Home Blog Page 702

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მომავალში ასეთი რეესტრის არსებობა პაციენტებს საშუალებას მისცემს ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვის ყველა სამედიცინო მომსახურება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა ყველა კვლევა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე მისი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

,,თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა” ​- ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიცია გაემიჯნა საკრებულოს საქმიანობას.

„თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში. ისინი გამიჯნულები არიან და საკრებულოს მიღმა აკეთებენ განცხადებებს, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი არსებითი წარმოდგენა არ აქვთ. ძირითადად ეს არის წინასაარჩევნო რეფლექსიები, რომ დაძაბონ სიტუაცია და არსებითად მათ შეფასებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მოუწოდა, საკრებულოს მუშაობაში ჩაერთონ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო გარემოში, იყვნენ კონსტრუქციულები, შეასრულონ ხალხის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია და დაანებონ ქუჩა-ქუჩა სირბილს და ტყუილების გავრცელებას თავი“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების  მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: 

1 – „კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი”;

2 – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

7 – „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები”;

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

9 – „ლელო საქართველოსთვის”;

10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;

14 – „მესამე გზა”;

15 – „სამართლიანობისთვის”;

16 – „შეცვალე საქართველო”;

17 – „საქართველო”;

18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

20 – „თავისუფალი საქართველო”;

21 – „ტრიბუნა”;

22 – „კანონი და სამართალი”;

23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;

24 – „მწვანეთა პარტია”;

25 „გახარია საქართველოსთვის”;

26 – „მემარცხენე ალიანსი”;

27 – „ქართველ ერთობა”;

36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

41 – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”;

48 „ანა დოლიძე ხალხისთვის”.

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6903 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალური ნაწილში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გასაშვებად ბაზად გამოიყენა.

მათივე ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში.

„წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს საშუალება მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

,,შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ ბიზნესს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპონენტების განცხადებაზე, რომ ხელისუფლების შანტაჟის შედეგად „დემნოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორებს ღონისძიებისათვის სივრცის დათმობაზე უარს ეუბნებიან.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა დღეს საქართველოში, ისე არასდროს ყოფილა.

„ყოველი 10 ბიზნესმენიდან 9 გაუბედურებული და ნაწამები ჰყავდათ და ჩვენი დაშანტაჟება (მართლა რომ ეს ვინმე იკადროს) ვის რაში სჭირდება? როდესაც ბიზნესმენები უარს ეუბნებიან, ესენი მოაბამენ კუდს, რომ „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს თურმე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება რაც გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა, ასე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. ეს ხომ ყველამ ვიცით. მეორე – შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ, რადგან ბიზნესმენი ფართს არ გაძლევს, რანაირი ლოგიკაა? ეს არის აშკარა წამოცდენა და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი არა დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას ეწევიან უცხო ქვეყნის დაფინანსებით და გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ იქ, სადაც ბანერი Free Misha არის გამოკრული“, – განაცხადა მდინარაძემ.

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – გოგა ხაინდრავა

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს. 

„ს. სამადაშვილი: ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც პროფესიული კეთილსინდისიერება გამოიჩინა. სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! მევახშეს პოლიტიკოსად! თაღლითს კეთილსინდისიერად! ჩმორს დიპლომატად! ქართულს რუსულად!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

,,ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია”- მამუკა მდინარაძე

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა – რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა“.

„ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება რა არის რუსული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენეს 7-ში აქედან იქით დაბომბვის კადრები. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს საუბრობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და თურმე, ამ ყველაფრის გამოძიება არის რუსული.

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ – ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კობა კობალაძე ლაგოდეხში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ალიბეგაშვილი და მერიის წარმომადგენელი, ზაზა ცერცვაძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. ზაზა დამენიას ხსოვნის პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზაზა დამენიას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობას გმირულად შეწირული მებრძოლი.

ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს” რიგებში გააგრძელა.

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს” ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა – კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კობა კობალაძე გურჯაანში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომლებიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, მერის პირველი მოადგილე, ლერი გელენავა, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ივანე ბერიძიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

,,ევროსაბჭოს რეზოლუციის დოკუმენტი ქართველ ჯარისკაცებს არ ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა”- გიორგი ბარამიძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ევროსაბჭოს რეოლუციის მხარდაჭერისა და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, რეზოლუციის დოკუმენტს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი იმიტომ, რომ მაშინ პირველად გაიჟღერა რუსული ოკუპაციი საკითხმა და იმან, რომ რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.

„პირველად გაიჟღერა [რეზოლუციაში] რუსეთის მიერ ოკუპაციამ და რადგანაც პირველად გაიჟღერა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან [ჯარი] უნდა გაიყვანოს, ამიტომ დაუჭირა მხარი საქართველომ და არ დაუჭია რუსეთმა. [ეს დოკუმენტი] ქართველ ჯარისკაცებს არ ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა რუსეთს. წერია, რომ რუსეთია ოკუპანტი, ესაა მთავარი“, – აცხადებს ბარამიძე.