Home Blog Page 706

ბორის ჯონსონი, შესაძლოა, The Telegraph-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთი წამყვანი კონსერვატიული გამოცემის, ყოველდღიური გაზეთის, The Daily Telegraph-ის მთავარი რედაქტორის კანდიდატად განიხილება.

ამის შესახებ Sky News წერს.

Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, კონსერვატორი ნადიმ ზაჰავი განიხილავს The Telegraph-ისა და The Spectator-ის შეძენის შესაძლებლობას და ჯონსონის დანიშვნას პირველ რედაქტორად.

The Telegraph-ის შეძენას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული მედიაკომპანია IMI გეგმავდა, მაგრამ გარიგება ბრიტანეთის პარლამენტმა გასულ წელს დაბლოკა. მას შემდეგ გამოცემის ბედი გაურკვეველი იყო.

ჯონსონთან დაახლოებულმა წყარომ Sky News-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მისი დანიშვნის შესახებ The Telegraph-ში არ მიღწეულა, თუმცა მან აღნიშნა, რომ იდეა ჰაერში იყო გამოკიდებული.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუშაობდა The Telegraph-ის კორესპონდენტად ბრიუსელში, სადაც ცნობილი გახდა ევროკავშირისადმი თავისებური კრიტიკით. ამის შემდეგ ის წავიდა პოლიტიკაში – ჯერ ლონდონის მერად, შემდეგ კი თემთა პალატის დეპუტატად.

„მას ჯერ კიდევ დიდი სიყვარული აქვს Telegraph მიმართ“, – განუცხადა Sky News-ს ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა პირმა.

ჯონსონი ახლა  Daily Mail-ისთვის ყოველკვირეულ სვეტებს წერს.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე დაბრუნდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე დაბრუნდა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში რამდენიმე შეტყობინება გამოაქვეყნა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ვიდეო, რომელშიც ტრამპი ამბობს: „მათ უნდათ ჩემი გაჩუმება, რადგან მე არასოდეს მივცემ უფლებას, რომ თქვენ გაგაჩუმონ“.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დააანონსა ილონ მასკთან ინტერვიუ, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით ღამის 04:00 საათზე გაიმართება. „ეს იქნება საუკუნის ინტერვიუ!“ – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ანგარიში, რომელსაც 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2021 წლის 8 იანვარს ძალადობის წაქეზების ბრალდებით აიკრძალა, თუმცა ილონ მასკმა, რომელმაც 2022 წელს სოციალური ქსელი იყიდა, ტრამპის ანგარიში აღადგინა. სანაცვლოდ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელს, Truth Social-ს იყენებდა.

უკრაინელ სამხედროებს ოლქის 28 სოფელი აქვთ დაკავებული -კურსკის გუბერნატორი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვთ დაკავებული, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტთან თათბირის დროს განაცხადა.

ალექსეი სმირნოვის თქმით სიტუაცია რეგიონში რთული რჩება. უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ხოლო ფრონტი 40 კილომეტრზეა გაშლილი.

სმირნოვის განმარტებით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება რუსეთის 2000 მოქალაქე და მათი მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ მთავრობას ინფორმაცია აქვს.

ამასთან, მისივე თქმით, 6 აგვისტოდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ დაღუპულია რუსეთის 12 მოქალაქე, ხოლო 121 დაშავებულია.

ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 ათასზე მეტი ადამიანი და სხვადასხვა სოფლებიდან მოქალაქეთა გაყვანა გრძელდება.

პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო” “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” შეუერთდა

“ლელოს”, “ანა დოლიძე ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედნის” ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება. გაერთიანების ახალ წევრად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ დღეს ოფიციალურად წარადგინეს.

პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში მიმდინარეობს. ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ელისაშვილმა გუდიაშვილის სკვერში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების და ერთად დგომის დროა, რადგან “თავიც, შუაც და ბოლოც არის სამშობლო”, რადგან ახლა ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ და უბრალოდ ყიდიან.

“ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს და ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების დროა და ერთად დგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად?- თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ გვაქვს გული ასე დამძიმებული და დაჭმუჭნილი ბოლო პერიოდში? – იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ; უბრალოდ, ქვეყანას გვიყიდიან, გადაუჭარბებლად. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა, “ლაჯებში ამოიდო” ჩვენი ქვეყანა – გაუტკბათ ქვეყნის ძარცვა, გაუტკბათ პატარა ბიჭ-ბუჭებს ძალაუფლება, მოსწონთ ბიუჯეტიდან ფულის პარვა, აქეთ-იქით სეირნობა და დროის ტარება. იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი გარაყანიძეები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს, გიორგი გარაყანიძესა და გიორგი (გიგი) გარაყანიძის მეუღლეს, მაგდა კევლიშვილს გადასცა.

