Home Blog Page 707

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა სააკაშვილიც მიხეილ დაუშვილი

სააკაშვილი ცდილობს, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს, თითქოს ის არის ერთადერთი, განუმეორებელი და ყველა მასზე ლაპარაკობს. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, ეს არის რეალობა და სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს.

„როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, სააკაშვილის კონტექსტით ყველაფერი პოლიტიკურ დივიდენდად გამოიყენოს, ზუსტად ასეა სააკაშვილიც. ხომ არ გგონიათ, რომ რამით უკეთესია ვინმეზე? ეგეც ცდილობს, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, თითქოს ის არის ერთადერთი, განუმეორებელი და ყველა მასზე ლაპარაკობს. აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ თემა საერთოდ არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი, ეს არის რეალობა და მანაც უნდა გააცნობიეროს. უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ის თემა და განსახილველი საკითხი აღარ არის, ამას უნდა შეეგუოს. რაც მალე გაიგებს, მით უკეთესი იქნება თავისთვისაც, ყველასთვისაც და ქვეყნისთვისაც. დღეს მიხეილ სააკაშვილს ვინც აქტუალურს ხდის, არის „ოცნება“. რამდენჯერაც არ უნდა გამოჩნდეს, იქნება სასამართლო სხდომა თუ რაიმე სხვა, ყველგან პირდაპირ ეთერშია. ეთერში გადასცემენ, როგორც შეუძლიათ, რათა მთელ ქვეყანას მოასმენინონ და მთელი ქვეყნისთვის აქტუალური გახადონ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის აქტუალურობას ყველაზე მეტად ხელს უწყობს „ქართული ოცნება“. როგორც „ოცნება“ არის მატყუარა, ისე – ეგ. წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, იტყუებაო. რამდენად მძიმე მოსასმენია, ცუდი, მძიმე ამბავია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ისეთ ტყუილს ამბობს, რომ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უწევს, ღიად თქვას, იტყუებაო. „ოცნების“ კრიტიკა ხომ ერთია, მაგრამ ესეც ამორალური და მიუღებელია. ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც 24 საათი იყენებ, ის იძულებული ხდება თქვას, იტყუებაო. არ ვიცი, რაში წერია ეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.

ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტი, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?

გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე 15 სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს.

ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ემოციას თუ კითხვებს აჩენს.

პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე მის მიერ 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი – ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, მიძღვნილი მისი შვილისთვის, რომელიც გრაფიკული ჩანახატების ენაზე შესრულებული ერთი ნამუშევარია. ეს წიგნი განსაკუთრებული ეტაპია ხელოვანის შემოქმედებაში და მის დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში შეიძლება განიხილოს როგორც ერთ-ერთ საბაზისო ნამუშევრად.

როგორც ავტორი აღნიშნავს: „ამ წიგნში, ვესაუბრები ჩემს შვილს წარმოსახვითი ვიზუალური ენით, ვუზიარებ იმას, რასაც ვერ გავამჟღავნებდი, ან დავტევდი სიტყვებში, ნახატი ინახავს სინამდვილეს, რომელიც თვითონ გადმოსცა თავისუფალმა წარმოსახვამ ინტერპრეტაციის გარეშე“.

იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში ?

ეს სათაურია პირველ სართულზე წარმოდგენილი ექსპოზიციის. ნამუშევარი ასახავს სიტუაციას, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ექსპოზიცია გამოხატავს რამდენიმე რთულ კომბინაციას რომელიც ვერ წყდება მხოლოდ ერთ ჭრილში. თანმდევი ტექსტი ამ მრავალგანზომილებიანი დიალოგის მცირედი ვერსიაა, რომელიც ისევე როგორც პირველი ნამუშევარი „ელენეს“ დიდ სივრცეს უტოვებს მოფიქრალს და აღმქმნელს, რათა ბევრი კუთხიდან განიხილოს პრობლემა, სურათი თუ ექსპოზიცია.

ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2024.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას – ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ალეკო ელისაშვილის პარტიის კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ელისაშვილი, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი და იაფფასიანი პოპულისტია, ხოლო, ლევან ცუცქირიძე, ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მსახური იყო.

