Home Blog Page 703

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში სასიხარულო სიახლეები ძალას და ოპტიმიზმს შეგმატებთ. მოვლენების ცენტრში იტრიალეთ და უსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანებთან რთული საუბრისა და პარტნიორთან საკამათო საკითხების გარკვევისთვის. ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება ყურადღებით უნდა განიხილოთ. საღამოს სხვების საქმეებზე ზრუნვის ნაცვლად, აჯობებს საკუთარი საქმეები მოაწესრიგოთ.

კურო

რაღაც უჩვეულო მოვლენა გაიძულებთ, კომფორტის ზონა დატოვოთ და ახალი გამოცდილება შეიძინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი გაახალისოთ – მაგალითად, პატარა საჩუქარი იყიდოთ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. ცდუნებას ებრძვით, რომ სახლისთვის მორიგი უსარგებლო ნივთი არ იყიდოთ, არადა ახლა ზედმეტი ხარჯი დაგჭირდებათ.

ტყუპები

დინამიკური და საინტერესო დღეა. მოვლენები სწრაფად იცვლება, ამიტომ ახალ გარემოებებთან შეგუება და ახალი გადაწყვეტილებების პოვნა მოგიწევთ. შესაძლოა, 27 სექტემბერს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. დროა, მოიშოროთ ის, რაც გამძიმებთ და წინსვლასა და პოზიტიურად აზროვნებაში ხელს გიშლით. კომპიუტერთან მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.

კირჩხიბი

რთული და საინტერესო დღე გელით. შექმნილი გარემოებების გამო ბევრი გადაადგილება და ბევრი პრობლემის სწრაფად მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ, მომხდარს სხვა მხრიდან შეხედოთ და პრობლემის ახლებურად გადაჭრა სცადოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ინტუიცია გკარნახობთ, როგორ შეათანხმოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებთან. გირჩევთ, დიეტის დაცვა დაიწყოთ და მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

ლომი

ამ დღეს უჩვეულო მოვლენები, ახალი ნაცნობები და ხელსაყრელი გარემოებები გელით. ეცადეთ, შემოსავლები სწორად გაანაწილოთ და გადასახადები დროულად გადაიხადოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ბიზნესპარტნიორები შეიძინოთ ან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. რომანტიკული თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა სხვა დროისთვის გადადოთ.

ქალწული

მშვიდი და წარმატებული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი კომფორტი და ჰარმონია იგრძნოთ. სამსახურში ყველაფერი მშვენივრადაა, სახლში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც გაბედნიერებთ. თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც გაუგებრობის ან სულელური მიზეზის გამო დაშორდით, გახსოვდეთ, რომ 27 სექტემბერი შერიგებისა და კომპრომისებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, შემოსავლები სწორად გაანაწილოთ და გადასახადები დროულად გადაიხადოთ.

სასწორი

ამ დღის ამოცანაა სამოქმედო სტრატეგიის შედგენა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, წვრილმანების დასრულებას სხვა დროსაც შეძლებთ. უარს ნუ იტყვით კოლეგების ან მეგობრების დახმარებაზე, რაც ახლა ძალიან გამოგადგებათ. თქვენი კომუნიკაბელურობის დამსახურებით ყველგან სასურველი სტუმარი ხართ, თუმცა ამ დღეს სტუმრებს თავად უნდა ელოდოთ.

მორიელი

დაიმახსოვრეთ იდეები, რომლებიც ამ დღეს მოგივათ. გირჩევთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერისთვის გავლენიან ადამიანებს მიმართეთ. ერიდეთ კატეგორიულ განცხადებებს და ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. მაღაზიებში სიარული და დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადეთ – შეიძლება ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ პრობლემის წარმოქმნისთანავე იმოქმედოთ და ახალი შანსებითა და შესაძლებლობებით ისარგებლოთ. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ავტორიტარიზმის სურვილს გაუმკლავდეთ და გარშემო მყოფთა მიმართ უფრო დამთმობი გახდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, სრულიად მარტო დარჩეთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და ფიზიკური აქტივობა გაზარდეთ.

