Home Blog Page 706

,,მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან”- გივი მიქანაძე

ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული – მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“.

მიქანაძის განცხადებით, ეს არის მცირე ნაწილი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

დეპუტატმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, „გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავის ანგარიშებში ასახოს და მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია არ გაითვალისწინოს“.

„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი, ეს არის 14% არის, ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.

პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირებით დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.

რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით,“ – განაცხადა მიქანაძემ.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს – ლევან იოსელიანი

სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან მივიდა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული – სადაც არ არის მშვიდობა იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

“ქართული ოცნება” თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე-„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში 

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.

დოკუმენტის მიხედვით, „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

 მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ურთიერთპატივისცემითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა -კახა კალაძე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთმიტევებით და შერიგების გზით არის შესაძლებელი.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები – დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი. ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას გმირი ჯარისკაცების ხსოვნა, ასევე, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“რას ნიშნავს “გამარჯვება” უკრაინულად?”-The Spectator

„ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ The Spectator-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“, რომელიც ამჟამად, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს იხილება. გარდა ამისა, მასალაში საუბარია  რუსეთ-უკრაინის ომის საგარეოპოლიტიკურ ასპექტებზე და სავარაუდო კომპრომისებზე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ძირითად ელემენტს თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად შორი მოქმედების რაკეტების მიღება და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად მათი გამოყენების უფლების მიღება სურს. მას უნდა, რომ დასავლეთმა გარანტირებულად მხარი დაუჭიროს უკრაინის  მიღებას ნატოში და ევროკავშირში. თუ ზელენსკის სურვილები არ შესრულდება, მაშინ, როგორც ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის ექს-პრემიერი)  წერს, უკრაინა დამარცხდება. ეს იქნება „კატასტროფული მარცხი არამარტო კიევისათვის, არამედ ნატოსთვისაც. უკრაინის მარცხი მთელი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბორის ჯონსონის ლოგიკის თანახმად, თუ უკრაინიდან რუსეთის ჯარები მთლიანად არ იქნებიან გაყვანილნი (იგულისხმება 2014 წლიდან დაკავებული ყველა ტერიტორიიდან), მაშინ ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც, უკრაინა ვალდებულია იმდენს ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება, ანუ სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამისათვის უკრაინა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ჯარში იძულებითი გაწვევის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკრაინას ტერიტორიები არ დაუბრუნდება და რუსეთი არ დაისჯება, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.

ამასობაში კი უკრაინული საზოგადოების პოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება – სულ უფრო მეტი მცხოვრები ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას და უსაფრთხოებას. იქნებ უკრაინის გამარჯვების ჭეშმარიტება გამოიხატება არა იმდენად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოს გადაქცევაში? ისეთ  ქვეყნად, რომელსაც სამომავლოდ გარანტიები ექნება ნატოს წევრად მიღებაში? იქნებ სწორედ ეს არის ის „გამარჯვება“, რომ ახალგაზრდა უკრაინელების – ქვეყნის მთავარი სიმდიდრის – გარდაუვალი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება აღარ გაგრძელდება და ქვეყანა ფერფლისაგან აღდგება?

(…)

იდეალში „გამარჯვება“, რასაკვირველია, მშვიდობისა და სამართლიანობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ უკრაინის ტერიტორიული გაყოფა, როგორ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, უკვე განხორციელდა. გავიხსენოთ დეიტონის შეთანხმებები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ: მომლაპარაკებელმა მხარეებმა აღიარეს, რომ დაკარგული მიწების უკან დაბრუნება და „სტატუს-ქვო ანტე ბელუმ“-ის (ლათ. „რაც იყო ომამდე“) აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დონბასში და ყირიმში ამჟამად ფაქტიურად მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. და თუ მათ ისევ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებას აიძულებენ, განა ამით უკრაინა ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ალბათ, უფრო პირიქით.

(…)

განა ვინმე ამტკიცებს, რომ ფინეთმა 1939-40 წლებში „ზამთრის ომი“ წააგო, როცა იოსებ სტალინის „უძლეველ“ წითელ არმიას ებრძოდა? პირიქით: მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნობისა, მამაცმა ფინელებმა თავიანთი თავგანწირული ბრძოლით რუს დამპყრობლებს დიდი ზარალი მიაყენეს და გარკვეული [გარდაუვალი] ტერიტორიული კომპრომისის ფასად შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, შეძლეს ქვეყნის აყვავება და მართვის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.

რა თქმა უნდა, კომპრომისებს ძალიან ხშირად თან ახლავს სინანული, სირცხვილისა და ღალატის გრძნობა: „რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა? როგორ სახელს ვტოვებთ ქვეყნის ისტორიაში?“. დიახ, ომს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით უკრაინელმა  სახლ-კარი დაკარგა და უცხოეთს შეფარა თავი… მაგრამ იგივე მოხდა 1945 წელს პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიის მცხოვრებ გერმანელთა მიმართ, იგივე მოხდა ქაშმირელების, პენჯაბელებისა და ბენგალიელთა მიმართ 1947 წელს, კვიპროსელთა მიმართ 1974 წელს… ალბათ, რუსეთ-უკრაინის ომიც მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, როცა ვერცერთი მხარე ერთმანეთს ვერ ამარცხებს, ზარალი კი კატასტროფულად მატულობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს კვოს გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა.

თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:

  • ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი
  • მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO
  • ციფრული მარკეტინგი

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა თიბისი კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსში სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

(R)

“უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time

ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-ში (Time) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის საიმონ შუსტერის სტატია სათაურით: „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“, რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი, კერძოდ, დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებთან.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეშფოთებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არცერთი ხალხისთვის არ არის ფსონები ისეთი მაღალი, როგორც უკრაინელებისათვის: კიევს ვაშინგტონის იმედი აქვს, უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის ბედი ამერიკაში წყდება. უკრაინის ლიდერები თვეობით იბრძვიან პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის გულის მოსაგებად. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელ ვიზიტს აშშ-ში, გაეროს სესიის ფონზე, მის შეხვედრებს აშშ-ის მმართველი წრეების წარმომადგენლებთან, ხელი შეუწყო სამღვდელოებამ, მილიარდერებმა, მაღალი ანაზღაურების მქონე ლობისტებმა და თვით დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც ბორის ჯონსონმა…

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პერიპეტიებით ჩანს, მის გარემოცვას მოლოდინები გაუცრუვდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის აღიარებით, „უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.

ჩვენთვის ყველა შემთხვევაში სიტუაცია მძიმე იქნება“. მისი აზრით, კამალა ჰარისის გამარჯვებით ჯო ბაიდენის კურსი გაგრძელდება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები რუსეთის მიმართ ძალზე ფრთხილს და გაუბედავს უწოდებენ. დონალდ ტრამპის გამარჯვება კი უკრაინელებისთვის დიდ რისკებსაც ნიშნავს და გარკვეულ შესაძლებლობებსაც.

„არის გარკვეული იმედები დონალდ ტრამპის მიმართ“, – ამბობს უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი „თაიმთან“ საუბრის დროს (მან ანონიმად დარჩენა ისურვა საკითხის დელიკატურობის გამო), – რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ვცდებით და ბოლომდე არ ვიცით მისი ჭეშმარიტი პოზიცია… შეიძლება მას დასავლელი მოკავშირეების პოზიციის დასუსტება სურს… მაგრამ აშკარაა, რომ ეს ომის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. კამალა ჰარისი ომის შემჩერებელი ადამიანის როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. თეორიულად დონალდ ტრამპს მართლად შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“.
არადა, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ყოფნის დროსაც კი, თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს, დასცინის, პოლიტიკურ „ვაჭრუკანას“ უწოდებს… მისი ასეთი ქცევა უკრაინელებს აკვირვებს: სულ ორიოდე თვის წინათ ამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას. „აბა, მაშ როდის ამბობს დონალდ ტრამპი სიმართლეს?, – ასეთი კითხვა დასვა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, – ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს აუცილებლად შეხვდება (უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება – რედ.) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბული კამპანიის გათვალისწინებით, უკრაინელებისათვის ორივე კანდიდატთან და მათი გარემოცვის წევრებთან კონტაქტები აუცილებელია – როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთანაც.
ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ცდილობს რა დონალდ ტრამპი უკრაინით დააინტერესოს, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულზე, რესურსების სიმდიდრეზე, რომელიც შეიძლება ამერიკამ დაამუშაოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემი აღნიშნავს, უკრაინას ტრილიონობით დოლარის ბუნებრივი სიმდიდრე აქვს, რომლის გამოყენება ამერიკელებისთვისაც კარგი იქნება და უკრაინელებისთვისაც. ეს მან რამდენიმე თვის წინ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ, პრეზიდენტი სენატორის ნათქვამს ღიმილით შეხვდა, თავი აარიდა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბარს და დასძინა, რომ უკრაინა მოსკოვთან ომით არამარტო თვითონ იცავს თავს, არამედ დასავლეთსაც იცავს და ეს გარემოება ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

აშშ-ში ვიზიტის დროს, ორიოდე დღის წინათ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჭურვების დამამზადებელი სამხედრო ქარხანა დაათვალიერა ქალაქ სკრენტონში, პენსილვანიის შტატში. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ ფაქტში ცუდი არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ… ეს ის ქალაქია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიბადა და გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უპირატესობას დემოკრატებს აძლევს?

შედეგმაც არ დააყოვნა: დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას მოუმატა და სწორედ ქარხნის მონახულების შემდეგ უწოდა მას „მსოფლიოს უდიდესი ვაჭრუკანა“. „როგორც ჩანს, ტრამპს ეწყინა. ალბათ, ჩვენც შევცდით, სამხედრო ქარხნები სხვა ქალაქებშიც ბევრია და მაინცდამაინც ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქი არ ამოგვერჩია“, – აღიარა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

მოკლედ, აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მნიშვნელობა უკრაინისთვის ძალიან დიდი და საბედისწერო მნიშვნელობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტს განზრახული აქვს თავისი „გამარჯვების გეგმის“ მიმართ ამერიკელებში მხარდაჭერა მოიპოვოს. იგი უკვე შეხვდა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მაგრამ ახლა მატავარია, როგორ დასრულდება მისი სეხვედრა „მტრულად განწყობილ მეგობართან“ – დონალდ ტრამპთან, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.

წყარო:

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები -ირაკლი კობახიძე

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. გაბუტვა ბავშვური საქციელია. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები – ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, თუ რაც იყო, ბაიდენის მიწვევით ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად წავედით და ვივახშმეთ ქართულად“, – განაცხადა პრემიერმა.

გაერო-ში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს -პრემიერი

გაერო-ში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.

„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ კარგად იცის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. გაერო-ში საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი -ირაკლი კობახიძე

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი.

„მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ, სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა  და იმავეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი ენჯეოები იმას, რაც ხდება უკრაინაში წარმოაჩენენ რომანტიულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და საქართველოში უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით, ვერც თქვენი მედია საშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი ენჯეოები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში”, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის  მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მსოფლიო ტურიზმის  დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა”. ღონისძიების  ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი. დისკუსიის მიმდინარეობისას სპიკერები იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ, ინდუსტრიის განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.