Home Blog Page 704

 დიდ ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების მონაწილე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე არეულობებში მონაწილეობისთვის სამართალდამცველებმა 1000-ზე მეტი პირი დააკავეს.

ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულთაგან 575 პირს ბრალი ძალადობაში, ცეცლის გაჩენაში, ძარცვასა და რასისტული ნიშნით თავდასხმებში ედება. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დიდ ბრიტანეთში გამართული აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.

თურქეთში ვიზიტორებს საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ

თურქეთში ვიზიტორებს შესვლისას საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი წესები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს. ახალი რეგულაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი დროებითი ბინადრობის უფლების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით სირიელების მოწმობების დაჩიპვასაც გეგმავს. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელი იქნება.

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან.

„ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით რუსეთის სამთავრობო კომისიას მიმართოს.

დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

 

 გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების გამო გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს -WSJ

რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.

გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

ამასთან, Politico წერს, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა.

„რუსეთმა გადააადგილა რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის სამხრეთის ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან“, – განუცხადა POLITICO-ს უკრაინის არმიის პრესსპიკერმა, დმიტრო ლიხოვიიმ.

პუტინი იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის კონტრშეტევა განიხილეს.

„დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, – წერს ბორელი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლო.

„პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს“, – აცხადებს ბორელი.

„ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა – მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა -ვოლსკი

„ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა. მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობებზე ისაუბრა.

„ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ თურმე რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო საქართველოს წინააღმდეგ. ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ძველი კოლეგები, საქმიანი პარტნიორები ან დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ადამიანები მოინახულოთ და ურთიერთობა აღადგინოთ. შეყვარებულ ვერძებს რომანტიკული პაემანი ელით, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.

კურო

რთული დღეა, მაგრამ წარმატების მიღწევა მაინც შეიძლება. შესაძლოა, ამაში მეგობრები დაგეხმარონ, რომლებიც რთულ დროს ყოველთვის თქვენ გვერდით არიან. ბევრი კურო ძველ გეგმას გაიხსენებს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განახორციელა. როცა საქმე ფულს და ქონებას ეხება, მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ – შესაძლოა, ძალიან მაცდურ, მაგრამ უიმედო პროექტში მნიშვნელოვანი ფული დააბანდოთ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფები საკუთარი იდეებით დააინტერესოთ. მოკავშირეებსა და დამხმარეებს ადვილად იპოვით. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი თანამშრომლობა მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.

კირჩხიბი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ და აუჩქარებლად იმოქმედეთ, მიუხედავად იმისა, რომ ემოციებით სავსე ხართ და უმცირესი წინააღმდეგობაც გაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელი მოქმედება მალე სანანებელი გაგიხდებათ. ყურადღებით უსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს. მოერიდეთ სტრესული სიტუაციებს.
წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. ეცადეთ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ და იპოვოთ საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი ხიბლავთ, რომლებსაც არასდროს არავინ მოსწონთ. ახალი მოკავშირეების დახმარებით ყველა პრობლემა მარტივად გვარდება, თუმცა ზოგი რჩევის გათვალისწინებას ჯობია საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გაამახვილოთ და საყვარელი ადამიანები ახალი შენაძენით გაახაროთ.

ქალწული

სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს ყველა საქმეს დროულად დაასრულებთ. გირჩევთ საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ და ასეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელიც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. არც დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ. დღის მეორე ნახევარი მოულოდნელ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სტუმრებს გპირდებათ.

სასწორი

ამ დღეს სახლში თუ სამსახურში ნებისმიერი საქმის სწრაფად და ადვილად დასრულებას შეძლებთ.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დავალებისთვის, რომელიც სიზუსტეს საჭიროებს. თქვენს მახვილ თვალს უმცირესი წვრილმანიც კი შეუმჩნეველი არ რჩება, ამიტომ თქვენი მოტყუება შეუძლებელია.

მორიელი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელსაყრელი დღე მორიელებს შფოთვისა და შეშფოთების მიზეზებს მოუტანს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, დაასრულოთ რთული ამოცანები, რომლებსაც ბოლო დროს ასრულებდით და გაუმკლავდეთ დაგროვილ წვრილმან პრობლემებს. იქნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. არ არის გამორიცხული, რომ დღეს გაიგოთ, რა ცოდნა გაკლიათ კარიერული ზრდისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საღი აზრი შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბულია და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. ეცადეთ, ყურადღება იმ საკითხებზე გადაიტანოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არავისგან დახმარებას არ ელით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა საოჯახო ნივთების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

თხის რქა

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, უფროსთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

იყავით ფრთხილად და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ეს დღე თქვენგან წინდახედულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და შეცდომებს თავიდან აიცილებთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი გეგმის განხორციელებას შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ელოდით, ამიტომ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

თევზები

მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. თავში ბევრი საინტერესო და სასარგებლო იდეა მოგივათ და რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველ ნაცნობებს შეხვდეთ და მათგან ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინოთ. ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, ფინანსებია. მოერიდეთ ფულის სესხებას ან გასესხებას და თავი შეიკავეთ შესყიდვებისგან.

ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, ჩატარდა სანიტარული წმენდა – ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, რის შემდეგაც, საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

მუზეუმის განცხადების თანახმად, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.

ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას” , – წერია ინფორმაციაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, მდინარეში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან მყვინთავები.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა. საუბრის ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.

ამასთან, მისი თქმით, რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” – განაცხადა სირსკიმ.

არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება – აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა – აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“.

საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, – ნათქვამია განცხადებაში.