Home Blog Page 704

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევრ.ოკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

„უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ გაიმართბა

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.  წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენო ტურის შეუდარებელი ვოკალი.

სადღესასწაულო განწყობას საღამოს ბოლრუმში გააგრძელებენ ვირტუოზი მუსიკოსები: კოლუმბიელი ედმარ კასტანედა და შვეიცარიელი გრეგუარ მარე, უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda  & Grégoire Maret – HARP vs HARP)

დღის ბოლოს კი, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“  (ELECTRO DELUXE) მათ ფრანგული მუსიკის ელჩებსაც კი უწოდებენ. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს. საოცარი იმპროვიზაციის უნარი წარუშლელ ატმოსფეროს ქმნის დარბაზში და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელის მეხსიერებაში. ეს არის ის, რითაც მუსიკოსები მსოფლიოს ყველა  კუთხიდან იზიდავენ მსმენელს.

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი.

ოფიციალური სპონსორია ვიზა. სპონსორები: პორშე, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი,  ჟურნალი  Homeland of Wine Magazine,  რადიო ფორტუნა, Marketer.ge. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ისთერნ ფრომოუშენსი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში (13-15 აგვისტო) სასტუმროს პაკეტებისა და ბილეთების შეძენას თიბისის კონცეპტ კლიენტები შეძლებენ სპეციალურ ფასად, ხოლო შემდგომ, მხოლოდ ბილეთებზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.

R

როგორ შეიძლება სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, მაშინ, როცა ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში – თამარ კორძაია

როგორ შეიძლება სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში, – ამის შესახებ,,ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ხაშურში, მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება ჩვენ ახლა სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ, სხვა თემები გვქონდეს მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ აბეტონებს საქართველოს მომავალს, როგორ ანადგურებს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში. დღეს ჩვენ აქ, ხაშურში ჩვენს მოქალაქეებს რომ ვხვდებოდით და ველაპარაკებოდით, წარმოუდგენელი შრომა აქვთ, მთელი ცხოვრება ვმუშაობთ და ეს შრომა უნდა იყოს დანახული და დაფასებული“ , – განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“  საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით – გია ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არა დღევანდელი მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა, „არავინ უწყის როგორ სამართლებრივ მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო“.

„პოლიტსაბჭოს განცხადება, უნდა აღინიშნოს, რომ არის ფაქტების კონსტატირება. ზუსტად ამ საკითხებთან და ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი. პრაქტიკულად, საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას, ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით. ეს რეალობა დადგა და მის უკან რა პროცესები იდგა, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. დამატებით, მოსაპოვებელია მასალები ამ თემაზე.

რომ არა „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, რომ არა სტრასბურგში და ჰააგაში ჩვენ მიერ მოგებული საქმეები, პრაქტიკულად, რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო, არავინ უწყის. რამ განაპირობა ეს პროცესი? ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც არაფერი სხვა არ ჰქვია, თუ არა მოღალატეობრივი ნაბიჯები.

ინტერვიუს შინაარსი არის ერთი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რუსეთის შემოყვანა საქართველოში, სააკაშვილს მიუძღვის ბრალი. ეს არის მთავარი აქცენტი და რაც გამაოგნებელია, სააკაშვილი თავადვე აწერს ამას ხელს.

გარდა ამისა, ეჭვებს იწვევს ის, თუ რა აუცილებელი იყო ტალიავინთან ინტერვიუს აღება ამ ხნის შემდგომ. რის დადასტურება სურდათ, რაც აშკარაა, რომ არ გამოუვიდათ. კიდევ უფრო გამოაშკარავდა ის შესაძლო დანაშაულები, თუ სამართლებრივად ვისაუბრებთ, რომელიც სააკაშვილმა ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა.

რატომ გააკეთა სააკაშვილმა ისე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია შესაძლებელი გახდა? ხომ მიდიოდა მოლაპარაკება? რატომ გადაწყვიტა, რომ არჩევნების გზით ევლო და არაკონსტიტუციური არჩევნები ჩაატარა. პუტინს რომ გადაწყვეტილი ჰქონდა [საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა], ამით საშუალება კი არ უნდა მისცე, რომ აღასრულოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პოლიტსაბჭოს განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა – ეს არის “ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება – რომან გოცირიძე

ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება” ღალატის გზას დაადგა”.

„ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოღალატეობრივ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს დგას. ირიბი მინიშნებაა, რომ ომი არ იქნებოდა, უკრაინას პროვოცირება რომ არ მოეხდინა. ამ განცხადებას ორმხრივი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, ის ესხმის წინა ხელისუფლებას და ფაქტობრივად, საქართველოში რუსეთის აგრესიას ამართლებს და დამნაშავედ ქართული მხარე გამოჰყავს; და მეორე მხრივ, ეს ანალოგი ვრცელდება უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას. აი, ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ის არის რუსეთის მოკავშირე და ის ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს თუ გვინდა, ქვეყანა დაადგეს ევროპული განვითარების გზას.

„ქართული ოცნება” 12 წელია იმეორებს იმას, რომ დამნაშავე არის ქართული მხარე. ამართლებდა რა, რუსეთის აგრესიას საქართველოში და მას განიხილავდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ე.წ პროვოკაციულ ნაბიჯებზე რეაგირებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ეს თემა კიდევ უფრო გაამწვავა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა თუ არა. დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეწევა ამ ინტერვიუსი”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინთან, რომლის დასკვნა 2008 წლის ომზე, “ნაციონალური მოძრაობისთვის” განაჩენის ტოლფასია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ სურდა, „ტალიავინისგან მიეღო განსხვავებული პოზიცია, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას შეამსუბუქებდა, თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა“.

„რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის”-The Economist

ბრიტანული პოპულარული და გავლენიანი ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის… მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება წვეულება და დროსტარება?“

სტატიაში განხილულია რუსეთის ამჟამინდელი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზირებულია მოსალოდნელი კრიზისი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ეკონომიკური კრიზისის ნიშნები მთელ მსოფლიოში ფართოვდება: ამერიკაში და კანადაში უმუშევრობა იზრდება, ფასები მატულობს, რაც მომხმარებლებს შორის დეპრესიას იწვევს. ევროპა რეცესიის ზღურბლზე იმყოფება, ჩინეთზე ლაპარაკი ზედმეტია – იქ ეკონომიკის ზრდა ამ ეტაპზე არ მოხდება. მაგრამ არის ერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის განწყობა სრულიად სხვაა – მკაცრი დასავლური სანქციებისა და „გარიყულის“ სტატუსის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დამაჯერებლად მატულობს. როგორც აღმოჩნდა, ომის დროს მთავრობის მიერ გაწეული მასშტაბური ხარჯები ეკონომიკისათვის ნამდვილად შეიძლება „ყუათიან საკვებს“ წარმოადგენდეს.

მიმდინარე წლის ბოლო მოსალოდნელია, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეალური გამოხატულებით 3%-ით და უფრო მეტად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის მატებას. რუსეთში დღეს უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალია, ხოლო რუბლი თავს მეტ-ნაკლებად „კარგად გრძნობს“. მართალია, ინფლაცია სასურველზე მაღალია – ივნისში ფასები 8,6%-ით გაიზარდა (ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად), მაგრამ ფულადი შემოსავლების 14%-ანი მატების დროს რუსეთის მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა სწრაფად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ რუსები, დასავლეთის რიგი ქვეყნების მოსახლეობისაგან განსხვავებით, დღეისათვის მთავრობას მიმართ უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და საკუთარ ეკონომიკას მიმართ ნდობით ეკიდებიან.