თხის რქა

ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და ყველა რისკი კარგად აწონ-დაწონთ. თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით და კარგად ნაცნობი ხერხებით უნდა იმუშაოთ – სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

მერწყული

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს. ეცადეთ, დრო აქტიურად გაატაროთ, ახალი ადგილები მოინახულოთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. მცირე, თითქოს უმნიშვნელო საქმეების დასრულება დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ისინი სამომავლოდ უნდა გადადოთ. ზოგადად, ეცადეთ, სერიოზულ და შრომატევად სამუშაოს ერიდოთ და არ გადაიღალოთ. ახალი იდეები ინტელექტუალურ და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ

თევზები

წარმატებული და საინტერესო დღეა. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება რთული და შრომატევადი საკითხები სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. არ დაივიწყოთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ – მან შეიძლება შემოსავალი მოგიტანოთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ექიმების რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში -რატი ბრეგაძე

ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„დანარჩენზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა. მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ადრეც გიკითხავთ და ახლაც გავიმეორებ, რომ ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 31 წელი  გავიდა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფომ საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს, აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურების და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად, ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები, რის შესახებაც საგარეო უწყება დამატებით განცხადებას გააკეთებს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა

“ერთიანობის” საარჩევნო სია ცნობილია – სიის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაა, მეორე ადგილზე არის გიორგი ვაშაძე, სიის მესამე ნომერი სოფო ჯაფარიძეა, მეოთხე კობა ნაყოფია, ხოლო მეხუთე გია ჯაფარიძე.

თამარ კორძაიას განცხადებით – „ამ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს არ ყოფილა საჯარო ტანამდებობებზე, ამტიომ ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილები ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსი  და ამ თვალსაზრისიტაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მოტხოვნებს ვპასუხობთ.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით – “ეს სია შემუშავებულია და მასში ასახულია პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, როგორი უნდა იყოს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შეხედულება ხელისუფლებაზე და ზოგადად, პარლამენტზე, სიის ორ მესამედს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ მაღალ საჯარო თანამდებობებს და ამ მხრივ განახლება არის. ამ სიაში ასევე არის ბევრი ახალგაზრდა და ეს ასახავს თაობათა ცვლის იმ პროცესს, რომელიც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რიგებში მიმდინარეობს. სიაში, ასევე, ასახულია პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა და, ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელმაც საქართველოს მომავალი პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს”. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

სია ასე გამოიყურება:

1. თინა ბიკუჩავა

2. გიორგი ვაშაძე

3. სოფო ჯაფარიძე

4. კობა ნაყოფია

5. გია ჯაფარიძე

6. პეტრე ცისკარიშვილი

7. გიგი წერეთელი

8. ირაკლი ხვადაგიანი

9. თამარ კორძაია

10. ირაკლი ფავლენიშვილი

11. კახაბერ ოქრიაშვილი

12. რამაზ ნიკოლეიშვილი

13. ეკა ხერხეულიძე

14. ლევან ხაბეიშვილი

15. ლაშა ბაქრაძე

16. ანა წითლიძე

17. ლევან ანთაძე

18. პაატა მანჯგალაძე

19. ლელა ჯეჯელავა

20. გუბაზ სანიკიძე

21. დიმიტრი ჩიქოვანი

22. გიორგი ჩალაძე

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა  საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.  მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც საზღვარგარეთ  არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია.

წინასაარჩევნო კამპანიას საზოგადოებას პირდაპირ უცხოელი აქტორები უტარებენ და არა პოლიტიკური ოპოზიცია -გურამ მაჭარაშვილი

წინასაარჩევნო კამპანიას საზოგადოებას პირდაპირ უცხოელი აქტორები უტარებენ და არა პოლიტიკური ოპოზიცია – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„რეალურად ჩვენ გვიწევს მთლიანად სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ოპონირება უცხოურ ძალებთან და ეს ძალები აუცილებლად დამარცხდებიან.

მათი მხარდაჭერა და შავი ფულით დაფინანსება, გიგაურები იქნებიან, ლომჯარიები იქებიან თუ გვარამიები ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას და არატრადიციულ ცხოვრებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების  საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია  მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად  სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნებულია ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/0jKxC

ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ეს პირველი შემთხვევაა ქალაქის ისტორიაში, როდესაც მოქმედი მერი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული.

ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ნიუ იორკის ფედერალური პროკურატურა უკვე ერთი წელია, იძიებს მერის რამდენიმე ახლო მრჩევლისა და თანაშემწის საქმეს, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხებში მერის მოადგილეც. ცოტა ხნის წინ კი თანამდებობიდან გადადგნენ ქალაქის პოლიციის უფროსი და სკოლების მმართველი.

მედიის ცნობით, 2023 წლის შემოდგომაზე ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტებმა ადამსი ერთ-ერთი საჯარო ღონისძიების შემდეგ გააჩერეს და სმარტფონი და პლანშეტი ჩამოართვეს.

მედია წერს, რომ პროკურატურა არკვევს ადამსის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებს, როდესაც ის 2021 წელს ნიუ იორკის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, შეუთანხმდა თუ არა ადამსის წინასაარჩევნო შტაბი თურქეთის მთავრობას არჩევნების წინ უცხოეთიდან უკანონო შემოწირულებების მისაღებად.

გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ნიუ იორკის მერი ზეწოლას ახდენდა სახანძრო სამსახურზე, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დაემტკიცებინა თურქეთის ახალი საკონსულოს მშენებლობა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გამოძიება მოიცავს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ისრაელს, კატარს, ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და უზბეკეთს.

ადამსი, ნიუ იორკის ისტორიაში მეორე აფროამერიკელი მერია. წარსულში ადამსი იყო პოლიციის კაპიტანი. საარჩევნო კამპანიის დროს ის ნიუ იორკში დანაშაულის შემცირებისა და აშშ-ის უმსხვილესი ქალაქის მართვაში პროფესიონალების დასაქმების პირობად დებდა.

თავად ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ბრალდება მის წინააღმდეგ იქნება „სრულიად ცრუ“. მერმა მიანიშნა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ნიუ იორკის მერის წინააღმდეგ ბრალდებები ოფიციალურად შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს.

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის -ნადიმ ხმალაძე

„ქოცმა“ თუ გააყალბა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნადიმ ხმალაძე აღნიშნულ პოსტზე გამოხმაურებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მზად არიან ბრძოლისთვის.

„1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში. თუ გააყალბა ქოცმა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, რომ გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, ვაჩვენოთ ქართული წარმოშობის რუსებს ჩვენი ძალა, ქართული ღირსება და თავმოყვარეობა. დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ვფიქრობ, წაგვართვა რამდენიმე ქვეყნის და სამშობლოს მოღალატემ, ფულის მონა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა წინა საუკუნეებში ჩარჩენილმა ფეოდალის მსგავსმა არსებებმა.

დაალაიქეთ და დააკომენტარეთ იმ ხალხმა, ვინც ამისთვის ხართ მზად. წინასწარ მადლობა ყველას“, – წერს ნადიმ ხმალაძე.

https://www.facebook.com/N.D.khmala/posts/8272375669465164?ref=embed_post

თქვენ როგორც “მართმადიანი” და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ ასე არ გამოვა, აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას -ლევან ნიკოლეიშვილი 

გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ” ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მზაკვრულ გეგმას აღსრულება არ უწერია და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ საქართველოდან გაძევება ემუქრება.

„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ“ ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…

Excusez-moi Madame, თქვენ როგორც „მართმადიანი“ და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ არ გამოვა, ასევე არ გამოვა და აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას, თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მინიმუმ აქედან გაძევება გემუქრებათ, ილოცეთ, თუ რაიმე სახის ლოცვა იცით, რომ თქვენი აგენტურული საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ამით დასრულდეს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, აშშ-ი მომდევნო თვეებში უკრაინას თითქმის რვა მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების მკვეთრ გაზრდას და დამატებით ზომებს, რომლებიც უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარება“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

კერძოდ, ბაიდენმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, სრულად გამოუყოს კიევს ის სახსრები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე იყო გაწერილი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

ამასთან, ბაიდენის განკარგულებით, შეიარაღების შემცირების შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, 5,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რათა „ეს უფლებამოსილება უვადო იყოს, და ვაშინგტონმა შეძლოს, სრულად გამოიყენოს სახსრები, რომლებიც კონგრესმა გამოყო უკრაინის დასახმარებლად, აშშ-ის შეიარაღების შესამცირებლად და შემდგომ ამერიკის მარაგის შესავსებად.

„ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 2,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, უპილოტო საავიაციო სისტემებით და „ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალით, ასევე გააძლიერებს უკრაინის სამხედრო სამრეწველო ბაზას და დაეხმარება უკრაინას ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის საჭიროებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას გადაეცემა ფრთოსანი საავიაციო ბომბები (Joint Standoff Weapon), ხოლო საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს პეტრიოტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს, შეაკეთოს და უკრაინას მიაწოდოს პერტოიტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამატებითი ბატარეა, ასევე მიაწოდოს უკრაინას დამატებით პეტრიოტის რაკეტები“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის, ასევე ფინანსთა დეპარტამენტმა და საიდუმლო სამსახურმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიიღეს ზომები კრიპტოვალუტის გლობალური ქსელის გასანადგურებლად, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის სანქციებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას.

ბაიდენმა ასევე დაავალა პენტაგონს, გააფართოოს უკრაინელი მფრინავების წვრთნა ეფ-16-ის ტიპის ავია გამანადგურებლების მართვაში. მომავალ წელს მომზადებას გაივლის კიდევ 18 უკრაინელი მფრინავი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში გერმანიაში „რამშტაინის ფორმატში“ ლიდერების სამიტი მოიწვია.