Home Blog Page 707

საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე, გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში – ნათია მეზვრიშვილი

შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, პაპუაშვილს აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება.

„შალვა პაპუაშვილი არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:

26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;

ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე fb გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით ერთ საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;

5 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მივმართე საქართველოს პროკურატურას. თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა).

მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ მიმიღია, არც კი ვუშვებ, რომ გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს პროკურატურა, დაიბარეთ პარლამენტის თავმჯდომარე გამოკითხვაზე; გაარკვიეთ რა როლი აქვს შალვა პაპუაშვილს ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში. ინტერესი აშკარად იკვეთება“, – წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, ის, „დემოკრატიის ფესტივალზეც“ საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან.

„აქვე ვიტყვი „დემოკრატიის ფესტივალზე“: იმ დროს, როცა „ოცნება“ არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს აწარმოებს, მინიმუმ უდიდესი შეცდომაა ეს ყველაფერი მისი ორგანიზატორების და მონაწილე ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება, „ოცნებას“ აი ამ ტიპის ქმედებებისგან, რაც ზემოთაა აღწერილი, თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექმნებოდეს“,- წერს მეზვრიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “დემოკრატიის ფესტივალის” აქტივობები, თავისი არსით, შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც დანიაში“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ზოგიერთმა მათგანმა კი წესების დარღვევაც, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. მისი განცხადებით, ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. ხალხი იმსახურებს პასუხს. ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის წესებსა და პროცედურებს.

უკრაინის დარტყმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს – მარია ზახაროვა 

რუსეთის ფედერაციის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

წინასწარი ინფორმაციით, კიევში რუსებმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს, ეს იყო მორიგი ტერაქტი – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ.

„წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.

„უკრაინელები მადლიერები არიან ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით, მაგრამ რუსული ტერორის ჭეშმარიტად შესაჩერებლად, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სრულფასოვანი საჰაერო ფარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ყველა ქალაქს და თემს, არამედ პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რომლებიც მოხსნის შეზღუდვებს ჩვენს თავდაცვით ქმედებებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – პრემიერი

„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ აზრზე არიან და დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, რაზეც დღემდე არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაული გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ასეთი ტიპის დანაშაულები გამოძიებული, შეიძლება ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები.

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას„ სურს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი რამ, ისინი მაქსიმუმ ერთ კვირაში ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. გახსოვთ პოლიტიკოსების და მათი NGO-ების განცხადებები ამ საკითხთან, ომთან, სანქციებთან და უკრაინაში მთავრობის ოფიციალური მოთხოვნით მებრძოლით სავსე თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მეორე ფრონტის მომწიფებას ნიშნავდა. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო.

რაც შეეხება უშუალოდ 2008 წლის მოვლენებს, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო. ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს, მთელი საარჩევნო პერიოდი აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. ანუ, „ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე, დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვფიქრობთ, ოლიმპიადის პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება.

„გუშინდელ დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. 2 ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ასეთივე წარმატებას ვუსურვებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს. ის უკვე არის შემდგარი ლეგენდა, მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. გენოს გამარჯვება განსაკუთრებულად გაგვიხარდა, რომელსაც წინა ოლიმპიადაზე იღბალი დააკლდა. ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო.

რაც შეეხება ორდენებს, არ მინდოდა წინ გამესწრო მოვლენებისთვის, მაგრამ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვფიქრობთ, რომ პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც უკვე ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

თუ რატომ არ შეხვდა, მკაფიოდ განმარტა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს – პრემიერი

თუ რატომ არ შეხვდა, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვლისა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში – პრემიერი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია მიხეილ სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.

„ჩვენ ვხედავთ რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც სამწუხაროა. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე. ყველამ კარგად იცის ვინ ვინ არის და რას ემსახურება ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია რომ სინამდვილეში, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოში ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მწვერვალ შხელდაზე ერთი პირი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად გადმოიყვნეს მესტიაში.

მათივე ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გილოცავთ, საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს – ბიძინა ივანიშვილი

გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს.

„გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ლაშა ტალახაძე არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანი და ღირსეული, პატრიოტი მამულიშვილია. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის.

შვდიგზის ევროპის ჩემპიონი

შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი

მსგავსი მიღწევა უნიკალურია სპორტის სამყაროში და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ ამ მიღწევის ავტორი ქართველი ლაშა ტალახაძეა!

ასევე მინდა ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცო სახელოვან ქართველ ფალავანს, გენო პეტრიაშვილს. ის არის მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს უდრეკ ხასიათს და მიზნისკენ სწრაფვას. ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას.

სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს. კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი ფინალურ ორთაბრძოლას გამართავს. წარმატებას ვუსურვებ მცხეთელ ფალავანს. დარწმუნებული ვარ – გამარჯვება და ოქროს მედალი სწორედ გივის და ჩვენ ქვეყანას დარჩება! , – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას – სალომე ზურაბიშვილი

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, “რა ითქმის მათზეც, ვინც მორჩილად იმეორებს უაზრობებს”.

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ეხმაურება კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ “ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა – ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა”.

შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. განცხადების თანახმად, “ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი – სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა”.

ლაშა ტალახაძე სამგზის  ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ბერძენი პიროს დიმასის, კახი კახიაშვილის (1992 წელს მან ოქრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 და 2000 წლებში კი – საბერძნეთის სახელით მოიგო), თურქების ხალილ მუტლუსა და ნაიმ სულეიმანოღლუს შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები ტოკიოსა და რიოს ოლიმპიადებზე მიიღო. ის მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

,,დავბრუნდი,  თან მაგრად დავბრუნდი!”- გენო პეტრიაშვილი

დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი,- ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა.

ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!” – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.

პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.