ნინო წილოსანის თქმით, ელისაშვილი და ცუცქირიძე, ამ კოალიციის კოლექტიური სახეა.

„კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით.

პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით…შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება.. პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა ალეკო არ “შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს…

მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, „ნაცების“ მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან “გაუპრავა” პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია “ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც.

დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა” – წერს ნინო წილოსანი.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ -მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ ”ბაგრამიანის ბატალიონს”, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა; საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა;

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32  წელი გავიდა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა.  პირველ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება.  აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი.

ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს.

მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა.

იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა.

სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო  საკურორტო ქალაქ გაგრაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. სეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

„როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას” – რას წერს The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას: კიევი დილემის წინაშე“ (ავტორები – როლანდ ოლიფანტი და ჯო ბარნსი). მასალაში გაანალიზებულია კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის ქვდანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერაციის წარმატებისა და რუსული ქვედანაყოფების მარცხის მიზეზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

როცა უკრაინის ჯარებმა 6 აგვისტოს დილით რუსეთის საზღვარი გადალახეს, მათ მოსკოვის თავდაცვა ისე გაჭრეს, როგორც კარაქი დანით.  აშკარაა, რომ ასეთ წარმატებას ხელი შეუწყო ოპერაციის საიდუმლო ხასიათმა: ქვედანაყოფების მეთაურებმა დაგეგმილი შეჭრის შესახებ სამი დღით ადრე გაიგეს, ჯარისკაცებმა კი მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის დაწყების მომენტში.

რასაკვირველია, უკრაინელებმა რუსეთს თავდაცვის სუსტი წერტილი მოუძებნეს, სადაც სამხედრო ქვედანაყოფების ნაკლებობა შეინიშნებოდა და არ იყო სათანადო კონტროლი და ურთიერთკავშირი კურსკის ოლქის სამხრეთში დისლოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებს შორის. კიევის მიერ განხორციელებული ოპერაციის ასეთი დაგეგმვა მკვეთრად განსხვავდება გასული წლის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევისაგან. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ვეტერანი ამბობს, „ძალიან მინდა, რომ ახლა ჩემს ამხანაგებთან ერთად კურსკის ოლქში ვიყო“.

თავდაპირველ ეტაპზე ისეთი ქაოსი იყო შექმნილი, რომ რუსებმა ვერანაირი თავდაცვის ორგანიზება ვერ მოახერხეს, ყველა დაბნეული იყო და ნორმალურად ვერ აზროვნებდნენ. არავინ იცოდა, თუ ვინ ვის ექვემდებარებოდა. „უკრაინის სარდლობამ წარმატებით ისარგებლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული პასუხისმგებლობის დაყოფით „ეფ-ეს-ბე“-ს (უშიშროების ფედერალურ სამსახური), „როსგვარდიას“ (რუსეთის ეროვნული გვარდია) და თავდაცვის სამინისტროს (თავდაცვის ფედერალური უწყება) შორის“, – ამბობს დარა მასიკოტი, რუსი მკვლევარი აშშ-ის კარნეგის ფონდიდან, – „რუსეთის ჯარების მართვის ასეთი სისტემა მთელი ომის განმავლობაში არ შეცვლილა“.

მეთაურობას და კონტროლს, ანუ მეთაურის (ოფიცრის) მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულებას განსაზღვრულ ქვედანაყოფში და მის გაკონტროლებას ზემდგომი სამხედრო უფლებამოსილი პირის მიერ – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის წარმატებისათვის, მაგრამ, დონბასის ფრონტზე არსებული სიტუაციისაგან განსხვავებით, საზღვრის ამ „მშვიდობიან“ უბანზე განსაკუთრებული ქაოსი სუფევდა.

რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური, რომელიც „ეფ-ეს-ბე“-ს ექვემდებარება, სახელმწიფო საზღვრის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ტერიტორიის შიდა თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს „როსგვარდია“, რომელიც არმიის სარდლობას არ ექვემდებარება. რაც შეეხება უშუალოდ არმიას: კურსკის ოლქი იმყოფება მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდლობის ზონაში, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობს. მისი ჯარების დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზე იბრძვის. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სამხედრო ოლქი ახლადშექმნილი ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანებაა და ჩამოყალიბდა ამ წლის დასაწყისში, როცა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი „დასავლეთის სამხედრო ოლქი“ ორ ნაწილად გაჰყო, ნატოს ბოლო გაფართოებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ხელისუფლება, კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსი სმიროვის ადმინისტრაციის სახით, პასუხისმგებელია მოსახლეობის ევაკუაციაზე.