რუსეთი სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მომხმარებელთა რწმენა მტკიცეა და მნიშვნელოვნად მაღალია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს – 2000 წელს იყო.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ პუტინი ციფრებს აყალბებს, მაგრამ თვით საზოგადოებრივი განწყობის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრი“ („უცხოური აგენტის“ სტატუსით) მოწმობს, რომ რუსულ საზოგადოებაში საოცარი ტენდენციები შეიმჩნევა – მოსახლეობა მართლაც კმაყოფილია თავიანთი ფინანსური მდგომარეობით. ასეთი მდგომარეობა უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ახლა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რუსები სიამოვნებით ხარჯავენ დიდ ფულს ძვირადღირებული საგნების ყიდვაში (ავტომობილებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული), რესტორნები გადატვირთულია. 2023 წელს რუსებმა შეიტანეს 18%-ით მეტი კონიაკი, ვიდრე 2019 წელს, ხოლო ცქრიალა (შამპანურის ტიპის) ღვინოების იმპორტი – 80%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა 20%-ით.
ამ ყველაფერს ე.წ. „მსუქან“ 2010-იან წლებსაც კი ვერ შევადარებთ, როცა ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მატულობდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად აისახებოდა რიგითი მოქალაქის ჯიბეზე, თუმცა მოსახლეობა თავს მაინც მაძღრად გრძნობდა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო არ იყო.

მოგვიანებით რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა 2014-15 წლებში გამოცხადებულა დასავლურმა სანქციებმა და 2019 წლის ბოლოს „აფეთქებულმა“ კორონავირუსის პანდემიამ. უკრაინაში შეჭრისთანავე გამკაცრებულ სანქციებს, ექსპერტების აზრით, რუსეთის ეკონომიკა უნდა დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა.

რა არის ასეთი მდგომარეობის მიზეზი?

ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ამაში „ბრალი“ რუსეთის ექსპორტისაგან მიღებულ შემოსავლებს „მიუძღვით“: მართლაც, ვლადიმერ პუტინმა მოახერხა და გაზისა და ნავთობის ექსპორტის მიმართულება შეცვალა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართა, ანუ ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან აზიის აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ. დასავლეთის მოლოდინები არ გამართლდა – რუსეთს, მართალია, ევროპიდან მიღებული შემოსავლები გარკვეულად მოაკლდა, მაგრამ არანაკლებ მოგებას იღებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია არცთუ ისე კარგადაა: დღეს რუსეთი ნავთობს ფასდაკლებით ჰყიდის – შესაბამისად, შემოსავლები (დოლარებით) 2024 წლის პირველ კვარტალში 4%-თ დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე 2023 წელს, ხოლო 10%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს.

ისმება კითხვა: რატომ ხდება ასეთ დროს ეკონომიკის ტემპების სწრაფი ზრდა? სიტუაციაში გასარკვევად მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორი მომენტი განვიხილოთ.

პირველი – საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა – ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მკაცრ ეკონომიაზე. მიმდინარე წელს რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტი ელოდება – მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი. რუსული ეკონომიკის მასშტაბის მიხედვით, ეს ძალიან ბევრია. მთავრობა ეკონომიკას შიდა რეზერვებით აფინანსებს, რომელიც, მართალია, საკმაოდ შთამბეჭდავია (რომელიც 2010-იან წლებში ენერგოშემცველების ექსპორტით მიღებული შემოსავლების შედეგად დაგროვდა). გამოდის, რომ რუსეთი ფულს ადრე ეკონომიურად ხარჯავდა და ზოგავდა, რომ დღეს ხელგაშლილად დაეხარჯა. ამჟამად საერთო სახელმწიფო ხარჯები დღეს 15%-ით არის გაზრდილი, 2023 წელთან შედარებით, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ბევრად მოკრძალებულია.

დამატებითი ხარჯების დიდი ნაწილი უკრაინასთან ომის დაფინანსებას ხმარდება. ფინეთის ბანკის გამოკვლევის თანახმად, რუსეთის სამხედრო ხარჯები 2024 წლის ბოლომდე 60%-ით მოიმატებს, რის გამოც, თავის მხრივ, არამარტო იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება მოიმატებს, არამედ რიგითი მოქალაქეების „ჯიბეებიც გასქელდება“.

