Home Blog Page 705

 მივესალმები ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლაა-სააკაშვილი

მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, განმარტავს, რომ მაიკ ტერნერმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი ოფიციალურად გაუგზავნა.

„მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.

ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არ დაშვება.

ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.

ასევე მიხარია რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა”,- წერს სააკაშვილი.

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან

თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს. თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება.

„სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს მდებარე ობიექტების დასახელებები. ამისათვის სათვალე ეყრდნობა თავის სკანერს, რომელიც აპლიკაციას გადასცემს უცხო სხეულის გამოსახულებას, აპლიკაცია კი ამ ობიექტის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.

აპლიკაციას ასევე აქვს წიგნის კითხვის ფუნქციაც – მომხმარებელი თავად ატვირთავს სასურველ წიგნებს, ჩაშენებული AI სისტემა კი მისთვის წაიკითხავს. ამ ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ ენაზე სრულიად გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება ქართულს, უკვე შესაძლებელია ქართული ტექსტების ჩაწერა და ხმამაღლა წაკითხვაც, თუმცა ეს ასპექტი დამუშავების პროცესშია. გოგონებს ასევე სურთ, სათვალესთან Map-ის ფუნქციაც დააკავშირონ, რათა მოწყობილობამ ნავიგატორის ფუნქციაც შეითავსოს. ამ ყველა ნიუანსი დახვეწის შემდეგ, უსინათლოები მარტივად შეძლებენ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგილებას.

„მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აქამდე გამოცდილება არ გვქონია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა პროექტი ძალიან დაგვეხმარა საჭირო უნარების გამომუშავებაში. გზადაგზა უამრავ სირთულეს წავაწყდით, ექსპერიმენტებს ვატარებდით და საბოლოოდ მაინც შევქმენით პროდუქტი. ბევრჯერ შეგვეშინდა და დანებების პირასაც მივსულვართ, მაგრამ მენტორის დახმარებითა და გამხნევებით, საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ“ – აღნიშნავენ გუნდის წევრები.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

(R)

აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის -მაიკლ ტერნერი 

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.

„მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“, – აცხადებს მაიკლ ტერნერი.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.

საბერძნეთს მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი დაეხმარებიან

საბერძნეთს მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი დაეხმარებიან. ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ სტიქიის ზონაში მაშველი მეხანძრეების გაგზავნის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს მიუახლოვდა. ცეცხლი ამ დროისთვის ათენთან ახლოს მდებარე ქალაქ ვრილისში მძვინვარებს. გადამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი. დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს-ჯინ შაჰინი

სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ისეთი ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ – მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნული ცრუ განცხადებების ფონზე“, – აცხადებს სენატორი.

მისი თქმით, სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

„ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგთან დაკავშირებით წინსვლისას. სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.

რუსეთის საზღვაო ძალებს ევროპის შუაგულში იერიშების მისატანად ამზადებდნენ-Financial Times

რუსეთის ხელისუფლება საკუთარ საზღვაო ძალებს ევროპის შუაგულში ბირთვული ქობინის მქონე რაკეტებით იერიშის მიტანას ასწავლიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუკები, რომელზეც ევროპაში მდებარე პოტენციური სამიზნეებია დატანილი. ასე, მაგალითად, რუსებს მიზანში ჰქონდათ ამოღებული საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო და დიდი ბრიტანეთის საპორტო ქალაქი ბაროუ-ინ-ფერნესი.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ამგვარი წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იმართებოდა. გარდა ამისა, მოსკოვი წვრთნებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ატარებდა.

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული.

ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დადგება საბერძნეთის გვერდით, მაშინ, როცა ისინი დამანგრეველ ხანძრებს ებრძვიან“.

ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

ილონ მასკმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციაში გარკვეული როლი შეასრულოს

დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ილონ მასკმა ტრამპს შესთავაზა, შეასრულოს გარკვეული როლი მის ადმინისტრაციაში.

„ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ გვქონდეს სამთავრობო ეფექტურობის კომისია, რომელიც გადახედავს ამ საკითხებს და უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული, გადასახადის გადამხდელთა ძალიან ძნელად გამომუშავებული ფული სწორად დაიხარჯოს. სიამოვნებით დავეხმარები ასეთ კომისიას მუშაობაში“, – განაცხადა მასკმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მოეწონებოდა ეს იდეა, თუ ამაში ილონ მასკი ჩაერთვებოდა.