ამ ადგილებში არავინ აშენებდა „სუროვიკინის ხაზს“ ან რაიმე მსგავს გამაგრებულ ზღუდეებს ტრანშეებისა და დანაღმული ველების სახით, რომლებიც რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მოაწყეს და რომელიც შარშან აგვისტოში უკრაინელებმა ვერ გადალახეს. ასევე ვერცერთმა რუსმა გენერალმა ვერ შენიშნა, თუ როგორ დაიწყო უკრაინამ ოპერაციის დაგეგმვა მარტის თვიდან, როცა კიევის არმია ბელგოროდის ოლქში რეიდებს ახორციელებდა („რუსული ლეგიონის“ მეშვეობით). საბოლოოდ, უკრაინამ გეგმა შეიმუშავა და ნელ-ნელა, ჯგუფ-ჯგუფად, ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. რუსმა გენერლებმა ვერც ეს ვერ შენიშნეს. მოკლედ, ექვსთვიანი მინიშნებები მოსკოვის ყურადღების მიღმა დარჩა, შესაბამისად, საზღვარიც არავის არ გაუმაგრებია. საბოლოოდ კი, 6 აგვისტოს, გამთენიისას, განხორციელდა უკრაინის საარმიო ქვედანაყოფების „ქრესტომათიული შეჭრა“ რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელები თავისი რიცხოვნობით ბევრად აღემატებოდნენ „როსგვარდიელებს“, მესაზღვრეებს და ჯარში ახლად გაწვეულ გამოუცდელ ჯარისკაცებს. მოსახდენი მოხდა: მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინელ მეომრებს და დიდი რაოდენობით ტყვედ ჩაბარდნენ.

„უკრაინის სარდლობამ ყველაფერი კარგად დაგეგმა, როგორც სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის სახელმძღვანელოებშია: განახორციელა დეტალური დაზვერვა, დააზუსტა გადაადგილების მარშრუტი, მოიმარაგა რუკები და, რაც მთავარია, ელვისებურად იმოქმედა“, – ამბობს „რუსული ლეგიონის“ ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდა, – „ამიტომაც ისინი სწრაფად მოძრაობდნენ. ჩვენთან, რუსეთში, დროს ლაპარაკსა და კამათში ატარებენ და რეპორტაჟებს იღებენ. როგორც ამბობენ ხოლმე – „თუ რუსეთზე გამარჯვება გინდათ, მას ომი გამოუცხადეთ და დაელოდეთ, სარდლობა იმდენ ინსპექციას მოუწყობს საკუთარ ჯარს, რომ საბოლოოდ თვითონ ჩაბარდებიან“.

ის ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთის სარდლობამ კურსკის ოლქში გადაისროლა, საკმაოდ მოუმზადებლები და სხვადასხვა სახის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. მათთან ბრძოლა უკრაინელებისათვის იოლი გამოდგა. პუტინის „სახელგანთქმული“ „ეფესბე“-შნიკები სინამდვილეში მშიშრები აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩაბარდნენ.

„კურსკის კატასტროფამ“ სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო სამხედრო ექსპერტებს შორის ღია მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. რუსმა ბლოგერებმა ჩეჩნური ქვედანაყოფი „ახმატი“, რომელიც „როსგვარდიას“ ექვემდებარება, ლაჩრობაში დაადანაშაულეს: მათ პირველივე ბრძოლაში მიატოვეს მოუმზადებელი ახალწვეული რუსი ჯარისკაცები, რომლებიც იძულებული გახდნენ თვითონ ჩანაცვლებოდნენ ჩეჩნებს. თავის მხრივ, გენერალმა აპტი ალაუდინოვმა – „ახმატის“ სარდალმა – პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს გადააბრალა, რომლებიც ვერ მოახერხეს საპასუხო ოპერაციის განხორციელება. მან გააკრიტიკა ერთ-ერთი პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც პრეზიდენტს განუწყვეტლივ ატყუებდა და საბოლოოდ, „თავისი ტყუილები თვითონვე დაიჯერა“. მან არ დაასახელა სამხედრო ჩინოვნიკი, თუმცა იგულისხმება, რომ ის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვია. რასაკვირველია, გენშტაბის უფროსი და სხვა გენერლები შეეცდებიან პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ კურსკში მომხდარი „სამხედრო კატასტროფა“ მათი ბრალი არ არის.