პრეზიდენტმა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების მიერ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ვთქვა, რომ გამორჩეული მომენტია, როდესაც ორ ადამიანს ვაჯილდოებთ, რომლებიც გარდაცვლილები არიან. საკმაოდ ტრაგიკული ოჯახია, არავინ დარჩა, ყოველ შემთხვევაში, მამა, შვილები, დედა – ოჯახი, რომელიც სრულიად ქართულ ფოლკლორთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ფოლკლორს რომ ვამბობთ, ამ სიტყვას სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ფოლკლორი, ვიტყოდი, ფოლკლორი არ არის; ეს ჩვენი ცოცხალი იდენტობის ნაწილია. ბევრი ქვეყნისთვის და, ვფიქრობ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის, ფოლკლორი მხოლოდ წარსულის, ტრადიციების გაგრძელებაა. ჩვენთან [ფოლკლორი] ცოცხალია და საქართველოში ფოლკლორი ცოცხალი თუა, ეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსებობდნენ, მთელი ადამიანების ჯარი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში და, ზოგ შემთხვევაში, დედაქალაქში, კონსერვატორიაში ემსახურებოდნენ, ერთი მხრივ, პედაგოგიურ მოღვაწეობას, მეორე მხრივ, კომპოზიციას, მესამე მხრივ, მის წარდგენას, გაცოცხლებას.

ამით ჩვენ ძალიან ძლიერნი ვართ, ძალიან ახლოს იმ ფესვებთან, რომელიც გვაცოცხლებს. ამიტომ ეს სიტყვა ჩვენთვის ცოცხალი სიტყვაა და ამისთვის იმ ადამიანების მადლიერები უნდა ვიყოთ, რომლებმაც ეს მოიტანეს, გააცოცხლეს და გაიტანეს ქვეყნიდან. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვებს ქართულ გალობას, ქართულ სიმღერებს ასწავლიდნენ იმ დროს, როდესაც ასე არ დადიოდნენ.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ისინი ასევე ჩვენი ეკლესიის საგალობლების გაცოცხლების ნაწილნი იყვნენ იმ დროს, როდესაც ეს ჯერ კიდევ მიღებული არ იყო, არ იყო კი არა, აკრძალული იყო. ქართული ეკლესიის, როგორც საზოგადოების ნაწილის, საგალობლების მთელი ამ საგანძურის გაცოცხლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ასე რომ, ჩვენი ვალია (დღევანდელი დღე ამას ემსახურება), რომ ჩვენს ცხოვრებაში და მომავალში ეს ადამიანები და ამ ადამიანების ღვაწლი არ დავივიწყოთ, იმიტომ, რომ ეს დღეს არ მთავრდება და პირიქით, ამას გაგრძელება აქვს, ეს არის სიცოცხლე, არის ძალიან დიდი, და ამისთვის ჩვენ გვინდა, და მე მინდა, რომ საზოგადოების სახელით მათი ღირსება, ღვაწლი აღვნიშნოთ და ამისთვის დავაჯილდოოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ათენთან ახლოს ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათენთან ახლოს ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, საბერძნეთის სახანძრო სამსახურში მათ დაუდასტურეს, რომ საბერძნეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე დასახლება პენტელში ცეცხლის ჩაქრობაში 88 ჯარისკაცია ჩართული.

„ბიბისის“ ცნობით, ნეა პენტელში ცეცხლი სკოლის შენობას მოედო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული მეხანძრეებისა და ტექნიკის რაოდენობა სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის.

ხანძარი ათენის გარშემო არსებულ კიდევ რამდენიმე დასახლებაშიც მძვინვარებს. შედეგად, დამწვარია რამდენიმე სახლი. ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე. საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მოსახლეობის გაყვანის პროცესი გრძელდება.

როგორც „ესოშიეთედ პრესი“ წერს, ათენის სიახლოვეს, ტყეში გაჩენილი ცეცხლის გამო საბერძნეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.

ხანძრების გამო შექმნილი რთული სიტუაციის გამო საბერძნეთმა დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა ხორვატიას და ესპანეთს.

ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

ნულს მინუს ნული, არის ნული -გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური განულების მასტერკლასი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ შესაძლო გაერთიანებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა.

„როდესაც კრემლის თუთიყუში, კობახიძე სხვაზე ამბობს, “რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო”, ეს არის ცინიზმის მწვერვალი.

ნულს მინუს ნული არის ნული. ეს იყო, არის და იქნება კობახიძის განმსაზღვრელი ერთადერთი ჭეშმარიტი მათემატიკური ფორმულა.

ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა. მისი მმართველობის დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-მ და ევროკავშირმა დაიწყეს ორმხრივი ურთიერთობების სრულყოფილი გადახედვა, საქართველომ დაკარგა კრიტიკული დარგების დაფინანსება, ქართველი პრემიერი უარს აცხადებს ვაშინგტონში ვიზიტსა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამაგიეროდ „ჰეზბოლას და „ჰამასის“ გვერდით დგება ზეიმებსა და პანაშვიდებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ალეკო ელისაშვილისა და პარტია „ლელოს“ გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადე, რომ „ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა“.

ჩვენ უნდა გავდევნოთ მტერი ჩვენი ტერიტორიიდან – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამართა შეხვედრა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა კურსკის ოქლიდან „მტრის განდევნა“ მოსთხოვა.

ჩვენ უნდა გავდევნოთ მტერი ჩვენი ტერიტორიიდან” – თქვა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა ახლა ტერიტორიიდან მტრის გაყვანაა.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, უკრაინის შეტევის მოტივაცია მოლაპარაკებების პოზიციის გაუმჯობესება იყო.

მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი – კახა კალაძე

განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით, სიცრუის კამპანიაა, რაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ეხებოდა. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა – აღნიშნული ურთიერთობები [ამერიკა-საქართველოს შორის] ჩიხშია შესული და საჭიროებს გადატვირთვას,- ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერისა და სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, მმართველი პარტია ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

„განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით, სიცრუის კამპანიაა, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. დეტალებზე არ საუბრობდნენ. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რომ აი, შენ მეგობარო, ამას არასწორად აკეთებ. სამწუხაროდ, არანაირი არგუმენტი არ ყოფილა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო და გაგვეხილა. მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ და პარტნიორ ქვეყნებს. არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი განცხადება და მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული და საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9451 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა და ძველი გვირაბის რეაბილიტაცია იწყება – ირაკლი ქარსელაძე

ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო სისტემით.

„რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვასთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე, ისაუბრა რიკოთის ჩქაროსნული გზის დარჩენილ სამუშაოებზეც, რომელიც ინტენსიურად გრძელდება.

„დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეილძება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული”-აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას.

რუსეთმა შეიძლება კიევში პარლამენტი და  სხვა სახელისუფლებო დაწესებულებები დაბომბოს – The Sunday Times

ბრიტანული „სანდი თაიმსი“ (The Sunday Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა მოსკოვის მხრიდან საპასუხო დარტყმისათვის ემზადება: რუსეთმა შეიძლება კიევში პარლამენტი და  სხვა სახელისუფლებო დაწესებულებები დაბომბოს“ (ავტორი – ტომ ბოლი).

„11 ივლისს კიევი რუსეთმა ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. არის მსხვერპლი, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ საპასუხო სამხედრო დარტყმების დასაწყისი იყოს, კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების შეჭრის გამო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორც ავტორი წერს, იგი („ფრანს-პრესის“ ჟურნალისტთან ერთად) ესაუბრა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომლის თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მძლავრი სარაკეტო დარტყმის მოსაგერიელებლად ემზადება:

„რუსეთს, რასაკვირველია, ჩაფიქრებული აქვს მკაცრი პასუხის გაცემა – ისეთი პასუხისა, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი ძლევამოსილი სახემწიფოა და კურსკის ოლქში სეჭრის მსგავსი მოვლენები არასოდეს დაუსჯელი არ დარჩება… ეს იქნება არა ოთხი-ხუთი, არამედ ათეულობით და ასობით რაკეტა – კომბინირებული დარტყმის სახით – ფრთოსანი რაკეტებით, ბალისტიკურით, „შაჰედებით“… ამგვარი პასუხი ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისთვის დიდი პრობლემა იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ მათ შეჩერებას და გაუვნებლყოფას მაინც შევძლებთ“, – ამბობს ანონიმი მაღალჩინოსანი.

გარდა ამისა, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთს მიზანში ექნება ამოღებული რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები, პარლამენტისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების სახით, ანუ ის სტრუქტურები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

წყარო