დონალდ ტრამპის ინტერვიუ ილონ მასკთან, რომელიც სოციალურ ქსელ „X“-ზე მიმდინარეობდა, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, მასკის თქმით, სოციალურ ქსელზე აქტიურად მიმდინარეობდა კიბერთავდასხმა.

მასკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრამპს უჭერს მხარს, არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეაქცია თავდასხმაზე. მისი თქმით, ტრამპის მიერ შეკრული მუშტი, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ, „წარმოუდგენლად შთამაგონებელი იყო“.

 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი, საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული -“ქართული ოცნება”

გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.

ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. „რადიო თავისუფლებას“ სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.

აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.

რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.

რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.

ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.

კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.

„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.

ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი – „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.

სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.

გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ – ამ შედეგით ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ისტორიული შედეგით საქართველო ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას უსწრებს.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლებით, რეიტინგების სტაბილური ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც.

,,პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში საუკეთესო შედეგით დავასრულეთ და 206 ოლიმპიურ გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ. მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს და ყველას ვინც ამ შედეგში თავისი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული შედეგით ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას, ამასთან, ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვა.

ბოლო წლებში, საქართველო როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლებით, რეიტინგების სტაბილური ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც. ჩვენი ხალხის ნიჭიერებასთან ერთად, ოლიმპიადის ისტორიული შედეგი ამ განვითარების დამსახურებაცაა.

იმ ფონზე, როცა ოპოზიცია უცხოს დიდებით და ქართულის დაკნინებით არის დაკავებული, საქართველოს კი მხოლოდ სხვა ქვეყნების წყალობაზე მყოფ პერიფერიად ხედავს, ასეთი შედეგები აჩვენებს ყველას, შინ და გარეთ, რომ საქართველოს წინსვლა და ძლიერება ჩვენშივეა და რომ ამ ქვეყნის აწმყო ისეთივე ნათელია, როგორც მისი მომავალი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1074952277969872&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები -გივი მიქანაძე

არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აუცილებლად იქნება გამოძიებული არჩევნების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიძია ისკანდერის ტიპის რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც რუსული მხარის მიერ იყო გამოყენებული გორზე შტურმისას. წლები დასჭირდა იმ ყველაფერს, რომ მტკიცებულებები შეგროვებულიყო და წარგვედგინა როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში. არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება დეტალურად შესწავლილი 2008 წელს განვითარებული მოვლენები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები და კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მოსახლეობა ხედავს, რა კატეგორიის, რა პრინციპების ადამიანები დგებიან ერთ მხარეს, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობისმყოფელ პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას შეეწინააღმდეგონ -ბექა ოდიშარია

რა შეიძლება, უწოდო გაერთიანებას, რომლის ორი წევრი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა პირველს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ლელოს“ კოალიციაში ალეკო ელისაშვილის გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულების მორიგი ცდა, რამენაირად გადარჩნენ და ბარიერი გადალახონ.

„მათ არ აქვთ არანაირი პრინციპი, მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური გემოვნება. ამისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, აქვთ ურბანული გემოვნება და გამბედაობაც, რომ კალაძის მიერ რეკონსტრუირებულ გუდიაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ ნახა ჩვენმა მოსახლეობამ, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რას აკეთებდნენ ისინი აქამდე, რის გაკეთებას აპირებენ ამის შემდეგ. მე ამ გაერთიანებას დავარქმევდი, რა თქმა უნდა, ირონიით, სხვაგვარად არც შეიძლება, მიუდგე ამ ხალხის ძალით შერწყმას და ქორწინებას, „პრინციპები უპირველეს ყოვლისა“. აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო გაერთიანებას, რომლის ორი წევრი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა პირველს და მევახშეს ეძახდა ელისაშვილი, ხოლო ანა დოლიძე ებრძოდა და მისი იდეოლოგია გახლდათ სწორედ ბანკების წინააღმდეგ მიმართული. ხოლო ხაზარაძე ელისაშვილისნაირი ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, დიდად არ ეპიტნავებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ანა დოლიძე და მისი იდეოლოგია. უთხრეს, გაერთიანდნენ, ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ კი ამაში მხოლოდ პოლიტიკურ ბენეფიტებს ვხედავთ, რადგან მოსახლეობა ხედავს, რა კატეგორიის, რა ტიპის ადამიანები, რა პრინციპების ხალხი დგებიან ერთ მხარეს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობისმყოფელ პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის მშვიდობიან ვითარებას შეეწინააღმდეგონ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.