დღეს უკრაინელები დილემის წინაშე დგანან:

პირველი – ჯერ-ჯერობით რუსეთის არმია დონბასში შეტევის ტემპს ძველებურად აგრძელებს, ანუ ჯარების კურსკში გადასროლას დონბასის ფრონტზე საომარი მოქმედებების შესუსტება მაინცდამაინც არ გამოუწვევია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელთა სავარაუდო ჩანაფიქრი – რუსების ჯარების გადასროლა „კურსკის შვერილზე“ დონბასში ბრძოლებს შეასუსტებსო – ჯერ-ჯერობით არ გამართლდა. თითქმის ათდღიანი ბრძოლების შემდეგ მიზანი კვლავ მიუღწეველია.

მეორე – თუ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის სიღმეში რეიდს გააგრძელებენ, დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ მათ მიერ ბრწყინვალედ დაწყებული ოპერაცია საბოლოოდ გამანადგურებელი ალყითა და მარცხით დასრულდება. თუ ისინი თავდაცვას შეეცდებიან და ზღუდეებს მოაწყობენ, ეს პოზიციურ ბრძოლაზე გადასვლას ნიშნავს, მაგრამ რუსებს ცოცხალი ძალასა და სამხედრო ტექნიკაში უპირატესობა აქვთ და უკრაინელები დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. თუ კიეველები უკან დაიხევენ, ამით თავიანთ უპირატესობას დაკარგავენ, რაც რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებაში გამოიხატება (მომავალი სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის).

თუმცა არსებობს ერთი „პლუსი“: მათ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ტყვე ჩაიგდონ ხელში და შემდეგ გადაცვალონ. ამით კიევი თავის ტყვედ ჩავარდნილ სამხედრო მოსამსახურეებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

მართალია, კურსკის რეიდის საბოლოო მიზანი ჯერ-ჯერობით ისევ საიდუმლოდ რჩევა, მაგრამ, გაჟონილი ინფორმაციის შედეგად, გეგმის გარკვეული კონტურები იკვეთება: უკრაინული „ტელეგრამ-არხებში“ გავრცელდა კურსკში ტყვედ ჩავარდნილი რუსების თხოვნები, რომლებიც აშკარად ზემოდან ზეწოლით ამბობდნენ, რომ ისინი „აზოვის“ იმ მებრძოლებზე გადაცვალონ, რომლებიც ტყვედ მარიუპოლში ჩავარდნენ და ჯერ კიდევ რუსეთის სპეცბანაკებში იმყოფებიან.

თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ „აზოვის“ ვეტერანების სახლებში დაბრუნება უკრაინისათვის საკმად ხმაურიანი პროპაგანდისტული წარმატება იქნება და შესაძლოა, ერთ-ერთი ის მიზანი, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციის ხელმძღვანელებს რუსეთში შეჭრის წინ დაუსახა.

წყარო

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა.

სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი.

სასტუმრო აერთიანებს 34 ოთახსა და ტერასას, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს.

“მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული შევმატეთ. ჩვენი ამოცანა სტუმრებისთვის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა, რაც მათ, ერთდროულად, საქართველოს მდიდარი კულტურითა და 20-იანების ეპოქის ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას მისცემს”, – აცხადებს მალხაზ კურტანიძე, სასტუმრო Twenties-ის დამფუძნებელი.

სამომავლოდ, სასტუმრო საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს:

https://www.hoteltwenties.com/

https://www.instagram.com/hotel.twenties?igsh=MWd4YzFwcWZod2x5Yw%3D%3D

(R)

“მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად” – რობერტ სტურუას სპეტქაკლს გერმანული მედია ეხმიანება

„ალბათ, მათ საფლავებზე წარწერა იქნება – „არა! არა! არა!”. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუასთვის პროტესტები და მოწოდებები [სახელმწიფო სტრუქტურების] ბოიკოტის თაობაზე, რომლითაც საქართველოს კულტურის სცენა და საზოგადოება ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფა, ბურლესკურ (კომიკურ) სპექტაკლს წარმოადგენს: ‘საქართველო, თავისი არსით, დიდი თეატრია, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის როლს ასრულებს. მაგრამ ზოგიერთები გამოდიან არა ცალკედ, არამედ ჯგუფებად, რომლებიც საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულ, უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად თვლიან“, – წერს თბილისში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი კორნელიუს ვიულენკემპერი გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Franfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში 85 წლის რობერტ სტურუა პირველად დგამს სცენაზე ქართულ ეროვნულ ეპოსს – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მდებარე ეროვნული თატრის დიდ დარბაზში, რეპეტიციის შემდეგ, როცა მსახიობები რეჟისორის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად ისვენებენ, რობერტ სტურუა, ქურთუკზე მიმაგრებული მიკროფონით, მიხსნის, თუ რატომ არის დღეს აქტუალური რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნეში შექმნილი ჰეროიკული პოემა ღირსებაზე, ძმობა-მეგობრობაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. „მსოფლიომ დაკარგა თავისი ადამიანურობა, დაირღვა ადამიანებს შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთობები“, – ამბობს რეჟისორი.

საჩვენებელი ხელშეუხებლობა

ხელოვნების ოსტატი ეჭვობს, გადაიტანს თუ არა კაცობრიობა 2024 წელს, რომელიც ბირთვული ომის, პანდემიებისა და სტიქიური უბედურებების საფრთხის წინაშე დგას. როგოც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, რობერტ სტურუა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობს, რომელსაც იგი ზოგჯერ ყველასათვის დასანახად წარმოაჩენს ხოლმე. ამას წინათ მან ინტერვიუ პროსამთავრობო ტელეარხს საწოლიდან მისცა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუა დიდი აღიარებით სარგებლობდა „რკინის ფარდის“ ორივე მხარეს – თავისი სპექტაკლებითა და პირადი კრიტიკული დამოკიდებულებით კომუნისტური რეჟიმისადმი. 1974 წელს „ყვარყვარეს“ სახით მან დადგა მწარე პაროდია სტალინური რეპრესიული სისტემის შესახებ, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული – იმ დროს ბევრი ვერ გაბედავდა და ვერ მისცემდა საკუთარ თავს ამგვარი სპექტაკლის დადგმის უფლებას. რობერტ სტურუას პოლიტიკური მსოფლმხედველობის თავისუფალი სული არავისთვის საიდუმლო არ არის: „ევროკავშირი ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, უფრო უარესიც კი“, – თვლის რეჟისორი.

რობერტ სტურუას თქმით, დიდი ბრიტანეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა და თავი დააღწია ევროკავშირის მეურვეობას. იგი პირადად წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეჟისორს არ სურს ისევ მოესწროს იმ დროს, როცა  რუსეთი რაც სურდა, იმას აკეთებდა. მას არ უნდა, რომ ვინმემ უკარნახოს ქართველებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მსგავს ხედვებს და განცხადებებს საქართველოში ხშირად მოისმენთ ხანდაზმულ ადამიანებთან საუბრის დროს… თუმცა გამოკითხების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროკავშირისაგან გასული წლის დეკემბერში მიიღო, ამჟამად შეჩერებულია – იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისი ანტიევროპულ პოზიციებს ამჟღავნებს და კიდევ იმის გამო, რომ ივნისში საქართველომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. ეს სამართლებრივი აქტი ძალიან ჰგავს რუსულ ანალოგიური შინაარსის მქონე კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულ და ფინანსურ შეზღუდვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც მთავრობის კრიტიკას გაბედავენ.

კულტურის მუშაკთა საკვანძო როლი მასობრივი პროტესტების დროს

გაზაფხულზე საქართველოს რიგ ქალაქებში მომხდარი მასობრივი პროტესტების დროს, რომლებიც მთავრობის ევროპული კურსის ცვლილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკვანძო როლი შეასრულეს.

დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც კულტურის დაწესებულებებში მომუშავე გამოცდილი მენეჯერები მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ისეთი ჩინოვნიკებით შეცვალა, რომლებთაგან უმრავლესობა პროფესიონალები არ იყვნენ.

მას შემდეგ ვითარება გამწვავებულია: ჯერ ერთი, რომ მინისტრმა სამსახურიდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სასამართლო პროცესი წააგო; მეორე ის, რომ კულტურის მუშაკებმა სახელმწიფო სტრუქტურებს ბოიკოტი გამოუცხადეს: მწერალთა სახლის პრესტიჟული პრემიის „ლიტერას“ მინიჭება გარკვეული ვადით გადატანილი იქნა, რადგანაც მთავრობის მიერ დანიშნულმა ჟიურის წევრებმა თავიანთი თანხმობა უკან გაიწვიეს. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს პრესტიჟული გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელმაც გასული წლიდან საერთოდ უარი განაცხადა სახელმწიფოს მხარდაჭერისაგან. გამომცემლობის მენეჯერი გვანცა ჯობავა გამოცხადებულ ბოიკოტს საზოგადოების „რესოვეტიზაციის“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლის და მაბობს, რომ საგამომცემლო ინდუსტრიისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა უზენაესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი, რომელმაც 2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისათვის „ბუნკერი“ (მასში ასახულია საქართველოში დემოკრატიაზე გადასვლის დროს წარმოქმნილი პრობლემები), ერთ-ერთია იმ 500 ავტორთაგან, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საპრიზო ფონდებთან თანამშრომლობაზე, მთარგმნელობით პროგრამებზე და ა.შ.

რუსეთი როგორც თავალსაჩინო მაგალითი

მე ივა ფეზუაშვილს თბილისის ვაკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში შევხვდი, ახლო-მახლო მდებარე შენობების კედლები რუსეთის სალანძღავი სიტყვებით არიან „შემკულნი“, არის ბევრი პროევროპული ლოზუნგიც. „ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება – ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება რუსეთში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ“, – ამბობს ივა ფეზუაშვილი, – იქ ზოგიერთი წიგნი მხოლოდ შავ ყდებში იყიდება – იმიტომ, რომ ავტორები უცხოელ აგენტებად არიან აღიარებულნი“.

ივა ფეზუაშვილისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაღალი ფსონს ნიშნავს, რადგან მას ოჯახი ჰყავს და სასწორზე ბევრი რამ არის დადებული. მისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოუვა, როცა ოქტომბრის არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს: ყველაზე მცირე – ან შეავიწროვებენ და ყველაზე უარესი – შეიძლება დააპატიმრონ და საპყრობილეში ჩასვან, რადგან იგი მთავრობის მოწინააღმდეგეა.

საფრთხესა და მუქარას გრძნობს არამარტო კულტურული საზოგადოების ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი მასმედიის ბევრი წარმომადგენელიც. 32 წლის ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ 2016 წელს ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით საგამოძიებო ონლაინ-პლატფორმა ifact შექმნა, სადაც 16 თანამშრომელი მუშაობს. ისინი აშუქებენ ისეთ თემებს, რომელთა შესახებ პროსამთავრობო ტელევიზიებში არ ლაპარაკობენ. იკვლევდა რა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების გატარების გაჭიანურებას, მას სახელისუფლო სტრუქტურებში ცივად ხვდებოდნენ და მის სატელეფონო ზარებს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებდნენ. ნინო ბაქრაძის თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდება „ნებაყოფლობით“ „უცხოელ აგენტად“ პირველ სექტემბრამდე, როგორც ამას მთავრობა მოითხოვს უცხოეთიდან დაფინასებული ორგანიზაციებისაგან. მართალია, მას ჯარიმა ელოდება 20 ათასი ევროს ოდენობით, მაგრამ მაინც. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის და მისი მეგობრები ეძებდნენ ჯარიმის გვერდის ავლის გზებს, რათა მუშაობა არჩევნებამდე მაინც გააგრძელონ. ისინი დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და გადაწყვეტენ – დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ.

