავრცელოს ეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს, რაღაც დახმარება რუსეთის ფედერაციას გაეწევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ტყუილი გამოდგა და ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სიცრუეში აშკარად ადანაშაულებს პირდაპირ ჩვენს ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ინფორმაციის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები ჩვეულებრივ საეჭვო ნაჩქარევი დასკვნებით არის გამოწვეული.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, 13 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის მიმართ გავრცელდა ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებები.

სიუჟეტში, ანონიმურ პირზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მისივე განცხადებით, სამი დღის წინ, კობა კობალაძემ ქუთაისში ვეტერანები შეკრიბა და მოსთხოვა, არჩევნებზე მხარი სახელისუფლებო პარტიისთვის დაეჭირათ, რაც 39 წლის კაცმა გააპროტესტა და შეხვედრა დატოვა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. კერძოდ:

კობა კობალაძე, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან, მათი საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ყველა რეგიონში, პერიოდულად მართავს შეხვედრებს. სამსახურის სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, შეხვედრებზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისა და მოწოდებების გავრცელება არ ხდება. ამ პროცესში, კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველთვის ღიაა ნებისმიერი მოსაზრების, წინადადებებსა და კრიტიკის მოსასმენად. აქვე აღვნიშნავთ, რომ არასდროს, არცერთ ვეტერანს ვინაობის დამალვისა და ანონიმურად რაიმე პრობლემის გაჟღერების საჭიროება არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გაჟღერებულ პერიოდში, კობა კობალაძე ქუთაისში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრა არ გაუმართავს, მითუმეტეს, ადგილი არ ჰქონია სიუჟეტში გავრცელებულ სხვა აბსურდულ ბრალდებებს.

მივიჩნევთ, რომ “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტი, მისი შინაარსით ემსახურება, ვიწრო, კერძო ინტერესებს, რომელთა მიზანია ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მისი დირექტორის დისკრედიტაცია და ვეტერანთა ერთიან ოჯახში, ხელოვნური დაპირისპირების გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კობა კობალაძის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი მედია საშუალება მსგავსი სიუჟეტების მომზადებისას, ვალდებულია დაიცვას მინიმალური პროფესიული სტანდარტი, გადაამოწმოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია და თავი აარიდოს, აშკარა ტყუილის და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. სიუჟეტის მეტი სანდოობისთვის შეიძლებოდა გავრცელებულიყო შეხვედრის თარიღი, დრო, ზუსტი ადგილი, შეხვედრის სხვა მონაწილეთა ვინაობა, ან სხვა რაიმე მტკიცებულება მაინც.

ხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, სიუჟეტის ანონიმური რესპონდენტის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, მათ შორის, მისი მოტივისა  და პროცესში ჩართული შესაძლო სხვა პირების  გამოვლენის მიზნით.

ბათუმში ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ajaratimes.ge  ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორივე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე, 2018 წლიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

ამასთან, სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას, ხოლო 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება – 1500 ლარი.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ზუგდიდში ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6966 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9458 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0027 ლარი შეადგინა

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევრ.ოკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

„უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა