Home Blog Page 706

გიორგი ურუშაძე კადეტ მოფარიკავეთა შორის თბილისში გამართული ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

გიორგი ურუშაძე კადეტ მოფარიკავეთა შორის თბილისში გამართული ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა. ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც იასპარეზეს და ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფარიკაობაში ევროპის თასის მომდევნო ეტაპს 12 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

,,არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში”- მერაბ დვალიშვილი

არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში!- ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.

როგორც მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებთან აღნიშნა, მან საერთო გამარჯვება მოიპოვა.

„ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“,-აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

ინფორმაციისთის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილი აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შერიგებას.

„ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შერიგების შესახებ ქართველო ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს თავად ქვეყნების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ჯიოევმა.

მისი მტკიცებით, „რუსი პარტნიორები“ ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის კუთხით.

„ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას“, – განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მომავალში „საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების“ შესაძლებლობას, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოზიცია ცნობილია და არაერთხელ გაჟღერებულა.

„ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი პირობას დებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის მკვლელობას უპასუხებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილის მკვლელობა საშინელი დანაშაული იყო, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, ბრიგადის გენერალი აბას ნილფორუშანი პარასკევს ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა, რომლის დროსაც „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია

რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის არმიამ, მიმდინარე კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით – უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.

ევროპული ”H145” ტიპის სამივე ვერტმფრენი საქართველოშია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამავე ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

„თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, airbus helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები ? – დავით ქართველიშვილი

ვინაიდან გახარიას პარტიის საარჩევნო სიასაც გავეცანი, „ფეისბუქის“ მეხსიერებამ მომცა კარგი შესაძლებლობა “გახარისტების” პოტენციალზე, მათ ადგილზე ქართულ პოლიტიკაში ცნობილი ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება გამეხსენებინა. გავყვეთ ამ ცნობილი სპეციალისტის შეფასებას წელს, საარჩევნო პერიოდში“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საინტერესოა, რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე.

„საოქრომჭედლო “სამყაროში” განასხვავებენ ოქროს ექვს კლასიფიკაციას: 375 სინჯის (37,5%), 500 სინჯის (50%), 585 სინჯის (58,5%), 750 სინჯის (75%), 900 სინჯის (90%) და 999 სინჯის (99,9%). როდესაც პოლიტოლოგი გადადის საკუთარი აზრის გამოხატვის “ალეგორიულ” მანერაზე, ჩვენ – მის მკითხველს, გვიჩნდება დამატებითი შეკითხვების დასმის “ფანჯარა”.
ზუსტად ერთი წლის წინ ბატონმა ძაბირაძემ ბრძანა: “გახარიას აქვს ოქროს მანდატები”. საუბარი იყო გახარიას “ჩინურ ვერსია” ქემოკლიძეზე, “მარიანის ღრმულის” ცნობილ მკვლევარზე. საუბარი იყო ალეკო ხოჯევანიშვილზე და დეპუტატ ანა ბუჩუკერზე. ასე რომ, ავითარებდა თავის თეორიას ბატონი ძაბირაძე: “რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე – მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას”.

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან ბატონ პოლიტოლოგისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი წევრები? ან ჩვენს საზოგადოებას რაში შეატყო – ან დემენციური ამნეზიის, ან ოქროს თითბრისაგან გარჩევის უუნარობის ნიშნები? ან თავად გახარია – რომელ სინჯს განეკუთვნება? “ბაჯაღლოს”? შარშანვე ევროპელი პენსიონერების ფულით ჩატარებული კვლევებით მისთვის მიწერილი 10 პროცენტი რამდენად “საბაჯაღლოა”? საინტერესო იქნებოდა გავცნობოდეთ პატივცემული პოლიტოლოგის წლევანდელ პოზიციასაც, ან პირიქით – ინტერესმოკლებულ კატეგორიას მიგვეკუთვნებინა იგი“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში “ჰეზბოლას” კიდევ ათობით ობიექტს შეუტიეს, – ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის თვითმფრინავმა „ჰეზბოლას“ ათობით ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს. გასული დღის განმავლობაში, დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ ასობით ტერორისტულ სამიზნეზე მთელს ლიბანში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნეები მოიცავდა გამშვებ პუნქტებს, შენობებს, სადაც იარაღები ინახებოდა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას.

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს.

სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.

ეს არის რიგითი პროვოკაცია – მამუკა ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე

[სერგეი ლავროვის განცხადება] არის რიგითი პროვოკაცია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს რომ „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში.

„ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, როცა არჩევნებია. ასეთი განცხადება ვითომ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ეიფორია შეიქმნას, თითქოს რუსეთი რაღაცას დააბრუნებს ან დაარეგულირებს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ჩვენ არა მარტო ტერიტორიები წაგვართვა, არამედ ადამიანების სიცოცხლე. რუსეთი დღეს სისხლისმღვრელ ბრძოლას და ომს აწარმოებს უკრაინელების წინააღმდეგ, ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი არ დაინგრევა – ცრუ პროპაგანდა და ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, რომელსაც კიდევ სჯერათ რაღაც ილუზიების, აქ, ჩვენ წინსვლა არ გვექნება. ამიტომ ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორც შარშან, შარშანწინ, გასულ წლებში და ბოლო 33 წლის განმავლობაში იყო, როცა რუსეთმა საქართველოს 20%-ი დაიპყრო და იმ დღიდან ყველა ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ომის გამომწვევი.

პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში. ისინი რუსეთს ეწევიან და ემსახურებიან, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია მკაფიოდ ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ „ლელო“ და ახლა უკვე „ძლიერი საქართველო“, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ხელისუფლებიდან რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ – „ქართული ოცნების“ სახით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღარ ვლაპარაკობთ იმ დაპირებების არ შესრულებაზე, რომლებითაც ისინი 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას, ჩვენ ვსაუბრობთ იმ იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რომ პრაქტიკულად, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს თითქმის ჩამოაშორეს, მაგრამ ამ ხელისუფლების მხრიდან ეს ჩამოშორება არის დროებითი, ასევე, აშშ-მ ჩამოიშორა. თქვენ ნახეთ, რომ არცერთი კარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან აღარ იხსნება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამოცანა არის ძალიან კონკრეტული, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა საქართველოში რუსული ხელისუფლება უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი – ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი იყო ისრაელის ომის მიზნების მისაღწევად, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების თავიანთ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებაა.

„ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი. ის იყო ტერორისტი. ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი პირობა იყო იმ მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს – ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნება საკუთარ სახლებში და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი უპასუხებს ყველას, ვინც მას დარტყმას მიაყენებს.

„ვინც ჩვენ დარტყმას გვაყენებს, დავარტყით მათ. ირანში ან ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად მართალია ეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.