Home Blog Page 705

ტრამპმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ზელენსკი მას შეხვედრას სთხოვს

შშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან შეხვედრას ითხოვს.

„ჩვენ უკრაინაში ყველას გვსურს დავასრულოთ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის გარეშე ეს შეუძლებელია. ზუსტად ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ გავუგოთ ერთმანეთს და მჭიდრო კონტაქტში ვიყოთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ შეხვედრა გთხოვეთ, მე მსურს უშუალოდ თქვენგან გავიგო თქვენი მოსაზრება“, – წერს ზელენსკი.

„თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეპყრობი ყველაფერს, რაც თქვენთან არის დაკავშირებული, და ასეც უნდა იყოს. მე ნიუ-იორკში პარასკევს ვიქნები, და ეს ჩვენი შეხვედრისთვის კარგი დრო იქნებოდა“, – აგრძელებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი წერილში პირადი კონტაქტების არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მითხარით, თუ ამ დროს ქალაქში იქნებით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი შეხვედრა შედგეს, როგორც ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ეს ომი სამართლიანი გზით დავასრულოთ“, – დასძინა მან.

ტრამპს წერილი აშშ-ში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დენის სიენიკმა გადასცა.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/113205635508100978/embed

„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა?”- იაგო ხვიჩია

პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი მაჭანკლობით იყო დაკავებული, რაც ცუდად დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა.

„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, “ლელო”-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში? – ეს რატომ იყო საჭირო, ამას ვერ მივხვდი. პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი დაკავებული იყო მაჭანკლობით, რაც ცუდად დასრულდა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა, თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა. კარგია, რომ თავის ხუშტურებს ბოლომდე არ მიჰყვა და ეს საკითხი არჩევნების იქით არ გადაწია. ის ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი დღეს მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა.

,,დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს,დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები!”- კობა კობალაძე

დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“დღეს არის ტკივილის და გლოვის დღე. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო იმ გმირების ოჯახის წევრებს, რომელთა სახელებიც ამ მემორიალზეა გამოსახული და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს… იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს, დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

 ,,ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან” – კახა კალაძე

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

„თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან – რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.

ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:

  1. „საქართველო“
  2. „გახარია საქართველოსთვის“
  3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
  6. „მემარცხენე ალიანსი“
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ტრიბუნა
  9. „შეცვალე საქართველო“
  10. „ჩვენ“
  11. ქართველ ერთობა
  12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  13. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  14. „გირჩი“
  15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  16. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
  17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
  18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
  19. „ევროპელი დემოკრატები“

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის  –  „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია  საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს  დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის  ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა.

,,მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან”- გივი მიქანაძე

ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული – მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“.

მიქანაძის განცხადებით, ეს არის მცირე ნაწილი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

დეპუტატმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, „გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავის ანგარიშებში ასახოს და მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია არ გაითვალისწინოს“.

„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი, ეს არის 14% არის, ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.

პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირებით დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.

რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით,“ – განაცხადა მიქანაძემ.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს – ლევან იოსელიანი

სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან მივიდა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული – სადაც არ არის მშვიდობა იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

“ქართული ოცნება” თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე-„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში 

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.

დოკუმენტის მიხედვით, „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

 მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ურთიერთპატივისცემითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა -კახა კალაძე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთმიტევებით და შერიგების გზით არის შესაძლებელი.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები – დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი. ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას გმირი ჯარისკაცების ხსოვნა, ასევე, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“რას ნიშნავს “გამარჯვება” უკრაინულად?”-The Spectator

„ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ The Spectator-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“, რომელიც ამჟამად, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს იხილება. გარდა ამისა, მასალაში საუბარია  რუსეთ-უკრაინის ომის საგარეოპოლიტიკურ ასპექტებზე და სავარაუდო კომპრომისებზე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ძირითად ელემენტს თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად შორი მოქმედების რაკეტების მიღება და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად მათი გამოყენების უფლების მიღება სურს. მას უნდა, რომ დასავლეთმა გარანტირებულად მხარი დაუჭიროს უკრაინის  მიღებას ნატოში და ევროკავშირში. თუ ზელენსკის სურვილები არ შესრულდება, მაშინ, როგორც ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის ექს-პრემიერი)  წერს, უკრაინა დამარცხდება. ეს იქნება „კატასტროფული მარცხი არამარტო კიევისათვის, არამედ ნატოსთვისაც. უკრაინის მარცხი მთელი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბორის ჯონსონის ლოგიკის თანახმად, თუ უკრაინიდან რუსეთის ჯარები მთლიანად არ იქნებიან გაყვანილნი (იგულისხმება 2014 წლიდან დაკავებული ყველა ტერიტორიიდან), მაშინ ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც, უკრაინა ვალდებულია იმდენს ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება, ანუ სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამისათვის უკრაინა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ჯარში იძულებითი გაწვევის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკრაინას ტერიტორიები არ დაუბრუნდება და რუსეთი არ დაისჯება, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.

ამასობაში კი უკრაინული საზოგადოების პოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება – სულ უფრო მეტი მცხოვრები ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას და უსაფრთხოებას. იქნებ უკრაინის გამარჯვების ჭეშმარიტება გამოიხატება არა იმდენად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოს გადაქცევაში? ისეთ  ქვეყნად, რომელსაც სამომავლოდ გარანტიები ექნება ნატოს წევრად მიღებაში? იქნებ სწორედ ეს არის ის „გამარჯვება“, რომ ახალგაზრდა უკრაინელების – ქვეყნის მთავარი სიმდიდრის – გარდაუვალი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება აღარ გაგრძელდება და ქვეყანა ფერფლისაგან აღდგება?

(…)

იდეალში „გამარჯვება“, რასაკვირველია, მშვიდობისა და სამართლიანობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ უკრაინის ტერიტორიული გაყოფა, როგორ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, უკვე განხორციელდა. გავიხსენოთ დეიტონის შეთანხმებები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ: მომლაპარაკებელმა მხარეებმა აღიარეს, რომ დაკარგული მიწების უკან დაბრუნება და „სტატუს-ქვო ანტე ბელუმ“-ის (ლათ. „რაც იყო ომამდე“) აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დონბასში და ყირიმში ამჟამად ფაქტიურად მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. და თუ მათ ისევ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებას აიძულებენ, განა ამით უკრაინა ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ალბათ, უფრო პირიქით.

(…)

განა ვინმე ამტკიცებს, რომ ფინეთმა 1939-40 წლებში „ზამთრის ომი“ წააგო, როცა იოსებ სტალინის „უძლეველ“ წითელ არმიას ებრძოდა? პირიქით: მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნობისა, მამაცმა ფინელებმა თავიანთი თავგანწირული ბრძოლით რუს დამპყრობლებს დიდი ზარალი მიაყენეს და გარკვეული [გარდაუვალი] ტერიტორიული კომპრომისის ფასად შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, შეძლეს ქვეყნის აყვავება და მართვის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.

რა თქმა უნდა, კომპრომისებს ძალიან ხშირად თან ახლავს სინანული, სირცხვილისა და ღალატის გრძნობა: „რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა? როგორ სახელს ვტოვებთ ქვეყნის ისტორიაში?“. დიახ, ომს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით უკრაინელმა  სახლ-კარი დაკარგა და უცხოეთს შეფარა თავი… მაგრამ იგივე მოხდა 1945 წელს პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიის მცხოვრებ გერმანელთა მიმართ, იგივე მოხდა ქაშმირელების, პენჯაბელებისა და ბენგალიელთა მიმართ 1947 წელს, კვიპროსელთა მიმართ 1974 წელს… ალბათ, რუსეთ-უკრაინის ომიც მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, როცა ვერცერთი მხარე ერთმანეთს ვერ ამარცხებს, ზარალი კი კატასტროფულად მატულობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს კვოს გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა.

თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:

  • ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი
  • მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO
  • ციფრული მარკეტინგი

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა თიბისი კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსში სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

(R)