ვლადიმერ პუტინი ფულის მარაგს ხელგაშლილად ხარჯავს – ივლისის თვეში პრეზიდენტმა გააორმაგა ფედერალური პრემია მოხალისეებისათვის (არსებული 195 ათასი რუბლიდან 400 ათას რუბლამდე ანუ თითქმის 4500 დოლარამდე). ასევე გაიზარდა რეგიონული პრემიებიც. მთავრობა უდიდეს ფულს ხარჯავს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების კომპენსაციებში, მათი ოჯახის წევრებისათვის. ივნისში ვლადიმერ პუტინმა გულუხვად გაუზარდა პენსიები მოქალაქეთა ზოგიერთ კატეგორიას – თითქმის 10-15%-ით. ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სწრაფი ტემპით აშენებს ავტობანს ყაზანიდან ეკატერინბურგამდე, რომლის სიგრძე თითქმის 800 კილომეტრს აღწევს. შეიძლება გარე დამკვირვებელს მოეჩვენოს, რომ კრემლი ფულს ხარჯავს ყველაფერზე, რაც მას მოესურვება და მოეწონება. ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა წაიტრაბახა საბავშვო დასვენების წარმატებული პროგრამით, რაც შავ ზღვაზე (ყირიმშიც) სანატორიუმებისა და პანსიონატების მშენებლობას გულისხმობს.

მეორე – რუსეთის ეკონომიკის ბუმის მიზეზი –დაკავშირებულია კრემლის მიერ გატარებულ უჩვეულო ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან. მაღალი ინფლაციის „მოსათვინიერებლად“, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 7,5%-დან 18%-მდე მოამატა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. ასეთი ზომები ხელს უწყობს რუბლის კურსის გამყარებას უცხოური ინვესტიციების მიზიდვით „მეგობრული ქვეყნებიდან“, მაგალითად, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, გლობალური სამხრეთიდან. ეს, თავის მხრივ, აიაფებს იმპორტს და შესაბამისად, ამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში განაკვეთების გაზრდა ზიანს მიაყენებდა საბანკო ვალების მქონე ოჯახებს და კომპანიებს, რადგან მატულობს მათი ხარჯები ვალის დაფარვის დროს. მაგრამ რუსეთის მთავრობამ მოახერხა და რეალური ეკონომიკა მკაცრი ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკისაგან გამოწვეული მავნე შედეგებისაგან თითქმის მთლიანად დაიცვა.

ამ მიზნით მოქმედებენ ჭეშმარიტად გასაოცარი რაოდენობის სქემები: მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მომხმარებლებისათვის საკრედიტო ვალის გადახდა – იმ პირობით, თუ ისინი შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ მათი შემოსავლები საგანგებო გარემოებების გამო შემცირდა. ბანკებმა ომის მონაწილეებს მომხმარებლებს საკრედიტო არდადეგები შესთავაზეს. ამას წინათ ომის მონაწილეებს კრედიტების საპროცენტო გადასახადები 8%-ის დონეზე გაეყინათ, რაც მოქმედი განაკვეთის თითქმის ნახევარს შეადგენს. ფართოდ გამოიყენება შეღავათიანი 3%-იანი კრედიტი. რასაკვირველია, ბანკები ასეთ „შეთავაზებებს“ მთლად ნებაყოფლობით არ აკეთებენ, ისინი ამ შეღავათებზე კრემლის „თხოვნით“ მიდიან. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სახელმწიფო მათ დანაკლისს მეტ-ნაკლებად უნაზღაურებს.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ესოდენ აქტიური ჩარევა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა – რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს კრედიტების აღება. საკრედიტო კომპანიების რაოდენობა ბოლო წელს 20%-თ გაიზარდა. მოკლედ, რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობა „შვიდმილიანი ნაბიჯებით“ იზრდება. მაგრამ…
როდემდე გაგრძელდება დროსტარება და ქეიფი? ვლადიმერ პუტინის მცდელობები საპროცენტო განაკვეთების ზრდის შეჩერების მიზნით მხოლოდ დროებით შეანელებს ინფლაციის მატებას და მას კიდევ უფრო გაჭიანურებულ სახეს მისცემს. გარკვეულ მომენტში მოსახლეობა ცხოვრების გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოამჟღავნებს. და ბოლოს, სახელმწიფოს ხაზინა უძირო არ არის, რომ მუდმივად შეავსოს სარეზერვო ფულით ბიუჯეტი და მისი დეფიციტი „ითმინოს“. დღევანდელი ხარჯვის ტემპებით, რუსეთის ფინანსური რეზერვები ხუთი წლის შემდეგ ამოიწურება. გარდა ამისა, მთავრობა უკვე გარკვეული პრობლემების წინაშე დგება, რაც ხელგაშლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არის გამოწვეული. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა, თუნდაც ფრთხილი და გააზრებული, თავის ნეგატიურ კვალს მაინც ტოვებს… მაგრამ რადგანაც ვლადიმერ პუტინს ახლა ბრძოლის ველზე გამარჯვება სურს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების შეჭრის ფონზე, მთავრობა რეზერვებს კიდევ უფრო მეტად დახარჯავს, რომ მოსახლეობა ფულით აკონტროლოს და დროსტარების შეგრძნება გაუგრძელოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს.

„საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილებას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს. მისი ისტორიული მწკრივის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, ანალიტიკოსებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ფლობდნენ ოპერატიულ თემატურ ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ქონების ინდექსებთან ერთად, ეროვნული ბანკი კაპიტალიზაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც იწყებს.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებისა და ქირის ინდექსები ფარავს დედაქალაქის ორ უმსხვილეს ურბანულ სეგმენტს – საბურთალოსა და ვარკეთილს. ინდექსები სწორედ აღნიშნულ სეგმენტებში 1-ოთახიან და 3-ოთახიან ტიპურ ბინებზე შეთავაზების ფასების ღია წყაროებიდან რეგულარული ამოკრეფით, მათი გასაშუალოებითა და შედეგის საბაზისო პერიოდის მიმართ ათვლით მიიღება. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი გამოითვლება როგორც მოცემული თვის გაწლიურებული საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები, კაპიტალიზაციის მაჩვენებელთან ერთად, ყოველთვიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეცნიერებმა მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაში აღმოაჩინეს – BBC

მეცნიერები NASA-ს ზონდის Mars Insight Lander-ის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პლანეტა მარსის სიღრმეში თხევად მდგომარეობაში წყლით სავსე „ბუშტი“ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც ბრიტანული ტელეარხი იუწყება, წყალი მარსზე მანამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა არა თხევად, არამედ ყინულისა და აირის სახით. ზონდის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ წყალი მარსში 10 – 20 კილომეტრის სიღრმეშია.

მეცნიერები, რომლებიც მარსის ზედაპირს იკვლევენ, დიდი ხნის წინ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პლანეტაზე ოდესღაც წყალი იყო, რადგან მას მდინარეების და ტბების კვალი დღესაც ეტყობა.

თუმცა, ბოლო სამი მილიარდი წელია მარსზე მხოლოდ უდაბნოა. ოდესღაც არსებული წყლის ნაწილი აორთქლდა და ატმოსფეროსთან ერთად კოსმოსში გაფრინდა, ხოლო მეორე ნაწილი – ზედაპირს ქვემოდ აღმოჩნდა.

როგორც BBC აღნიშნავს, თუ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მარსის სიღრმეში იმდენი წყალი უნდა იყოს, რომ ის მთელ პლანეტას, რომლის ფართობი წყნარ ოკეანეზე ნაკლებია, დაფარავს.

“არის თუ არა “სამხრეთის ფრონტის” გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება”-უცხოური პრესა

სერბული პოპულარული ელექტრონული გაზეთი „სბრინ-ინფო“ (Сбрин-Инфо) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით: „არის თუ არა „სამხრეთის ფრონტის“ გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება“

(ავტორი – ჯორჯე მილოშევიჩი). მასალაში მოცემული შეფასება-დასკვნები შესაძლოა ანტიდასავლურად და პრორუსულად ჩაითვალოს, თუმცა ქართველი მკითხველისათვის მაინც საინტერესო უნდა იყოს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, სამხრეთ კავკასიაში კი სიტუაცია დღემდე სტაბილური არ არის: აქ 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა – კონფლიქტები სეპარატისტულ რეგიონებში (აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“, მთიან ყარაბაღში), ომები (რუსეთ-საქართველოს შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის). კავკასია დენთის კასრზე ზის – იმიტომ, რომ კონფლიქტები „გაყინულია“ და მოგვარებული არ არიან, ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია ახალი ძალით იფეთქონ და რეგიონი, რომელიც სხვადასხვა გარე ძალების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, ისევ მწვავე დესტაბილიზაციის კერა გახდეს.

საქართველო და სომხეთი დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი – უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ ორივე სახელმწიფო მოსკოვისა და დასავლეთის დედაქალაქების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, რაც გავლენას ახდენს მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. რეგიონის მდგომარეობა ბევრად არის განპირობებული სომხეთსა და საქართველოში არსებული სიტუაციით.

სომხეთი უკმაყოფილოა მთიანი ყარაბაღის დაკარგვით აზერბაიჯანთან ომის შედეგად, ერევანი თითქოსდა ტრადიციულად მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, მაგრამ დღეისათვის რეალურად მოკავშირეობიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა: ერთი მხრივ, კრემლი უკმაყოფილოა სომხეთის პროდასავლური გადახრით, მეორე მხრივ, სომხეთსაც აქვს სასაყვედურო რუსეთის მიმართ: ერევანს იმედები გაუცრუვდა, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ომში არ დაეხმარა (სომხეთიც და რუსეთიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის – ОДКБ-ის წევრები არიან). შესაბამისად, ოფიციალური ერევანი (ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა) კრემლს მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული სომხეთი ОДКБ-ის შემადგენლობიდან გავიდეს.

საქართველოში შექმნილ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „მყუდროება ქარიშხლის წინ“. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელმაც, პროგნოზების თანახმად, ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. საქართველო ან დარჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ან დასავლეთის დანამატი გახდება, რომლის შემდეგ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის წაქეზებით, შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას და ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ „მეორე, სამხრეთის ფრონტი“ გახსნას.

ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები და სახელმწიფოს ხელმძღვანელები (პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე) ამ საფრთხეზე ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ
საქართველოში არსებული სიტუაცია დიდი ხანია რთულია, ბოლო დროს კი კიდევ უფრო გამწვავდა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ („უცხოური აგენტების“) კანონის მიღების გამო.
ოპოზიცია მმართველ პარტიას „პრორუსულობაში“ და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს. მდგომარეობას ისიც ძაბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის მეთაურად თავის დროზე (2017 წელს) სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული, დღეს მმართველ პარტიას უპირისპირდება. ანუ უთანხმოება თვით ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის არსებობს: პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერად გამოდის და პროდასავლური ორიენტაცია აქვს. იგი მთავრობას და პრემიერ-მინისტრს – ისევე როგორც ოპოზიცია – „რუსეთუმეობაში“ ბრალს სდებს. რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს არც რუსეთისა და არც დასავლეთის გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. (…)
თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელსაც მხარს დასავლეთი უჭერს, არჩევნებამდე ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი ხმას „ევროპულ მომავალს“ (ანუ ოპოზიციას) მისცემს, პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ კი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების (ევროატლანტიზმის) ღალატის გამო, დამარცხდება და ხელისუფლებას ჩამოშორდება.

ბუნებრივია, მმართველი პარტია თვლის, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს და ამომრჩევლის დეზორიენტირებას ეწევა. მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებში მხარს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და დამოუკიდებელი, ანუ ქართული ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ოპოზიცია ქართველი ხალხის მხარეზე არ დგას: მთავრობის კურსის მოწინააღმდეგეებს სურთ ქვეყანა მცდარი გზით წაიყვანონ და ომის მორევში ჩაითრიონ – ისეთივე გზით, როგორსაც უკრაინა დაადგა და რომელმაც თავისი ანტირუსული პოლიტიკით საბოლოოდ რუსეთთან ომი გამოიწვია. „დღეს ყოველ ქართველს მხოლოდ ერთი რამ სურს – მშვიდობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება“, – ასეთია მმართველი პარტიის თვალსაზრისი. (…)

დასავლეთი საქართველოს მთავრობას ეჭვის თვალით უყურებს, განსაკუთრებით ზემოთ ნახსენები ე.წ. პრორუსული „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ. აშშ-მა ქვეყანას ფინანსური დახმარება შეუჩერა და აცხადებს, რომ მთავრობის წევრებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟს წარმოადგენს.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და ქვეყანას დიდი პოლიტიკური ზიანი მიაყენა, იგი ისევ ჩანს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ამჯერად პატიმრის როლში. მას ქართველი სამართალდამცველები თანამდებობის ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ (პრეზიდენტობის დროს). შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა თვითონვე გაიფუჭა დაუსრულებელი სკანდალებით უკრაინაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ – პატიმრობიდან გათავისუფლების მუდმივი თაღლითური მცდელობებით და ავადმყოფობის იმიტაციით… ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ქართულ პოლიტიკაში საეჭვოა დაბრუნდეს, თუნდაც მისმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში გაიმარჯვოს (რაც ძნელად წარმოსადგენია).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რა თქმა უნდა, ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და შეიცვალოს, ამიტომ არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძნელია. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ შემოდგომამდე დასავლეთი საქართველოს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევს – უკრაინის ომის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სიტუაციისა და სხვა რიგი საერთაშორისო ფაქტორების გამო (…).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ნაწილობრივ, სომხეთის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა სამხრეთის ფრონტის გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ. ამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხელისუფლების დასავლური ცენტრები. აშკარაა, რომ უახლოეს დროში რუსეთ-უკრაინის ომის არ შეწყდება და არც მისი დარეგულირების მკაფიო ნიშნებიც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უდიდეს დანაკარგებს განიცდის. ამ ომში ერთმანეთს ხოცავს ისტორიულად ორი ახლობელი, ქრისტიანული და უპირატესად მართლმადიდებელი სლავური ხალხი. მათ შორის კონფლიქტის პროვოცირება დასავლეთის ქვეყნებმა მოახდინეს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. სწორედ ისინი არიან ჩართულნი ომში კიევის რეჟიმის სასარგებლოდ, რომელიც ხელისუფლებაში თვითონ მათ მოიყვანეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 მოვუწოდებთ „ოცნებას“, „ქოლ-ცენტრების საქმეზე“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან -ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას.

მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

„ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია „ქოლ-ცენტრების საქმეზე“. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და არჩევნებამდე სიმართლის დადგენა, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას.

ჰელსინკის კომისიამ დაადგინა ის, რასაც „ოცნება“ მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა.

ჯერ კიდევ 2023 წლის 24 აპრილს დავაყენეთ ინიციატივა ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. სიმართლის დადგენით შეშინებულმა „ოცნებამ“ პარლამენტში საბოტაჟი მოაწყო, რომ კომისიის შექმნისთვის ხმა არ მიეცა.

დღემდე პროკურატურაში შავი ფულის გამოყენებასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეტანილ არც ერთ განცხადებაზე გამოძიებაც არ დაწყებულა.

პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან „ოცნებამ“ „ქოლ-ცენტრების“ გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო.

ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის.

ჰელსინკის კომისიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ვაცნობეთ – „ოცნება“ მის მიერ შავი ფულით მოსყიდულ ზონდერ-ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა, განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას „მწვანე აუნთო“ და ამნისტიით ხელშეუხებლობას დაჰპირდა.

„ოცნების“ უარიც გამოძიებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ „ოცნება“ შავ ფულზე, კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. 26 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ კორუფცია, შავი ფული და ძალადობა პოლიტიკაში.

მოვუწოდებთ ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ზუგდიდში ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს, ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა -საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება“, – საუბარია განცხადებაში.

 მივესალმები ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლაა-სააკაშვილი

მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, განმარტავს, რომ მაიკ ტერნერმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი ოფიციალურად გაუგზავნა.

„მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.

ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არ დაშვება.

ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.

ასევე მიხარია რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა”,- წერს სააკაშვილი.