მთავრობა, რა თქმა უნდა, უკვე ეძენს და პოულობს სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შემზღუდავ საშუალებებს. აპრილში პრესტიჟული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. „მინისტრს ჩვენ, უბრალოდ, არ მოვწონვართ“, – ამბობს ფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც 2019 წლიდან ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, 2022 წელს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ გაგა ჩხეიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, რომ ფესტივალს 13 ათასი ევრო გადაუხადონ, კანონის თანახმად. სამაგიეროდ, მან მიიღო  შეტყობინება, რომ კინოფესტივალი პირველ სექტემბრამდე „არასამთავრობო ორგანიზაციად უნდა დაარეგისტრიროს, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება“. რეგისტრაციის შემდეგ კი ის უკვე შეიძლება დევნა-შევიწროვების ობიექტი გახდეს..

„ჩვენ არ გვინდა, რომ აგენტები გვერქვას. ჩვენ ქართული საქმეებით ვართ დაკავებულები და არცერთ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოვადგენთ“, – ამბობს გაგა ჩხეიძე. საქმე იმაშია, რომ ახალი კანონი ნებას აძლევს მთავრობას აკრძალოს ისეთი ფილმები, რომლებიც მმართველ პარტიას არ მოსწონს.

ხელოვნების ინსტრუმენტალიზაცია

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა აცხადებს – „საქართველოს არალიბერალურ კურსს წინააღმდეგობას უწევენ ის ადამიანები, რომლებმაც „თავიანთი ტალანტი უკვე დიდი ხანია დახარჯეს და ახლა მთელ მსოფლიოზე გაბრაზებულნი არიან“?   კულტურის სფეროს მენეჯერი იოსებ ბაკურაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რობერტ სტურუასთან, მაგრამ ახლა უკვე 15 წელია წარმატებით ატარებს გასტროლებს თავისი  დამოუკიდებელი „მოძრაობის თეატრით“, რობერტ სტურუას ნათქვამში ეჭვი შეაქვს.  იოსებ ბაკურაძე აკვირდებოდა, თუ როგორ ახდენდა მთავრობა კულტურის ინსტრუმენტალიზებას. მას არაერთხელ შეუმჩნევია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თეატრების კოლექტივები ბევრჯერ წაუყვანიათ ავტობუსებით „ქართული ოცნების“ კანდიდატების საჯარო გამოსვლებზე. ამას წინათ, როცა მისმა დამ, კინოპროდიუსერმა ანანო ბაკურაძემ თავის ონლაინ-არხზე სამსახურიდან გათავისუფლებულ მენეჯერებთან ინტერვიუები გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტრომ „მოძრაობის თეატრთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

წყარო

თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა

თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ.

ათენის ჩრდილოეთ ნაწილსა და ატიკის რეგიონში, ცეცხლმა 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

მობილიზებულია 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა, პროცესში ჩართულია 35 ვერტმფრენი. საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში შვიდი სახელმწიფო ეხმარება. ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედებულია ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი.

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით.

„კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება.

გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები, ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 42 კმ-ით.

რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა რეაბილიტირებულია, სადაც გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

შორაპანი-არგვეთას 15 კმ-იანი მონაკვეთის 9 კმ – ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან, მოძრაობა გახსნილია 12 ხიდზე და 10 გვირაბიდან – 5 გვირაბზე. 5.7 კმ-იან გზის მონაკვეთის დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და სექტემბერში, ეტაპობრივად გაიხსნება. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალური გზის 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

შორაპანი-არგვეთას ახალი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 დიდ ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების მონაწილე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე არეულობებში მონაწილეობისთვის სამართალდამცველებმა 1000-ზე მეტი პირი დააკავეს.

ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულთაგან 575 პირს ბრალი ძალადობაში, ცეცლის გაჩენაში, ძარცვასა და რასისტული ნიშნით თავდასხმებში ედება. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დიდ ბრიტანეთში გამართული აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.

თურქეთში ვიზიტორებს საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ

თურქეთში ვიზიტორებს შესვლისას საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი წესები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს. ახალი რეგულაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი დროებითი ბინადრობის უფლების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით სირიელების მოწმობების დაჩიპვასაც გეგმავს. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელი იქნება.